პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლება სინგაპურში

სინგაპური – „ლომის ქალაქი”

ჩემს მოსწავლეებზე და მათ ნაშრომებზე რამდენჯერმე მოგიყევით. განათლების საკითხებზე მუშაობის დროს სწორედ მათი ინციატივითა და მონდომებით გამოიკვეთა ჩვენი ინტერესი სინგაპურის განათლების სისტემის მიმართ. მაინც რა არის სინგაპურის სწავლების მეთოდი? რა არის მისი უპირატესი და უარყოფითი მხარეები? რა არის საინტერესო სინგაპურის სწავლების მეთოდოლოგიაში? რატომ მიიჩნევა სინგაპურის განათლების სისტემა ფინეთის განათლების სისტემასთან ერთად მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად?  ამას მოწმობს საერთაშორისო ტესტირების შედეგები, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ატარებს. ბოლო ტესტირება მათემატიკასა და მეცნიერებაში 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი შეფასება სინგაპურელმა ბავშვებმა მიიღეს. შესაბამისად, სინგაპურის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა.

სინგაპური, “ეკონომიკური სასწაულის შემქმნელი” ქვეყანა, “მესამე სამყაროს” ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ იქცა.

სინგაპური ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიისა და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში, მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს. სინგაპურის ტერიტორია შედგება მთავარი კუნძულ სინგაპურისა და 62 მცირე კუნძულისგან.

სინგაპურის რუკა

ქვეყნის სახელწოდება სანსკრიტული (ძველინდური სალიტერატურო ენა) წარმოშობისაა და „სინგა პურ” ნიშნავს „ლომის ქალაქს”. იგი უკავშირდება 1299 წელს სუმატრის პრინცის პირველ სტუმრობას ამ კუნძულზე. როცა ის და მისი მხლებლები ნაპირზე გადმოვიდნენ, დაუნახავთ დიდი ცხოველი შავი თავითა და წითელი ტანით, რაც მათ რატომღაც ლომად აღიქვეს თურმე. სწორედ მათ მიერ გავრცელდა და დამკვიდრდა სახელი „სინგაპური” შემდგომ პერიოდში. თუმცა სინგაპურის ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, როცა პირველად მოიხსენებენ ჩინურ ქრონიკებში ჩულოჩჟუნის სახელწოდებით.  მე-7 საუკუნეში ამავე ადგილას არსებობდა აზიაში ცნობილი საპორტო ქალაქი ტემასეკი.

სხვადასხვა ეპოქაში სინგაპურს განაგებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის ტერიტორიათა მფლობელი იმპერატორები. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე ბრიტანელები აკონტროლებდნენ.

თანამედროვე სინგაპური დაარსდა 1819 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კოლონია. იგი მალაიზიის ფედერაციას 1963 წელს შეუერთდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ გამოეყო და 1965 წლის 9 აგვისტოს სინგაპური დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. რის შემდეგაც იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ძლიერი საერთაშორისო სავაჭრო კავშირებით.

გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით სინგაპური ყველაზე გლობალიზებული ქვეყანაა მსოფლიში. ადგილობრივი მალაელები სინგაპურის მოსახლეობის მხოლოდ 13,4%-ს შეადგენენ. ინდოელები 9,2%-ს. ევროპელები, არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფები სინგაპური მოსახლეობის 3,2%-ია. პოპულაციის 74,2%-ი კი ჩინელებისგან შედგება. სინგაპურის მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს.

სინგაპური ეს არის დინამიკური გლობალური ქალაქი-სახელმწიფო მკაფიო ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით. სხვადასხვა სტილის კულტურათა შერწყმა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი. თანამედროვე ცათამბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს, ბუდისტური ტაძრები და მეჩეთები მშვიდობიანად მეზობლობენ ქრისიტიანულ ეკლესიებთან. დღეს სინგაპური მაღალგანვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკით და ამასთან ერთად დაბალი გადასახადებით.

სინგაპურში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი ცხოველების იშვიათი სახეობებით. იგი გაიხსნა 1973 წელს და უჭირავს 28 ჰა მიწის ფართობი. აქ წარმოდგენილია 315 სახეობის ცხოველი, რომლის 16% გადაშენების პირას არსებული სახეობებია. პარკი არის მთლიანად ღია ცის ქვეშ. ოკეანარიუმი “Underwater World” გაიხსნა 1991 წელს კუნძულ სენტოსაზე. აქ არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 250 სახეობის, 2 500-ზე მეტი ზღვის ცხოველი, ულამაზესი მარჯნის რიფები. ოკეანარიუმში არის ასევე დელფინარიუმი, სადაც წარმოდგენილია ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახის დელფინი, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც „ვარდისფერი დელფინები“.

სინგაპურში არის აგრეთვე მსოფლიოში პირველი ღამის პარკი,  ფრინველების პარკი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ოკეანარიუმი, უნიკალური კვარტალი – “SunTec City” „სიმდიდრის შადრევნებით“.

სიმდიდრის შადრევნები

ძალზე საინტერესოა კუნძულ სენტოსაზე ცვილის ფიგურების მუზეუმი და „ჰაუ პარ ვილლა ტაიგერ ბალმის“ ბაღები, სადაც წარმოდგენილია ელექტრონულად მართვადი ძველი ჩინური ლეგენდების გმირთა ფიგურები. კუნძულზე მდებარე „გარდენ პლაზაში“ ტარდება მუსიკალური შადრევნების ცნობილი მუსიკალური შოუ.

კუნძული სენტოსა

სინგაპურის მთავრობა აცნობიერებდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია განათლებული მოსახლეობა. ბრიტანული განათლების სისტემა უფრო პროგრესულით შეცვალა, რათა მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო. დღეს ეს პატარა ქვეყანა ცნობილია როგორც ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო განათლება აქვს, რომლის წყალობითაც სინგაპურს მსოფლიო მასშტაბით მაღალი რეიტინგი აქვს. მისი ახალგაზრდა მოქალაქეები მსოფლიოს საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

სინგაპურის მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის გასათვალისწინებელია. მერწმუნეთ, კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეიძლება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დისკუსიისთვის გამოგვადგება. რატომ?

თუნდაც იმიტომ, რომ სინგაპურის პოლიტიკური კლიმატი ისეთივე უჩვეულოა, როგორც მისი ეკონომიკა. ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია – სახალხო მოქმედების პარტია (People’s Action party) – მართავს ოპოზიციის გარეშე, 30 წლის წინ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

სინგაპურის კანონები პოლიციას ნებას რთავს, დააკავოს და პატიმრობაში ამყოფოს დანაშაულში ეჭვმიტანილები გამოსასყიდის ან სასამართლოს გარეშე და შეუძლია ნარკოსაქმიანობისთვის შეუფარდოს სიკვდილით დასჯა  ჩამოხრჩობის სახით. მთავრობამ ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი (მათ შორის იეღოვას მოწმეები) ქვეყნიდან გააძევა და მთლიანად კრძალავს პორნოგრაფიას. საჯაროდ მოწევაც კი მძიმე ჯარიმას ითვალისწინებს. ქალაქის ქუჩებში სისუფთავის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კრძალავს კვებას მეტროში, დანაგვიანებისთვის დიდ ჯარიმებს აწესებს და საღეჭი რეზინის გაყიდვას დევნის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, მთავრობის კონტროლი ბიზნესის ანგარიშებზე, მათ შორის ტელეკომპანიებზე, სატელეფონო მომსახურებაზე, ავიახაზებსა და ტაქსზე, სოციალისტურად მოჩანს. თუმცა, სოციალისტური საწარმოებისგან განსხვავებით, ეს ბიზნესები ეფექტურად და ძალიან მომგებიანად მუშაობს. უფრო მეტიც, სინგაპურის კაპიტალისტური კულტურა ეკონომიკურ ზრდას აღნიშნავს (თუმცა, ხელისუფლება მუდამ აფრთხილებს თავის ხალხს გადაჭარბებული მატერიალიზმის ბოროტებაზე).

სინგაპური არ არის პოლიტიკურად დემოკრატიული ქვეყანა. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამ აყვავებულ ქვეყანაში კმაყოფილია, მეტიც, საკუთარ ცხოვრებას ენთუზიაზმით სავსედ მიიჩნევს. ის, რასაც სინგაპურის პოლიტიკური სისტემა სთავაზობთ მათ, მარტივი გარიგებაა: ხელისუფლება მოსახლეობის მხრიდან მტკიცე ლოიალურობას მოითხოვს. სანაცვლოდ მათ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სისტემა „რბილ ავტორიტარიზმს“ წარმოადგენს, რომელიც განსხვავებულ აზრს ახშობს და ხელისუფლება ადამიანების ცხოვრებაზე არაკანონიერ კონტროლს აწესებს. სინგაპურის მოსახლეობის უმეტესობა კარგად იცნობს საარსებო პირობებისთვის ბრძოლას სხვა ქვეყნებში და ამ გარიგებას – კომპრომისს ხელისუფლებასთან მისაღებად მიიჩნევს. მოსახლეობა თმობს თავისუფლების დიდ ნაწილს, მაგრამ სანაცვლოდ იღებს კეთილდღეობას. „მე მირჩევნია ვიცხოვრო სწორედ ასეთ ქვეყანაში, ვიდრე ქვეყანაში, სადაც გაქვს ყველანაირი თავისუფლება, მაგრამ ხარ მშიერი“- ამბობს რიგითი სინგაპურელი.

დამეთანხმებით დისკუსიისთვის საინტერესო თემა და რესურსია.

რაც შეეხება სინგაპურის მეთოდებსა და სტრუქტურებს შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://blog.turebi.ge/?page=detail&cat_id=1&id=840&Page=2

https://docplayer.ru; https://infourok.ru; https://eduinspector.ru/2018/03/19/singapurskaya-metodika-obucheniya-sovetsko-rossijskij-sled/;

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი