შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასების შესახებ

ცნობილია, რომ განმავითარებელ და შემაჯამებელ შეფასებებს შორის ძირეული განსხვავება შეფასების პროცედურის ჩატარების დროა. მაგალითად, შემაჯამებელი ტესტირება ტარდება სასწავლო კურსის ბოლოს, ხოლო განმავითარებელი ტესტირება _ კურსის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები ისეა შექმნილი, რომ უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ სწავლის პროცესსა და სასწავლო მასალასთან, ამიტომ მათ უფრო ხშირად და დინამიკურად იყენებენ. განმავითარებელი შეფასების პროცედურა ისეთ დროს უნდა განხორციელდეს, რომ მასწავლებელს მის საფუძველზე სწავლების პროცესში შესაბამისი ცვლილების შეტანა შეეძლოს; მოსწავლეს კი უნდა შეეძლოს, სწავლის პროცესში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს, ან შეფასებიდან მიღებულმა უკუკავშირმა მას მოტივაცია გაუძლიეროს. 

განმავითარებელი შეფასების არსი სწორედ ისაა, რომ მან სწავლების პროცესის მოდიფიცირებისა და მოსწავლის შედეგის გაუმჯობესებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს. ამასთანავე, ინფორმაცია ისეთ დროს უნდა იყოს მიწოდებული, რომ მოსწავლემაც და მასწავლებელმაც გააცნობიერონ, რა ცვლილებების შეტანაა საჭირო სწავლასა და სწავლებაში, რათა სასწავლო მიზნისკენ სვლა წარმატებით გაგრძელდეს.

განმავითარებელ და შემაჯამებელ ტესტირებებს შორის კიდევ ერთი ძირეული განსხვავებაა. მართალია, გაზომვა განმავითარებელი შეფასების საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ მის ინსტრუმენტებში შესაბამისი საზომი კომპონენტი შეიძლება საერთოდ არ იყოს. ამასთანავე, ეს ინსტრუმენტები ხშირად ქულების მინიჭებასაც არ ითვალისწინებენ. განმავითარებელი ტესტირების ინსტრუმენტებიდან მიღებული მონაცემები, ძირითადად, უკუკავშირისა და გეზის მიმცემის ფუნქციას ასრულებს; თავად შეფასების პროცესს კი უფრო პრაქტიკული სამუშაოს სახე აქვს, ვიდრე ტესტირებისა. 

როდესაც მოზარდი რაიმე მასალის სწავლას იწყებს, ხშირად მაღალი შედეგი თავიდანვე არ ჩანს. ამიტომ, საჭიროა სწავლის პროცესშივე მოზარდის აკადემიური პროგრესის ზუსტი გაზომვა და ისეთი გზების დასახვა, რომლებიც მოზარდებს სასწავლო მიზნისაკენ სვლას გაუადვილებს.  

შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების მიზანი და დანიშნულებაა მოსწავლისა და პედაგოგის ინფორმირება სწავლის პროცესში განხორციელებული პროგრესის შესახებ და ამ გზაზე მათთვის მიმართულების მიცემა.

განმავითარებელ და შემაჯამებელ შეფასებებს შორის კიდევ ერთი განსხვავება მოსწავლის როლს უკავშირდება. განმავითარებელი შეფასება მოსწავლის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს და შეიძლება ითქვას, რომ მის აქტიურობაზე მნიშვნელოვნადაც არის დამოკიდებული. შემაჯამებელი შეფასებისას ეს როლი, როგორც წესი, მხოლოდ გამოცდებსა და ტესტირებებში მონაწილეობით შემოიფარგლება. განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესის შემოწმებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ და შეფასების ინსტრუმენტიდან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, საკუთარი ქცევა გარკვეულწილად უნდა შეცვალონ. უკუკავშირი, რომელიც შეფასებას, სწავლებასა და სწავლას აკავშირებს, განმავითარებელი შეფასების ცენტრალური კომპონენტია. კვლევები აჩვენებს, რომ ამ პროცესში მოსწავლეების ჩართულობა სწავლის მოტივაციას აძლიერებს. პედაგოგებს შეუძლიათ, მათი ჩართულობა აღწერილობითი უკუკავშირებით უზრუნველყონ, ან საკუთარი აკადემიური პროგრესის გრაფიკული გამოსახვა დაავალონ, ან თანატოლების შეფასება და უკუკავშირის მათთვის მიწოდება სთხოვონ. მოზარდების უშუალო ჩართულობა იძლევა ღირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იცის მოსწავლემ და რისი გაკეთება შეუძლია, რისი სწავლა სჭირდება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი სწავლის ეფექტიანობის ასამაღლებლად. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განმავითარებელი შეფასება განსაკუთრებით შედეგიანი დაბალი მოსწრების მოზარდებისთვისაა. კვლევების თანახმად, იქ, სადაც განმავითარებელ შეფასებას იყენებენ, დაბალი და მაღალი მოსწრების მოსწავლეებს შორის განსხვავება მცირდება, ზოგადად, სწავლის ხარისხი კი იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ განმავითარებელი შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია მოზარდს _ სწავლის, მასწავლებელს კი სწავლების გზებს აჩვენებს.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებია: სადამკვირვებლო ცხრილები, საშინაო დავალებები, მოსწავლეთა თვითშეფასების გზამკვლევები, კითხვარები/მოკლე ტესტები და მიმდინარე პროექტები. ნაყოფიერი რომ იყოს, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ სასწავლო ერთეულებზე უნდა იყოს ფოკუსირებული და ისეთ შედეგს უნდა იძლეოდეს, რომელიც ამ მიზნისკენ მოსწავლის სწრაფვას ხელს შეუწყობს.

განმავითარებელი შეფასების ქვეკატეგორიებია: სკრინინგი, დიაგნოსტიკური შეფასება, შუალედური შეფასება და პროგრესის მონიტორინგი.

სკრინინგი

სკრინინგის მიზანია მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა, რაც სწორი კლასიფიცირების, განაწილებისა და ინტერვენციების დასაგეგმად გამოიყენება. სკრინინგის შეფასებითი ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასების ხელსაწყოების ქვეტიპია, თუმცა მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლოების სიღრმისეული კვლევა მათი დანიშნულება არ არის. სკრინინგის ინსტრუმენტების საშუალებით იმ ადამიანების სწრაფი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება, განაწილება და სპეციფიკური ინტერვენციები სჭირდებათ.

შედეგად, სკრინინგისას გამოყენებული ინსტრუმენტები სიღრმისეული წვდომით არ გამოირჩევა, ნაკლებად ზუსტია და დეტალურ ინფორმაციასაც არ გვაწვდის. კარგად შემუშავებული ინსტრუმენტი უნარების, ცოდნისა და მოსწრების ვიწრო დიაპაზონზეა ფოკუსირებული, კონკრეტულ სასწავლო დონეს ეხება და არ გამოიყენება შესაძლებლობების ფართო დიაპაზონის გასაზომად. მაგალითად, იმ ბავშვების გამოვლენისთვის, რომელთაც საბაზო უნარების სწავლისას კითხვაში სასწავლო ინტერვენცია სჭირდებათ, სკრინინგის სპეციალისტი აქცენტს საბაზო უნარების დეფიციტის აღმოჩენაზე გააკეთებს; ამავე დროს წარმატებული მოსწავლის სკრინინგის ინსტრუმენტი მოსწრებისა და შესაძლებლობების სხვა ასპექტებზე იქნება ფოკუსირებული. 

სკრინინგი განმავითარებელი შეფასების სხვა სახეებისგან პროცედურების განხორციელებისა და ადმინისტრირების დროით გამოირჩევა. სკრინინგ-შეფასება სწავლის დაწყებამდე ან ბავშვის ამა თუ იმ სასწავლო პროგრამაში ჩართვამდე ტარდება. ამ შეფასების შედეგად შეიძლება სხვა შესაფასებელი პროცედურების გამოყენების ან მოსწავლის სხვა ნაშრომების მოძიების საჭიროება გამოჩნდეს. ეს კი იმის ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება მასწავლებლებს, მოზარდის ცოდნისა და უნარების რომელი სფეროებია პრობლემური, რომლებს სჭირდება სასწრაფო ინტერვენცია და რომლები ექვემდებარება ცვლილებას.

დიაგნოსტიკური შეფასება

დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ქვეჯგუფს წარმოადგენს. ისინი იმ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც მოზარდები სწავლის პროცესში აწყდებიან. დიაგნოსტიკური შეფასების მიზანია სწავლების პროცესისთვის გეზის მიცემა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ან დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვა. ბევრი სპეციალისტი დიაგნოსტიკურ შეფასებას ცალკე კატეგორიადაც გამოყოფს, თუმცა განმავითარებელი და დიაგნოსტიკური შეფასებები თავიანთი მიზნებითა და დანიშნულებებით, ისევე, როგორც პრაქტიკითა და გამოყენებით, ერთმანეთს ბევრ რამეში ემთხვევა.

დიაგნოსტიკური შეფასება მოსწავლის სისუსტეების აღმოჩენაზეა ორიენტირებული, რათა შემდეგ მათი აღმოფხვრა შესაბამისი სასწავლო მიდგომების მეშვეობით განხორციელდეს. ის შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიადაც განვიხილოთ, რისი მეშვეობითაც მასწავლებლები განსაზღვრავენ, თუ როდის და როგორ უნდა მიმართონ შესაბამის ზომებს. დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტმა მასწავლებელს მოსწავლის მოსწრების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რათა, ერთი მხრივ, ზუსტი დიაგნოზი დაისვას და, მეორე მხრივ, შესაბამისი ინტერვენცია დაიგეგმოს და განხორციელდეს. ამასთანავე, პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ ინსტრუმენტი ნასწავლ და/ან სასწავლ მასალას ჯეროვნად წარმოადგენდეს.

 

მაშინ, როდესაც ტესტირების სხვა ფორმები (მაგალითად, ნორმაზე ორიენტირებული ან სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასებები) მასწავლებელს ატყობინებს, კარგად სწავლობს მოზარდი თუ ცუდად, დიაგნოსტიკური შეფასება აკადემიური მოსწრების დონესა და სწავლების პროცესს შორის ერთგვარ ხიდს სთავაზობს მას და მოსწავლის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებსაც აჩვენებს. დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები იმის შესახებაც აწვდიან ინფორმაციას მასწავლებელს, მოზარდი სხვა უნარის დასაუფლებლად ან მორიგი კონცეფციის გასაგებად მზად არის თუ არა. მაგალითად, მოსწავლისთვის ლიტერატურული გმირების მამოძრავებელი მოტივების ახსნა შეიძლება საღ აზრს მოკლებული იყოს, თუ მას ნაწარმოების შინაარსის გაგება უჭირს, ან მოვლენების თანმიმდევრობას ჯეროვნად ვერ აღიქვამს.

მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის გამოყენება უზრუნველყოფს სასწავლო აქტივობების მოსწავლის საჭიროებებთან ზუსტად მისადაგებას. დიაგნოსტიკური შეფასება განმავითარებლისგან რადიკალურად განსხვავდება იმ მხრივაც, რომ უფრო მეტად არის ფოკუსირებული პრობლემების მქონე მოზარდებზე. განსხვავებულია ასევე მოქმედების პრინციპიც, რომლის თანახმადაც ინდივიდუალიზებული ინტერვენცია დიაგნოზს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტები უფრო საბაზო შესაძლებლობების შეფასებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მაღალი კატეგორიის სააზროვნო უნარებზე.
შუალედური შეფასება

შუალედური შეფასების ინსტრუმენტების დანიშნულებაა სტანდარტებზე დაფუძნებული შემაჯამებელი ტესტირების ან რომელიმე სხვა შემაჯამებელი პროცედურისთვის მოსწავლის პროგრესის გაზომვა. ნაყოფიერი რომ იყოს, შუალედური შეფასების ინსტრუმენტმა იმავე საკითხების ცოდნა და იგივე უნარები უნდა გაზომოს, რასაც შემაჯამებელი ტესტი ითვალისწინებს; ამასთანავე, სწავლის დინამიკა ინტერვალების შკალაზე უნდა აისახოს. ასეთ შეფასებას წელიწადში რამდენჯერმე მიმართავენ ხოლმე და იღებენ ქულებს, რომლებიც შესაბამის სფეროში მოზარდის წარმატებას აღნიშნავს (მაგალითად, რიცხვების აღქმა, გაზომვის შესაძლებლობა, შინაარსის გაგების უნარი და ა.შ.). ეს იმიტომ ხდება, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, თუ რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. თუ მოზარდს რომელიმე საკითხი ცუდად ესმის, მასწავლებელს შეუძლია ეს მას ხელახლა ასწავლოს. თუმცა შუალედური შეფასება სასწავლო პრობლემის დიაგნოსტიკისთვის საჭირო დეტალურ ინფორმაციას, ჩვეულებრივ, არ იძლევა.

შუალედური შეფასების ერთ-ერთი ფორმაა კომპიუტერული ტესტები (CAT). ისინი, მოსწავლის პასუხების საფუძველზე, სწორხაზოვან შკალაზე ლოკალიზების შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს მოზარდი ხედავს და პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც მისი აკადემიური მოსწრების დონეს შეესაბამება. ამგვარი სისტემის შექმნა უამრავი ისეთი ტესტის შედგენას მოითხოვს, რომლებიც წარმატების ერთსა და იმავე შკალას ესადაგება. კომპიუტერული პროგრამა თითოეული მოსწავლისთვის იმავე კითხვებს არჩევს, რომლებიც შემაჯამებელ, სტანდარტებზე დაფუძნებულ ტესტებშია. ამასთანავე, კომპიუტერი სირთულის მიხედვით კითხვების შერჩევისას თითოეული მოზარდის შესაძლებლობების დონესაც ითვალისწინებს. 

პროგრესის მონიტორინგი

პროგრესის მონიტორინგი შუალედური შეფასების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც შეფასების პროცედურების განმეორებით გამოყენებას ითვალისწინებს. სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ინტერვენციებსა და პროგრესის მონიტორინგს კომბინირებულად იყენებენ პროცესში, რომელსაც „ინტერვენციაზე რეაგირება” ეწოდება. ზოგადად, პროგრესის მონიტორინგს ისეთ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მიმართავენ, როდესაც უნდა დადგინდეს, სჭირდება თუ არა მოზარდს განსაკუთრებული საგანმანათლებლო მომსახურება. 

შეიძლება განხორციელდეს როგორც ცალკეული მოსწავლის, ასევე მოზარდების ჯგუფების მონიტორინგი. შეფასების ამ ხერხს, ჩვეულებრივ, სპეციალურ სასწავლო ინტერვენციებთან კომბინაციაში მიმართავენ, რათა ამ ინტერვენციების ეფექტი უკეთ გაზომონ და განსაზღვრონ, რამდენად ზუსტად პასუხობენ ისინი მოსწავლის საჭიროებებს. პროგრესის მონიტორინგი იმის გაგების საშუალებასაც იძლევა, რამდენად წარმატებულია მოსწავლის აკადემიური ზრდა და სწავლების სხვა მეთოდები სჭირდება თუ არა.

პროგრესის მონიტორინგის მეშვეობით მოსწავლის ამჟამინდელი მდგომარეობა დგინდება, მისი მრავალჯერადი გამოყენებით კი სწავლის დინამიკის განსაზღვრა და სამომავლო მიზნების დასახვა შეიძლება. აკადემიური ზრდის დინამიკა ზუსტად რომ გაიზომოს, მასწავლებლებმა პროგრესის მონიტორინგს ხშირად უნდა მიმართონ. თუ პროგრესი არ აღინიშნება და სწავლების მიზნები მიღწეული არ არის, მაშინ სხვა მეთოდებს მიმართავენ. მონიტორინგის შედეგები ასევე ფასეულია სხვადასხვა მიდგომისა თუ ინტერვენციების ეფექტიანობის შესადარებლადაც.

რადგან ეს მეთოდი შეფასების პროცედურების ხშირ გამოყენებას და მოსწავლის პროგრესისთვის თვალ-ყურის დევნებას ეფუძნება, პროგრესის მონიტორინგის ხელსაწყოების მიმართ გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები არსებობს. პირველი მოთხოვნა ისაა, რომ მონიტორინგის ერთი და იგივე ინსტრუმენტი სხვადასხვა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ზოგიერთ ინსტრუმენტს გამოყენების ისეთი ინტენსივობა ახასიათებს, რომ მისი 20-მდე ვარიანტია საჭირო _ ზოგჯერ უფრო მეტიც კი. ამასთანავე, მონიტორინგი მოითხოვს ინდივიდის მიერ სხვადასხვა დროს ნაჩვენები შედეგის შედარებას. ეს იწვევს ტესტებისა და მათი ადმინისტრირების პირობების სტანდარტიზირების აუცილებლობას. გარდა ამისა, ტესტები ისე უნდა შედგეს, რომ მათი შინაარსი და სირთულის ხარისხი გათანაბრებული იყოს, რაც სანდო შედარებების საშუალებას იძლევა.  

ამგვარად, განმავითარებელი შეფასების ძირითადი დანიშნულებაა სწავლის მოტივაციის გაზრდა და სასწავლო პროცესისთვის გზის გაკვალვა, ასევე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო უკუკავშირების მიწოდება. შემაჯამებელი შეფასების ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევის შესახებ საბოლოო მონაცემებს იძლევიან, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები ისეა შემუშავებული, რომ მასწავლებლებს მოსწავლეების აკადემიური ზრდის დინამიკის შესახებ მიმდინარე ინფორმაცია მიაწოდონ. სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად განმავითარებელი ინსტრუმენტი სასწავლო მასალას უფრო ღრმად უნდა ჩაწვდეს და ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების ჯეროვნად წარმოჩენა შეძლოს. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნისკენ მოსწავლის მოძრაობის დინამიკას უნდა ზომავდეს. ასეთი შეფასებით მიღებული მონაცემები (ქულები თუა ტექსტური ანგარიშები) სასწავლო მიზნებთან მიმართებაში უნდა ასახავდეს მოსწავლის აკადემიური მოსწრების მიმდინარე მდგომარეობას. ტექსტური ანგარიშები განსაკუთრებით სასარგებლო მაშინაა, როცა მათი შედეგების საფუძველზე სწავლების დაგეგმვაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი