პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი წილი აფხაზეთი სკოლაში

90-იანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ. აფხაზეთი  ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოიჭრა, როცა მე-6 კლასში ვიყავი. დღემდე მახსოვს ისტორიის მასწავლებლის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის, სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრულ საშუალო სკოლაში. XX საუკუნის დასასრულს რუკებისა და რამდენიმე წიგნის გარდა სხვა რესურსი არ ჰქონია. მაშინ მასწავლებელმა გვითხრა, რომ 1992-1993 წლებში საქართველომ ომი წააგო…

წერილზე მუშაობის დროს, ყმაწვილკაცობის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამახსენდა. 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა მამაჩემს ვეხმარებოდი ჩემს ძმასთან ერთად. თივას ვაგროვებდით ზვინებად. წყლის დასალევად და სულის მოსათქმელად მოვიჩრდილეთ. ზაფხული იყო – ზღვაზე დასვენების პერიოდი. საუბარი ქვიშიან სანაპიროზე ჩამოვარდა. მე და ჩემს ძმას ზღვა ჯერ არ გვენახა. მაშინ მამაჩემმა ერთი უცნაური პირობა მოგვცა. „აუცილებლად ჩაგიყვანთ სოხუმში, გავჩერდებით ზღვის ნაპირზე და ბრტყელ ქვებს ვისვრით თვალუწვდენელ წყალშიო“. იმ დროს მამაჩემის წყალობით, უკვე კარგად ვიცოდი, რა იყო აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და რა ფასი ედო ამ  დაპირებას.

წლები გავიდა.

დღეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ მასწავლებლად.

სად იძენს ბავშვი ღირებულებებს? როგორ ყალიბდება ის პატრიოტ პიროვნებად?

ამაზე პასუხად ვიტყვი, რომ ოჯახი, გარემო და სკოლა ის სამკუთხედია, რომელიც მოქალაქეს აყალიბებს.

ეთნიკური უმცირესობების მშობლების ახლანდელ თაობას სახელმწიფო ენის ცოდნის სერიოზული პრობლემა აქვს (ცხადია, ამაში უდიდესი როლი მახინჯ საბჭოთა სისტემას მიუძღვის). შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი სამკუთხედიდან ერთი კუთხე ჩამოშლილია.  მშობლებმა თვითონ არ იციან საქართველოს უახლესი ისტორია და ბავშვს რას აუხსნიან XX საუკუნის ავბედით  წლებზე? აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშობლებისთვის ძირითადი საინფორმაციო წყარო მეზობელი სახელმწიფოების მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებებია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ „სიმართლეს“ აწვდიან იგივე რუსული ტელევიზიები აფხაზეთის კონფლიქტზე?

ჩემი აზრით, სასკოლო განათლების სისტემაში აფახაზეთის თემატიკა არ ისწავლება სიღრმისეულად. ინფორმაციის მიწოდება საკმარისი არ არის. ჩვენ გაბედულად უნდა ვისაუბროთ იმ არასწორ ნაბიჯებზე, შეცდომებზე, რუსეთის როლზე, რათა სრული სურათის დანახვა შევძლოთ. აქვე დავძენ – ხშირი ურთიერთობა მაქვს სხვა სკოლის მოსწავლეებთან, მისაუბრია მათთან და გულისტკივილით ვიტყვი – მომავალ თაობას ძალიან შორეული წარმოდგენა აქვს თუნდაც სოხუმზე.

არსებული რეალობის გათვალისწინებით უდიდესი როლი ენიჭება  სასკოლო სივრცეს. შეიძლება შუა თბილისში, 1918-1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ოკუპაციის, აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს კონფლიქტის, 1989 წლის 9 აპრილის და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი თარიღების გახსენება, გაანალიზება და შეფასება ერთი მნიშვნელობის იყოს,  მაგრამ ეროვნული უმცირესობის სკოლებში სხვა დატვირთვას ატარებს.

ჩემი სკოლა ამ მხრივ გამორჩეულია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სსიპ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ჩვენი წილი აფხაზეთი გვაქვს.

2018 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები ბათუმში ჩავიყვანეთ. ზღვისპირა ქალაქში, სოხუმის გახსენების იდეა ბავშვებისგან წამოვიდა. მოსწავლეებს მარნეულიდან ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია მენაბდემ უმასპინძლეს.

ეს იყო იმედით სავსე დღე საერთო განწყობით – ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში!

სკოლაში კლასის დამრიგებლები ყოველწლიურად  ატარებენ საკლასო საათს, ისტორიის მასწავლებლები ცდილობენ სიღრმისეულად წარმოაჩინონ უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მართავენ დისკუსიებს კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და ამავე თემატიკაზე გადაღებულ ფილმებზე.

ყველა დამეთანხმებით, რომ  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეძლონ ნებისმიერი მოვლენის სხვადასხვა კუთხიდან შეფასება, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. 26 და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარე VII და VIII კლასებში. კლასი დავყავი რამდენიმე ჯგუფად. დავურიგე სხვადასხვა მასალიდან მოპოვებული ადაპტირებული ტექსტები. თითოეულ ჯგუფს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან უნდა ემსჯელა ერთ საკითხზე.

  • აფხაზეთის ომის დაწყების წინარე ისტორია და მიზეზები;
  • ქართული შინაგანი ჯარების/ბატალიონების ორგანიზება და მეთაურობა;
  • რუსეთის როლი აფხაზეთის ომში;
  • სოხუმის დაცემისა და ომის წაგების მიზეზები;
  • აფხაზეთი რომ არ დაგვეკარგა…

მოსწავლეებმა დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ გააანალიზეს აფხაზეთის ომის გამომწვევი მიზეზები  და ხელშემწყობი პირობები.

გააცნობიერეს, გულისგულში ტკივილად იგრძნეს ომის წლებში გამოვლილი, მოგლეჯილი ნაწილები სამშობლო მიწიდან.

ამაყი ვიყავი, მათ რომ ვუსმენდი.

მომავლის რწმენა და იმედი მივსებდა გულს, რომ არაფერია დაკარგული, ჩვენი მომავალი განათლებაშია.

აქ დავასრულებ თხრობას.

ვიდეოები ღონისძიებიდან „აფხაზი ვარ“!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი