პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თაობებად დაყოფის სიხისტე

მილენიალები, ბუმერები, Z თაობა – სხვადასხვა თაობის აღმნიშვნელი ტერმინები ქართულ რეალობაშიც დამკვიდრდა. თუმცა, სოციალური ფსიქოლოგის ლია ჯორჯის აზრით, ტერმინების ჩარჩოებსა და კლიშეებში თაობების გამომწყვდევა ხელს გვიშლის მათი შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებაში.

ლია ჯორჯი წერს: „ამერიკის თანამედროვე ისტორიაში პირველად ერთდროულად, ერთ სივრცეში, ხუთ თაობას უწევს თანაცხოვრება:

  • 1922 და 1943 წლებში დაბადებული ვეტერანები, ანუ „დიადი თაობა“, მძლავრი და მდუმარეა. მისთვის დახასიათებელია თავგანწირვა, ხელისუფლებისადმი პატივისცემა და სამსახურის როგორც ჯილდოს აღქმა.
  • შემდეგი ბუმერების თობაა. ის 1944-1960 წლებში დაიბადა. ბუმერები ბევრს მუშაობენ, რისთვისაც ყველანი უნდა ვემადლიერებოდეთ. მათ მოსწონთ კონკურენცია და კომუნიკაცია. ისინი უკვე პენსიონერები არიან ან მალე გავლენ პენსიაზე.
  • X თაობა – დაკარგული თაობაა, დაბადებული 1961 და 1980 წლებში. ეს ის თაობაა, რომლის მშობლებიც ხშირად იყრებიან. ეს არის პირველი თაობა, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის აუცილებელ ბალანსზე ალაპარაკდა და სცადა კიდეც ამის მიღწევა.
  • მათ მოჰყვება მილენიალების თაობა – 1981 წლიდან 2000 წლამდე დაბადებული. ამ თაობას ვერ წარმოუდგენია საკუთარი სახლი ტექნოლოგიების გარეშე. ის პრაგმატული, იმედიანი და მტკიცეა. მილენიალებს მიაჩნიათ, რომ ცვლიან სამყაროს. ალბათ გამოუვათ კიდეც. ზოგჯერ ეს თაობა ზედმეტად იდეალისტურია, მაგრამ ჩვენ თვალწინ შრომის ბაზარზე მან უკვე გადაასწრო X თაობას. აშშ-ში დასაქმებულებს შორის ყოველი მესამე მილენიალია.
  • ამ თაობას სულ მალე 2000 წლის შემდეგ დაბადებული Z თაობაც წამოეწევა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბრაუზერს, Amazon-ს ან საძიებო სისტემას ვხსნით, თაობების ბრძოლას ვაწყდებით – ბლოგებს ფორმატში „17 მიზეზი, რის გამოც მილენიელები ყველაზე უარესი თაობაა“ ან „რა ვუშველოთ თაობათა შორის განხეთქილებას“. ეს ყველაფერი ცოტათი წააგავს “West Side Story”-ს: ბუმერები ერთი კარიდან შემოდიან, მილენიალები – მეორიდან, ყველა ჩხუბობს, ჩივის, სამსახურში გარბის, მერე – სახლში… და რა მოხდება, თუ ახლა გეტყვით, რომ ეს თაობები საერთოდ არ არსებობენ? გარკვეული ხნის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიკვლევდი ამ ფენომენს და დიდი ეჭვი გამიჩნდა ამ პოპულარული თეორიის მიმართ.

მაშინაც კი, თუ შევთანხმდებით, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ, შეგვიძლია, იმაზე ვიდავოთ, რა აერთიანებთ მათ. ისინი მხოლოდ 20-წლიან შუალედს ფარავენ. ოცწლიანი ისტორიის ნებისმიერ მომენტში მათ შეიძლება აერთიანებდეთ ღირებულებათა სისტემა, სურვილები, სტერეოტიპები, რომლებიც მათ სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მუშაობენ. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში თაობები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ჩვენ მათი შედარების საფუძველიც კი არ გაგვაჩნია.

მეორე მხრივ, არსებული სტერეოტიპები თაობათა შესახებ ერთგვარ წინასწარმეტყველებად გვექცა, რაც გვიჩენს გარკვეულ მოლოდინს ამა თუ იმ თაობის მიმართ. სინამდვილეში თაობების იდეა ამერიკული კულტურის პროდუქტია – თუ მათზე ვიწყებთ საუბარს, დაუყოვნებლივ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ. იცით, როგორ გავარკვიე ეს? ისევე, როგორც ნებისმიერი ამერიკელი გაარკვევდა, ვის ძარღვებშიც წითელი სისხლი ჩქეფს და მცირედი აკადემიური მომზადება გააჩნია. მე უბრალოდ დავგუგლე და აი, რა შევიტყვე:

Google-ი ხომ ალგორითმებს ეფუძნება, რომლებიც ძებნის ტიპურ ვარიანტებს ან სავარაუდო ჰიტებს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, დაფუძნებულია იმაზე, ყველაზე ხშირად რას ეძებენ საძიებო სისტემებში და რა პასუხები ამოტივტივდება ხოლმე. ამ პასუხების მიხედვით, ადამიანებს ექმნებათ გარკვეული წარმოდგენები, მათ შორის – თაობებზეც. მოდი, ერთად შევხედოთ შედეგს.

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბუმერები კონსერვატიულები არიან და, როგორც ამერიკელებს ჰგონიათ, ცოტა მოსულელოებიც. ეს არის ყველაზე ცუდი, გაბრაზებული და თანაც რასისტი თაობა.

X თაობა – ცინიკოსი, კიდევ უფრო მეტად გაბრაზებული თაობაა, რომელიც დაკარგული თაობის სახელითაა ცნობილი. ისინიც მოსულელოები არიან.

ახლა – მილენიალები, ანუ ჩვენი თაობა. ისინი გიჟდებიან საჭმელზე. დიახ, სულელები არიან, ზარმაცები, ზედმეტად მგრძნობიარენი, მათ ხშირად ათავისუფლებენ სამსახურებიდან და სძულთ, მაგრამ ამავე დროს მილენიალებს მაინც სწამთ საკუთარი მნიშვნელოვნების.

ყველაზე საშინელი საძიებო შედეგი Z თაობას ეკუთვნის.

ხუთი წლის განმავლობაში მე სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან მქონდა ურთიერთობა. იცით, ამ ინტერვიუებმა რას მიმახვედრა? თაობების თეორია უბრალო სასაუბრო თემიდან გადაიქცა იმად, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ახლა ვარსებობთ პარადიგმაში, თითქოს Google-ის ძიების შედეგები უპირობო რეალობაა.

კომპანიები დიდი მონდომებით ცდილობენ იმის გარკვევას, როგორი ურთიერთობა იქონიონ ამ თაობებთან, როგორ მართონ ისინი, ამავე დროს, ემზადებიან მილენიალების დასახვედრად.

რატომ?

ჩვენ ვემზადებით ქარიშხლების ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების დასახვედრად, მაგრამ რატომ გადავწყვიტეთ მოულოდნელად, რომ აუცილებელია, დავხვდეთ 23 წლის თანამშრომლებს?

გამიგონია ბევრი საოცარი ისტორია იმაზე, როგორ ცდილობენ კომპანიები სხვადასხვა თაობისთვის სპეციალური სივრცის მოწყობას, რომ ისინი ავტონომიურებიც იყვნენ და თავსაც კომფორტულად გრძნობდნენ. დიახ! მე ვიყავი კომპანიაში, რომელიც სწორედ ამ გზას დაადგა.

მათ მნიშვნელოვანი კონცეფცია მიიღეს, მაგრამ განცდა იმისა, რომ ის იმუშავებს, არ გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ, საჭირო იყო თუ არა დასვენების ოთახში ბურთებიანი აუზის მოწყობა, რათა მილენიალებს სამსახურის მიმართ ინტერესი შეენარჩუნებინათ. კი მაგრამ, ჩვენ ხომ 30 წლის ვართ და არა სამის!

იმავდროულად, ვიცნობ მილენიალ გოგონას, რომელსაც უთხრეს: თუ გინდა, ჩვენს კომპანიაში იმუშაო, იმიჯისთვის ხელოვნურმხრებიანი სამოსი უნდა გეცვასო. არ მოგჩვენებიათ, 80-იან წლებში მოდურ სამხრეებს გულისხმობდნენ. მათ ახლა ვერც იშოვი. გოგონას ორი სამაგისტრო ხარისხი ჰქონდა. ნუთუ ამაზე უკეთესი მოთხოვნის წაყენებას არ იმსახურებდა?!

გასაუბრების დროს კომპანიებში, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მუშაობდნენ, ცხადი გახდა, რომ მათ საერთო გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე პრინციპული განსხვავება. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო სამსახური, მოქნილობა, მხარდაჭერა, მადლიერება და კარგი ყავა. ამ ჩამონათვალიდან არც ერთი არ ყოფილა კონკრეტული თაობის მახასიათებელი. რასაკვირველია, სახლში ძალიანაც განსხვავებულები ვართ – 20 და 60 წლის ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, მაგრამ ეს ბუნებრივია.

თაობების თეორიაზე ფოკუსირების დროს, სრულიად გვავიწყდება, რომ ადამიანებზე ვსაუბრობთ. იმის გასარკვევად, რა სჭირდებათ, არ არის აუცილებელი, ბურთებიანი აუზით დავიწყოთ. ასე არ არის?

მოდი, ჩვენს თანამშრომლებში ადამიანები დაავინახოთ. გამოვიყენოთ ინდივიდუალური მიდგომა. თორემ 80 წლის ადამიანიც მშვენივრად წერს SMS-ს, 20 წლისა კი მშვენივრად ქსოვს. განა ეს რამეს ამბობს თაობათა ქცევის სტერეოტიპზე?

ნილოფერ მოირჩანტი, ლიდერი ინოვაციების სფეროში, ამბობს, რომ ადამიანები ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც იმ კონკრეტულ წერტილში არიან, იქ, სადაც ამჟამად იმყოფებიან, მათი უნიკალური ისტორიის გამოცდილებით, ჩვენი გამოცდილებისა და მოლოდინის გათვალისწინებით.

თუ ამ მიდგომებს გამოვიყენებთ, მივხვდებით, რომ ხშირად ბუმერების ბრაზი სამსახურის დაკარგვის შიშია. ისინი 16 წლიდან ყოველდღე მუშაობენ და იციან, რომ დადგება ორშაბათი, როდესაც სამსახურში ვეღარ წავლენ, თანაც შესაძლოა, ეს ორშაბათი უფრო მალე დადგეს, ვიდრე ჰგონიათ. ჩვენ შეგვწევს ძალა, გავუქრაწყლოთ ეს შიში, რომელიც ბრაზად მიგვაჩნია.

და X თაობა? მაგალითად, კაცს, რომელიც სამსახურში ოთხჯერ მოჰყვა შემცირებაში, სამი შვილი ჰყავს და ორი ხელი აქვს. ახლა ის უბრალოდ სამსახურის შენარჩუნებას ცდილობს და არა კარიერულ წინსვლას. დიახ, ის ყოველთვის ვერ ერგება არსებულ სამუშაო მოდელს, მაგრამ ადამიანია, შეიძლება დაიღალოს ან ბუნებით ჩვენნაირი აქტიური არ იყოს. მას უნდა გავუგოთ.

და მილენიალები? ისინი ახალ სამსახურში დასაქმებიდან ორ თვეში უკვე ხელფასის ზრდას ითხოვენ. დაფიქრდით, რატომ. ამ თაობას კოლეჯის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ვალები აჰკიდეს. ისინი სახლების იპოთეკას იხდიან.

როგორც კი ადამიანებში ადამიანებს დავინახავთ და არა რომელიმე თაობის წარმომადგენლებს, მივხვდებით, რომ ჩვენ წინაშე ჩვეულებრივი ჯიმი და ჯემია.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და სწორედ ეს არის გამოწვევა.

აირჩიეთ ადამიანი. შეისწავლეთ ის და თვითონაც ისწავლეთ. გაარკვიეთ, რას მისცემს ის თქვენს კომპანიას. შეისწავლეთ სათითაოდ. ჩვენ არ ვმუშაობთ თაობებთან, ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან.

სხვადასხვა ადამიანთან თანაცხოვრების ხიბლის გასაზიარებლად პირისპირ უნდა შევხვდეთ მათ. ამისთვის არ არის აუცილებელი მათთან სტუმრობა. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება. მერე აღარ ვიდავებთ თაობების ბრაზსა და მათ სარგებლიანობაზე. ჩვენ ყველანი ვბრუნდებით სახლში, საკლასო ოთახში, სამსახურში დაღლილები, გულნატკენები, შთაგონებულები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების მიღება ისეთებად, როგორიც არიან, კონკრეტულ დღეს. ამის შემდეგ თაობების დაყოფა აღარ დაგვჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი