ერთი სასწავლო პროექტის გამოცდილებიდან („მოგზაურობა“ ოკეანეთში)

სამი წლის წინ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გვეწვია მასწავლებლის სახლის არაჩვეულებრივი ტრენერი ნინო მარღიშვილი ისტ-ის ტრენინგმოდულით „პროექტებით სწავლება“, რომელმაც ბევრი რამ მომცა და სასწავლო პროცესის ბევრ სიახლეზე დამაფიქრა.

ცოდვა გამხელილი ჯობია და მანამდე პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე ასეთი წარმოდგენა არ მქონია. ვინაიდან ეს დაუღლელი და პოზიტიური ენერგიით სავსე ტრენერები სულ ფუსფუსებენ და სკოლიდან სკოლაში გადადიან სამუშაოდ, დედაქალაქსა თუ რეგიონებში ალბათ უამრავ ჩემს კოლეგას აქვს გავლილი ეს კურსი, ხოლო ვისაც არ აქვს, ვურჩევ, აუცილებლად გაიაროს. ტრენინგი „ინტელის“ მიერ არის მომზადებული. ინტერნეტქსელში ასევე ნახავთ მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს (იხ. ბმული: http://www.tpdc.ge/essentials/), რომელიც არაჩვეულებრივი რესურსია მასწავლებლისთვის პროექტებით სწავლების ყველა სეგმენტის გასაცნობად, უამრავ იდეას შთააგონებს ადამიანს და დამოუკიდებლად, ტრენერის დაუხმარებლადაც, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ახალ-ახალი პროექტების დაგეგმვასა და ხორცშესხმაში.

თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევა გაკვეთილის და, საზოგადოდ, სასწავლო პროცესის დაგეგმვაა და ამ გზაზე პროექტებით სწავლება ის „საიდუმლო იარაღია“, რომელიც მოსწავლეთა დაინტერესებაში, მოტივაციის ამაღლებაში, გააქტიურებაში გვეხმარება, ამიტომ, ვფიქრობ, სასწავლო წლის  განმავლობაში მასწავლებელმა თითოეულ კლასში სემესტრში ორი მნიშვნელოვანი პროექტი მაინც უნდა დაგეგმოს მოსწავლეებთან ერთად. ეს იწვევს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა გააქტიურებას, კლასის ორგანიზებულ მუშაობას, არაჩვეულებრივი პროდუქტების შექმნას, გარანტიაა ხალისიანი და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესისა. ხელი ეწყობა შემოქმედებით აზროვნებას, ძიებას, აღმოჩენებს, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის ჩვევების, თანამშრომლობითობის პრინციპების, პრეზენტაციისა და აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის უნარების გამომუშავებას. დაუვიწყარია მასთან დაკავშირებული ემოციები და მიღებული ცოდნა. ამ პროცესში მოსწავლე იოლად პოულობს თვითრეალიზაციის გზებს.

ჩვენი გადატვირთული სასწავლო გარემო, დროის დეფიციტი, უამრავი სხვა აქტივობა, რომელშიც მასწავლებელი და მოსწავლე სკოლის კედლებში თუ მის გარეთ არიან ჩართულები, ხელს გვიშლის პროექტების ხორცშესხმაში, მაგრამ როცა მასწავლებელი და კლასი გააცნობიერებენ ამ ტიპის სწავლა-სწავლების სიკეთეს, ორივე მხარე შეუწყობს ხელს ახალი იდეების გენერირებას და პროექტების რეალიზაციას. პროექტის ვადების გონივრულად შერჩევაც უმნიშვნელოვანესია. შესაძლებლობა გვაქვს, დავგეგმოთ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ვადაზე გათვლილი პროექტები, რომელთა განხორციელება და პრეზენტაცია განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს და რომლებიც, ამასთან, ეფექტურად არის მორგებული სასწავლო პროგრამას და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.

მსურს გაგიზიაროთ ერთი სასწავლო პროექტის გამოცდილება. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ თუკი კოლეგები პროექტების იდეების ურთიერთგაზიარებას აქტიურად ვეცდებით, ეს ყველას დაგვეხმარება ორიგინალური იდეების მოფიქრებაში. გამოცდილების გაზიარებას ხომ მასწავლებელთა კოლექტივში ყველაზე დიდი ფასი აქვს!

მიმდინარე სემესტრში საბაზო საფეხურზე, მერვე კლასში, კოლეგასთან ერთად დავგეგმე სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ოკეანეთში“. ეს გახლდათ გეოგრაფიისა და ლიტერატურის მასწავლებლების ერთობლივი იდეა, ხელს უწყობდა საგანთა ინტეგრირებას (გეოგრაფია-ისტორია-ლიტერატურა). მისი მიზანი იყო ეგზოტიკური, ნაკლებად ცნობილი ქვეყნების გაცნობა, ვირტუალური მოგზაურობა უცხო სამყაროში, უცხო კულტურებთან ზიარება, ტოლერანტობის განცდისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება. ავირჩიეთ ოკეანეთში, პოლინეზიის კუნძულებზე მდებარე ქვეყნები: სამოა, ფიჯი, ტონგა, ნაურუ, ვანუატუ.

პროექტის აღწერა: სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ოკეანეთში“ მიზნად ისახავს საკლასო ჯგუფების მიერ ეგზოტიკურ ქვეყნებში ვირტუალურ მოგზაურობას და მრავალფეროვანი კოგნიტიური უნარების დაგროვებას. შვიდი მოსწავლისგან შემდგარი ხუთი ჯგუფი სწავლობს ოკეანეთის ხუთი ქვეყნის გეოგრაფიას, ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას, ურთიერთობებს და ორთვიანი შემეცნებითი აქტივობის შედეგების პრეზენტაციას სკოლის სააქტო დარბაზში გამართავს. სამუშაო მოიცავს შემოქმედებით ნაწილს. მოსწავლეები ამყარებენ ურთიერთობას ოკეანეთის ქვეყნების ხალხებთან, აწარმოებენ მიმოწერას, რაც ხელს უწყობს პლურილინგვური გამჭოლი კომპეტენციის განმტკიცებას, აგროვებენ და სწავლობენ კონკრეტული ქვეყნის რეალობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, ამუშავებენ, ფილტრავენ და ქმნიან პროდუქტებს. წარმოადგენენ არჩეული ქვეყნის კულტურას, ფოლკლორს, სიმღერებსა და ცეკვებს, ქმნიან ჩანახატებს, ხელნაწერ ჟურნალებს, პოსტერებს, ელექტრონულ რესურსებს.

პროექტის დავალებები ასე გავწერეთ:

  პროექტის დავალებები:

 

1 წარადგინე ქვეყანა (დროშა, გერბი, ჰიმნი, ორიგინალური მოკლე აღწერა)
2 გააცანი აუდიტორიას ქვეყნის გეოგრაფია
3 წარმოადგინე არჩეული ქვეყნის ისტორია და პოლიტიკური მოწყობა
4 მოყევი ეროვნულ ტრადიციებზე
5 დაამყარე ურთიერთობები და გაიჩინე ვირტუალური მეგობრები, მოყევი ახალი ურთიერთობების შესახებ.
6 გაგვიმხილე შემოქმედებითი ინსპირაციის შედეგები: შექმენი ნებისმიერი ტიპის ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ზღაპარი, სტატია, წერილი, დღიური, ესე), ფილმი, ვიდეო, ანიმაცია, სლაიდშოუ, დახატე, შეკერე, გამოძერწე, იმღერე, იცეკვე არჩეული ქვეყნის თემაზე.
7 წარმოადგინე არჩეული ქვეყნის ფოლკლორი (სიმღერა, ცეკვა)

 

პროექტმა ბავშვებში ცხოველი ინტერესი აღძრა. სვამდნენ უამრავ კითხვას, თავდაუზოგავად ეძებდნენ საჭირო რესურსებს, ათანხმებდნენ დავალებების რეალიზაციის იდეებს, ჩართული იყო ყველა. პროექტის ხელმძღვანელებს გვეგონა, რომ ბავშვებს ჩვენი დახმარება დასჭირდებოდათ, მაგრამ მათ დამოუკიდებლად მუშაობა არჩიეს.

ყველა მოუთმენლად ელოდა პრეზენტაციის დღეს. ჟიურიში სამი მასწავლებელი იყო. მშობლებმა შეიძინეს წიგნები, ქართული და უცხოური ლიტერატურის რჩეული ნაწარმოებები, რომლებიც ჯგუფებს გადაეცათ და დაიბადა ახალი სასწავლო პროექტის იდეა: ბავშვები წიგნებს ზაფხულში წაიკითხავენ, გაცვლიან და შემოდგომის სემესტრში წაკითხული წიგნების თემატიკაზე დაყრდნობით ახალი სასწავლო პროექტის გეგმას ერთობლივად შევადგენთ.

მხატვრული ლიტერატურის სია ასეთი იყო:

  • გიორგი ლეონიძე, მოთხრობები
  • გოდერძი ჩოხელი, მოთხრობები
  • . ჰენრი, მოთხრობები
  • . შტეფან ცვაიგი, ნოველები
  • . ანტონ ჩეხოვი, მოთხრობები
  • ოსკარ უაილდი, დორიან გრეის პორტრეტი
  • ერიხ მარია რემარკი, ტრიუმფალური თაღი
  • ჯერომ სელინჯერი, კლდის პირას, ჭვავის ყანაში
  • ჰარპერ ლი, ნუ მოკლავ ჯაფარას
  • შარლოტა ბრონტე, ჯეინ ეარი

ხუთივე ჯგუფი იყო მოსალოდნელზე მეტად აქტიური, ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობდა პრეზენტაციაში. ბავშვებს მონდომება არ დაუკლიათ. ვანუატუს და ნაურუს ჯგუფის წევრებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ამ ქვეყნების მიერ რუსეთის გავლენით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომ ამ აღიარების უკან წაღება. აქ პატრიოტული მოტივები ბობოქრობდა. ყველაზე საინტერესო იყო ტოლერანტობისა და სრულიად უცხო კულტურების მიღების საოცარი მაგალითები. ვანუატუს ჯგუფმა საქართველოსა და ვანუატუს კულტურების სინთეზირებაც კი მოახერხა, მათ შეადარეს ორი ქვეყნის მწერლობისა და ფოლკლორის თემატიკა და აღმოაჩინეს, რომ ვანუატუელებიც და ქართველებიც უმთავრესად სიყვარულს და სამშობლოს სილამაზეს უმღერიან, რომ სამშობლოს სამოთხედ წარმოდგენა, ეროვნული სიამაყე მათი ხალხური შემოქმედების საერთო ნიშანია. საკვირველი ოსტატობით შექმნეს სლაიდშოუები და ვიდეოკლიპიც კი, რომელიც იუთუბზე რომ განთავსდეს, მნახველს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნება ეგზოტიკური ქვეყნის შესახებ. ვიდეოები და ბავშვების მიერ დადებული ტექსტები საოცარი გემოვნებით, ჰარმონიითა და სინქრონულობით გამოირჩეოდა. მოამზადეს საინტერესო პოსტერები, შეასრულეს ოკეანეთის ქვეყნების სიმღერები და ცეკვები. ლიტერატული დავალებები ძირითადად ამ ქვეყნებში მოგზაურის დღიურების სახით შეასრულეს. საინტერესო იყო ვირტუალური კავშირების პრეზენტაციაც. ზოგმა ჯგუფმა ვერ შეძლო კავშირების დამყარება, იყო შემთხვევები, რომ პოლინეზიელები სოციალური ქსელებით კავშირზე არ გამოდიოდნენ ან ძალიან მწირ ინფორმაციას იძლეოდნენ, თუმცა საინტერესო მიმოწერის მაგალითებიც გვქონდა. ფეისბუქს არ გააჩნია მომხმარებელთა ქვეყნების მიხედვით გამოჩენის ფილტრი, რის გამოც ბავშვებმა იუთუბის კლიპების კომენტარებში ეძებეს სოციალური ქსელების იუზერები. არ გამორჩენიათ არც თანამედროვე პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ოკეანეთის ქვეყნებს შორის.

ბავშვების მიერ მომზადებულმა პროდუქტებმა ჟიურის და მშობლების აღტაცება გამოიწვია. ვინაიდან ქულები იწერებოდა, იყო კონკურენციის მაღალი ძაბვა, რამაც პროცესი ცხოველი და საინტერესო გახადა.

ჟიურიმ სიგელებით დააჯილდოვა ჯგუფები. გადავწყვიტეთ, სიგელები ჩარჩოებში ჩავსვათ და საკლასო ოთახის კედელზე ჩამოვკიდოთ. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასურველი ჯილდო აღმოჩნდა წიგნები. რეფლექსირებას ცდილობდა ყველა: ჟიური, მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები. ერთ-ერთმა მოსწავლემ პრეზენტაციის ვიდეო ჩაიწერა და იუთუბის არხზე განათავსა. გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო.

ვფიქრობ, ამგვარი სასწავლო პროექტებით მასწავლებლებს გაგვიადვილდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, რადგან ინტერნეტის ეპოქის ბავშვების დაინტერესება, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყოველთვის მასწავლებლის თავსატეხია.

კომენტარები

comments