სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

 მიწათაღწერილობიდან ფილოსოფიურ გეოგრაფიამდე

„მიმაჩნია, რომ მეცნიერება გეოგრაფია, რასაც გადავწყვიტე, მოვკიდო ხელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მეცნიერება, შედის ფილოსოფიის საქმიანობის წრეში… ისინი ხომ, ვინც პირველად გაბედა ჩასწვდომოდა მას, როგორც ერატოსფენი ამტკიცებს, ერთგვარი თვალსაზრისით ფილოსოფოსები იყვნენ: ჰომეროსი, ალექსანდრე მილეთიდან და ჰეკათეი, მისი თანამემამულე; შემდეგ დემოკრიტე, დიკარექი, ეფორი და ზოგიერთი მისი თანამედროვე. ფილოსოფოსები იყვნენ მათი საქმის გამგრძელებელიც: ერატოსფენი, პოლიბიუსი და პოსიდონიუსი. მეორე მხრივ, მხოლოდ დიდი განსწავლულობა იძლევა შესაძლებლობას, ხელი მოვკიდოთ გეოგრაფიას”…

ასე იწყება “გეოგრაფია”, დიდი ბერძენი მეცნიერის სტრაბონის ხელნაწერი.

სტრაბონის წიგნის მთავარი ღირსებაა – ქვეყნებისა და მათი ხალხების დაწვრილებითი აღწერა. ორ წიგნში სტრაბონი მსჯელობს გეოგრაფიული მეცნიერების ფილოსოფიაზე.

მისი თხზულებები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ სტრაბონის შეხედულება მიწათაღწერილობაზე, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებაზე, გეოგრაფიის ცოდნის როლზე ყველა განათლებული ადამიანისთვის, განსაკუთრებით მხედარმთავარებისა და მმართველებისთვის. ჩვენ კი სტრაბონის შეხედულება შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებისთვის. ფილოსოფიური გეოგრაფიის სათავეები საუკუნეების წინ იწყება. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო რესურსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე დისკუსიისთვის.

ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალური ჩარჩო განსაზღვრავს ფილოსოფიური გეოგრაფიის შესასწავლ საგანს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალურ ჩარჩოში გამოიყოფა კვლევის სამი დონე: ლოკალური, რეგიონალური და გლობალური.

ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა შეისწავლოს ის მიმართებები, რომლებიც არსებობს, ერთი მხრივ, ადგილებს/სივრცეებს და მეორე მხრივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის. ადგილების/სივრცეების და ადამიანების ურთიერთქმედება ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალური დონის შესწავლის უმთავრესი ობიექტია. ადგილი გაიგება არა როგორც სტატიკური წერტილი სივრცეში, არამედ, როგორც მნიშვნელობის ცენტრი, რომელსაც ცდომილების ხასიათი აქვს. ადგილი არის პროცესი, რომლის განმავლობაშიც ის კარგავს ძველ იდენტობას, რეინტერპრეტირდება, ახალ მნიშვნელობას იძენს, ურთიერთქმედებს ადამიანებთან და სხვა ადგილებთან და ა. შ. ფილოსოფიური გეოგრაფია ადგილის დინამიკურ გაგებას უნდა დაემყაროს. ადგილები ქმნიან სივრცეებს. ადგილებისა და ადამიანების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი სივრცეები განსხვავებული ბუნებისაა. ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალურ დონეზე შეიძლება გამოიყოს სამი სახის სივრცე: საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური მოძრაობისა და მოქმედების სივრცე (შემოკლებით: ყოველდღიური სივრცე). თითოეულ ამ სივრცეში შესაძლებელია იმ კომპონენტების (ადგილების) გამოყოფა, რომელთა ურთიერთქმედებაც (ადამიანებთან და ერთმანეთთან) მოცემულ სივრცეს წარმოქმნის.

აღნიშნულ სივრცეებს შორის არსებობს დინამიკური დამოკიდებულება: სოციალური ცხოვრების პროცესში ისინი ერთმანეთს განმსჭვალავენ და განსაზღვრავენ. საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეები ერთიანდებიან სოციალური სივრცის წიაღში, რომელიც საერთოდ ადამიანური მოქმედების სივრცეს წარმოადგენს. თავის მხრივ, სოციალური სივრცე წარმოიშობა ადამიანთა მიერ გეოგრაფიული სივრცის გარდაქმნით, ანუ ადგილებისა და სივრცეების შექმნით.

ადამიანების, ადგილებისა და სივრცეების ურთიერთმიმართება ყოველთვის როდია ჰარმონიული. ამას ისიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთუარმყოფელი ადგილების არსებობა. ურთიერთქმედების დროს, შესაძლოა, გარკვეულმა დაძაბულობებმა იჩინოს თავი. ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ ეს დაძაბულობები და კონფლიქტებიც უნდა შეისწავლოს და გააანალიზოს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალურ დონეზე საკვანძო ცნებებია: ადგილები – სივრცეები – იდენტობები – ურთიერთქმედებები. შესაძლებელია, კიდევ უფრო დავაზუსტოთ ლოკალურ დონეზე ფილოსოფიური გეოგრაფიის შესწავლის საგანი: ლოკალურ დონეზე ფილოსოფიური გეოგრაფია შეისწავლის იმ მიმართებებს, რომლებიც არსებობს ადგილებსა (და ამ ადგილების ურთიერთქმედებით წარმოქმნილ სივრცეებს) და ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის. უფრო კონკრეტულად მოცემული ადგილის შემადგენელი სივრცეების კომპონენტების გამოვლენით ფილოსოფიური გეოგრაფია აანალიზებს:

  1. რა გავლენას ახდენს ინდივიდთა ქმედებები ადგილზე და ადგილის, როგორც

მთელის, შემადგენელ სივრცეებზე;

  1. რა ზეგავლენას ახდენს ადგილის/სივრცის შემადგენელი ელემენტები ინდივიდთა იდენტობებსა და ქმედებებზე;
  2. რა სახის დაძაბულობები/კონფლიქტები წარმოიშობა ინდივიდების, ადგილებისა და სივრცეების ურთიერთქმედების პროცესში.

კვლევის ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა ისარგებლოს ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით: ადგილის თეორიული კვლევისას, შესაძლოა, წარმატებით იქნეს გამოყენებული ფენომენოლოგიური მეთოდი, ხოლო ემპირიული კვლევების დროს – ჩართული დაკვირვება, გადმოცემებისა და თქმულებების ანალიზი, სიღრმისეული ინტერვიუები და ა. შ.

აღნიშნული მეთოდების გამოყენებისას სასურველია მაქსიმალურად მოქნილი კვლევითი სტრატეგიის შემუშავება და ტრიანგულაციის აქტიური გამოყენება, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს, უკეთ ჩავწვდეთ ადგილების, სივრცეებისა და იდენტობების დინამიკური ურთიერთკავშირის ბუნებას.

 

ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალურ დონეზე შესწავლის ობიექტი რეგიონალურ სივრცობრივ ერთეულებსა და იდენტობებს შორის არსებული მიმართებებია. კვლევის ამ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  1. რა მომენტები შეიძლება გამოვყოთ რეგიონის, როგორც ცნების, კონსტრუირების პროცესში?
  2. რა გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირის რეგიონებად დაყოფა ამ რეგიონთა მცხოვრებლების იდენტობებზე?
  3. ხომ არ იწვევს ასეთი დაყოფა განსხვავებას სააზროვნო ტრადიციებს შორის?

ამ შეკითხვების ბუნებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალური დონე ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში უნდა გავიაზროთ. იმისათვის, რათა უფრო ნათელი გახდეს, თუ რა უნდა შეისწავლოს ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ რეგიონალურ დონეზე, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს. ეს მაგალითი ეხება საქართველოსა და ევროპის მიმართებას.

ამ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესო შეკითხვები ასეთ სახეს მიიღებს:

  1. როგორ ხდებ(ოდ)ა საქართველოში ევროპის ცნების კონსტრუირების პროცესი? რას მოიაზრებდნენ ადრე ქართველები ევროპაში?
  2. რა საზღვრებში მოიაზრებოდა ევროპა?
  3. რა სახის ღირებულებები/პოლიტიკური ალტერნატივები უკავშირდებოდა ევროპის ცნებას სხვადასხვა ეპოქაში?
  4. თავის მხრივ, როგორ გაიაზრებდნენ ევროპელები საქართველოს?
  5. რას მოიაზრებდნენ ისინი ამ რეგიონალურ სივრცეში?
  6. რა გავლენას ახდენდა (და ახდენს) ევროპელობა/ არაევროპელობის დიხოტომია ქართველთა იდენტობაზე?
  7. რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? ხომ არ უიგივდებოდა ევროპის ცნება ცენტრის ცნებას და ამით ხომ არ ექცეოდა საქართველო ცნებობრივ პერიფერიაზე?
  8. რა გავლენა ჰქონდა ამას ქართულ სააზროვნო ტრადიციაზე?
  9. რა კონტექსტში შეიძლება ვისაუბროთ კავკასიის რეგიონზე საქართველო-ევროპის მიმართების ჭრილში?

ეს არის იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოსა და ევროპის მიმართების კონტექსტში ფილოსოფიური გეოგრაფიისათვის ინტერესს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებს პასუხები ერთბაშად ვერ გაეცემა. ამისათვის საჭიროა სისტემატური მუშაობა, რომლის დროსაც მკვლევარმა უნდა გამოიყენოს ისეთი განსხვავებული მეთოდოლოგიები, როგორებიცაა ისტორიული წყაროების შედარებითი ანალიზი, დისკურსული პრაქტიკის ანალიზი, ანკეტური გამოკითხვები და ა.შ. მხოლოდ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომის ფარგლებშია შესაძლებელი იმ კომპლექსური პრობლემების კვლევა, რომლებიც ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალურ დონეზე იჩენს თავს.

 

 

გლობალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა გააანალიზოს ის გლობალური პრობლემები და საკითხები, რომლებიც გეოგრაფიული ელემენტებისა და ადამიანთა ურთიერთქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. გლობალური დათბობა და ადამიანთა სივრცობრივი ცნობიერების ჰორიზონტების მკვეთრი გაფართოება ორი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი მათგანი სერიოზულ გამოწვევას უქმნის დედამიწის მოსახლეობას, ხოლო მეორემ რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. კვლევის ამ საფეხურზე საკვანძო კონცეპტს წარმოადგენს დედამიწის ისეთი ცნება, რომელიც მას ადამიანთა საცხოვრებელ სახლად, ანუ ადგილად გაიაზრებს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის გლობალურ დონეზე დედამიწა მოიაზრება როგორც ისეთი ადგილი და მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს და ამდენად, შესაძლებელს ხდის ყველა სახის ადგილისა და სივრცის არსებობას. ადგილსა და რეგიონს შორის არსებული დიალექტიკური მიმართება სინთეზირდება დედამიწის, როგორც ადგილის ცნებაში, რომელიც ყველა ადგილსა და რეგიონს მოიცავს და ერთგვარ ადგილთა ადგილად გვევლინება. ამრიგად, ფილოსოფიური გეოგრაფიის გლობალურ დონეზე დედამიწის, როგორც საცხოვრებელი სახლის ცნება საშუალებას გვაძლევს, დინამიკურ ურთიერთქმედებაში გავიაზროთ ადგილის, რეგიონისა და დედამიწის ცნებები. სივრცობრივი ჰორიზონტების გაფართოებამ ადამიანებს საშუალება მისცა,  ერთმანეთთან დაეკავშირებინათ განსხვავებული ადგილები და შეექმნათ რეგიონალური კონცეპტები. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ დრო და სივრცე შეკუმშა და დედამიწა „გლობალურ სოფლად“ აქცია.

თავის მხრივ, გლობალიზაცია იწვევს გლობალური ცნობიერების განვითარებას და გლოკალიზაციის თანამდევ პროცესებს. ეს პროცესები გავლენას ახდენს ადამიანთა იდენტობებზე და მათ მიერ გლობალური სივრცეების აღქმაზე. აღნიშნული საკითხები ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ ინტერდისციპლინურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა იკვლიოს.

ადგილისა და იდენტობის ცნებები ფილოსოფიური გეოგრაფიის სამივე (ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ) დონეზე საკვანძო მნიშვნელობისაა. ამიტომ, ადგილისა და იდენტობის ცნებები ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალურ ბირთვს წარმოქმნის. ლოკალურ დონეზე ადგილებისა და იდენტობების მიმართებები ინდივიდთა მიერ გეოგრაფიულ სივრცეში სოციალური სივრცის (რომელიც საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეებისგან შედგება) შექმნას უკავშირდება. რეგიონალურ დონეზე ხდება განსხვავებული ადგილების გაერთიანება გარკვეულ რეგიონალურ კონცეპტებში, რომლებიც მძლავრ ზეგავლენას ახდენენ იდენტობებზე. გლობალურ დონეზე ადგილისა და იდენტობის ცნებები უკავშირდება გლობალური სივრცის (დედამიწა, როგორც ადამიანთა საცხოვრებელი სახლი) ცნებას. ზემოთქმულის გათვალისწინებით შესაძლებელია, მოვახდინოთ ფილოსოფიური გეოგრაფიის ისეთი განსაზღვრება, რომელიც მისი კონცეპტუალური ბირთვის შემადგენელ ელემენტებზე იქნება ფოკუსირებული: ფილოსოფიური გეოგრაფია შეისწავლის ადგილებისა და იდენტობების ურთიერთქმედებას ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ ჭრილში.

 

გამოყენებული ლიტერატურა: გიორგი თავაძე – ფილოსოფიური გეოგრაფია ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი 2016

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი