პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლების  ასპექტები I ნაწილი

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი (ესგ 2018-2024, მუხლი 9). ამ პრინციპების მიხედვით, სწავლა-სწავლება:

  • ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, რათა მიღებული ინფორმაცია აქტიურად დაამუშაოს და გარდაქმნას ცოდნად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოყოფს ცოდნის კონსტრუირებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს და სააზროვნო ოპერაციების განხორციელების საფუძველზე ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას;
  • ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, რათა შეძლოს ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა. ე.ი. წინარე ცოდნა შესაძლოა ერთგვარ ინსტრუმენტადაც მივიჩნიოთ ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის. სასურველია დავეფუძნოთ კონცეფციას – ნაცნობი ინფორმაციიდან უცნობისაკენ წარმართვა, ვიდრე ვიხელმძღვანელოთ კარგად აპრობირებული სტრატეგიით – მარტივიდან რთულისკენ;
  • ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას, რადგან მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს;
  • უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას, რადგან სწავლის პროცესში ეფექტური ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამა თუ იმ კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედ-უნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევაში და სიძნელეთა გადალახვაში. ამიტომ, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს საუკეთესოს შერჩევაში.
  • უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა, მოიაზრებს ფაქტების, თეორიებისა და წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას – რა ვიცი? პროცედურული და პირობისეული ცოდნა დინამიკურია. პროცედურული ცოდნა იძლევა რეალიზების საშუალებას და პასუხობს კითხვას – როგორ გავაკეთო? პორობისეული ცოდნა კი გულისხმობს პირობების / არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას სხვადასხვა კონტექსტში და პასუხობს კითხვას – როდის / რა შემთხვევაში / რატომ უნდა გამოვიყენო ეს ცოდნა?

ესგ-ის მიხედვით, ერთ-ერთ ძირითად მეთოდიკურ ორიენტირს წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, რომლის მიხედვით:

  • ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებითა და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლა-სწავლების დროს;
  • სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე (ესგ 2018-2024, მუხლი 10).

ამასთანავე, განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მიზნით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, რაც  მოიაზრებს ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა და აქტივობათა ტიპების გამოყენებას (ესგ 2018-2024, მუხლი 11). სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის (ესგ 2018-2024, მუხლი 13). მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების მიღების პროცესში, ასევე, საშუალება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც (ესგ 2018-2024, მუხლი 15).

დღეს, მნიშვნელოვანია სკოლაში აღიზარდოს თავისუფლად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, პრობლემურ სიტუაციებში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი, რომელიც დამკვიდრდება საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. ამ მიზნით, თითოეულ ეტაპზე უნდა მიმდინარეობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. ეს უნარებია:

სწავლისა და გამომგონებლობის უნარჩვევებიშემოქმედებითობა და გამომგონებლობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარჩვევები – საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება;

სასიცოცხლო და კარიერული უნარჩვევები – მოქნილობა და ადაპტაცია, ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, ლიდერობა და პასუხისმგებლობა.

სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობისა და სასურველი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის დროს მუდმივად იყოს გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტები.

ტრადიციული სწავლების სტილის მიხედვით მოსწავლეთა მიერ შესასრულებელი დავალებები ერთგვაროვანი ხასიათის იყო და არ ითვალისწინებდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია დიფერენცირება სხვადასხვა ასპექტის მიხედვით, მაგალითად, შინაარსის, დაინტერესების, ტემპის, შედეგის, დროის, სწავლების სტილის, დონის მიხედვით დიფერენცირება. თუმცა, არც თუ ისე მარტივია ყოველდღიურობაში მისი განხორციელება.

მარიანა ხუნძაყიშვილსა და სარა ბივერს სახელმძღვანელოში „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ მოჰყავს დაიან  ჰიქოქსის განმარტება (Heacox, 2002), რომ „დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით“. დიფერენცირებული სწავლების კონცეფცია, მოიაზრებს იმგვარ დავალებებს, რომელიც გამოიწვევს თითოეული მოსწავლის დაინტერესებას. მარტივი და ერთფეროვანი დავალებები ნაკლებად აღძრავს მოსწავლეში ინტერესსა და მოტივაციას. აუცილებელია, მოსწავლეებს შევთავაზოთ არსებული განვითარების დონესთან შედარებით ოდნავ რთული, კომპლექსური დავალებები.

მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ იაზრებს დიფერენცირების არსსა და მნიშვნელობას, სწავლობს სხვადასხვა სტრატეგიას და ნერგავს სასწავლო პროცესში. თითოეული თემის ფარგლებში მასწავლებელი დაისახავს მიზანს; ქმნის შესაბამის საკლასო გარემოსა და რესურსებს; ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ინტერესებს,  დიფერენცირების კონცეფციას და გეგმავს გაკვეთილს; ქმნის ვალიდური, ობიექტური, სანდო და გამჭვირვალე შეფასების განხორციელების მექანიზმს; მოსწავლეებს სთავაზობს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ კომპლექსურ დავალებებს, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას და თვალსაჩინოს ხდის სწავლის შედეგს.

სწავლა-სწავლების პროცესში აქცენტები კეთდება ისეთ მასალაზე, რომელიც შეიცავს განსხვავებულ ხედვებსა და პრობლემებს და მოითხოვს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას, მოსაზრებების შეჯერებასა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლე ჩართული იყოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. თუმცა, საგნობრივი შედეგების გარდა, სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ უნდა იქცეს გამჭოლი კომპეტენციები და ღირებულებები.

ხუნძაყიშვილის (2018) მიხედვით, დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ სწავლა-სწავლების პროცესში დაცული იქნება შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ მას კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან;
  • მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული მოსწავლის ქცევისა და სწავლის მიმართ;
  • გაკვეთილის გეგმა არის მკაფიო და კარგად გააზრებული;
  • სასწავლო მიზნები ცნობილია მოსწავლეებისთვის. ისინი მკაფიო, კონკრეტული და საინტერესოა;
  • სასწავლო გარემო პოზიტიურია, წახალისებულია მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და მეტის გაგების სურვილი (ხუნძაყიშვილი, 2018; თავი 1. როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლას და განვითარებას. გვ. 13-15).

მარიანა ხუნძაყიშვილი გვთავაზობს დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებს, მათ აღწერილობასა და მიზნებს. მაგალითად, სასწავლო მენიუ; სასწავლო გაჩერებები; შეარჩიე საკითხავი მასალა; აირჩიე პროექტი; კითხვები ინტერესების მიხედვით; წერითი დავალება „რაფთ“ – როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა.  (ხუნძაყიშვილი, 2018; თავი 8. დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები. გვ.108-130)

დიფერენცირებული სწავლების დროს მასწავლებელი მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიასა და ინსტრუმენტს, ეხმარება მოსწავლეს მიზნების გაცნობიერებასა და მიღწევაში, ასევე, შედეგების გაუმჯობესებაში. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მეტაკოგნიციას, რადგან მოსწავლე დამოუკიდებლად იაზრებს საკუთარ ცოდნას, შესაძლებლობას, გამოცდილებას, აფასებს მათ, იღებს გადაწყვეტილებას, სწავლის რომელი სტილია მისთვის უკეთესი და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე.

კონსტრუქტივისტული შეხედულების მიხედვით სწავლა არის ცოდნის აქტიური და პიროვნული კონსტრუირება. ამ მხრივ, იდეალურია ქეისებით სწავლება, რომელიც დაფუძნებულია გამოცდილების შეძენაზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. დიუის (Dewey, 1938) განმარტებით, ამ დროს ცოდნა იგება პრობლემის გადაჭრის გზით. კოვალსკისა და სხვათა (Kowalski at al., 1990) მიხედვით, ქეისების განხორციელებით, ფაქტობრივად, ხდება კვლევისა და პრობლემის გადაჭრის მოდელირება, რადგან მონაწილე ემოციურად, ინტელექტუალურად და სოციალურად ჩართულია ამ პროცესში. ამასთანავე, ქეისები მოიცავს დაგეგმვას, ინტერაქციას, დიალოგს, რომელიც გამოიყენება კვლევაზე დაფუძნებულ გაკვეთილზე. ქეისები შეიძლება იყოს მოკლევადიანი, რომელიც 1 ან 2 გაკვეთილს მოიცავს და გრძელვადიანი, რომელიც 1 და მეტ თვეს შეიძლება გაგრძელდეს. ყველა ქეისისთვის დამახასიათებელია მსგავსი ფორმატი. შეთხზული ან რეალურ ფაქტზე დაფუძნებული ისტორიის განხილვა, გამოსაკვლევი საკითხის ჩამოყალიბება, ჰიპოთეზირება, საჭირო რესურსების მოძიება, კვლევის განხორციელება, მონაცემთა შეგროვება, ცხრილებისა და გრაფიკების აგება.

ნორტონისა და ლესტერის (Norton & Lester, 1998) თქმით, ქეისებით სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით ყალიბდება შესასწავლი პრობლემა და იძებნება მისი გადაჭრის გზები, რაც მოსწავლეებს აძლევს კონკრეტულ სიტუაციაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას. ქეისები არის კონკრეტული შემთხვევის კვლევა, ცალკეული სიტუაციის  აღწერა და ანალიზი, მონაწილეებს შორის ურთიერთობა. მისი საშუალებით მოსწავლეს ვთავაზობთ რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის გააზრების შესაძლებლობას. მასწავლებელი ეცნობა მოსწავლეთა თითოეული ჯგუფის კვლევითი ექსპერიმენტის გეგმას, იწონებს, საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს და წაახალისებს მათ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფი, თავისი გეგმის მიხედვით, შემდეგ გაკვეთილზე/გაკვეთილებზე ატარებს კვლევას. პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეთა ჯგუფები ექსპერიმენტის გეგმაზე დამოუკიდებელად მუშაობენ. თუმცა მასწავლებელი დადის ჯგუფებს შორის და მოსწავლეებს დამაზუსტებელი კითხვების დასმით ეხმარება ამ საქმიანობაში.

ბოჭორიშვილის (2012) მიხედვით, ქეისებზე მუშაობის დროს აქცენტი კეთდება პროცესზე და არა შედეგზე, ანუ არ არსებობს სწორი და მცდარი პასუხი. ყურადღება მიმართულია მიზნობრივი საკითხისა თუ მოვლენის გამოკვლევისაკენ. მნიშვნელოვანია აზრის გაზიარება საკითხით დაინტერესებულ სხვა მასწავლებლებსა და მოსწავლეებისათვის, რითაც მაძიებელ მოსწავლეებს მიეცემათ გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლეებში გამოიწვევს ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას.

პროექტებით სწავლება,  როგორც სასწავლო მეთოდი, განათლების სფეროში მე-20 საუკუნის ბოლოს გახდა აქტუალური. იგი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ საკითხის გამოძიებას. გონაშვილის მიხედვით (2014), იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსწავლის შემოქმედებითი და შემეცნებითი, დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის გამოკვეთისა და მისი გადაჭრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, ჰოპოთეზირებისა და შედეგების შეფასების უნარების განვითარების საუკეთესო საშუალება. პროექტები ყოველთვის ორიენტირებულია მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ინდივიდუალურ, წყვილებში და ჯგუფურ  საქმიანობას, დროის გარკვეულ მონაკვეთში. პროექტებით სწავლების მეთოდი გამოიყენება პრაქტიკული, სამეცნიერო თუ ცხოვრებისეული პრობლემის გადასაჭრელად. ეს კი მოსწავლეებისგან მოითხოვს კვლევა-ძიებას და საკითხის ცოდნის განმტკიცებასთან ერთად ყალიბდება კვლევის, კომუნიკაციური, საორგანიზაციო-მართვითი და სხვა კომპეტენციები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა. 2018-2024 https://ncp.ge
  2. ბოჭორიშვილი მ. (2012, დეკემბერი). ქეისებით სწავლება. (მოძიებულია07.2019) https://mastsavlebeli.ge/?p=2445
  3. გონაშვილი, რ. (2014, ნოემბერი 11). პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები. (მოძიებულია 20.07.2019) https://mastsavlebeli.ge/?p=1844
  4. ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს., (2018) „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ISBN 978-9941-27-941-6
  5. Dewey, J. (1938). Experience and education. New York: Macmillan
  6. Kowalski, T., Weaver, R., &Henson, K.(1990) Case Studies on teaching. White Plains, NY: Longman.
  7. Norton,, & Lester, P. (1998). K-12 case studies for school administrators: Problems, issues, and resources. New York: Garland

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი