ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საინტერესო პროექტი

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ იმ პროექტის შესახებ რომლის იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც დავიწყე მუშაობა  ნ. დუმბაძის მოთხრობაზე  „ძაღლი“. პროექტ-გაკვეთილის გეგმის სასწავლო მიზნის ფორმულირება წერის პროცესში რამოდენიმეჯერ შევცვალე და საბოლოოდ ასე ჩამოვაყალიბე: მოსწავლემ შეძლოს მოთხრობის წაკითხვა და მისი შინაარსის გააზრება. მოთხრობაში დასმულ პრობლემებზე მსჯელობა და ჩვენს მშობლიურ ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების პრაქტიკული გამოვლენა.    პროექტ-გაკვეთილის  გეგმის წერისას  მივხვდი – ჩემი მესამეკლასელები მზად იყვნენ თემატური პროექტისთვის.

მოსწავლეებს  გავაცანი თემატურ პროექტებზე მუშაობის წესები. ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ  პროექტის გეგმა. დავგეგმეთ კითხვის საათზე ჩასატარებელი სამუშაოები. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა, ტექსტზე მუშაობის პარალელურად, გაინაწილეს აქტივობები:

1) მასალების მოგროვება ძაღლების წარმოშობის, მათი ჯიშების ისტორიების შესახებ

2) ფოტო-ალბომი სხვადასხვა წყაროებიდან

3) ცნობები იმ  სიკეთეების შესახებ რაც უკეთებია და დღესაც აკეთებს ძაღლი ადამიანისთვის.

4)  ამბროლაურის ქუჩებში  მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა და ისტორიები

5) ნაწარმოების მიხედვით გურულ დიალექტზე მინი დიალოგების შექმნა.

6) ნ. დუმბაძის ბიოგრაფიაზე პოსტერის მომზადება.

პროექტის ფარგლებში  ვიმუშავეთ:

  1. მოთხრობის პერსონაჟების რუკაზე;
  2. გურულ დიალექტებზე შეადგინეს სცენარები: „გოგიტა და მებუფეტე“, „სპირიდონ ბაბუას ანდერძი“, „ბაბუას სუბარი ძაღლთან“, „სოფელი უძაღლოდ“

თითოეული სცენარის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობდნენ, რა ჯადოსნური ძალა აქვს მწერლის კალამს და მხატვრულ კითხვას.

გოგიტას განცდებმა გადააწყვეტინა მოსწავლეებს „გაესამართლებინათ“ ძაღლზე მოძალადე ადამიანები. თავდაპირველად არავის უნდოდა „ბრალდებულის“ როლის შესრულება, მაგრამ როცა გურული დიალექტით „აჭიკჭიკდნენ“, კარგად მოირგეს: მოსამართლის მანტია, მდივნის დამცველის მოწმის და ბადრაგის ფუნქციებიც კი. „იმიტირებულ სასამართლოზე“ მუშაობის პროცესმა დამარწმუნა, რომ გააზრებული კითხვის სწავლებისათვის თხზულების პერსონაჟთა გასამართლება კარგი საშუალებაა, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად უღრმავდებიან პერსონაჟებს, კრიტიკული თვალით უყურებენ მათ ქმედებებს, აანალიზებენ და სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და არგუმენტირებულ მსჯელობას.

გოგიტას ცხოვრების ისტორიამ უარყოფითი ემოციებით დატვირთა კლასი და სიხარულით მიიღეს ჩემი შეთავაზება თხზულების სხვაგვარად დამთავრების ან გაგრძელების თაობაზე. ასე შეიქმნა  მოთხრობის დასასრულის ალტერნატიული ვარიანტები.

პროექტის  მიმდინარეობისას  განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „იმიტირებულმა სასამართლომ“. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის  ჩვენი პროექტის კონსულტანტს, პროფესიონალ მოსამართლეს  ქალბატონ ლეილა გურგუჩიანს (ცაგერის რაიონის მოსამართლეს).  ის გვესაუბრა ცხოველებზე მოძალადე ადამიანების მიმართ გასატარებელი სანქციების შესახებ.

დისკუსიების დროს მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს პარალელის გავლება გასულ საუკუნეში ჩოხატაურში მომხდარ ამბავსა და დღევანდელობას შორის; რომ დღეს ამროლაურის ქუჩებში უგულო ადამიანების წყალობით  დაეხეტებიან მაწაწალა ძაღლები, რომლებიც ცხოვრობენ უოჯახოდ, უპატრონოდ. მათ შიათ და სწყურიათ, ზამთრის სიცივეში ვერსად აფარებენ თავს. პრობლემის გადასაწყვეტად ჯგუფებმა იმუშავეს ცალ-ცალკე, შეჯერების შემდეგ შეადგინეს ბუკლეტები მოსახლეობაში გასავრცელებლად.

დადგა პროექტის პრეზენტაციის დღეც –  მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს ის მასალები, რაც ამ პროექტზე მუშაობისას შეაგროვეს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მიუსაფარი ძაღლებისათვის ახლად გამოგონებული კვების აპარტი, მისი მუშაობის წესები. ბავშვებმა მიმართეს ადგილობრივ სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს –   ერთად ეფიქრათ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებაზე.

სკოლის დირექციამ  მადლობის ფურცლები გადასცა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს.

პროექტის  კონსულტანტმა  ლ. გურგუჩიანმა  მიგვიწვია ცაგერის რაიონული  სასამართლოს დარბაზში პროექტის პრეზენტაციისთვის. იქ გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო ცაგერის სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. მოსწავლეებმა ნამდვილ სასამართლო დარბაზშიც კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციას.

 

მინდა ავღნიშნო, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის  მოსწავლეების მიერ  გაჟღერებული პრობლემები უცხო არ იყო.  ისინი დაპირდნენ მოსწავლეებს,  რომ იმუშავებდნენ  პრობლემებზე,  რაზეც ბავშვებმა ისაუბრეს. ჩვენთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამბავი, რომელიც   ხელისუფლების ოფიციალური  ფეისბუქ გვერდიდან  შევიტყვეთ:

ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის  ბოლო სასწავლო წელს ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულმა ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,  რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეს განვუვითაროთ  ის უნარები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, რაც აუცილებელია სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ფორმირებისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი