პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვახერხებ სსსმ მოსწავლის ჩართულობას  გაკვეთილზე

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღების უფლება (მუხლი #35), მაგრამ სამწუხაროდ დაბალია სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან დაბალია პედაგოგთა ძირითადი ნაწილის მზაობა სსსმ მოსწავლის სწავლების სტრატეგიებისა და ადაპტირებული გაკვეთილების დასაგეგმად. პედაგოგთა ძირითადი ნაწილი ვერ ახერხებს სსსმ მოსწავლის დაინტერესებას  საგაკვეთილო პროცესით და მათი პრობლემური ქცევის მართვას, ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა პედაგოგებს გვენიჭება, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ინკლუზიური განათლების მიტანა თითოეულ სსსმ მოსწავლემდე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მცირედი გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს…

ჩვენი სკოლის სსსმ მოსწავლე  ნიკა ფ-ძეს აქვს ყურადღებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ის არ ითვალისწინებს მითითებებს, უჭირს ორგანიზება, ვერ ახერხებს  ხანგრძლივ კონცენტრაციას, ადვილად ეფანტება ყურადღება, არის გულმავიწყი, ზედმეტად ემოციური და ზოგჯერ აგრესიულიც, უჭირს ერთ ადგილზე მშვიდად გაჩერება, ცდილობს გაიქცეს გაკვეთილიდან… რთულია  მისი მართვა…  მაგრამ მდგომარეობა არც თუ ისე უიმედოა….პირველ რიგში, დავადგინე არა ის, რისი დეფიციტი აქვს, ან რას ვერ ახერხებს, არამედ ის –  თუ რა შეუძლია, რა მოსწონს, რაზე რეაგირებს, როგორ იყენებს დახმარებას…მისთვის   შედგენილი მაქვს ესგ-დან გამომდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.

 

მის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ნიკას შესაძლებლობიდან გამომდინარე, სისტემატურად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ,,მასზე მორგებული“ აქტივობები და გაკვეთილზე ინტეგრაციის მიზნით სისტემატიურად ვუხსნი და ვუსაბუთებ, თუ რომელი სასწავლო ნივთი სჭირდება მას  კონკრეტულ შემთხვევაში, ვაძლევ ნათელ და გასაგებ მითითებებს,  საშინაო დავალებას დაფაზე ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ვწერ, რათა მისი ყურადღება ,,იქეთ“ იყოს მიმართული, ხშირად მიწევს გაკვეთილის გეგმის მოდერნიზაცია. მაგალითად, როცა ვასწავლიდი მართკუთხედის ფართობსა და პერიმეტრს, რატომღაც ნიკა გაღიზიანებული იყო, გაკვეთილზე არ შემოვიდა, გადავწყვიტე, ნაცვლად სავარჯიშოთა სისტემის შესრულებისა, ჩამეტარებინა პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის  ეზოს პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლაზე, მოსწავლეები ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის ნიკაც „ეხმარებოდა“ თანაკლასელებს, აწვდიდა მათ სახაზავს, საზომ ლენტს. შემდეგ ნიკამაც მოახერხა სახაზავის სწორად გამოყენება და აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.

 

…ნიკას წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები უყვარს, ამიტომ, სივრცული ფიგურების დამზადებისას, სწორედ მათი გამოყენებით დაუმზადა ნიკამ  ჯგუფის წევრებს სივრცული ფიგურებისათვის აქსესუარები   (სამკუთხედი, მართკუთხედი, წრეწირი) – ფუძე და გვერდითი წახნაგები.

მოსწავლეთა ზეპირი ანგარიშის სწავლებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად ვიყენებ მათემატიკურ  თამაშს „რიცხვის გადიდება/შემცირება…..-ით/ ჯერ“.   ვინაიდან ნიკა ვერ ახერხებს სწრაფ ანგარიშს, თამაშის დაწყებას  ნიკას  ვავალებ  „აბა ნიკა, დაასახელე რიცხვი!“  ნიკაც ასახელებს რაღაც რიცხვს, ხელის დაკვრით გადასცემს გვერდით მდგომ მოსწავლეს და ის აგრძელებს თამაშს, ადიდებს/ამცირებს….. -ით /ჯერ რიცხვს და გადასცემს მესამეს, მესამე-მეოთხეს და ა.შ. თამაშს ასრულებს ნიკა ალმის აღმართვით.

 

როცა მე-6 კლასის მოსწავლეთათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო სხვადასხვა სავარჯიშოთა სისტემით,  ნიკასათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო  „რიცხვების ამოცნობა 1-დან 10-მდე“.  ლოტოს  მე და ნიკა ერთად „ვთამაშობთ“…ერთხელ ნიკამ ბარათები ხელში ჩაბღუჯა, გულზე მიიხუტა, როდესაც ვთხოვე, ბარათები მაგიდაზე დაედო და გვეთამაშა,  მითხრა: „მინდა, ხელში მეჭიროს!“ შემდეგ სათითაოდ იღებდა „მოკარნახე“ ბარათებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა გამოეცნო რიცხვები…

ნიკას თამაში ძალიან მოსწონდა და ესმოდა რასაც აკეთებდა.

საზოგადოებაში ნიკას მსგავსი ბავშვების ინტეგრირებისთვის ოჯახის, სკოლის და საზოგადოების დიდი ძალისხმევაა საჭირო. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს მზადყოფნა,  „დავინახოთ ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა…“   ვფიქრობ,      მთავარია მონდომებაა  და  შედეგიც დადგება!

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიკა კაპანაძე, თინა ბარქაია, ინგა შარიქაძე და სხვები. ,,ინკლუზიური განათლება“, 2008 წ.
  2. სატრენინგო მასალები
  3. https://www.wikipedia.org/.
  4. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი – მათემატიკა მე-4 კლასი.
  5. საკუთარი გამოცდილება და კონსულტაცია სპეციალურ მასწავლებელთან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი