პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად

განათლების ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ზრდის სოციალურ ტოლერანტობას და ხელს უწყობს მოქალაქეების უფრო აქტიურ ჩართვას დემოკრატიულ პროცესებში. განათლების დონის გაუმჯობესების და განათლების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზა გახლავთ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად პროგრამების შემუშავება. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქველმოქმედო ფონდები, სოციალური ინსტიტუტები და სხვა არაკომერციული ორგანიზაციები. საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში ქართველი მასწავლებლები განებივრებულები ნამდვილად არ იყვნენ, ბოლო წლებში, რაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პროექტი დაიწყო, მათი წახალისება და მოტივირება უფრო მეტად ხდება. ამ სფეროს სპეციფიკაზე, განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, გრანტების მოძიებისა და მოპოვების პროცესზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი გვესაუბრება.

 

  1. საიდან წამოვიდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის შექმნის იდეა, ვინ არის მისი ავტორი და რა არის ფონდის მთავარი ამოცანა?

 

ყველაფერი ბატონი ბადრის სიცოცხლეში დაიწყო. მან დააარსა და აქტიურად იყო ჩართული მათ მოღვაწეობაში არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც მოიცავდნენ კულტურის სფეროს, ჯანდაცვის, სპორტის, განათლების სფეროებს და სხვა სოციალურ მიმართულებებს. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ,  ფონდების მუშაობა და სხვადასხვა აქტივობები შეჩერდა. ოჯახს წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ბატონი ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ და მისმა ქალიშვილებმა, ლიანამ და იამ, ოჯახის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტეს, რომელიც ოჯახის ბიზნეს საქმიანობის მიღმა საქველმოქმედო საქმიანობით საქართველოს დახმარებას გულისხმობს.

 

ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ფონდის საქმიანობის მთავარი მიმართულება. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საშური საქმე  განათლების სფეროს განვითარებაა, იმიტომ, რომ განათლების სფერო არის ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად იძლევა უკუგებას ქვეყნის განვითარების საქმეში, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომაც, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებას, რაც ორ მიზანს მოიცავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის განათლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, სისტემური ცვლილებებია საჭირო. განათლების სფეროში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალური ამოცანების შესრულებას. ეს სისტემა ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. მხოლოდ განათლების სამინისტრო, რომელიც აქტიურად მუშაობს, ამას ვერ შეძლებს, მხოლოდ სასწავლებელი ამას ვერ შეძლებს. ჩვენი მოქალაქეების, ამ სისტემაში ჩართული ადამიანების აქტიურობის გარეშე ეს არ შეიცვლება. ამიტომ ყველა ერთად უნდა ჩავებათ ამ საქმეში. ფონდის მიზანია, რომ ზუსტად ასეთი სისტემური ცვლილებები მოხდეს. აქცენტს ვაკეთებთ არა ცალკეული პიროვნების დახმარებაზე, არამედ ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ მთლიანად სისტემაზე.

 

  1. მასწავლებლების თემა დღეს ძალიან აქტუალურია. მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია. გაცილებით მეტს ვითხოვთ, მეტ კითხვას ვსვამთ, ვიდრე ადრე. თქვენი ფონდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტრადიციული პარტიორია. ბოლო ორი წელია ამ თემაზე მთელი საქართველო საუბრობს და ძირითადად, დადებით კონტექსტში. ათეულში მოხვედრილმა ლადო აფხაზავამ შეძლო ყველას დარწმუნება იმაში, რომ კარგი მასწავლებლობა, პირველ რიგში, ადამიანების სიყვარულით იწყება. რა გავლენა მოახდინა ამ ჯილდომ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაზე და რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ბევრი ლადო აფხაზავა გაჩნდეს, გაჩდნენ ისეთი მასწავლებლები, რომელთაც გულწრფელად სჯერათ საკუთარი თავის და იმ ბავშვების, ვისაც, შესაძლოა, რთულ პირობებში უწევდეთ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა?

ამ კუთხით, რა  მთავარი პრობლემები იკვეთება, რომელთა მოგვარებაც მასწავლებელთა ცოდნას, მათ ხარისხს და შესაბამისად, განათლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს?

 

განათლება ურთულესი სფეროა, რომელსაც მრავალი გამოწვევა აქვს. ვერცერთი ცალკე აღებული პროექტი თუ ინიციატივა მათ ერთიანად ვერ გადაჭრის, მაგრამ შეიძლება რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდეს პრობლემები.

რას ვითხოვთ მასწავლებლისგან, ასწავლოს მან ქართული, ფიზიკა და ა.შ საგნები, თუ გაცილებით დიდი მისია ეკისრება?!  მასწავლებლის როლი არ არის მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებმდე მიიტანოს რაღაც კონკრეტული თეორია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. მან მოსწავლეს საგნის მიმართ ინტერესი უნდა გაუღვივოს, უნდა ასწავლოს პრობლემის გადალახვა. დღეს მათემატიკის, ქიმიის ამოცანის ამოხსნის, ხვალ ცხოვრებისეულ და ქვეყნის წინაშე დასმულ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეს.  მასწავლებლის როლი გაცილებით დიდია. მან პიროვნება და საზოგადოების წევრი უნდა გაზარდოს, აზროვნება, ქვეყნის სიყვარული ასწავლოს.

 

როცა 2019 წლის მარტში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა დუბაიში, შევხვდი ათეულის წევრებს და გავეცანი მათ ბიოგრაფიას. ეს ადამიანები გაცილებით დიდ ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე კონკრეტული საგნის სწავლებაა. ამით არიან გამორჩეულები. მთავარია ის, თუ რას აკეთებ საგნის სწავლების მიღმა, რამდენად ამზადებს სკოლა, მასწავლებელი ხვალინდელ მოქალაქეს, როგორც ცვლის მათ ცხოვრებას. ამაზეა დღეს მოთხოვნა მოსწავლის მხრიდანაც, მშობლის მხრიდანაც და ყველასგან, ვისაც ხვალინდელი დღე აინტერესებს.

 

რატომ ავირჩიეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? – ამ ჯილდოს ძალიან კარგი მიზნები აქვს. მიზანი არის ის, რომ კარგი მასწავლებელები გამოჩდნენ, მათი შრომა დაფასდეს, დაინახოს საზოგადოებამაც და დაინახონ კოლეგებმაც. აქტუალური და უაღრესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი, მაგრამ ანაზღაურების გარდა არის დაფასების საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით იმუშაოს. წარმატებული მასწავლებლების შესახებ ყველამ უნდა გაიგოს, კოლეგებმა უნდა ნახონ. ამით ამაღლდება მასწავლებლის პრესტიჟი, შესაბამისად, სხვა, შესაძლოა, უკეთესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს, გაუჩნდეთ მასწავლებლობის სურვილი, რადგანაც ხელფასიც ნორმალური იქნება და შესაბამისი დაფასებაც ექნებათ, სოფლის დონეზე, რაიონის, ქალაქის თუ ქვეყნის დონეზე და ლადო აფხაზავას მაგალითით თუ ვიტყვით, საერთაშორისო დონეზეც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯილდოს დახმარებით მასწავლებლის  პროფესიის მიმართ მეტი ყურადღება, მეტი მოწიწება, მეტი პატივისცემა გაჩნდა, ამდენად ეს მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე პოზიტიურად აისახება.

 

 

  1. როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებთან. რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი?

 

როცა მასწავლებლის პირველი ეროვნული ჯილდო  ჩატარდა 2017 წელს, გამოვლინდა არ მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ძალიან კარგი ფინალისტები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სკოლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს მათი საქმიანობა მათ ზოგჯერ ხელშეწყობა ესაჭიროებათ, რომ გადაილახოს კონკრეტული პრობლემა ან შეძლონ ახალი იდეების განხორციელება ან ახალი მეთოდების შესწავლა და დანერგვა. კოალიცია, რომელიც ატარებს ეროვნულ ჯილდოს, ჩვენთან შემოვიდა „მასწავლებელთა ინიციატივების მხარდაჭერის პროექტის“ წინადადებით.  კოალიციამ იტვირთა ესწავლებინა ათეულის მასწავლებლებისთვის   ზოგადად, როგორ ხდება პროექტის შედგენა, დონორთან ურთიერთობა და დაეხმარა მათ კონკრეტული  პროექტის შედგენაში. ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ, დავაფინანსეთ ეს ტრეინინგები და გამოვხატეთ მზადყოფნა დაგვეფინანსებინა საინტერესო შემოთავაზებები. პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობის პროცესშია და 4 მასწავლებელი ახორციელებს საგრანტო პროექტებს.

 

2018 წელს პირველ ათეულს მეორეც შეემატა. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებას, არიან ეროვნული ჯილდოს ერთგვარი ელჩები.  არის იდეა, რომ ჩამოყალიბდეს ე.წ ათეულთა კლუბი, რომლებიც ყოველწლიურად შეივსება ახალი წევრებით. კოალიცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და შესაძლოა პროექტის ფორმატი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა, ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

  1. მიუხედავად მოკლევადიანი არსებობისა, ფონდმა უკვე შეძლო სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერა და შეიძლება ითქვას განხორციელებაც. ერთ-ერთი მიმართულება პროფესიული სასწავლებლები და პროფესიული სწავლებაა. თქვენ რა მიმართულებით ჩაერთეთ ამ პროექტში და რა შედეგს ხედავთ, ან რას ელოდებით?

 

„პროფესიული განათლების ჯილდო“, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან“ ერთად 2017 წლიდან ვახორციელებთ, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რაზე დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება? – ქმნი პროდუქტს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე. დღეს ამ გლობალურ ფერხულში ვართ ჩართული. შესაბამისად, ქართული პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ ბაზარზეც და ექსპორტზეც. ხოლო პროდუქტის ეფექტურობას და ხარისხს დიდწილად მუშახელის კვალიფიკაცია და მათი ეფექტურობა განსაზღვარვს. ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კვალიფიციური მუშახელი უმნიშვნელოვანესია. ადრე ბავშვებს პროფესიულ სასწავლებელში გაშვებით აშინებდნენ, ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს და უნდა ვაჩვენოთ, რომ პროფესიული სწავლება ძალიან კარგი მიმართულებაა, რომ შეიძინო პროფესია, რომელიც მოგანიჭებს სიამოვნებას, შეგძენს პროფესიულ სიამაყეს და მოგიტანს კარგ შემოსავალს.

პროფესიული სწავლებით სტუდენტის დაინტერესება  ერთი ამოცანაა და მეორე საკითხია ის, თუ რა დახვდებათ პროფესიულ სასწავლებელში განათლების მიღების მსურველებს. საჭიროა პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია, მათი მიღწევების, შედეგების წარმოჩენა, იმ მასწავლებლების წარმოჩენა, რომლებიც სხვებთან შედარებით უკეთესები არიან. ამიტომ ეს პროექტი პროფესიული სწავლების პოპულარიზაციას ემსახურება და ამ სფეროში მოღვაწე სასწავლებლების, მასწავლებლების და სტუდენტების წარმოჩენას. ასევე იმ ბიზნესებს აჯილდოებს ვინც კოლეჯებთან პარტნიორობს.

 

  1. კიდევ ერთი პროექტი მინდა ვახსენო უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში. სან დიეგოს უნივერსიტეტთან თქვენი აქტიური თანამშრომლობა. STEM-ის მიმართულება, ვთვლი, რომ კარგი პროექტი იყო. ინდივიდუალური დაფინანსებები არ გაქვთ გარდა ამ უნივერსიტეტისა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ უნივერსისიტეტზე აგეღოთ სწორება და რამდენად შეესაბამება ეს თქვენს, ასევე სახელმწიფოს სტრატეგიას?

 

STEM მიმართულებები უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ არ გყავს კარგი ინჟინერი, ვერ ააშენებ სახლს, ხიდს, დენს ვერ გაიყვან და ა. შ. და მისი განვითარება საშური საქმეა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ასევე „მილენიუმმა“ დააფინასა, უმნიშვნელოვანესია ქართული უნივერსიტეტების ტექნიკური ფაკულტეტების განვითარებისთვის. ისინი ერთობლივად ქმნიან პროგრამებს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სწავლების ხარისხი გაიგივებულია ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების ხარისხთან. მაგრამ ამ უნივერსიტეტში სწავლება და მაღალი ხარისხის განათლების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან შედარებით იაფია, ქართველებისთვის მაინც ძვირია. 7500 დოლარი წელიწადში საკმაოდ მაღალი თანხაა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენი ფონდის მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა, მაგრამ ვიცით, რომ რაც უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხი, ვერ მივიღებთ შედეგს, თუ განათლების მიღება ხელმისაწვდომი არ იქნება.

ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იმ სტუდენტებისთვის,  ვისაც აქვთ საკმარისი უნარი, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფვა, შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრება, გვინდა მოვუხსნათ სწავლის მაღალი საფასურის სახით აღმართული ბარიერი.  სწავლის თანხას ფონდი 4 წლის განმავლობაში გადაუხდის.  იმიტომ დავუჭირეთ ამ პროექტს მხარი, რომ ერთი მხრივ, დავუფინანსოთ სწავლა სტუდენტებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ და მეორე მხრივ, ამით ფაკულტეტებს კიდევ უფრო გაძლიერებაში დავეხმაროთ, რათა  შეინარჩუნონ ხარისხი და უფრო წინ წავიდნენ, რომ მომავალ თაობებმაც შეძლონ საქართველოში მიიღონ ხარისხიანი განათება.

 

  1. ვიცით, რომ მხარს უჭერთ პროფესიულ ასოციაციებს, დარგობრივ ასოციაციებს. რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით? საქართველოში ახლა ყალიბდება დარგობრივი ასოციაციები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია არსებობდეს კარგ ფიზიკოსთა, ქიმიკოსთა, მათემატიკოსთა დარგობრივი ასოციაცია, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში და რამდენად ხართ ჩართულები ამ პროცესში?

 

ამ მიმართულებით ერთ პროექტს უკვე ვაფინანსებთ. ჩვენი პარტნიორია კოალიცია „განათლება ყველასთვის“. რატომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და ზოგადად, ასოციაციებს? მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაცია მოიცავს და აერთიანებს კონკრეტული სპეციალობების მასწავლებლებს, შესაბამისად, ვის, თუ არა ამ მასწავლებლებს აქვთ გამოცდილება, ცოდნა, ვინ თუ არა მათ ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ თვითგანვითარებისთვის, მოსწავლეების განვითარებისთვის, ვის თუ არა მათ შეუძლიათ შექმნან უკეთესი სახელმძღვანელოები, უკეთესი სასწავლო პროგრამები და ა.შ.

 

არის შესაძლებლობა, რომ ეს ასოციაციები ორგანიზაციული თვალსაზრისით, დონორებთან ურთიერთობის,  საინტერესო პროექტების შექმნის კუთხით, მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, გააძლიერონ თავიანთი რესურსები, მოხდეს მათი მეტად ინტეგრირება, შექმნან პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პირობები, რის შემდეგაც, ისინი ძლიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბდებიან, რომლებიც უფრო აქტიურად, ვიდრე ცალკე აღებული ინდივიდი, ჩაერთვებიან განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. ისინი გახდებიან შესანიშნავი დასაყრდენი განათლების სამინისტროსთვის და თუნდაც, სხვა დონორებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რეფორმების მხარდაჭერას, განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას.

 

სწორედ ამიტომ, მხარი დავუჭირეთ პროექტს, რათა მასწავლებელთა საგნობრივ ასოციაციებს გაეუმჯობესებინათ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტი  მოიცავდა ორ კომპონენტს, პირველი იყო ასოციაციის წევრების  ტრენინგები. ამ ტრენინგების შემდეგ მათ უნდა წარმოედგინათ კონკრეტული პროექტი გრანტის მოსაპოვებლად. ოთხი საგრანტო პროექტი მოწონებული იქნა. ეს პროექტები განხორციელების დამასრულებელ ეტაპებზე არიან და შედეგებზე მალე შეგვეძლება საუბარი. მომავალში იმედი გვაქვს, რომ სხვა ასოციაციებიც შეძლებენ საინტერესო პროექტების წარმოდგენას და მზად ვართ, დავაფინანსოთ.

 

  1. როგორ შეიძლება ადამიანები თქვენთან საინტერესო პროექტებით მოვიდნენ, გაქვთ თუ არა რაიმე ფორმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტისთვის? საგანმანათლებლო ინიციატივების რაოდენობა იზრდება, რადგანაც ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ საკუთარ თავზე არ აიღებენ  სისტემის გაუმჯობესებას, ის თავისით არ გაუმჯობესდება, სახელმწიფოც დგამს კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ჩართულობის გარეშე ვერაფერს შევცვლით. როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა საინტერესო ინიციატივებით მოგმართონ?

 

ვართ აბსოლუტურად ღია და მივესალმებით ყველას. მთავარი არის, რომ პროექტი აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი. უნდა იყოს ერთგვარი ანალიზი იმისა, თუ რა არის პროექტის მიზანი, რა პრობლემა არსებობს და როგორ აპირებებენ პრობლემის გადაჭრას. შედეგები უნდა იყოს კონკრეტული, ობიექტურად გაზომვადი და პროექტის ავტორმა უნდა შემოგვთავაზოს პრობლემის გადაჭრის ან საერთაშორისო გამოცდილების აპრობირება-დანერგვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ან მისეული ხედვა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სასწავლებელზე მორგებული,  არამედ შესაძლებელი იქნება მისი დანერგვა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება საქართველოში. ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს პროექტს, უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის შესახებ, უნდა ახსნას, რატომ იმსახურებს გრანტის მიღებას და გვაჩვენოს, რა უნარი და გამოცდილება აქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის. გრანტის გაცემის  აუცილებელი პირობაა, რომ პროექტს ჰყავდეს გპფ-ს გარდა სხვა დონორ(ებ)ი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ განვიხილავთ პროექტებს, რომლებშიც მოთხოვნილია ინფრასტრუქტურის აშენება ან რემონტი, ასევე არ ვაფინანსებთ ინდივიდების საზღვარგარეთ სწავლის საფასურებს ან ცხოვრების თუ მგზავრობის ხარჯებს.

სხვა შემთხვევებში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დეტალური ბიუჯეტი, ასევე დეტალური კალენდარული გრაფიკი და ის, თუ როგორ აპირებენ პროექტის მიტანას საზოგადოებასთან.

შემდეგი პროცედურა ასეთია – გვაქვს სამკაციანი საბჭო, განვიხილავთ მოცემულ პროექტს. შესაძლებელია გვქონდეს შენიშვნები, სურვილები, რომლებსაც პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას გავუზიარებთ. ყოველივეს გათვალისწინების შემდეგ კი, ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსებაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, განხორციელებულ პროექტებთან და გრანტებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://www.gpf.ge/ge/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი