ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეფლექსიის დროა!

 

ლექსიკონების მიხედვით, შარჟი გაზვიადებაა, ისეთი სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები. წლებია, რაც ლიტერატურას ვასწავლი და შარჟის მაგალითებს ლიტერატურიდან რა გამომილევს. თუმცა youtube-ზე ატვირთული ვიდეორგოლების ავტორებმა – როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ისინი ხუმრობენ და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ის, რასაც ვიდეორგოლებში ვნახავთ – ზოგიერთ მასწავლებელს საქვეყნოდ მოჭრეს თავი და მათ (sc. მასწავლებლებს) უკვე ვეღარაფერი უშველით. უფრო სწორად, ამგვარ მასწავლებლებს  ნორმალურ ქვეყანაში ვეღარ უშველით ვეღარაფერი… ნორმალურ ქვეყანაში, წესით და რიგით, არცერთ მშობელს აღარ მოუნდება, შვილი ისეთ სკოლაში მიიყვანოს, სადაც მოსწავლეებს ისე მიმართავენ, როგორც ეს ვიდეორგოლებშია ნაჩვენები. ვისაც არ გინახავთ ის ვიდეორგოლები, მე რომლებზეც ვსაუბრობ, გეტყვი, რომ ამ ვიდეორგოლებში ყველა მასწავლებელი სხვადასხვა ფორმითაა გაშარჟებული, ზოგის – მეტყველების ან სიარულის მანერა, ზოგის – ჩაცმულობა, ზოგის – მაკიაჟი… ეს ყველაფერი მართლაც სასაცილოა. მე დამზაფრა მოსწავლის მიერ განსახიერებული რამდენიმე მასწავლებლის (და ასეთი მასწავლებელი ყველა ვიდეორგოლში ერთი მაინც მოიძებნა) მიერ გამოყენებულმა შეურაცხმყოფელმა და დამამცირებელმა მიმართვებმა. დამზაფრა იმანაც, რომ ამ ვიდეორგოლების ატვირთვის შემდეგ მშობლები გულგახეთქილები არ მივარდნენ სკოლებში და არ გააპროტესტეს, რომ მათ შვილებს ასე მიმართავენ მასწავლებლები. სანამ წერილს დავწერდი, ამ თემაზე ჩემს მეგობრებს გავესაუბრე. ჩემმა მეგობრებმა ასეთი ვარაუდები გამოთქვეს: ალბათ მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან მათმა შვილებმა უკვე დაამთავრეს სკოლა,  აწი მათი პრობლემა აღარ არის, რა ხდება სკოლაშიო; ან კიდევ უარესი – ოჯახშიც ისეთივე მიმართვები აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ლექსიკით საუბარი დაუშვებელიაო. გულგრილობა ცუდია, არცოდნა კი გამოსასწორებელი (გამოსწორებადიც). ამ წერილს სწორედ იმ იმედით ვწერ, რომ საზოგადოების მხრიდან მას სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოჰყვება. და იმის ნაცვლად, რომ მე დამადანაშაულონ იუმორის ნაკლებობაში, არსებულ პრობლემაზე ისაუბრონ, პრობლემაზე, რომელიც შეჩვეულ ჭირად გვექცა.

ვიდეორგოლებს, რომლებზეც ვსაუბრობ, შემთხვევით გადავაწყდი. მინდოდა, ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეების ერთ-ერთ სტუდიაში გადაღებული კადრები მენახა. ამ რგოლზე ფეისბუქის პოსტებსა და კომენტარებში აზრი ორად იყოფოდა, ზოგი აქებდა ახალგაზრდების კრეატიულობას, ზოგი კი ამგვარ კლიპებში დაღუპულ თაობას და ქუჩურ მენტალიტეტს ხედავდა. სიმართლე გითხრათ, (თითქმის) ვერაფერი შემაშფოთებელი ვერ ვნახე ვიდეორგოლში, რომელიც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის იყო განკუთვნილი. მერე რა, რომ მოსწავლეების ლექსიკა ბარბარიზმებით და სლენგით იყო გადატვირთული? მერე რა, რომ მათ მეტყველებაში მიუღებელი ფრაზები და აზრები ისმოდა? შარჟი შარჟია და ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ყველაფერი რეალობა არაა და ვიდეორგოლი აუდიტორიის გასახალისებლად შეიქმნა. ერთ ვიდეორგოლს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, რომელიღაც მეტად მომეწონა, რომელიღაც – ნაკლებად…

აი, მასწავლებლებზე გაკეთებულმა შარჟებმა კი, გეფიცებით, მართლა შოკში ჩამაგდო: რამდენი ქუჩური მენტალიტეტის მასწავლებელი ასწავლის თურმე სკოლაში, თურმე რამდენი მასწავლებელი კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ მოსწავლეს პატივისცემით უნდა ესაუბროს… ვერაფრით ვერ ვიხალისებ ვიდეორგოლებზე, რომლებშიც მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებს ბაძავენ და ამ დროს მათი პირიდან ღირსების შემლახავი სიტყვები ისმის. არავინ მითხრათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სიყვარულით ელაპარაკება ასეთი ლექსიკით. მე მგონია, რომ ამ ვიდეორგოლების სერიოზული ანალიზია საჭირო. სკოლები, რომლებშიც ამ ვიდეორგოლებში გაშარჟებული მასწავლებლები ასწავლიან, საკითხით უნდა დაინტერესდნენ და კი არ უნდა გაამართლონ მასწავლებელი და შარჟის მსხვერპლად წარმოგვიდგინონ, არამედ მოსწავლეების არაადეკვატური შეფასებითაც უნდა შეშფოთდნენ და უპასუხონ კითხვას: რატომ მიაჩნიათ ნორმალურად მათ მოსწავლეებს, როცა მასწავლებელი კლასში ასეთი ლექსიკით საუბრობს? ჩემთვის ვიდეორგოლებში ასახული სკოლები კარგადაა ნაცნობი: სადღაც მე თვითონ ვასწავლიდი, სადღაც თავად ვსწავლობდი, სადღაც ჩემი და ჩემი ახლობლების შვილები სწავლობენ ან სწავლობდნენ.  ამ რგოლებში ნაჩვენები სკოლების ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი – ფასიანი. მართლა მაფიქრებს, რაში იხდიან მშობლები ათასებს? იმაში, რომ მათ შვილებს ასე მიმართავდნენ მასწავლებლები? და სკოლა თუ საჯაროა, ეს ამართლებს მასწავლებელს? რაღაც, შესაძლოა, სასაცილო იყოს ამ კლიპებში, რაღაც კი, ჩვენდა საუბედუროდ, სატირალი. თქვენც ჩაუჯექით და უყურეთ ვიდეორგოებს, თუკი აქამდე არ გინახავთ. თუ მშობელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, უნდა ამოიღოთ თუ არა ხმა? თუ მასწავლებელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, თქვენც ასე ხომ არ იქცევით კლასში, თქვენც ხომ არ მოხვდებით შარჟებში ხვალ ან ზეგ? მაგრამ ალბათ აღარ მოხვდებით. იმიტომ, რომ, საკუთარი გამოცდილება მკარნახობს, ხვალიდან (პირობითად) პრობლემის აღმოფხვრაზე კი არ იზრუნებენ სკოლები, ხვალიდან დამრიგებლებს დაიბარებენ, მერე დამრიგებლები – მშობლებს და დაიწყება მოსწავლეებზე ზეწოლა, დაბრუნდება ცენზურა. და ეს იმიტომ, რომ დირექტორების და მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, მათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანეს, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს, როცა ასე მიმართავენ მოსწავლეებს. გთავაზობთ, ვიმსჯელოთ, რა არის დასაშვები და რა არის დაუშვებელი თუნდაც ამ ვიდეორგოლების მაგალითზე. ოღონდ არ დამიწყოთ კამათი იმაზე, რომ ამ ვიდეორგოლების ტექსტებში ყველაფერი მოსწავლეების შეთხზულია. გამორიცხულია, მოსწავლეები ასე „მხატვრულად“ აზროვნებდნენ და მათი ლექსიკა, როდესაც ზოგიერთ მასწავლებელს განასახიერებენ, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. თანაც რატომ მიაწერენ ერთ მასწავლებელს ამ ლექსიკას, მეორეს კი არა. მაშინ ადგნენ ეს არასწორად გაშარჟებული მასწავლებლები და ამხილონ მოსწავლეები ტყუილში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აჯობებს, თუკი ამას გაეცნობით, რათა უკეთ გაიაზროთ, რაზე ვსაუბრობ:

  1. შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ლექსიკური ერთეულები

ყბედებო, დაეყარენით!

ერთუჯრედიანო ამება!

უნიჭონი, ვაბშე ძაან ბანძები ხართ!

თქვენ თავები ვინ გგონიათ? დონე არის დაბალი!

რას ცოხნი, ბიჭო?!

თვალებში გაქვს დაელმება 180 გრადუსით!

პარაზიტკა შენა!

რას შობი, კუკლა?!

ე, მანდ! ოე!

სულ მკიდია, რომელი ხარ!

თქვენ თავები ვინ გგონიათ, დონე არის დაბალი!

გოჭი, მიხვდი, ზედმეტი ხარ, პირველ მერხზე გადმოდი!

ცოლად შენ ვინ გამოგყვება?!

შე ლაყე, დოყლაპიასავით მიყურებ!

ნუ იცოხნები ჯორივით!

წევხარ მანდ ძუძუებგამოგლეჯილი ღორივით!

გაიღვიძეთ, ღორებო!

იდიოტიზმით დაავადებულია!

შენ არაფერი გეშველება!

ერთუჯრედიანთა გარემოა!

რა მინდა ამ დებილებთან?!

თავგასიებულო!

ერთუჯრედიანო, ფეხზე რატომ არ დგახარ?!

ამ საუკუნის პროდუქტებო, არ პრუტავდეთ მაინც!

ამ კრეტინების ამტანი!

საჩლუნგეთში ვარ!

კრეტინების კლასი!

  1. შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ზმნები:

რას იღმურძლები?

უკვე ყელში ამოხვედით!

ცოტა აზრზე მოდით!

გამოხედვაზე ვატყობ, რომ არაფერი არ იცი!

შენ ვერა ხარ?

რას ბჟუტურობ, ვიცოდე!

ბლადაბლუდობთ რაღაცას!

  1. პირდაპირი და ირიბი მუქარისშემცველი გამოთქმები:

ფეხზე დამხვდით თმაშეკრული – მაკრატელი ამომაქვს!

მოგაგრიხავ მაგ ფეხსა!

ეხლა შენ თუ გაგცხე!

აქანა მე მიმყავს პარადი!

ფეხზე ისე დაგაბიჯებ, ვაბშე ვეღარ ადგები!

დავალებას თუ არ დაწერ, გაგაბრტყელებ ცომივით!

დაგამოკლებ გნომივით!

გაგაბრტყელებ ადღლეზილი ცომივით!

შვიდ ბრუნვაში მაგინეთ, არ დაგითმობთ მაინც!

რამდენიც გინდა, დავამარცხე ბრძოლა, ჭორი, კიცხვა!

მორჩი ჭამას, თორემ ლობიანად გაქცევ!

მანდ ჩაკვდი!

თუ დაგიჭერ, ტუალეტში ჩაგტენი!

გაგაბრტყელებ დაფაზე!

მე ვარ თქვენი მბრძანებელი!

ვენი, ვიდი, დავამარცხე! – იყო ძლევა საკვირველი!

კაცმა ზეთიანი პერაშკებით უნდა გცემოს!

დაგვიდგებით? დაგატყდებათ რისხვა!

თორემ მოგხვდება ტაკოზე/ტრაკზე (ორ სხვადასხვა რგოლში შემხვდა ერთი და იგივე მასწავლებელი ამბობდა და ამან კიდევ უფრო მეტად გამიმყარა ეჭვი, რომ ეს გამოთქმები მოგონილი არაა)!

სკალპს აგაცლით, იცოდეთ!

თმებს აგიწეწავ და სულაც არ შეგიცოდებ!

ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის – რაის დემოკრატია?!

შენ გაჩერდი!

გაგგლეჯ შუაზე!

ტყავს გაგაძრობთ სათითაოდ, თქვე სულელებო, მართლა!

თავს წაგაძრობთ, გპირდებით!

ამოიღეთ რვეული დროზე, თორემ მოგცხეთ გვერდებში!

მაგ ლობიანს დაგათხლიშავ!

მოგკლავ, მოგკლავ უსწავლელი თუ მოხვალ!

ბნედას დაგცემ, იცოდე!

ისიამოვნეთ ხომ ამის წაკითხვით? შესაძლოა, მოსწავლეები, რომლებიც ვიდეორგოლებში მონაწილეობენ, დღეს ვერც ხვდებიან, მათ რომ ასე არ უნდა მიმართონ მასწავლებლებმა. მაგრამ ჩემთვის პრობლემა სწორედ ესაა – უნდა ხვდებოდნენ; შესაძლოა, მშობლების რაღაც ნაწილიც ვერ ხვდება, რომ მსგავსი ლექსიკით საუბარი არაა კომუნიკაციის ჯანსაღი ფორმა. მაგრამ თქვენ, ჩემო მკითხველებო, იმ მშობლებს ხომ არ ჰგავხართ, ვინც ასე ფიქრობენ?

მე კიდევ, ჩემდა თავად, არც ნიჭიერ ლასარას სტუდიაში გადაღებული მოდურ კლიპში მომინდება, მონაწილეობა მიიღოს ჩემმა შვილმა, თუკი რეჟისორი მართლა ასე გაიძახის: „გაინძერით, მძორებო!“ და სიგარეტს სიგარეტზე შეაბოლებს მოსწავლეებს სახეში. ან საერთოდ, რა უბედურებაა სიგარეტის ცხვირში შებოლება მოსწავლეებისთვის? ერთი-ორ ვიდეორგოლში ისიც შევნიშნე, როგორ უდევთ საფერფლეები მოსწავლეების მიერ განსახიერებულ მასწავლებლებს. მესმის, ეწევიან მასწავლებლები, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და თავად გადაწყვეტენ, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. მაგრამ მასწავლებელი ცხვირ-პირში რატომ უნდა აბოლებდეს მოსწავლეებს?

მასწავლებლის „პროფესიული“ ფრაზეოლოგიისთვის ისე მქონდა ყური მიჩვეული, გამოგიტყდებით, სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, არაერთხელ მითქვამს მოსწავლეებისთვის: „თავი ძლივს შევიკავე, რომ ახლა არ წამომცდენოდა: ენით ზურგს იფხან? რატომ თავი არ დაგრჩა სახლში! ვნახავ, ბოლოს ვინ გაიცინებს.“ როცა მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, გონებაში ამომიტივტივდა მივიწყებული ფრაზები, მთელი ბავშვობა რომ მესმოდა. ეჭვი მაქვს, ახალი „პროფესიული“ ფრაზეოლოგიზმები გაჩნდება მასწავლებელთა ლექსიკაში, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა: „ღორი სადაც შვ(რ)ება ხოლმე, იქ არც კი დგება, თქვენ კი დღემდე ვერ ისწავლეთ ნაგვის გადაგდება“; ან: „შენ რას წამოწოლილხარ ფადიშაჰის ცოლივით“; ან: „ტვინი ტილი კი არაა, თავში რომ ჩაგაფრინდეს“.

უხერხული იქნება, არ აღვნიშნოთ, რამდენად კარგად გამოიყურება ზოგიერთი გაშარჟებული მასწავლებელი დანარჩენების ფონზე. მათ ალბათ სიამოვნებით მივაბარებდი ჩემს შვილებს, რადგან, მერე რა, რომ სატირული ვიდეორგოლების პერსონაჟებად იქცნენ, მაინც კარგად ამბობენ, როცა ამბობენ: „ძალადობით პრობლემები არ გვარდება!“ „მადლობა, რომ არსებობ!“ „შენ პიროვნება ხარ!“ „გამოდი შენი ციხიდან, რომ არა გავდე სხვას!“ მე იმ მასწავლებლის მიმართვასაც გავამართლებ ვიდეორგოლიდან, რომელიც როცა გაიგებს, რომ ტუალეტში ჩაკეტეს თანაკლასელი, დაიყვირებს: „ნორმალურები ხართ თქვენ? ჭკუა გაქვთ მაგ თავებში?“

და ბოლოს შევნიშნავ: მასწავლებელიც ადამიანია და მასაც შეიძლება, წამოცდეს (ან მიზანმიმართულად თქვას) გაკვეთილზე ბარბარიზმი, სლენგი, უცენზურო სიტყვაც კი. მაგრამ კარგი მასწავლებელი ის მასწავლებელია, რომელიც შეწუხდება ამ წამოცდენის გამო, აღიარებს, რომ არ იყო მართალი და შეეცდება, მომავალში მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი