შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი სკოლა შენსას სჯობს, არა ჩემი სჯობს შენსას

1829 წელს მდინარე ტემზაზე 2 ბაიდარი დაიძრა. ერთი მუქი ლურჯი, მეორე კი ცისფერი იყო. პირველში ოქსფორდის, მეორეში კი კემბრიჯის სტუდენტები ისხდნენ. მას შემდეგ, ამ ორ, მსოფლიო დონის, სასწავლებელს შორის ყოველწლიურად იმართება შეჯიბრი გრძელი ბაიდარის ჯგუფურად მართვაში.

ამ სპორტულ შეჯიბრს, რომელსაც კემბრიჯის სტუდენტმა ჩარლზ მერივალმა ჩაუყარა საფუძველი, სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს – ორი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულება პირველობისთვის იბრძვის, რათა მომდევნო წლისთვის, სტუდენტებს გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს და თან, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის და სწორედ ისაა N 1 უნივერსიტეტი… იმ წელს მაინც.

 

სპორტული აქტივობა, როგორც განათლების შემადგენელი ნაწილი, მსოფლიოს ცივილური ნაწილისთვის უცხო არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლებში 60-ზე მეტი სახეობის სპორტულ აქტივობაში ჩართვაა შესაძლებელი. აშშ-ს განათლების სისტემა აუცილებელ საგნადაც კი ითხოვს სპორტულ აქტივობას, არჩევანი კი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის ფართოა – ჭიდაობიდან დაწყებული პეინტბოლით დამთავრებული. საერთო მოსწრება და ნიშნებიც სწორედ ამ სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის მიხედვით ითვლება.

 

არცთუ ისე იშვიათად, საგანმანათლებლო დაწესებულებების (High School, Collage) სპორტული კლუბები უმაღლეს დივიზიონში თამაშობენ და ამ ტრადიციას თავისი, გამორჩეული დატვირთვაც აქვს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაკვირვებით, სკოლის ყველა საფეხურზე სპორტულ აქტივობებში ჩართულობა აკადემიურ მოსწრებაზე კარგად აისახება, რაც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ სკოლებში არსებული სპორტული კლუბების დიდი ნაწილი ფასიანია, ან მხოლოდ კერძო და საკმაოდ ძვირიანი სკოლების მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი მაშინ, როდესაც სპორტის (და არა საბჭოთა გადმონაშთის – ფიზკულტურის) მასწავლებლების უმეტესობა პროფესიონალი სპორტსმენი არ არის, რაც ბავშვების მომზადებასა და მოტივაციაზე შესაბამისად აისახება. არადა, სწორედ რომ ვეტერანი სპორტსმენების ჩართვა სასკოლო პროგრამაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ყველაზე კარგი პროპაგანდაა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი დაავადებების პრევენციის წინაპირობაა (ცნობილია, რომ მკურნალობა სამჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე მისი პრევენცია), რაც თავისდაუნებურად მოახერხებდა მოზარდებში მწეველთა რიცხვის კლებას.

 

მოვიძიე რა მსოფლიოს წამყვანი სკოლების გამოცდილება, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რასაც წარმატებული სასწავლო დაწესებულებების დირექტორები და მასწავლებლები დანარჩენ მსოფლიოს უზიარებენ:

1: დასწრება

დანიელი პედაგოგები გვირჩევენ, ყველა საბავშვო შეჯიბრს დავესწროთ მასწავლებლები (სხვა დისციპლინისაც), რათა დავანახოთ მოსწავლეებს, რომ მათი წარმატება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დასწრების პარალელურად, ალბათ კარგი იქნება,  მოსწავლეებიც აუცილებლად მივიყვანოთ სპორტულ ღონისძიებებზე (თუნდაც დამსწრედ), ამით, სულ მცირე, გულშემატკივრობისა და სხვისი წარმატების გაზიარების უნარებსაც გაითავისებენ, რაც სპორტულ მოედნებზე ასე აკლია საქართველოს.

 

2: ღირსეული სპორტი

იაპონელი  სკოლის დირექტორები გვირჩევენ გამარჯვებისა და დამარცხების კულტურა ერთნაირად გავითავისოთ. მათი დაკვირვებით, გაბრაზებულ მშობლებს გაბრაზებული შვილები, აგრესიულ მწვრთნელებს კი აგრესიული სპორტსმენები ჰყავთ. იაპონური საგანმანათლებლო სისტემა კი სიმშვიდესა და პოზიტიურ ენერგეტიკაზეა აგებული. შეჯიბრს არ უნდა ჰქონდეს სხვისი დამცირების სახე, რამაც ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება კონფლიქტის ესკალაციაც კი გამოიწვიოს.

 

3: იყავით პოზიტიური

 

ამერიკული სკოლა გვირჩევს სასკოლო შეჯიბრებებს მხოლოდ დადებითი მხრიდან შევხედოთ. გამარჯვებულები წავახალისოთ, მოვუწყოთ განსაკუთრებული დახვედრა, აღვნიშნოთ მათი წარმატება და როდესაც სპორტულ თავყრილობებზე ვიქნებით, თანაგუნდელების კრიტიკასთან ერთად, აუცილებლად აღვნიშნოთ მინიმუმ სამი დადებითი რამ, რასაც თანაგუნდელებში ვამჩნევთ. მიმაჩნია, რომ ეს რჩევაც ჩვენი რეალობისთვის ძალიან კარგია, რადგან პატარა ერებში განსაკუთრებით ხშირია თანამემამულეების მძაფრი კრიტიკა და არა მათ წარმატებაზე ორიენტაცია და შექება-წახალისება.

 

 

4: ყველას მიეცით შანსი

ეს უკვე გერმანული მოდელია. ყველა გუნდში აუცილებლად უნდა იყოს მთავარი და მისი შემცვლელი 1 ან 2 მოთამაშე მაინც. ერთია, როგორ გამოსდის ბავშვს თამაში და მეორეა, როგორ სურს მას ითამაშოს. სწორედ ამ შანსის მიცემაა აღზრდის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ვიღაც თუ ცუდად დარბის, სპორტული მოედნიდან არ უნდა გავაძევოთ. დაე, მასაც ჰქონდეს შანსი, მეტად სცადოს და თავად მიხვდეს, არის მოწოდებით ფებურთელი, თუ არა.

 

5: კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მშობლებს შორის

ნიდერლანდების დირექტორების ეს რჩევა ალბათ ყველაზე რთულად მიღწევადია ქართულ რეალობაში, მაგრამ პირობა ძალიან საინტერესო და საჭიროა. მშობლის, როგორც გულშემატკივრისა და მენტორის ჩართულობა მიკროჯგუფების უკეთესად შეკვრას უწყობს ხელს. ამისათვის, ჰოლანდიელებმა მიაგნეს საინტერესო მეთოდოლოგიას, როდესაც სპორტული კლუბის წარმატებისთვის მშობლები საკუთარ კონტრიბუციას გაიღებენ ხოლმე. დამატებითი ვარჯიში, გასვლა ქალაქგარეთ, ან სხვა – ყველაფერ ამას მშობელთა საბჭო აგვარებს, რომელიც სპორტული კლუბების წევრების მშობლებისგან შედგება.

 

6: ნუ შეზღუდავთ ლიდერებს

ბრიტანული მეთოდი სწორედ ამას გვასწავლის. რატომ უნდა იყოს გუნდში მხოლოდ ერთი ლიდერი, თუ ბუნებრივად ორია? მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს სიტუაციის ბუნებრივ განვითარებაში და მეტიც, გუნდის კაპიტნად სწორედ ის ადამიანი უნდა დანიშნოს, ვისაც მეტი პატივისცემა აქვს და არა ის, ვინც უკეთესად არტყამს პენალტს.

 

7: შეეჯიბრეთ მუდმივად

შეჯიბრება განვითარების საუკეთესო საშუალებაა. განვითარებისა და საკუთარ თავზე გამარჯვების და არა შურის. ამაში პედაგოგს მთავარი როლი აქვს. წელს დავმარცხდით? გაისად გავიმარჯვებთ! – ეს პრინციპი იმედს, თავდაჯერებასა და ხალისს მატებს მოსწავლეებს. „მსაჯმა დაგვჩაგრა“, „მასონებმა ჩააწყვეს“, „გამგებელმა დარეკა“ და სხვა ტიპის გამართლებები სპორტისთვის დემოტივაციაა. ვასწავლოთ ბავშვებს, რომ თუ ორი თავით მაღლა დადგებიან, მათი შრომა დაფასდება და ვეღარავინ „დაჩაგრავს“, ეს კი შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს და ზრდასრულობის  გზისკენ გადადგმული ნაბიჯია.

შეჯიბრებები მეზობელი სკოლების მოსწრებაზეც დადებითად აისახება. ეს შინაგანი და სრული მობილიზება ძალიან კარგი სტიმული იქნება. აბა, წარმოიდგინეთ, გოგოლესუბნისა და ჩოხატაურის N 1 სკოლა რომ მაგიდის ტენისში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რა სანახაობა იქნება.

 

მაგრამ ამისთვის, ჯერ სწორედ ასეთი სპორტის კულტურაა დასანერგი, აგერ ოქსფორდსა და კემბრიჯში ლამის 2 საუკუნის ისტორიას რომ ითვლის და მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ შეწყვეტილა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი