პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვების აღზრდის ათი მარტივი რჩევა

ბავშვების აღზრდის მეთოდებით დაინტერესებული მკითხველი, ვფიქრობ, მიეჩვია იმ გარემოებას, რომ ვცდილობ ზოგჯერ ნაცნობი, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი და ზოგჯერ ქართული საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ავტორები შევარჩიო. ამჯერად ახალ ზელანდიელი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ნაიჯელ ლატა მინდა გაგაცნოთ. ის თითქმის ოცწლიანი სტაჟის მქონე სპეციალისტია და როგორც მის შესახებ ინფორმაციაში წერია: მას სრულებით „უიმედო“ შემთხვევების ექსპერტად თვლიან.
ნაიჯელ ლატა (Nigel Latta) თვრამეტი წლის ასაკში საკუთარი მშობლიური პატარა პროვინციული ქალაქ ოამარუდან ოტაგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ზოოლოგიაში, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი საზღვაო ფლორისა და ფაუნის შესწავლაში. მოგვიანებით ნაიჯელ ლატამ ოკლენდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი. ფსიქოლოგის პროფესიული მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. კერძოდ, ის მოღვაწეობს სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიაში და მუშაობს, ე.წ. „უიმედო“ შემთხვევად შეფასებულ ბავშვებთან. ნაიჯელ ლატა დახმარებას უწევს ოჯახებს და პარალელურად ატარებს კონსულტაციებს სახელმწიფო  და კერძო დაწესებულებებში მთელი ახალი ზელანდიის მასშტაბით. ამ სიაში არიან: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, გამოსასწორებელი დაწესებულებები და პოლიციის განყოფილებები, რომლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები ხვდებიან.
მოდით, ახლა იმ ათ წესს გავეცნოთ, რომლებიც, ფსიქოლოგის აზრით, უმნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდაში. „ყოველთვის, როდესაც ახალ ოჯახს ვეცნობი – იწყებს ნაიჯელ ლატა – ვცდილობ, მარტივ წესებს მივსდიო. თავდაპირველად, უფროსებს ისინი შესაძლებელია ცოტათი უცნაური და გაუგებარიც კი მოეჩვენოს, ამიტომ საჭიროა ავუხსნათ მათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში. მშობლებმა წესები უნდა შეიმუშაონ, როგორც ბავშვებისთვის ასევე, საკუთარი თავისთვისაც. წესების გარეშე ძალიან ადვილია დასახული მიზნიდან გადახვევა. წესები ეს არის პრინციპები, რომლებიც ეხმარებიან უფროსებს დასახული მიზნის მიღწევაში და რაც მთავარია, მათი მეშვეობით ადვილად გაერკვევით სიტუაციაში და მიხვდებით რისი გაკეთებაა იმ მომენტში ოპტიმალური.
„ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე ათასობით ბავშვთან მქონია ურთიერთობა, და საკუთარი ორიც გავზარდე“. ამბობს ნაიჯელ ლატა და განაგრძობს: – „არსებობს აღზრდის ათი ძირითადი წესი, რომელიც მინიმუმ იქამდე მაინც უნდა დაიმახსოვროთ, სანამ თქვენი შვილები გაიზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. ეს წესები იმით არის კარგი, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის მოქმედებენ და თუ ერთხელ დაიმახსოვრებთ მათ, აღარ დაგჭირდებათ დამატებითი წესების შემუშავებაზე დროის ხარჯვა. ჩემი რჩევაა: ისინი მეხსიერებაში „ხელმისაწვდომ“ ადგილას შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლოთ მათი გამოყენება. მაშ ასე,
1.                   სამი უმთავრესი სიტყვა „ურთიერთობები, ურთიერთობები და კიდევ ერთხელ ურთიერთობები“.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია და ამიტომაც არის ნომერ პირველი. შესაძლებელია თქვენ დაგავიწყდეთ დანარჩენი წესი, მაგრამ ეს პირველი წესი არ ექვემდებარება დავიწყებას, რადგან ის, ვისაც ეს წესი დაავიწყდება, ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდება“. აი ასე კატეგორიულად აფასებს პირველ წესს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგი და განმარტავს: „ბავშვებზე კონტროლი ადვილი დასამყარებელია თუნდაც მათი დაშინებით, მაგრამ ადრე თუ გვიან პატარები გაიზრდებიან და აღარ შეეშინდებათ უფროსების. უფრო მეტიც, შესაძლებელია როლები შეიცვალოს და მაშინ უკვე უფროსების ჯერი დადგება და მათ ადგილას ყოფნა არც თუ ისე სახარბიელო გახდება. მე მინახავს ოჯახები, რომლებშიც ბავშვები კარგად იქცევიან მხოლოდ შიშის გამო და ეს ოჯახები სულაც არ არიან ბედნიერები. ბავშვებში დისციპლინის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ მათდამი პატივისცემის გამომჟღავნებით. მთელი ჩემი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვებს პატივი უნდა ვცეთ, ვეცადოთ მათთან კარგი ურთიერთობები დავამყაროთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ქცევები და ის, თუ როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან ისინი მომავალში.
მშობლების უმთავრესი ამოცანაა, ასწავლონ შვილებს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობები, აქ კი პირველ რიგში თქვენ მათი მშობლები იგულისხმებით. ამ ამოცანის მიღწევა ძირითადად გულწრფელი ადამიანური ურთიერთობების საფუძველზეა შესაძლებელი. ჩადეთ მთელი ძალისხმევა ბავშვებისადმი პატივისცემის გარემოში ურთიერთობების წარმართვაზე და 98,6 პროცენტ შემთხვევაში პოზიტიური შედეგი გარანტირებული გექნებათ.
2.                   ბავშვების სიყვარული ადვილია, მაგრამ ამ სიყვარულით სიამოვნების მიღება – რთული.  
ბავშვების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მშობლებს ისინი უყვართ მაშინაც კი, როცა ისინი მათ სჯიან ან უყურადღებოდ ექცევიან. პატარებისათვის თავისთავად ცხადი რეალობაა, რომ ისინი უნდა უყვარდეთ. იმავეს თქმა არ შეიძლება სიმპათიის გამოხატვაზე, ანუ ჩემთან მოხვედრილი ბავშვების უმეტესობას ჰქონია განცდა, რომ ისინი არც თუ ისე ძალიან მოსწონთ გარშემო მყოფ ადამიანებს. უფრო მეტიც, ბავშვების გარკვეული ნაწილი დარწმუნებულიც კი იყო, რომ მშობლებს ისინი აღიზიანებენ. ამ დამოკიდებულების მიზეზი თავად მშობლები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ თავის შეკავება საკუთარი შვილებისადმი ნეგატიური ფრაზების გამოყენებისაგან. ბავშვებისათვის აუცილებელია ჰქონდეთ განცდა, რომ მშობლები მათ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. სიყვარული ეს ავტომატური გრძნობაა, ანუ უყვართ ისე თავისთავად და არა რაიმე მიზეზით. სიმპათია – კი არის ის, როდესაც შენთვის საინტერესოა სხვა ადამიანთან ურთიერთობა, როდესაც სიამოვნებას იღებ მის გვერდით ყოფნისას. ოჯახის წევრებს შორის თავისუფალი, იუმორითა და სასიამოვნო საუბრებით სავსე გარემო ეს სწორედ მათი ერთმანეთის მიმართ სიმპათიის გამოხატულებაა. მე, როგორც ფსიქოლოგი საგულისხმოდ მივიჩნევ სიტუაციას, როდესაც ოჯახში მკაცრი, დაძაბული ურთიერთობებია, ანუ დარღვეულია წესრიგი. ოჯახში დისციპლინა და წესრიგია – ესე იგი მათ შორის პატივისცემა, სიმპათიაა. მიმაჩნია, რომ ყველაზე შავბნელ ხასიათზე მყოფ ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაშინ როდესაც სიმპათიის გამოხატვისათვის აუცილებელია თუნდაც მცირე იუმორი და სიხარული.
3.                   ბავშვები – პირანიები არიან („პირანია“ – მტაცებელი თევზი).
ბავშვები პირანიები არიან, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ, რომელსაც ხარბად მიირთმევენ კიდევაც. ბავშვებისათვის არასოდეს არ არის ყურადღება ზედმეტი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი ოღონდ კი ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ნებისმიერ საფასურს იხდიან ყურადღების მოსაპოვებლად თუნდაც ეს მათთვის ან გარშემომყოფებისათვის საზიანო იყოს. მშობლებმა მტკიცედ უნდა დაიმახსოვრონ, რადგან საკმარისია დაგავიწყდეთ, ბავშვები თქვენც დაგესხმებიან თავს. ბავშვებისათვის უმთავრესია რადაც არ უნდა დაუჯდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. და თუ არ გსურთ, რომ თქვენი სახლი გაუმაძღარი, ჭირვეული, მშიერი პირანიებს საცხოვრებელ ადგილად იქცეს, მუდმივად კვებეთ ისინი და სიმშვიდე გარანტირებული გექნებათ.
4.                   ყველაფერი კარგი წაახალისეთ, ყველაფერ ცუდს იგნორირება გაუკეთეთ.
თუ პირანიების ანალოგიას დაუბრუნდებით, მაშინ ასეთი წესი უნდა დაამკვიდროთ: თვალ-ყური ადევნეთ მათ საკვებს, ეს ყველა მშობელმა იცის, მაგრამ როდესაც საკუთარ შვილს ჭკუიდან გადაჰყავხარ, შესაძლებელია კიდეც დაგავიწყდეს, რომ საკვები ხელს უწყობს განვითარებასა და ზრდას. ამიტომ კარგ ქცევას უნდა გამოკვება და არა ცუდს. საკვებში იგულისხმება ყურადღება, რომელსაც კარგ საქციელს დავუთმობთ, ხოლო არასწორ ქცევას საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას ან უკიდურეს შემთხვევაში შევხვდებით მას ძალიან ცივი მზერით. ესე იგი, დავიხსომეთ: ვახალისებთ კარგ ქცევას და იგნორირებას ვუკეთებთ ცუდს.
5.                   ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები.
თუ თქვენ საკუთრ შვილებს საზღვრებს არ უწესებთ, უკაცრავად და იდიოტი ხართ. მაგალითად, ე.წ. თავისუფალი აღზრდის მომხრეები თვლიან, რომ ბავშვები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ უკიდეგანო სამყაროში. ზარმაცი მშობლები ფიქრობენ, რომ უფრო კომფორტულია არაფერი აკეთო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. შფოთიანი მშობლები მიიჩნევენ, რომ არ არის საჭირო ძვირფასი შვილიკოების რაიმეთი შეზღუდვა. უნიათო მშობლები ამჯობინებენ საკუთარი შვილების მეგობრები იყვნენ, ვიდრე აღმზრდელები. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ყველა ამ კატეგორიის მშობელი ადრე თუ გვიან ჩემს კაბინეტში ხვდება და სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: „რატომ იქცევიან ჩვენი შვილები ასე საშინლად?“ იმიტომ, რომ ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. განსაზღვრეთ წესები, დააწესეთ საზღვრები და ეცადეთ მათი მკაცრად დაცვა. არსებობენ პატარები, რომლებისთვისაც საკმარისია იმის ცოდნა, რომ არსებობს დაბრკოლება, სხვებს სჭირდებათ რამდენიმეჯერ პირისპირ შეჯახება, მაგრამ საზღვრები ყველასთვის აუცილებელია. პატარა ადამიანისთვის სამყარო საზღვრების გარეშე – შიშის მომგვრელია. საზღვრები ერთგვარად აფრთხილებენ ბავშვებს: ამის იქით არ შეიძლება და თანაც ის იცავს ბავშვის სამყაროს გარედან მომდინარე საფრთხეებისაგან.
6.     იყავით თანამიმდევრული.
მე შესანიშნავად მესმის, რომ ეს ძალიან ძნელია და რიტორიკულად ჟღერს. თავად ორი ბიჭის მამა ვარ და ხშირად ჩემთვის თანმიმდევრულობა ნიშნავს, ვიყო თანმიმდევრული და ვაკონტროლო საკუთარი ბრაზი, რათა „ფანჯრიდან არ გადავაგდო“ შვილები. ჰოდა, ახლა ჩემი რჩევა ასე ჟღერს: ეცადეთ იყოთ თანამიმდევრული. ეს თქვენ ყოველთვის არ გამოგივათ. ნუ დაამუნათებთ საკუთრ თავს ამის გამო და ნუ შეწყვეტთ ძალისხმევას იყოთ თანამიმდევრული.
7.                   ცუდი ქცევის პატიება არ შეიძლება.
მე არასდროს მესმოდა იმ მშობლების, რომლებიც ინდიფერენტული გამომეტყველებით უყურებენ საკუთარი შვილების ძალიან ცუდ საქციელს, ითმენენ მათგან სახეში მუშტების ქნევას და სხვა შეურაცხმყოფელ ქცევებს. რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელია ბავშვები მუდამ იდეალურად იქცეოდნენ. ისინი დროდადრო ცელქობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ქცევას უნდა შევეგუოთ, რადგან შემდეგში საქმე უფრო გართულდება. ამავე დროს სულაც არ არის საჭირო ისეთ დიქტატორად იქცეთ, რომელიც დაუმორჩილობლობის სულ მცირე გამოვლინებასაც კი თრგუნავს. კამათი და საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა – ეს ბუნებრივია. უპატივცემულობის გამოხატვა – ეს სულ სხვა საქმეა. კამათი ამტკიცებს, რომ თქვენ მშობლის საქმეს აკეთებთ – ბავშვებს ზრდით და მათ საკუთრი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევთ. კამათი ძალიანაც სასარგებლოა, მაგრამ უპატივცემულობის წახალისება ყოვლად დაუშვებელია.
8.                   შეადგინეთ „სამოქმედო გეგმა“.
აღზრდა ვერ იტანს შემთხვევითობებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ბედნიერი შემთხვევის იმედად. თქვენ გჭირდებათ სამოქმედო გეგმა – ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად, სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ ან სანამ რამე მოხდებოდეს, საჭიროა მშვიდად დაფიქრება. ნებისმიერ პრობლემას აქვს მიზეზი, რომლის მისაგნებად ზოგჯერ სიმშვიდის რამდენიმე წუთია საჭირო, ზოგჯერ უფრო მეტი. მთავარი კი ისაა, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შედგენა. სწორედ ისე, როგორც ანდაზა ამბობს: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
9.                   ნებისმიერი საქციელი – ურთიერთობის გარკვეული ფორმაა.
ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ბავშვების ქცევის ანალიზისას მე მუდამ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ პატარა ადამიანები ქცევით ცდილობენ გამოხატონ ის, რისი გამოთქმა სიტყვებით ან არ შეუძლიათ ან არ სურთ მისი გაკეთება. იმის მთავარი მიზეზი, რომ ბავშვები გაცილებით კარგად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს ქცევებში, ზოგჯერ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სათანადო სიტყვების მარაგი არ გააჩნიათ. პატარებს ბევრი გრძნობა აქვთ და ცოტა სიტყვები, ამიტომ ისინი გრძნობებზე ქცევებით გვესაუბრებიან. ცუდი საქციელი – ეს უბრალოდ ცუდი საქციელი არ არის ეს ურთიერთობის, ყურადღების მიპყრობის საშუალებაა. თქვენი, როგორც მშობლის მოვალეობაა გაარკვიოთ, რის თქმას ცდილობს თქვენი შვილი საკუთარი საქციელით და თუ ამას მოახერხებთ ჩათვალეთ, რომ ძირითადი საქმე უკვე გაკეთებულია.
10.               არასოდეს ებრძლოთ ქაოსს
ბავშვების დაბადებასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში ქაოსი ისადგურებს. გახსოვდეთ, რომ როდესაც დიდი შტორმი იწყება, მაშინ რაიმე გრაფიკებზე საუბარი სრული უაზრობაა. ამის გაცნობიერების გარეშე თქვენ დაიწყებთ ყველაფერში საკუთრი თავისა და გარშემომყოფების დადანაშაულებას, დაიწყებთ გამოუსწორებლის გამოსწორებას და შესაძლოა სრული იმედგაცრუება განიცადოთ. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ ჩემს ოჯახშიც იწყება ხოლმე სიგიჟის ნამდვილი დღესასწაული. ასეთ დროს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია სადმე უსაფრთხო ადგილას განმარტოება მანამდე, სანამ ქარიშხალი გადაივლის. სტიქიასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან მას მაინც ვერ მოერევი. უბრლოდ, მართვის პულტს მაგრად ჩასჭიდეთ ხელი, თვალი ადევნეთ კომპასს და დაელოდეთ სანამ შტორმი ჩაცხრება. გირჩევთ, ნუ შეებრძოლებით იმას, რაც გარდაუვლად გეჩვენებათ. სიმართლე კი ის არის, რომ სხვა არჩევანი მაინც არ გაქვთ“.

თქვენ გაეცანით ნაწყვეტს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგის ნაიჯელ ლატას წიგნიდან: „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებდეთ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი