რამდენიმე რჩევა მოსწავლეთა წასახალისებლად

ხშირად ბავშვებს ყურადღება ეფანტებათ და ერთ რამეზე ვერ ფოკუსირდებიან. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს წლის დასაწყისში ან ბოლოს. თუმცა გამოცდილმა მასწავლებლებმა კარგად იციან, როგორ უნდა „გამოაცოცხლონ“ მოსწავლეები და ხელი შეუწყონ მათ მოტივირებას, თანაც დღეს, აქ და ამ წამს.

წახალისება – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკლასო ოთახში! აჩვენეთ თქვენი მოსწავლეების საუკეთესო შედეგები მათ მშობლებს, არ დაიზაროთ დადებითად გამოეხმაროთ მოსწავლეების სწრაფვას წარმატებისკენ. დააჯილდოვეთ ისინი კარგი სწავლისთვის, დააწესეთ თუნდაც ყოველკვირეული, სიმბოლური პრემია, სადაც ხელი მიგიწვდებათ, გაასაჯაროეთ საუკეთესო მოსწავლის ვინაობა, შეაქეთ თქვენი მოსწავლეები  კოლეგებთან.

მაღალი ხარისხი – შექმენით რთული, მაგრამ რეალისტური სამუშაო გეგმა. გააჟღერეთ მოსწავლეებთან თქვენი მოლოდინები. ჩამოაყალიბეთ მოკლევადიანი მიზნები და ყოველთვის აღნიშნეთ ამ მიზნების მიღწევის შესახებ.

იყავით გადამდებად აზარტული სწავლა-სწავლებაში – აჩვენეთ თქვენი ენთუზიაზმი მოსწავლეებს, გახადეთ ის გადამდები. მაგალითად, ვიდრე კლასს ტერმინ „ალიტერაციის“ არსს განუმარტავთ, შესთავაზეთ გამოიგონონ საყვარელი საგნების სახელები, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

მკაფიოდ დაგეგმეთ სასწავლო დღე – ეს ყველასათვის ისედაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ: გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი. ყველა ბავშვი განსხვავებულია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. იმისათვის, რომ სწავლა კომფორტული იყოს, მკაფიოდ დაგეგმეთ. ეს ხელს შეუწყობს კლასში წესრიგის შენარჩუნებას. მიაჩვიეთ თქვენი მოსწავლეები იმას, რომ ვთქვათ, გაკვეთილის თემის გაცნობას 15 წუთი უნდებით, ჯგუფურ დისკუსიაზე 15 წუთს ხარჯავთ, კითხვა-პასუხი კი გაკვეთილის ბოლოსაა. ასე მოსწავლეებს ეცოდინებათ, რას უნდა ელოდონ ყოველდღე. თვითონაც მეტად  ორგანიზებული იქნებიან.

გადაანაწილეთ საკლასო სამუშაოები – მოსწავლეებთან ერთად შეადგინეთ დავალებების ერთი კვირის ჩამონათვალი. გამოიყენეთ კრიტერიუმები თქვენი შეხედულებებისამებრ, საშუალება მიეცით მოსწავლეებს, თავად აირჩიონ მომავალი საკლასო სამუშაო შემდეგი კვირისთვის. ეს შეიძლება იყოს: კლასის ბლოგინგი, კალენდრის განახლება, თამაშებისა და აქტივობების შერჩევა, ზრუნვა ცხოველებზე (თუკი ჰყავთ), კომუნიკაცია კლასის სტუმრებთან, კლასისთვის სტანდარტული დავალებები: დაფის დასუფთავება, კლასში სკამების სწორად განთავსება და სხვ.

გაიზიარეთ მოსწავლეთა იდეები – როცა მოსწავლეები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რაც ხდება კლასში, მათ ნაკლები აქვთ პრეტენზია მასწავლებელთან. ჰკითხეთ, რის კეთება მოსწონთ გაკვეთილებზე, შესვენების დროს, რა ეხმარებათ მეცადინეობის დროს, რაზე ღელავენ გაკვეთილების მერე.

პასუხების გაანალიზების შემდეგ, მოახდინეთ გაკვეთილის ინტეგრირება ან გონებრივი იერიში, რათა გაიგოთ, როგორ შეიძლება ამ იდეების სასწავლო პროცესში გადატანა.

გახადეთ პარასკევი შედარებით თავისუფალი – შეგიძლიათ უფრო ხშირად გამოიყენოთ მოსწავლეთა იდეები. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში არ აცდენდნენ გაკვეთილებს, ასრულებდნენ ყველა დავალებას და იცავდნენ ყველა წესს, შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად მონაწილეობა მიიღონ პარასკევის აქტივობების დაგეგმვაში (ლექციები, დისკუსიები, ფილმის ყურება, თამაში…).

დაუკავშირეთ გაკვეთილები რეალურ ცხოვრებას – იქნება ეს ოჯახის წევრთა დაბადების დღისთვის სასაჩუქრე ბიუჯეტის შედგენა, ახალი ამბები თქვენი ქალაქის ან პოპ-კულტურის სიახლეების შესახებ – მოსწავლეებს უფრო მეტად შეუყვარდებათ სკოლა, თუ შეძლებენ სასწავლო პროცესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ასოცირებას.

აღნიშნეთ წარმატებები – რთულ კლასებში მუშაობამ შეიძლება სკოლა გადააქციოს ბრძოლის ველად. ამიტომ ეცადეთ შეახსენოთ მოსწავლეებს, რომ მათ გრძელი გზა უკვე განვლეს და ახლა უფროს კლასებშიც უნდა იყოჩაღონ. წარმატებები ახლაც სჭირდებათ. დაუსახეთ გრძელ და მოკლევადიანი მიზნები, ყურადღება გაუმახვილეთ მათი შედეგების გაუმჯობესებაზე, საშუალებას მიეცით მოსწავლეებს, თავად შეაფასონ საკუთარი თავი და დაეხმარეთ იმის შეცვლაში, რასაც თვითონ ვერ უმკლავდებიან.

თანაც, სწავლა შესაძლებელია და აუცილებელია არა მხოლოდ სკოლის ფარგლებში. შესთავაზეთ ბავშვებს დათვალონ ნაბიჯების რაოდენობა საკუთარ სახლამდე, დაწერონ ესეი თავიანთი მოხალისეობის გამოცდილების შესახებ, თუ რას გრძნობენ სპორტული შეჯიბრებების დროს. შეურჩიეთ ნებისმიერი შემოქმედებითი დავალება, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდნენ.

დაგეგმეთ საოცნებო ექსკურსია – ორგანიზება გაუწიეთ გონებრივ იერიშს და მოიფიქრეთ – სად შეგიძლიათ გამგზავრება. რაც უფრო უკეთ იმუშავებენ ბავშვები კლასში და კარგ შედეგებს აჩვენებენ, მით უფრო გრძელი მოგზაურობა ელით. მოუსმინეთ ბავშვების მოსაზრებებს და გაემგზავრეთ ტურში, რომელსაც ერთად დაგეგმავთ. აუცილებლად წაახალისეთ მოსწავლეები ექსკურსიის დროს კარგი ქცევისთვის, ინტერესისთვის, მოაყოლეთ შთაბეჭდილებები მოგზაურობის შესახებ.

დაარწმუნეთ, რომ ცოდნა უზრუნველყოფს მოსწავლის მომავალს – დაანახეთ კარგი სწავლისა და მყარი ცოდნის პერსპექტივები. დაარწმუნეთ, რომ კარგი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით მოსწავლე საოცნებო უნივერსიტეტში გაცილებით ადვილად და სწრაფად მოხვდება, მეტი შანსი ექნება გაიაროს საინტერესო სტაჟირება, მოხვდეს გაცვლით პროგრამაში, ისწავლოს საზღვარგარეთ.

 

 

კომენტარები

comments