როცა ბავშვი უარს ამბობს სათვალის ტარებაზე  

ერთხელ 7 წლის ბიჭუნას დედამ დახმარების თხოვნით მომმართა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმს პატარისთვის სათვალე გამოეწერა, მაგრამ ბავშვი კატეგორიულ უარს აცხადებდა  მის ტარებაზე.

დაქვეითებული მხედველობა ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა თანამედროვე ბავშვებს შორის. ჩვეულებრივ, ისინი სიამოვნებით ატარებენ სათვალეს, რომელიც ახლა ერთგვარ მოდურ აქსესუარადაც კი ითვლება. თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც სათვალის უბრალოდ მოსინჯვაზეც კი უარს ამბობენ. რატომ ხდება ასე და რას ვაკეთებთ ასეთ დროს? როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს არ სურს სათვალის ტარება? პატარის კატეგორიული უარი უფროსების მოთხოვნაზე, როგორც წესი, უბრალოდ კონფლიქტების მიზეზი კი არ ხდება მშობლებსა და შვილებს შორის, არამედ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა სირთულეებმაც იჩინოს თავი. ნებისმიერ ზრდასრულს კარგად ესმის, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მომავალში პროგრესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პატარამ დროულად დაიწყოს ექიმის მიერ გამოწერილი სათვალის ტარება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როდესაც მშობლები სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან ბავშვის მხრიდან, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს ექიმის დანიშნულების შესრულებაზე და სათვალის ტარებაზე, მაშინაც კი, თუ ის მისი შერჩეული და მოწონებულია.

     ექიმის დანიშნული სათვალის ტარებაზე ბავშვის უარის ძირითადი მიზეზები:

  • დისკომფორტი, მოუხერხებლობა სათვალის ტარებისას არა მხოლოდ ბავშვი, არამედ სათვალეს მიუჩვეველი ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს, განსაკუთრებით პირველ ხანებში, რის გამოც უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება სათვალის მიმართ და მის მოცილებას ცდილობს;
  • სიმორცხვე და შიში იმისა, რომ მას დასცინებენ, გააღიზიანებენ თანატოლები სათვალის ტარების გამო და რაიმე ზედმეტსახელსაც „მიაკერებენ“. ასეთ დროს ბავშვი უპრობლემოდ მოიხმარს სათვალეს სახლში, უარს არ ამბობს მასზე, მაგრამ სახლიდან გასვლის შემთხვევაში მალავს, არ იკეთებს მას;
  • თავად უფროსების, მშობლების უარყოფითი დამოკიდებულება სათვალის ტარების მიმართ შეიძლება ასევე სერიოზული მიზეზი გახდეს იმისათვის, რომ ბავშვმა უარი თქვას მის მოხმარებაზე;
  • ოჯახის წევრების არაერთგვაროვანი, განსხვავებული შეხედულება სათვალის ტარებაზე – დედა თვლის, რომ ბავშვი, როგორც სახლში, ასევე სკოლაშიც მოუხსნელად უნდა ატარებდეს სათვალეს, მამის აზრით, არაფერი მოხდება, თუ პატარა მხოლოდ სახლში ატარებს სათვალეს, უფროსი ძამიკო კი თავისი უმცროსი დაიკოს სახეზე სათვალის დანახვისას უცნაურად იღიმება. ასეთ შემთხვევაში, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბავშვმა საერთოდ უარი თქვას სათვალეზე;
  • შეიძლება სათვალის ტარებაზე პროტესტის მიზეზი ისიც გახდეს, რომ ბავშვს არ მოეწონოს მისი დიზაინი და ჩათვალოს, რომ ასეთი სათვალე მას არ უხდება და მომხიბვლელობასა და სილამაზეს უკარგავს.

რეკომენდაციები სათვალის ტარების აუცილებლობაში ბავშვის დასარწმუნებლად:    

  • უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ იქნება ჩვენთვის განაჩენი ექიმის მიერ ბავშვისთვის დასმული დიაგნოზი. თუ ჩვენ შიში შეგვიპყრობს, პანიკაში ჩავვარდებით და ვინერვიულებთ იმის გამო, რომ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, პატარა დაცულად ვერ იგრძნობს თავს და სათვალის ტარებაც მისთვის უარყოფით ემოციებთან იქნება დაკავშირებული – „რადგან დედა ნერვიულობს, ე.ი. სათვალე რაღაც ძალიან ცუდია“ – ფიქრობს საგონებელში ჩავარდნილი ბავშვი. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვები არავერბალური კომუნიკაციით, ჩვენი სახის გამომეტყველებით, მიმიკით, ჟესტიკულაციით, ხმის ტონით, ტემბრით ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ და მასზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე ნათქვამის შინაარსობრივ მხარეზე. თუ ჩვენ დემონსტრირებას არ გავუკეთებთ ჩვენს უარყოფით განცდებს, ბავშვიც არ ინერვიულებს. რა თქმა უნდა, მხედველობის დაქვეითებაში სასიხარულო არაფერია, მაგრამ უსასრულო სევდასაც არ მოაქვს სარგებელი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ, უფროსებმა მშვიდად მივიღოთ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი და ის ტრაგედიად არ ვაქციოთ;
  • თუ არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვს თანატოლები დასცინებენ და ამის გამო ამბობს უარს სახლის გარეთ, სკოლაში სათვალის ტარებაზე, ასეთ დროს კარგად იმოქმედებს კლასში ბავშვებთან საუბარი, რომელსაც ჩაატარებს ან თავად პედაგოგი ან სპეციალურად მოწვეული ექიმი-ოფთალმოლოგი. საუბრის თემა უნდა იყოს „სათვალის ტარების სარგებლობა“. როგორც წესი, ასეთი საუბრის შემდეგ ბავშვები სხვაგვარად უყურებენ, როგორც სათვალის ტარებას, ასევე იმ ბავშვს, რომელსაც მისი გამოყენება უწევს;
  • თუ ბავშვი უარს ამბობს სათვალის ტარებაზე არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც, ფრთხილად ავუხსნათ მას, რომ სათვალის ტარება დასჯა არ არის, პირიქით, ის კარგი ხერხიც კია გარშემომყოფებში გარკვეული უპირატესობის მოსაპოვებლად. ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ სათვალე, გარკვეული აზრით, დიდობის და სიჭკვიანის ერთ-ერთი ნიშანიც არის. თანაც, სათვალით ბევრად უფრო საინტერესო იქნება ფოტოს გადაღება, კამერის წინ პოზირება. შევეცადოთ ბავშვს ისიც ავუხსნათ, რომ სათვალე ჩვენი გარეგნული სახის ჩვეულებრივ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოვცვალოთ, მისი ტარება კი არანაირ ცუდ გავლენას არ მოახდენს მის გარეგნობაზე;
  • აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებს გვქონდეს აზრების, შეხედულებების ერთიანობა ბავშვის მიერ სათვალის ტარებასთან დაკავშირებით და ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. მაგ. როცა ოჯახის ერთი წევრი ექიმის დანიშნულების შესრულებას ცდილობს და ბავშვისაგან სათვალის მუდმივ ტარებას მოითხოვს, მეორე – ნებას რთავს, რომ მხოლოდ სახლში, ან მხოლოდ სკოლაში ატაროს სათვალე, მესამეს კი ირონიულად ეღიმება, როცა ბავშვს სათვალით ხედავს, სასურველი შედეგის მიღება ძალიან გაგვიჭირდება;
  • გავითვალისწინოთ, რომ არაფერი ისე არ არწმუნებს ბავშვს, როგორც მისთვის ძვირფასი, საყვარელი და ავტორიტეტული უფროსების პირადი მაგალითი. ასე რომ, თუ დიდხანს გვიწევს კომპიუტერთან მუშაობა, შეგვიძლია ჩვენ თავად გავიკეთოთ სათვალე; ამგვარად, ბავშვი მიხვდება, რომ სათვალე მისთვისაც ისეთივე აუცილებელია, როგორც ჩვენთვის;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ვუჩვენებთ, დავათვალიერებინებთ იმ ცნობილი პიროვნებების,  მსახიობების, მულტფილმების გმირების, ლიტერატურული პერსონაჟების სურათებს, რომლებიც სათვალეს ატარებენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლის მათ ხელს იყვნენ ყველასათვის საყვარელი, მომხიბვლელი და საინტერესო. ეს აუცილებლად დადებითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მის განცდებზე;
  • ნება დავრთოთ ბავშვს თავად შეარჩიოს მაღაზიაში მისთვის მოსაწონი სათვალე და სათვალის შესანახი ბუდე;
  • თუ ბავშვმა გადაწყვიტა სათვალის ტარება, არ დაგვავიწყდეს, შევაქოთ ის და წავახალისოთ მისი გამბედაობა და სითამამე. გამხნევება და შექება ყოველდღიურადაც შეიძლება;
  • გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ნებისმიერ ასაკში გვჭირდება დრო რაღაც ახალთან მისაჩვევად. ამიტომ, სათვალის ტარება უნდა დავიწყოთ თანდათან – ჯერ დღეში რამდენიმე წუთით, შემდეგ ყოველდღიურად გავზარდოთ დრო. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოველაპარაკებით ბავშვს, საწყის ეტაპზე, სათვალის მოხმარებისათვის აუცილებელი დროის ხანგრძლივობაზე. არ იქნება გამართლებული, თუ პირველ ხანებში, როცა ბავშვი ეჩვევა სათვალის ხმარებას, მოვთხოვთ მას ჩვეული რეჟიმით იმეცადინოს – წეროს და იკითხოს წიგნები. ასევე, შევუზღუდოთ ტელევიზორში მულტფილმების ყურებისა და კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობა დღეში 35-40 წუთამდე.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის შეგუება სათვალის ტარებასთან ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზე, უფროსებზე. ჩვენი პოზიტიური განწყობა დაეხმარება პატარას პრობლემების და სირთულეების თავიდან აცილებაში ამ არცთუ ისე მარტივი საკითხის მოგვარებისას.

 

 

 

 

კომენტარები

comments