პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ჩრდილების თეატრი- არაჩვეულებრივი სასწავლო რესურსი

საგაკვეთილო პროცესის ვიზუალური წარმოდგენა გაკვეთილის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვაში მეხმარება. მთავარია,  გაკვეთილზე გატარებული დრო  სახალისო იყოს, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ბავშვს არასდროს დაავიწყდება, ისიამოვნებს და თან გარკვეული უნარ-ჩვევის გააქტიურებასაც შეძლებს.

ასეთი ფიქრის დროს დაიბადა ჩრდილების თეატრის იდეა, რომელსაც ახლა უკვე ხშირად მივმართავთ და სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ: გარკვეული თემის დასრულებისას, პერსონაჟთა ხასიათზე მუშაობისას, ეპიზოდების გასაცოცხლებლად თუ რომელიმე პოეტის ლექსების გასაცნობად.

ჩრდილების თეატრი პირველად უწერის სკოლაში გალაკტიონის დაბადების დღეს დავუკავშირეთ. ნაცრისფერყდიანი ლექსების კრებული გულისხმიერმა უცნობმა  გვაჩუქა და ძალიან გვიყვარს. ხის თაროზე ისეთ ადგილას დავაბინავეთ, ოთახში შემოსვლისთანავე თვალში რომ მოგვხვდეს. თეატრისთვის მზადების პროცესი კი ასეთი იყო: ამოვარჩიეთ  რამდენიმე ლექსი,  ამოვწერეთ ყველა ლირიკული პერსონაჟი და სქელი მუყაოსგან ერთობლივად გამოვჭერით საათი, მთვარე, ყვავილები, ღალღა, ალვები, ვერხვები, ხელები, ატმის ხე, მთები. თითოეულს გამოვაბით სქელი ძაფი, ფანჯრები სახლიდან ჩამოტანილი პლედებით ჩამოვაბნელეთ, სურათის ჩარჩოს ბიაზი გადავაკარით, მოვიმარაგეთ ხელის ფარნები, მაყურებლებისთვის შუაგულ ოთახში გრძელი სკამი დავდგით და სტუმრების მოსვლას დაველოდეთ.

წარმოდგენისთვის მუსიკა დიდხანს ვეძებე. მერე ვახტანგ ჯავახაძის „უცნობში“ ამოვიკითხე, რომ გალაკტიონი შუბერტსა და შუმანს უსმენდა ხოლმე. ამიტომ სწორედ ამ ორი კომპოზიტორის რამდენიმე სონატები შევარჩიეთ.

ლექსები სათითაოდ ამოვბეჭდეთ, ფარნების შუქი ჩარჩოს უკნიდან მივანათეთ. ერთი მოსწავლე ხმამაღლა კითხულობდა ლექსს, ორი მათგანი კი შესაბამის ლირიკულ გმირებს ჩარჩოს უკან ამოძრავებდა. მაყურებელი ხედავდა ჩრდილებს, კლასიკური მუსიკის ფონზე ისმენდა ლექსებს და ყოველივე ამით გალაკტიონის ირეალურ სამყაროს სულ ოდნავ მივუახლოვდით.

„დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს…“ – კითხულობენ, ამ დროს ჩარჩოს უკან თითებზე გამობმული მუყაოს ალვები ჩნდებიან, ნაჭრის აქეთ ჩრდილებად გადაიქცევიან და მაყურებლისთვის ივლისისფერი ყინვის წარმოდგენა თითქოს შესაძლებელი ხდება.

აქვე დავამატებ, რომ ბავშვებმა ლექსების ზეპირად თქმაც სცადეს. ხმამაღალი კითხვით შესაბამისი განწყობა უფრო მეტად იქმნება.

გალაკტიონის დაბადების დღეს ჩრდილების თეატრი ქალაქშიც გავიხსენე. როცა სოფლის სკოლაში იმდენი მოსწავლეა, რამდენიც ქალაქის სკოლის ერთ კლასში, შეიძლება, რომ პროცესის მართვა გართულდეს, თუმცა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის დახმარებით მთელი აქტივობა ორ გაკვეთილში ჩაეტია.

კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი, თითოეულს ორი ლექსი შეხვდა და როლები გადავანაწილე: ზოგს ლექსის წაკითხვა ერგო, ზოგს კი პერსონაჟების ჩრდილებად გადაქცევა, შემდეგ კი როლებს ცვლიდნენ. ხმამაღალი ფიქრის მეთოდით ნაბიჯ-ნაბიჯ ვაცნობ, რას და როგორ ვაკეთებ, ვიწყებ პერსონაჟისთვის შესაბამისი ფორმის დახატვას, ვუხსნი, ვაჩვენებ და შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ჩემი წამოწყებული საქმიანობის გაგრძელებას. თავდაპირველად ამბობენ, რომ არ გამოუვათ, რომ ხატვა არ იციან, ასეთ დროს მათი ყურადღების მისაპყრობად და შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მე კი არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ მათ თვალწინ ტელეფონში ვხსნი საძიებო ველს, ვწერ სასურველი საგნის სახელს, მერე მათთან ერთად ვარჩევ შესაბამის ვარიანტს და სურათის მიხედვით შავ მუყაოზე სილუეტს ვხაზავ. ჩემ  შემდეგ მათი ჯერი დგება, თავდაპირველად გაუბედავად იწყებენ ქმედებას, მერე, როცა ხვდებიან, რომ გამოსდით, თამამდებიან, ამ დროს მათი მარტო დატოვების დრო  დგება.

გამოჭრილ სილუეტებს ძაფებს ვუმაგრებთ, მაგალითად, ვაჟას სილუეტი ინტერნეტში ნაპოვნ  პოეტის ფაფახიან ფოტოსურათს ადვილად მივამსგავსეთ, ხოლო ილიას ჩრდილისთვის მისი ახალგაზრდობის ფოტო დაგვეხმარა, რომელზეც შავი პალტოთი და ცილინდრით არის აღბეჭდილი.

ლექსები წინა დღით სახლში წაიღეს, რათა ხმამაღლა კითხვაში გაწაფულიყვნენ. წარმოდგენისთვის სკოლის კაფე შევარჩიეთ, მოვიწვიეთ სტუმრები და  დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დავაგროვეთ.

როგორც მიხვდით, ჩრდილების თეატრისთვის წინასწარ მომზადება აუცილებელია. პირველ რიგში, ოთახის გარემოზე უნდა ვიზრუნოთ. შემდეგ მოვიძიებთ ჩარჩოს, რომელზეც გადავაკრავთ თეთრ ნაჭერს ან კალკის ქაღალდს. სქელი შავი მუყაო, მაკრატელი და ძაფი პერსონაჟთა სილუეტების დასამზადებლად დაგვჭირდება. კომპიუტერსა და ხმის გამაძლიერებლებს მუსიკისთვის მოვამზადებთ – ყოველივე ამას მოვარგებთ შესაბამის თემას და აქტივობებს გაკვეთილის ფაზების მიხედვით ავაწყობთ.


შესაძლოა, თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია, განსხვავებული გარემოს შექმნის მცდელობა და ახალი შთაბეჭდილებები, რაც ჩრდილების თეატრს მუდმივად თან ახლავს.

გალაკტიონის მერე მოვაწყვეთ „პერსონაჟების დღე“ ჩრდილების თეატრთან ერთად. „ბიჭი და ძაღლი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „მწვანეთითება ტისტუ“ – ამ მოთხრობების გმირები გავაცოცხლეთ და პარალელურად ბავშვებმა საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. ამჯერად მიზნად დავისახეთ ორი სიტყვის – პერსონაჟისა და ეპიზოდის – გააზრება.

ჩრდილების თეატრის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან. არაჩვეულებრივი მეთოდია იმპროვიზირებული წარმოდგენებისთვის, რაც ხელს უწყობს ფანტაზიის, ლექსიკური მარაგისა და ზეპირმეტყველების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეები იმდენად იჭრებიან როლში და იმდენად სიამოვნებთ თამაშის პროცესი, რომ თავდაჯერებულობა ემატებათ, რის გამოც სკოლა მათთვის კიდევ უფრო საყვარელი ადგილი ხდება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“