პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საშინელებათა ფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

საშინელებათა ფილმებით ბავშვის გატაცება დღეს ბევრი მშობლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არიან მოზარდები, რომლებსაც შეუძლიათ, საათობით ისხდნენ ეკრანთან და თვალი ადევნონ სცენებს, რომლებიც ზრდასრულ ადამიანსაც კი შიშს აღუძრავდა.

რით იზიდავს ასეთი ფილმები მოზარდს?

  • უპირველეს ყოვლისა, მას არ სურს, ჩამორჩეს თანატოლებს. თუ მის წრეში ბევრი უყურებს საშინელებათა ფილმებს და მერე ნანახის შესახებ საუბრობს, იმის შიშით, რომ „თამაშგარე მდგომარეობაში“ არ აღმოჩნდეს, მოზარდი თავადაც უყურებს მისთვის არცთუ სასიამოვნო და მიმზიდველ კადრებს.
  • არსებობენ მოზარდები, რომლებსაც საშინელებათა ფილმების ყურებისკენ მძაფრი შეგრძნებების განცდის სურვილი უბიძგებს.
  • ზოგიერთი მოზარდი ასეთ ფილმებს მხოლოდ იმისთვის უყურებს, რომ დაუმტკიცოს საკუთარ თავს და სხვებსაც, რომ ძლიერი და უშიშარია. ალბათ, ამიტომ არის, რომ საშინელებათა ფილმებით ბიჭები უფრო მეტად არიან გატაცებულნი, ვიდრე გოგონები.

რაც უნდა იყოს აღნიშნული ჟანრით ბავშვის გატაცების მიზეზი, მშობლებს აწუხებთ ეს ამბავი და, ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ.

მაინც რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს საშინელებათა ფილმებმა ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე?

  • ასეთი ფილმებით გატაცებულ ბევრ მოზარდს უჭირს საკუთარი თავის კონტროლი და აგრესიული ხდება გარშემო მყოფების მიმართ ან დეპრესიაში ვარდება.
  • ასეთი ფილმებით გატაცება აჩლუნგებს სხვისი ტკივილის აღქმას. საშინელებათა ჟანრით გატაცებული მოზარდისთვის ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. უკანასკნელ წლებში სისასტიკის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი მოზარდი თაობის ეს გატაცებაც არის. ბავშვები ხშირად ბაძავენ საშინელებათა ფილმების პერსონაჟებს, აწამებენ, ხოცავენ უმწეო არსებებს – ძაღლებს, კატებს – და ჩადენილის გამო სინანულს ვერ გრძნობენ, პირიქით, სიამოვნებასაც კი განიცდიან. დიდია ალბათობა, ასეთი მოზარდი მომავალში ასოციალურ პიროვნებად და საშიშ დამნაშავედაც კი ჩამოყალიბდეს.
  • საშინელებათა ფილმების ყურებისას მოზარდი დაძაბულია, აღგზნებული, შფოთავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ემპათიის, თანაგანცდის და თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. საშინელებათა ფილმებში ნანახმა სცენებმა მას შესაძლოა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს, რომ მთელი ცხოვრება ვერ გათავისუფლდეს მისგან.
  • არასტაბილური ფსიქიკის მქონე მოზარდებისთვის საშინელებათა ფილმები შესაძლოა ნევროზის ან რომელიმე ფსიქიკური დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
  • საშინელებათა ფილმების ყურება განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც უჭირთ რეალური და გამოგონილი, წარმოსახვითი სამყაროს ერთმანეთისაგან გამიჯვნა, განსხვავება და თითოეულ კადრს, თითოეულ პერსონაჟს რეალურად აღიქვამენ. მათ სრულიად დაუჯერებელი სიუჟეტებისაც კი სჯერათ. ასეთ ბავშვებს ხშირად იპყრობთ შიში, რომ ფილმში ნანახი ურჩხული ღამით მათ ოთახში შევა, ამიტომ უარს ამბობენ მარტო დარჩენაზე, ხდებიან ჭირვეულები, ეწყებათ ნერვული ტიკები, ფობიები და ისტერიკები, ესიზმრებათ კოშმარები, აქვთ მშფოთვარე ძილი, მოახლოებული უბედურების შეგრძნება, არიან, დაბნეულები, არაორგანიზებულები, უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, უფუჭდებათ მეხსიერება, ეწყებათ ღამის ენურეზი.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი საშინელებათა ფილმებით ინტერესდება?

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის:   

  • უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი. დღეს, როცა მულტფილმების პერსონაჟებიც კი ურჩხულები არიან, როცა ტელეეკრანზე თუ ქუჩაში ბავშვი ყოველდღიურად ხდება ძალადობის მოწმე, გაგვიჭირდება მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ ნეგატიური არაფერი შეეხოს. უბრალოდ, ეცადეთ, ყველაფერი გონივრულ საზღვრებში მოაქციოთ.
  • სანამ ბავშვს ნებას დართავთ, ნახოს საშინელებათა ჟანრის ფილმი ან წაიკითხოს წიგნი, კარგი იქნება, ჯერ თავად გაეცნოთ მას. შესაძლოა, იქ იპოვოთ თემა, რომელსაც ბავშვთან ერთად განიხილავთ.
  • ნუ დატოვებთ ეკრანთან მარტოს, ეცადეთ, მის გვერდით იყოთ და თუ შიში, შფოთვა, დაძაბულობა შეატყვეთ, შესთავაზეთ, შეწყვიტოს ფილმის ყურება და სხვა რამეზე გადაატანინეთ ყურადღება.
  • კარგი იქნება, თუ ფილმის ყურების შემდეგ ბავშვთან ერთად განიხილავთ ნანახს, ესაუბრებით განცდილ ემოციებზე, დააზუსტებთ, სახელდობრ რომელმა ეპიზოდმა აღუძრა შიში, მერე კი აუხსნით, რომ ეს ეფექტი მხოლოდ ფილმის მხატვრების ოსტატობისა და მსახიობების შესანიშნავი თამაშის შედეგია, რომ არ უნდა ეშინოდეს იმისი, რაც მხოლოდ ეკრანზე ხდება.
  • ნუ აყურებინებთ ასეთ ფილმებს ძილის წინ. თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა, საერთოდ მოარიდეთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს. მასთან ერთად იკითხეთ მისთვის საინტერესო წიგნები, გაუღვიძეთ ინტერესი სპორტის მიმართ.

 

არსებობს მოსაზრება, რომ საშინელებათა ფილმებს დადებითი გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ როცა საქმე ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას ეხება, საშინელებათა ფილმების დადებით გავლენაზე საუბარი, ვფიქრობ, უსაფუძვლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი