შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავუკავშიროთ ჩრდილების თეატრი მწერალთა ბიოგრაფიებს

ჩრდილების თეატრით რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილების გამო დავინტერესდი. მათი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნების მიზნით მოვიძიე ინფორმაცია, თუ როგორ გამემართა სახლის პირობებში. იდეა და ინფორმაცია რეალობას მოვარგე და მალე სახლიდან საკლასო ოთახში გადავინაცვლე. მას შემდეგ სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ, რადგან თანდათან უფრო მრავაფუნქციურ მეთოდად გადაიქცა. ჩრდილების თეატრი გამომიყენებია  შემაჯამებელი გაკვეთილისთვის, ზღაპრების, ლექსებისა და მოთხრობების გაცნობისთვის, გამოგონილი პერსონაჟების გაცოცხლებისთვის და მწერალთა ბიოგრაფიების გასაცნობად. აუდიტორიის ასაკს შეზღუდვა არ აქვს. ჩრდილების თეატრი ისეთივე ეფექტურია როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე უფროსკლასელთათვისაც.

ჩრდილების თეატრის შესახებ Mastsavlebeli.ge-ს საძიებო ველი ჩემს ერთ სტატიას გაპოვნინებთ (https://mastsavlebeli.ge/?p=18012). ამ სტატიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ჩრდილების თეატრი ბიოგრაფიების გაცნობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად.

სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც მეცხრე კლასში შემცვლელ მასწავლებლად მომიწია შესვლა. ეს პერიოდი მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ ირგვლივ ვიტრიალეთ. მოთხრობაში საკმაოდ ბევრი უცხო სიტყვა, ისტორიული ფაქტი, გეოგრაფიული  სახელწოდება გვხვდება, რაც შინაარსის გაგებას ართულებს. ბოლო გაკვეთილისთვის ჩრდილების თეატრით ავტორის გაცნობა დავგეგმე. მართალი გითხრათ, ახალი გარემო და მოსწავლეთა ასაკი მაშინებდა. ვეჭვობდი, რამდენად სწორად მიიღებდნენ ამგვარ გაკვეთილს. წინასწარ მოვამზადე ყველა საჭირო ნივთი. პერსონაჟად მწერლის ქალიშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი შევარჩიე. გაკვეთილის დასაწყისში გავმართე ჩრდილების თეატრი, ფონად მუსიკა ჩავრთე და პირველ პირში ვუამბე „მამის“ შესახებ. თხრობის პარალელურად ბავშვების სახეებს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ მზერა, რაც ცნობისმოყვარეობის აღძვრას მიანიშნებდა. შემდეგ კლასი ჯგუფებად დავყავი,  კონკრეტული ეპიზოდი შევურჩიე და ჩრდილების თეატრისთვის პრეზენტაციის მოწყობა დავავალე, რასაც როლების განაწილება და თითოეული მოსწავლის გააქტიურება მოჰყვა. მალევე დაფაზე გაჩნდა ორი ფრაზა, რომელიც პასიური მოსწავლეების ჩართულობაზე მიანიშნებდა – „აუ, სკამი დავკარგეთ“ და „მაკრატელი არ გვაქვს“. მაკრატელიც თვალის დახამხამებაში გააჩინეს და საგულდაგულოდ გამოჭრილი ანდრე კაშორის გრძელსკამიც მალევე იპოვეს. ჩემი შიში არ გამართლდა. თითოეულმა ჯგუფმა თავისი ეპიზოდი ჩრდილების თეატრით გააცოცხლა – ვინ კითხულობდა, ვინ გამოჭრილ პერსონაჟებს ცვლიდა, ვინ მუსიკას რთავდა. სულ ბოლოს კი დაფის ფრაზები ერთგვარ გასასვლელ ბარათებად ვაქციეთ და შთაბეჭდილებების წერილები დაწერეს. სათაურად ზოგმა „აუ, მაკრატელი არ გვაქვს“ შეარჩია, ზოგმა კი – „აუ, სკამი დავკარგეთ“.

ეს ამბავი იმპულსად მექცა და ხელახლა მიმაბრუნა დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიულ თხზულებისკენ  „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რადგან სწორედ მისი კითხვისას დამებადა იდეა ჩრდილების თეატრით მწერალთა ბიოგრაფიების გაცნობისა.

მწერალს ავტობიოგრაფიის დაწერის თარიღად 1925 წელი მიუწერია. დავით კლდიაშვილი გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ ადრეული ბავშვობიდან ვიდრე 1917 წლის რევოლუციამდე. ყურადღებას იქცევს მიძღვნა – „ნაშრომს კი ვუძღვნი მათ ხსოვნას, ვინც გული სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა. მოკლე მოგონებებში არაფერი შეფერადებული არ იქნება, მხოლოდ სინამდვილე, სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში“.  სინამდვილე კინოკადრებივით ცოცხლდება კითხვისას და წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ეპოქალური მოვლენების, ისტორიული პირების, საზოგადო მოღვაწეებისა და უბრალო ადამიანების ცხოვრების შესახებ.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“ მარტო ლიტერატურის მასწავლებლების საკითხავი ნაწარმოები არ არის. გაკვეთილის დაგეგმვისთვის არაჩვეულებრივი რესურსია გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვისაც.

დავით კლდიაშვილმა ოცდაექვსი წელი იმუშავა ბათუმის სამხედრო დანაყოფში. უფროსებად მუდამ რუსი პოლკოვნიკები ჰყავდა, თუმცა მაინც ახერხებდა უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევას. გასაოცარ ძალას გაძლევს, როცა კითხულობ მისი, როგორც მოქალაქის, საქმიანობის ამბებს. „მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ჯერ მოქალაქე ვარ და მერე სამხედრო პირი“ – ეს სიტყვები, რომლებიც უშიშრად განუცხადა პოლკოვნიკ ტუნებერგს, ერთგვარ გზავნილად შეიძლება იქცეს ნებისმიერი საჯარო მოხელესთვის.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“ ადამიანთა მრავალფეროვანი გალერეაა, რომელთა შეფასებას მწერალი სხვადასხვა რაკურსით ცდილობს, თუმცა, მთავარი სამართლიანობა და საკუთარი საქმის ერთგულებაა. ექიმი, სამხედრო პირი, მწერალი, მასწავლებელი, დიასახლისი, ქალაქის მმართველი, ბუკინისტი, უბრალო გლეხი – ყველას ეცნობი ერთ უმთავრეს ჭრილში, საკუთარი საქმიანობით როგორ ემსახურებიან ქვეყანას.

მოვლენები ერთმანეთს ცვლიან: თხრობა იმერეთის სოფელ სავანეთიდან ქუთაისში ინაცვლებს, შემდეგ კიევში გრძელდება, მოსკოვიდან ბათუმში, შემდეგ კი კვლავ ქუთაისში ბრუნდება. ვეცნობით იმ პერიოდის მოვლენებს: პორტო-ფრანკობა ბათუმში, მისი გაუქმება და ზღვისპირა ქალაქის მშენებლობა, ქალაქის თვითმმართველობის არჩევნები, ბულვარის გაშენება, პირველი სასწავლებლისა და გიმნაზიების, ელექტროსადგურის, ლომბარდის, ბიბლიოთეკის დაარსება,  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა, კავკასიის მთავარმმართებლისა და ნიკოლოზ III ის საქართველოში სტუმრობა, ბათუმის ნავთის ქარხნების საქმიანობა, ნავთისა და ჩაის წარმოება, გურიისა და როტშილდის მუშათა აჯანყება, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა, გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალება და მისი დასაფლავება, ეპისკოპოსის სახელის დასაცავად პალმის დუელში გამოწვევა, ეგნატე ნინოშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები, ალექსანდრე ყაზბეგის გაცნობა, აკაკისა და ვაჟას საიუბილეო დღეები ქუთაისში, ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და კიდევ მრავალი იმდროინდელი მოვლენის თანამონაწილე ვხდებით.

გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ლომოური, გიორგი ზდანევიჩი, ლუკა ასათიანი, ალექსანდრე კლდიაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, იოსებ ყიფშიძე, კიტა აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მესხი, ვანო მაჩაბელი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს კულტურის ისტორიას და მათი საქმიანობის გაცნობა ასი წლის შემდეგ მკითხველს ქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა, სამოქალაქო საქმიანობას მოჰქონდა მუდმივი ღელვა, დავიდარაბა, რაც იწვევდა „გულის გაგანიერებას“, ნერვების აშლასა და სიკვდილს.

„ამ თავდაუზოგველობამ, შეუწყვეტელმა მუშაობამ, თავისი ქნა –  უდროოდ მოუსპო სიცოცხლის დღენი ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ენერგიით სავსეს, ცოდნით აღჭურვილ თვალსაჩინო მოღვაწეს“. – კიტა აბაშიძის შესახებ წერს დავით კდლიაშვილი.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“  უამრავ ისტორიას ინახავს, რომლებიც ჩრდილების თეატრით შეგვიძლია გავაცოცხლოთ. პირველ პირში საუბრი მოვლენების აღქმას აადვილებს, მუსიკა, შუქჩრდილების თამაში წარმოსახვას აძლიერებს და მაყურებელის მგრძნობელობას აღვივებს. მრავალი ამბიდან ერთი შევარჩიე და შევეცდები აღვწერო, როგორ დავუკავშირებდი ჩრდილების თეატრს.

ალექსანდრე ყაზბეგი

ყოველ თავს თემატური ქვეთავები აქვს. „ქართველ მსახიობთა პირველი ჩამოსვლა ბათუმში. სანდრო ყაზბეგი“. – მესამე თავი ამ თემებით სრულდება.  იმ დროის ამბებია, როდესაც ბათუმში თეატრი არ იყო და ზაფხულობით სპექტაკლების გასამართად თბილისიდან მსახიობთა დასი ჩადიოდა. სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში მდგარ პატარა შენობაში იკრიბებოდნენ, სადაც ასი კაცი ძლივს ეტეოდა. დავით კლდიაშვილმა დასის პირველი სტუმრობისას გაიცნო სანდრო ყაზბეგი და წიგნის რამდენიმე გვერდზე გვიყვება მის შესახებ. ალექსანდრე ყაზბეგის  ნაწარმოებები სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. ერთი მწერლის მოგონებანი მეორის შესახებ ძალიან საინტერესო გზაა მათი პიროვნებების ირგვლივ წარმოდგენის შესაქმნელად.

დავით კლდიაშვილი ყაზბეგს სანდროთი მოიხსენიებს. დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა მის მონათხრობში. სანდროს უყვარდა თეატრი, შესანიშნავად თამაშობდა ლეკურს, თუმცა მსახიობური ნიჭი აკლდა და თხრობითაც ვერ ახდენდა დიდ შთაბეჭდილებასო. ამის გამო მცდარი წარმოდგენა შექმნილა საზოგადოებაში და  ეჭვობდნენ, ნამდვილად იყო თუ არა „ელგუჯა“, „მოძღვარი“, „ხევისბერი გოჩა“ მისი დაწერილი. ამგვარ დამოკიდებულებას მტკივნეულად განიცდიდა ალექსანდრე ყაზბეგი. ვანო მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ყოფილან მისი დამცველები.

„სანდრო ყაზბეგი თამაშობდა სიმონ ლეონიძეს. მესამე მოქმედებაში გატაცებით რომ მიმმართავდა მეტეხის ციხეში თავმოყრილ შეთქმულებს, მე შიშისაგან დაბნეულმა წამოვავლე ხელი ბაიარაღს და გავედი სცენაზე და სანდროს მივაჩხირე ბაიარაღი. გაოცებულმა სანდრომ სათქმელი არ შეწყვიტა, გამომართვა ბაიარაღი, გაიტანა გარეთ, მეც უკან გავყევი დარცხვენილი, რომ ასე უდროო დროს შემოვიჭერი სცენაზე და ასეთი სიბრიყვე ჩავიდინე. ეს იყო და ამის შემდეგ არტისტებთან აღარ გამოვსულვარ სცენაზე არასოდეს – ისე დამარცხვინა ამ შემთხვევამ“.  -წერს დავით კლდიაშვილი და  რომ არა დოკუმენტური პროზა, მოგონებების ლიტერატურად გადაქცევა, ეს ისტორია დაიკარგებოდა.

თხრობა გრძელდება და ამბავი ამბავს მიჰყვება:  იმდენად მოსწონთ სტამბის ასოთამწყობებს   „ელგუჯა“, რომ ყაზბეგს დასასრულს აცვლევინებენ; დავით კლდიაშვილი მწერალს „განკიცხულის“ წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებას წერილით უზიარებს; მერე საკუთარი თვალით ხედავს სასტუმრო „ევროპაში“ როგორ წერდა დრამას „ქეთევან დედოფალს“; ილია ჭავჭავაძე ყაზბეგს  „ივერიაში“ უბეჭდავს „განკიცხულს“, იმავე პერიოდში იონა მეუნარგია და ილია ხონელი თავს ესხმიან ყაზბეგს და ცხარე ცრემლით ატირებენ, „ბევრი უსამართლოდ ექცეოდა სანდროს და ხანდახან ცხარე ცრემლითაც ატირებდნენ მას. ერთხელ „დროებაში“ საოცარი ენით გალანძღა იგი, მიწასთან გაასწორა, რომ იტყვიან, როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, ილია ხონელმა. ძლივს დავაწყნარეთ საწყალი სანდრო, როცა ტირილი აუვარდა ფელეტონის წაკითხვის შემდეგ“ – დავიმოწმოთ დავით კლდიაშვილის სიტყვები. თხრობა სრულდება მიხეილის საავადმყოფოში.  სამტომეული მიუტანიათ სანდროსთვის, დასნეულებულს კი თავისი პორტრეტი  და ფურცლები ამოუხევია და მიმოუყრიაო.

გულგრილს არავის დატოვებს ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნება, მისი ტრაგედია, საზოგადეობის უსამართლო დამოკიდებულება, დავით კლდიაშვილის თხრობის მანერა.

ჩრდილების თეატრისთვის შეიძლება რომელიმე კონკრეტული ეპიზოდის გამოყენება ან მთელი მოგონების წარმოჩენა. მოსწავლეთა ასაკისა და მიზნის გათვალისწინებით ვწერთ პატარა სცენარს ან ვაკეთებთ მოკლე მონახაზს. მთხრობელად ნებისმიერი მოქმედი პირი შეიძლება ვაქციოთ და ისიც შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე  ამბავი რამდენიმე პერსონაჟს მოვაყოლოთ. ამგვარად ხაზს გავუსვამთ, რომ თითოეული ადამიანი სუბიექტურად ხედავს და სინამდვილის შეფასება მნიშვნელოვანი უნარია. შეგვიძლია, ტექსტს სიტყვასიტყვით მივყვეთ ან ჩვენი სიტყვებით ავალაპარაკოთ პერსონაჟი და პირველწყაროს არ დავშორდეთ.

ეპიზოდის პერსონაჟები: დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ასოთამწყობი მოხუცი რუსიშვილი, მეტრანპაჟი დიომიდე კილაძე, ილია ხონელი, ვანო მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე, ილია მეუნარგია.

შენობები, სადაც მოქმედება ვითარდება: ბათუმის საქალაქო სასწავლებელი, სტამბა, ბათუმის სასტუმრო „ევროპა“, გაზეთ „ივერიის“ რედაქცია, მიხეილის საავადმყოფო.

მუსიკად შეგვიძლია შევარჩიოთ ლეკური, ნატო გაბუნიას სიმღერის ჩანაწერები, ამგვარად წარმოდგენას შევუქმნით, რას უსმენდნენ მაშინ, თუმცა მუსიკის მთავარი მიზანი შესაბამისი განწყობის შექმნაა და ესეც ინდივიდუალურად გადასაწყვეტია.

ჩრდილების თეატრისთვის შეიძლება შენობებისა და პიროვნებებისთვის შესაბამისი ფორმის გამოჭრა გაგვიჭირდეს, თუმცა, აქაც შემოქმედებითი მიდგომა დაგვეხმარება, მცდელობა კი უკვალოდ არ ჩაივლის. მთავარი აქ ისევდაისევ თხრობა და ამბების გასულიერებაა.

დავით კლდიაშვილის გავლენით კი ალექსანდრე ყაზბეგის დედაჩემის ბიბლიოთეკის ლურჯყდიანი წიგნის მოვძებნე. ერთი დღეც ამოატივტივა მოგონებებიდან, როცა  მერვეკლასელი სიცხიანი ლოგინს მივეჯაჭვე და რამდენიმე დღე მხოლოდ ყაზბეგის მოთხრობებს ვკითხულობდი. ახლაც მახსოვს მაშინდელი მძაფრი შთაბეჭდილებები.

ჩრდილების თეატრი შეგვიძლია გალაკტიონის ლექსით დავასრულოთ. 1948  წლით დათარიღებული ასეთი გრძელი სათაურით “საბოდიშო ლექსი იმის გამო, რომ ვერ ვესწრები ყაზბეგის დღეებს“.

ამგვარად, ნებისმიერი დღიური, პირადი წერილი, მოგონებანი, უბის წიგნაკის ჩანაწერები შეგვიძლია ჩრდილების თეატრისთვის გამოვიყენოთ და ბავშვებს მწერალთა ბიოგრაფიული დეტალები გავაცნოთ, რითაც წარმოდგენას შევუქმნით ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩრდილების თეატრი მათ ცნობიერებაში ღრმად დალექავს ადამიანებსა და მოვლენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი