ალბათ იშვიათია გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლე შეცდომას არ უშვებს, ეს სასწავლო პროცესის ბუნებრივი და გარდაუვალი ნაწილია, თუმცა, გადამწყვეტია, როგორი რეაქცია მოჰყვება მის არასწორ პასუხს. თუ შეცდომა დაცინვის, საყვედურის ან მხოლოდ დაბალი შეფასების მიზეზად იქცევა, ბავშვი თანდათან სწავლობს არა ფიქრს, არამედ შეცდომის დამალვას. ასეთ გარემოში მოსწავლეები თავს არიდებენ რთულ დავალებებს, საკუთარი მოსაზრების გამოთქმას და მხოლოდ იმ პასუხს ირჩევენ, რომლის „უსაფრთხოებაშიც“ დარწმუნებულნი არიან.
სრულიად განსხვავებული სურათია მაშინ, როდესაც კლასში იქმნება გარემო, სადაც შეცდომა აღიქმება სწავლის ბუნებრივ ნაწილად. ასეთ დროს მასწავლებლის მთავარი კითხვა აღარ არის: „რატომ შეცდი?“ არამედ: „მოდი, ერთად ვნახოთ, რამ გაფიქრებინა ასე“. ამით ყურადღება მოსწავლის აზროვნებაზე გადადის და სწორედ აქ იწყება ნამდვილი სწავლა.
შეცდომა – ეფექტიანი სწავლების საფუძველი
რამდენჯერ შეგვინიშნავს, რომ მოსწავლე, რომელსაც არაერთხელ გავუსწორეთ ერთი და იგივე შეცდომა, ისევ იმავეს იმეორებს? ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სწორი ფორმის მიწოდება საკმარისი არ არის. მან უნდა გაიაზროს, რატომ იყო მისი პასუხი მცდარი. სწორედ აქ იწყება მასწავლებლის პროფესიული ამოცანა: შეცდომის გამოსწორებიდან მის გააზრებაზე გადასვლა.
თუ მასწავლებელი მხოლოდ სწორ პასუხს მიაწვდის, მოსწავლე ინფორმაციას მიიღებს, აღმოჩენის შესაძლებლობას კი დაკარგავს. როდესაც შეცდომა ანალიზის ობიექტად იქცევა, სწავლა გაცილებით ღრმა და მდგრადია. სწავლის ხარისხს ხშირად განსაზღვრავს არა ის, რომ მოსწავლეს სწორი პასუხი მივაწოდეთ, არამედ ის, რამდენად შეძლო მოსწავლემ ჭეშმარიტებამდე საკუთარი მსჯელობით მისვლა.
მასწავლებლის პროფესიული ოსტატობა მხოლოდ შეცდომების აღმოჩენით არ იზომება. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენ მათგანს გადააქცევს ის ახალი ცოდნის წყაროდ. ერთი გაანალიზებული შეცდომა ხშირად უფრო მეტ საგანმანათლებლო ღირებულებას ქმნის, ვიდრე რამდენიმე უშეცდომოდ შესრულებული სავარჯიშო, რადგან ავითარებს ანალიზის, დასაბუთების, თვითშეფასებისა და თვითრეგულაციის უნარებს.
შეცდომა — პრობლემა თუ შესაძლებლობა?
გამოცდილი მასწავლებელი შეცდომას მხოლოდ არასწორ პასუხად არ აღიქვამს. იგი ცდილობს, ამოიცნოს მიზეზი, რომელმაც მოსწავლე მცდარ პასუხამდე მიიყვანა და საკუთარ თავს ეკითხება:
-
რა ვერ გაიგო მოსწავლემ სწორად?
-
რატომ ვერ შეძლო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება?
ერთი და იგივე შეცდომა სხვადასხვა მოსწავლესთან შესაძლოა განსხვავებული მიზეზით იყოს გამოწვეული, ამიტომ ეფექტიანი სწავლება მხოლოდ შეცდომის გასწორებას ვერ დაეფუძნება.
ეს რეალობა განსაკუთრებით შესამჩნევია ქართული ენის სწავლების პროცესში: მოსწავლე შეიძლება არასწორად წერდეს სიტყვას, ვერ ასაბუთებდეს პასუხს, არასწორად იყენებდეს სასვენ ნიშნებს ან ტექსტის გააზრებისას მცდარ დასკვნას აკეთებდეს. მართლწერის, პუნქტუაციის, გრამატიკული ფორმების მართებულად გამოყენებისა თუ ტექსტის შექმნის უნარები მხოლოდ წესების დამახსოვრებით არ ყალიბდება – მათ სჭირდება პრაქტიკა, დაკვირვება და განმეორებითი მუშაობა. ამიტომ თითოეული შეცდომა შეიძლება ახალი ცოდნის საწყისად იქცეს.
როდესაც შეცდომა მასწავლებელსაც ასწავლის
შეცდომა მასწავლებელსაც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. თუ ერთსა და იმავე შეცდომას მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე უშვებს, ეს შესაძლოა შემთხვევითი იყოს, მაგრამ თუ იგი კლასის უმრავლესობასთან მეორდება, ეს უკვე სწავლების პროცესის გადახედვის საფუძველია.
ზოგჯერ პრობლემა წესის სირთულეში კი არა, მისი მიწოდების ფორმაშია. მოსწავლემ შესაძლოა განმარტება მოისმინა, მაგრამ არ ჰქონია შესაძლებლობა, თავად დაჰკვირვებოდა, შეედარებინა, ემსჯელა და დასკვნა გამოეტანა. ამიტომაც შეცდომების ანალიზი არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ მასწავლებლის პროფესიული რეფლექსიის ეფექტიანი ინსტრუმენტიცაა.
როგორ ვაქციოთ შეცდომა სასწავლო რესურსად?
შეცდომის პედაგოგიური ღირებულება მაშინ ვლინდება, როდესაც მასწავლებელი მას მოსწავლის აზროვნების ამსახველ სიგნალად აღიქვამს და მის საფუძველზე სასწავლო საქმიანობას გეგმავს. ღირებულია შეცდომა, რომელიც მოსწავლეს საკუთარი ცოდნის გადახედვის სურვილს უჩენს.
მეთოდი 1. „დღის შეცდომა“ – ერთი მაგალითი, მრავალი დასკვნა
მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლის ნამუშევრიდან აღებულ ერთ ანონიმურ მაგალითს. არ ასახელებს მოსწავლის ვინაობას და არც მიუთითებს, რა არის არასწორი. სვამს კითხვებს:
-
რას ამჩნევთ?
-
გაქვთ თუ არა განსხვავებული მოსაზრება?
-
როგორ დაასაბუთებდით თქვენს პასუხს?
5-7-წუთიანი აქტივობა მოსწავლეებს არგუმენტირებულ მსჯელობას, ერთმანეთის მოსმენასა და წესის პრაქტიკაში გამოყენებას აჩვევს. შეცდომა საერთო კვლევის საგნად იქცევა და მასწავლებელი მხოლოდ მსჯელობის შემდეგ განმარტავს.
მეთოდი 2. „არ შეუსწორო – თავად დააფიქრე“
ხშირად მასწავლებელი შეცდომის აღმოჩენისთანავე თავად ამბობს სწორ პასუხს. უფრო ეფექტიანია, მოსწავლე დამაზუსტებელი კითხვებით მივიყვანოთ პასუხამდე:
-
დარწმუნებული ხარ, რომ ეს ფორმა სწორია?
-
კიდევ ერთხელ რომ წაიკითხო, რამეს ხომ არ შეცვლიდი?
-
რომელი წესის გახსენება დაგეხმარებოდა?
ასეთი კითხვები ავითარებს თვითრედაქტირებისა და კრიტიკული აზროვნების უნარს.
მეთოდი 3. „შეცდომების ბანკი“
კლასმა წლის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას „შეცდომების ბანკი“ – კედლის პოსტერი, საქაღალდე ან ელექტრონული დოკუმენტი, სადაც თითოეული ჩანაწერი მოიცავს:
-
მცდარ ფორმას
-
სწორ ფორმას
-
ახსნას
-
ახალ მაგალითს
დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკულ ცნობარად იქცევა, რომელსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად გამოიყენებენ.
მეთოდი 4. თვითრედაქტირების ალგორითმი
დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლე საკუთარ თავს უსვამს კითხვებს:
✓ სრულად გადმოვეცი სათქმელი?
✓ ყველა წინადადება დასრულებულია?
✓ სასვენი ნიშნები გადავამოწმე?
✓ არის სიტყვა, რომლის მართლწერაშიც ეჭვი მეპარება?
ასეთი ჩვევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წერითი ნამუშევრის ხარისხს.
რას უნდა მოერიდოს მასწავლებელი შეცდომების ანალიზისას?
მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა ერთნაირად არ შეფასდეს. მექანიკური უზუსტობა, წესის არცოდნა, ლექსიკური არჩევანის სირთულე და მცდარი მსჯელობა განსხვავებულ პედაგოგიურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ ეფექტიანი უკუკავშირი ყოველთვის კონკრეტულ მოსწავლესა და კონკრეტულ შეცდომაზეა მორგებული.
ერთი შეცდომა – რამდენიმე სასწავლო შესაძლებლობა
ქართულში ენის გაკვეთილებზე ერთი შეცდომაც კი შეიძლება მრავალმხრივი სასწავლო რესურსის შექმნის წყაროდ იქცეს. წინადადების ან ტექსტის ანალიზისას მოსწავლე ერთდროულად ივითარებს მართლწერის, პუნქტუაციის, სტილისა და ტექსტის რედაქტირების უნარებს. ამ პროცესში იგი აცნობიერებს, რომ ხარისხიანი ტექსტი იშვიათად იქმნება პირველივე მცდელობით – იგი მუდმივი გადამუშავებისა და დახვეწის შედეგია.
პრაქტიკული რეკომენდაციები:
-
შეცდომა განიხილეთ, როგორც სასწავლო ინფორმაცია და არა მხოლოდ ხარვეზი;
-
ნუ იჩქარებთ მზა პასუხის მიწოდებას – დამაზუსტებელი კითხვა ხშირად უფრო ეფექტიანია;
-
ანონიმურად გააანალიზეთ ტიპობრივი შეცდომები მთელ კლასთან, რათა ყურადღება პრობლემაზე გადავიდეს და არა კონკრეტულ მოსწავლეზე;
-
სისტემურად ასწავლეთ თვითრედაქტირების სტრატეგიები;
-
პერიოდულად გააანალიზეთ კლასის ყველაზე ხშირი შეცდომები – ისინი ხშირად სწავლების მეთოდის დახვეწის საჭიროებაზე მიანიშნებს.


