შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არდადეგები დავალებების გარეშე – სხვა გაკვეთილები  

 

ნეტავ რისთვის მოიგონეს ზაფხული? რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები ზაფხულის მშვენიერ სამ თვეს? დრო, რომელიც მათ ხელთაა, დავუტოვოთ თავიანთ  განკარგულებაში, თუ ისევ ხშირ-ხშირად შევახსენოთ სკოლის ვალდებულებები და გადასამეორებელი გაკვეთილები?! ეს კითხვები განსაკუთრებით  მშობლებს და მასწავლებლებს აწუხებთ და საერთოდაც, მრავალი შეხედულება არსებობს, როგორ უნდა ატარებდეს ბავშვი საზაფხულო არდადეგებს.

 

თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმში მოყოლილ ბავშვებს, ვფიქრობ, განსაკუთრებით სჭირდებათ ხარისხიანი საზაფხულო თერაპია, რომელიც თავის თავში უამრავ სახალისო აქტივობას მოიაზრებს. იქნება ეს მათთვის საინტერესო წიგნების წაკითხვა, თევზაობა,  ახალი სირთულეების და გამოწვევების დაძლევა,  დასალაშქრი ადგილების სია და თუნდაც  ისეთი მშვენიერი გეგმა, როგორიც კარვებით წასვლა და  ნაკვერჩხალში კარტოფილების  შეწვაა.

 

ზაფხულში გადახდენილი ამბები განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ასეთი ამბები ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ. ზაფხულის დასრულების შემდეგ კი შეუძლიათ  მთელი წელი  ჰყვებოდნენ  როგორ აღმოაჩინეს ძველ საყდარში ღამურები, როგორ დალაშქრეს მთა და გაიჩინეს მეგობრები.

 

საზაფხულო არდადეგების სოფლად გატარება გარემოზე დაკვირვებისთვის იდეალური ადგილია. ბავშვი არა მხოლოდ ცხოვრობს და დროს ატარებს ბუნებაში, არამედ მის ყოველ გამოვლინებას შეიმეცნებს და შეიგრძნობს, აკვირდება იქ მცხოვრები ადამიანების შრომით ჩვევებს და ახალი გამოცდილებით ივსება.

 

ზაფხულის არდადეგების გახსენება ჩემთვის, სოფლად ბებიასთან მიბარებით იწყება. მას შემდეგ, რაც  მშობლები ქალაქში თავ-თავიანთ სამსახურებში გასწევდნენ, ჩვენ –  ბავშვები  სიმწვანისა და უდარდელობის წიაღში ვრჩებოდით.

 

რეტროსპექტივა –  საზაფხულო არდადეგები

 

დილა ადრიანად იწყება მამლის ყივილით და ბებია გაღვიძებასა და ადგომას, მზესაც კი “ასწრებს”. ალაგებს თავის დამდნარ და უნაზესი თეთრეულით გაწყობილ ლოგინს და მიდის ბალახის  დასაკრეფად, თხის მოსაწველად ან ძროხის მოსაწველად. საქათმიდან ფრთხიალით გადმოფრენილი ფრინველის ხმა ძილბურანში ჩაგვესმის.  ბებო მჭადის ფქვილის რძიან  ფაფას გვიხარშავს და ბუხარში კეცებზე მჭადებს აცხობს ვანის ბაზარში ნაყიდი ნეშოთი, რომელიც ისე პრიალაა, მთელ ცხოვრებას აირეკლავს.

 

შუადღით ბებო ისვენებს, მოვალეობებისგან, პასუხისმგებლობებისგან. სიცხე და ჭრიჭინები ერთმანეთს უმეგობრდებიან.  ბებო თავისი ოთახის ხის წითელ იატაკზე თეთრ ნოხს დააფენს, მუთაქებს დაყრის და ყველა იქ წამოვწვებით, ბებო და შვილიშვილები. ბებოს თმებს ვვარცხნით, უნაზეს თმებს, დასარბილებლად დაბანის შემდეგ  ძმრიან წყალს ივლებს. ბებო ჰყვება ამბებს თავისი ბავშვობიდან, ოჯახის გაჭირვებაზე და თავის მრავალრიცხოვან და-ძმაზე. ბებია ყველა ამბის მოყოლისას  გრძელ ნაწნავებში წარმომიდგება თავისი სოფლის  ქუჩებში, სადაც გოგონები ალბათ ძალიან მოკრძალებულად დადიოდნენ.

 

ბებოს ხელებს ჭინჭარი ვერ უსუსხავს. შრომისგან გაუხეშებულ ხელებს არც ნაკვერჩხალი უწვავს, ხელს ჰკიდებს და უცებ აგდებს ბუხარში. ბუხარში, გამურულ ქვაბში ინდაურის ჭუკებისთვის ჭინჭარი იხარშება, მოხარშულ ჭინჭარს წყალს გადაუწურავს, ხელით მიჭყლიტ-მოჭყლეტს და ღერღილს აურევს და შემდეგ ხმამაღალი ძახილით ინდაურებს გამოიხმობს: “ჭუა, ჭუა, ჭია” გასძახის ჩვენს ეზოში გაფანტულ ინდაურებს და შემდეგ მისი ხელისგულებიდან ამოაკენკინებს ჭინჭრის ფხალს.

 

ძილის წინ  ფეხის დაბანის რიტუალი გვაქვს. მთელი დღე ფეხშიშველები დავრბივართ.  ბებო ალუმინის დიდ თასში იბანს ფეხებს. ცივ წყალში, ცოტა ცხელ წყალს ჩაამატებს და როგორც თვითონ ამბობს “ფეხებს იჭკუნავს”, შემდეგ ჩვენც  “ვიჭკუნავთ” ფეხებს.

 

საღამოს ციცინათელებს დავდევთ ჩვენს ეზოში. ივნისია. ციცინათელები გამოჩნდებიან და ჩვენც მივყვებით. ბავშვობა ალბათ ესეცაა, უეცრად უჩინარდება ციცინათელასავით.

თუკი ზაფხულის  სასიამოვნოდ გატარებაზე მიდგება საქმე, თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებებსა და ათას თავგადასავალში გახვეული ბავშვისთვის არდადეგებზე სკოლიდან გამოყოლილი სამეცადინოების  შესრულება ნამდვილად არ იქნება სასიხარულო. ზაფხული ხომ ნაკლებ ვალდებულებებთან, ბევრ თავისუფალ დროსთან, ახალ ემოციებთან, შთაბეჭდილებებთან  და თავგადასავლებთან  არის დაკავშირებული.

 

ზაფხული ხომ სულ სხვა გაკვეთილებს გვთავაზობს და ამ გაკვეთილების შესრულება ისევე მნიშვნელოვანი მგონია, როგორც სასკოლო დავალებების შესრულება სკოლის პერიოდში.  ჩვენი, როგორც მშობლებისა და მასწავლებლების პირველი ამოცანაც ის უნდა იყოს, რომ საზაფხულო არდადეგები ბავშვებისთვის ისეთი ნოყიერი  ამბებით იყოს დახუნძლული, მთელი წელი რომ ეყოფათ გასახსენებლად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი