პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

,,ისმინე, სწავლის მძებნელო!”

ხდება ისე, რომ დრო ქმნის რაღაცა ფასეულობას და მერე ისევ დროვე გადააფასებს მას. ამიტომ ყოველთვის წარმოიშობოდა ხოლმე კონფლიქტი: დამწერლობა თუ მეხსიერება? წიგნი თუ რწმენა? კომპიუტერი თუ წიგნი? თუმცა არის ის, რასაც ასეთი დახარისხების მიუხედავად, კვდომის საფრთხე არ ემუქრება და ისიც იარსებებს კაცობრიობასთან  ერთად. ასეთია სწორედ წიგნი. თუმცა დღეს, მიუხედავად ამისა, გაჩნდა წიგნის ბანალური, მაგრამ ძალიან მტკივნეული დაპირისპირება კომპიუტერთან.

არსებობს ორი ტიპის წიგნი: საკითხავი და საცნობარო. პირველს, როგორც წესი, თავიდან ბოლომდე კითხულობენ, იკვლევენ თუ სულიერად იზრდებიან. მეორეს (ცნობარს, ენციკლოპედიებს…) ხანგამოშვებით ,,ეწვევიან”, საჭირო ცნობების ამოსაკრებად. კომპიუტერს შეუძლია სწორედ ეს მეორე სახის წიგნი ჩაანაცვლოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის. თუმცა კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის წყარო, არცთუ ისე სანდოა, ისევ და ისევ, როგორც წიგნი, რადგან მისეული ინფორმაცია ხშირად ვერ დაიკვეხნის უტყუარობით. კომპიუტერს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ წიგნიერების ახალი სახე, თან, ამავე დროს, ეს თითქოს შეუცვლელი მოწყობილობაა ტექსტის ცვლის, შევსების, რედაქტირების თვალსაზრისით. თუმცა ამ საქმეშიც ვერ დაიკვეხნის ის ნოვატორობას, რადგან მთავარი რეფორმატორი, რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა, საუკუნეების წინაა გამოგონილი და მას ანბანი ეწოდება.

დღეს ტექნოკრატიის საუკუნეა. ტექნიკასთან სიახლოვემ ადამიანები ერთმანეთთან გააუცხოვა, წიგნს დააშორა. თანამედროვე ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი თავისუფალ დროს  კომპიუტერთან ატარებს. უფროსი თაობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ  წიგნის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერით მიღებული ცოდნა ღრმა, საფუძვლიანი არ  არის. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ წიგნზე შეიძლება აღიზარდოს ჯანსაღი ახალგაზრდობა, ფაქიზი გრძობებითა და ფართო თვალსაწიერით, სამყაროს შესახებ ღრმა და მრავაწახნაგოვანი ცოდნით, დახვეწილი სულიერებითა და სწრაფვებით, ცხოვრების სწორი ორიენტირითა და აღქმით.

წიგნთან დამოკიდებულების საკითხი დღეისათვის ძალზე მტკივნეულია. საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლემ, ნებისმიერი მასალის ვიზუალური  აღქმის შესაძლებლობამ, დროის დეფიციტმა ადამიანი დააშორა წიგნს და მისი  ადგილი კომპიუტერმა დაიჭირა. პროცესი ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და ადამიანის ცხოვრებიდან იგი ლამის სავსებით გამოიდევნოს. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების მიჯაჭვულობა ტექნიკისადმი, რომელმაც ლამის მშობელიც ჩაანაცვლოს. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ ძნელად ხვდება, რომ თუნდაც მულტფილმის ათასფრად მოხატული სამყარო აზარმაცებს, აპასიურებს პატარის ცნობიერებას და ისე ვეღარ ვითარდება მისი ფანტაზია, როგორც ამას ეს ანიმაცია წიგთან სინქრონში შეძლებდა.

ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი გემოვნების განვითარებისათვის. წიგნის სამყაროში გადანაცვლება უდიდესი ესთეტიკური სიამოვნებაცაა, მკითხველად ქცევისა და მასზე მხატვრული სახეების ზემოქმედების კრძალულ საიდუმლოსთან ინიციაცია,  პერსონაჟებად გარდასახვის ან მათი სრულიად რეალურ პიროვნებებად მიღება, თავის მათ რიგში ჩაყენების, თანაგანცდის, სულის ხვულებში მოგზაურობის საინტერესო პერსპექტივა. მართლაც, ჩვენი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, რა არ გამოგვიცდია წიგნის საშუალებით: “მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისათვის ხის ხმლით გვიბრძოლია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხან – ეკალი. ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, მიწისათვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნაწილები ტუჩებზე აგვყოლია…”

წიგნის კითხვა მშვენიერებას გვაზიარებს. სამყაროში თითქოს არაფერია ახალი, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ნებისმიერი, თუნდაც პატარა ჭეშმარიტება თავიდან უნდა აღმოაჩინოს. ამაში წიგნზე უკეთესი დამხმარე არავინ და არაფერია. ჩვენ გვეძლევა საშუალება, მწერლისა თუ პოეტის, ამ უნიკალური ინდივიდუმის, პრიზმაში გადატეხილი, ძველის, მილინოჯერ განცდილის, აბასოლუტურად ახლებური ხედვის კუთხე დავინახოთ, შევიგრძნოთ ის, რაც ხშირად მხოლოდ შეგრძნებების დონეზე რჩება, ვერბალურად ოსტატური გამოხატვისდა მიუხედავად. აი, მაგალითად, ვერავინ აგვიხსნის, რა არის ,,იისფერი თოვლი” ან ,,ნაწვიმარ სილაში ვარდი”, ეს მწერლის მიერ მოწვდილი მიღმიერი სამყაროს გამონაშუქია, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ჩვენებურად აღვიქვამთ, სწორედ ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორია აღაზა თუ ალუდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა არ გვზღუდავს პერსონაჟის პორტრეტის დეტალური აღწერით, შევიგრძნობთ ,,ქუჩაში, მტვერში…” წაქცეული ბავშვის ,,თმის მიმოზების” სურნელს, განვიცდით, ბედისწერასთან მებრძოლ რაშზე ამხედრებული თავად ტრაგიკულ და უბედურ, მსოფლიო სევდით შეპყრობილ ადამიანს როგორ შეუძლია საუკუნეების შემდეგ ჩვენი გაბედნიერება და გამხნევება და ა.შ. ეს ყველაფერი სულიერი ზრდის წინაპირობაა…

კომპიუტერისაკენ ჩაციებით მომზირალ თაობასაც აქვს ახალი ტექნოლოგიების უპირატესობის დამადასტურებელი არგუმენტები: კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია სულ მოკლე დროში შეიძლება მოიპოვო  სახლიდან გასუვლელად; აღარ გჭირდება ბიბლიოთეკაში ჯდომა და ძველი გაზეთების ფურცვლა ამა თუ იმ მასალის მოსაპოვებლად ან რომელიმე თარიღის დასაზუსტებლად. აუცილებელი არ არის მთელი თვის დაკარგვა სქელტანიანი ნაწარმოებების წასაკითხად, კინოფილმიდან მისი შინაარსი, შესაძლოა, ორ საათში გაიგო. მალე წიგნები დისკებზე გადაინაცვლებენ და მსოფლიო ლიტერატურის ათობით და ათი ათასობით შედევრი ერთ პატარა თაროზე დაეტევა. მკითხველები ახლა უკვე კომპიუტერულ წიგნებს ,,გადაფურცლავენ”, სანახაობის მოყვარულთ ეკრანული სურათები მიიზიდავთ, როგორც ბავშვებს – ნახატებიანი წიგნი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი კომპიუტერში მაინც წიგნია, შინაგანი წრთობისა და გარდასახვის უცვლელი მოცემულობა.

კომპიუტერს აქვს ზღვა შესაძლებლობანი ყველა სფეროში, მეცნიერების ნებისმიერ დარგში, მისი მნიშვნელობის უარყოფა არ შეიძლება. თანამედროვეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი საფუძვლიანად დამკვიდრდა და მის გარეშე ცხოვრება  წარმოუდგენელიცაა. თითქოს იმ ორთაბრძოლაში, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანების, უფრო კი მოზარდების გონებაში წარმოებს, კომპიუტერი იმარჯვებს, რადგან უფრო რთულია აგებულებით, სახმარად კი – მარტივი, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის. წიგნი უმარტივესი რამაა და თავისი საქმის თავდაუზოგავი, უღალატო შემსრულებელი. წიგნი ასრულყოფილებს ადამიანს, კომპიუტერს კი ეს არ შეუძლია. ეს უკანასკნელი გწყვეტს ნამდვილ რეალობას და გადაჰყავხარ ილუზორულში, რომელიც ხშირად მატყუარაა, თვალისმომჭრელი, მაგრამ დამაბრმავებელიც (პირდაპირი მნიშვნელობითაც). წიგნი იწვევს სულიერ კათარზისს, კომპიუტერი კი ინფორმაციას კი გვაწვდის, მაგრამ ფიტავს გულსა და გონებას.

1923 წლიდან ესპანეთში, კატალონიაში აღნიშნავენ წიგნის საერთაშორისო დღეს, აი, ამგვარად: 23 აპრილს, მიგელ დე სრვანტესის გარდაცვალების დღეს, კაცები ქალებს ყვავილებს ჩუქნიდნენ, ხოლო ქალები კაცებს – წიგნებს და ამით თითქოს უმტკიცებდნენ ერთმანეთს მის შეუცვლელობასა და უკვდავებას. ამის შემდეგ კი იუნესკო-მ ეს დღე წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხდა და მსოფლიოც უკვე აღნიშნავს მას. კაცობრიობაც კიდევ ერთხელ იხსენებს ამ დღეს, თუ რაოდენ საჭიროა წიგნი მისი განვითარებისათვის. ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება და წიგნის პოპულარიზაციითვის აქაც იმართება ღონისძიებები, გამომცემლობების წიგნის გამოფენა-გაყიდვები.

კარგი იქნებოდა ბიბლიოთეკების პოპულარიზაციაც, მათი ისე კეთილმოწყობა, რომ, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, იქ იყოს მშვიდი, ლამაზი და კომფორტული სივრცე სააზროვნოდ, კითხვის, წიგნთან პატარა ასაკიდან ზიარებისთვის. თუმცა ეს ჩვენი ,,შავი ხვრელია” და როცა რამე კარგზე ვიფიქრებთ და საქმე ფინანსებამდე მიდის, ამ უცნაურ, უპერსპექტივო სიცარიელეში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ამ დაპირისპირებაში გამოსავალი ფუნქციათა სწორი გადანაწილება, ჰარმონიული შერწყმაა. კომპიუტერის გარეშე თანამედროვე ადამიანი ვეღარ იარსებებს, მაგრამ მისი გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ეს მავნე ჩვევადაც შეიძლება იქცეს, რომელიც კოლოსალურ დროს გაკარგვინებს და ჯანმრთელობასაც შეიძლება მიადგეს ზიანი (მხედველობის დაქვეითება, კვების სისტემის დარღვევა, ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურნი, იზოლირებულნი, იკეტებიან საკუთარ სამყაროში, არიან ნაკლებყურადღებიანნი პირადი ჰიგიენის მიმართ, ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი და ა.შ.). ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანები, თუ მათ არ აქვთ მასთან წვდომა, განიცდიან, ე. წ. ,,აბსინენტურ, დანანების სინდრომს”, რომელიც ფიზიკური თუ ფსიქიკური დარღვევების მაჩვენებელია და უვითარდებათ თუნდაც ნარკომანიით დაავადებულებს, როცა ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას. ესეც თათქარიძეობაა ერთგვარად. იმ საწყალ ლუარსაბსაც ილია სხვას ხომ არაფერს სთხოვდა, შინაგანი დინამიკის, განვითარებისა და სრულყოფის მეტს? ეს კი მხოლოდ წიგნს შეუძლია. ამიტომ, როგორც ამბობენ, სწორედაც რომ დამოკიდებულების ,,ოქროს შუალედია” საჭირო. შარშან სამაგისტრო ნაშრომების თემაც სწორედ ეს იყო: ტექნიკა თუ წიგნი და, უნდა ითქვას ჩვენდა სასიხარულოდ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა აბსოლუტურად ზუსტ შეფასებას აძლევს და სწორ გზებს პოულობს ამ უკვე დილემისაგან თავდასაღწევად. მათ მშვენივრად ესმით, რომ წიგნის განუმეორებელ ფენომენს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ვერც ისეთი ფართო შესაძლებლობების მქონე, საჭირო და ბევრისთვის საყვარელი გამონაგონი, როგორიც კომპიუტერია.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი