ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სურათებიანი წიგნი, როგორც სასკოლო რესურსი

თვალსაჩინოებას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, ყველაზე უკეთ გვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში და მოსწავლეებს მარტივად, ძალდაუტანებლად და მხიარულად ასწავლის ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ეს წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხშირად, ბავშვებს იმის უფრო სჯერათ, რასაც ხედავენ, ვიდრე, რაც ესმით.

ბოლო დროს ქართული წიგნის  თაროები რამდენიმე საინტერესო  სურათებიანი წიგნით გამდიდრდა, გადავხედოთ მათ და დავგეგმოთ საინტერესო გაკვეთილები:

  1. „ჩიტები თბილისში“, ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე, ლაშა ბაქრაძე

ეს ულამაზესი, ფერადი წიგნი მამა-შვილი მერცხლების თბილისში მოგზაურობაზე გვიყვება, ისტორიული შენობები, თანამედროვე ცხოვრება, ქალაქის ძველი ნაწილი და მისი გარეუბნები. როდესაც მოსწავლეებს თბილისზე, მისი დაარსების ლეგენდაზე, ვახტანგ გორგასალზე ვესაუბრებით, ეს წიგნი შესანიშნავ საგანმანათლებლო რესურსად გამოგვადგება.

  1. იყო ერთი გოგო“ , თანამედროვე ქართველი მწერლების ზღაპრების კრებული

თანამედროვე ზღაპრები ისტორიულ ქალებზე — „იყო ერთი გოგო“ ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია, რომლის პერსონაჟებიც ცნობილი ქალები არიან. წიგნში შესული ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.

ტექსტის გარდა, ყველა ზღაპარს თანამედროვე ქართველი ილუსტრატორების მიერ შესრულებული ილუსტრაციები ახლავს, ყველა პერსონაჟი ცნობილი და ნამდვილია – ისტორიული გმირები, ლიტერატურასა თუ ლეგენდებში შემონახული სახელები, მეფეები და მთამსვლელები, მედეადან მარო მაყაშვილამდე… ეს წიგნი ძალიან გამოგადგებათ ლიტერატურისა თუ ისტორიის გაკვეთილებისათვის, ასევე, თანასწორობასა და ქალთა უფლებების თემაზე სასაუბროდ.

 

  1. „იცეკვე ალუბალა, იცეკვე“ – ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე

-მე ცეკვა მინდა, მაგრად დედა მუსიკაზე მატარებს!

-არ მიყვარს კარატე, წყალბურთი მირჩევნია, მაგრამ უნდა ვიარო, მამას ასე უნდა!

ალბათ ასეთი ფრაზები თქვენი მოსწავლეებისგანაც მოგისმენიათ. დავუჯეროთ ბავშვებს, დაეხმაროთ თავიანთი სურვილების ასრულებაში, ხელი არ შევუშალოთ მათ გატაცებებს. გავაგებინოთ მათ, როცა ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ინდივიდუალიზმი ქმნის მრავალფეროვნებას, ალუბალას ამბავი ბევრი საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს.

ალუბალა პატარა ჩიტია, რომელიც სხვა ჩიტებს არ ჰგავს, ცეკვა უყვარს და როცა გამთენიისას ყველა ჩიტი გალობს, ის ხიდან-ხეზე ცეკვა-ცეკვით დახტის.

 

  1. უილიამ ფოლკნერი, ნატვრის ხე

დიდი ამერიკელი კლასიკოსის ერთადერთი საბავშვო წიგნი, რომლის ხელნაკეთ ვერსიებს იგი სხვადასხვა დროს ბავშვებს ჩუქნიდა, ქართულ ენაზე გია გოკიელის შესანიშნავი თარგმანით გამოვიდა.

გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ქართულ სკოლებში რამდენიმე კლასში ისწავლება, ვფიქრობ, საინტერესო ლიტერატურული პარალელების გავლება შეიძლება ქართულ და ინგლისურ „ნატვრის ხეს“ შორის, მითუმეტეს, რომ ქართულ გამოცემას ძალიან კარგი ილუსტრაციები აქვს და ამავე დროს, დანართის სახით პირველი გამოცემის ილუსტრაციებიც ერთვის. ქართული „ნატვრის ხის“ თვალსაჩინოებად შეგვიძლია მისი ეკრანიზაცია გამოვიყენოთ, როგორც კინოში გადასული ლიტერატურული ილუსტრაცია. სცადეთ, მოგეწონებათ.

  1. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „იავნანა ლილისთვის“,

 

საბავშვო ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა თანასწორობაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე სასაუბროდ. საოცრად თბილ, გულწრფელ ამბავს სოფო კირთაძის ულამაზესი ილუსტრაციებიც ამშვენებს.  ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურაში ინკლუზიური განათლების თემატიკასთან დაკავშირებული წიგნების ნაკლებობაა. ჰოდა, თუ ამ წიგნის კითხვას ბავშვის უფლებათა კონვენციაზე საუბარსაც დაურთავთ, ძალიან საჭირო და საინტერესო გაკვეთილი გამოგივათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი