პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა კლასში დაუმორჩილებელი მოსწავლე ზის

„ათი წელია, ერთსა და იმავე სახეებს ვხედავ. ყოველდღე. ოცდაათი წელია, მასწავლებელი ვარ. თქვენს მშობლებსაც ვასწავლიდი… მაგალითად, მამაშენს (სახელი). და რა შეიცვალა მას შემდეგ? შეიცვალა რამე? ვერაფერი გავუგე თქვენს თაობას. ჩემი გამოცდილების კაცი, წესით, უნდა იცნობდეს, მაგრამ თქვენთან არაფერი გამომდის. თქვენი სკოლაში ყოფნა ფულისა და დროის ფუჭი კარგვაა. ახლა მეც სულ ტყუილად ვკარგავ ძვირფას დროს. საერთოდ არ მისმენთ, არა? არ მისმენთ. არ გაინტერესებთ და რას მომისმენთ? თქვენ არასოდეს მისმენთ. ნეტავი საკუთარი სახეები დაგანახათ. თქვენი თაობა არასოდეს არავის უსმენს. რატომ მოვუსმინოთო, ფიქრობთ, არა? თქვენ ისეთი რთული და გაუგებარი ხართ, ამ რაღაც ახლებური უგემოვნო მუსიკითა და ტექნოლოგიებით, სინამდვილეში კი სიცარიელით. მინდა იცოდეთ, რომ შინაგანად არაფერი ხართ, საერთოდ არაფერი. ეს ყველაფერი, ეს… ზედაპირულია. სიცარიელე. საიდან ვიცი, (სახელი)? საიდან ვიცი, რომ თქვენთვის უცხოა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ზრდილობა, მანერები, მორალი? საიდან ვიცი? იქიდან, რომ ამ წკეპლის გამოყენება ისევ მიწევს. ორმოცი წლის წინ ამის გაგება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ხალხიც სხვანაირი იყო. უკეთესი. თქვენზე ბევრად უკეთესი. ძველ მოსწავლეს რომ ვხვდებოდი ქუჩაში, ერთად ვიცინოდით იმაზე, თუ როგორ ვსჯიდი მათ. თქვენგან კი რას ვიღებ? ბინძური, მუწუკიანი და საზიზღარი მოსწავლეებისგან, რომლებსაც არაფერი სჭირდებათ ცხოვრებაში? არ ვიცი, არაფერი ვიცი, უბრალოდ არაფერი ვიცი…

ასე რომ, სანამ უკეთეს გამოსავალს არ მივაგნებთ, მომიწევს თქვენი ცემა!“

ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის 1969 წლის ფილმ „კესიდან“ აღებული ეს ციტატა, თუ მოსწავლეთა სახელებს ბაჩოთი, საბათი, ლუკათი, ვატოთი შევცვლით, საქართველოს რომელიმე სკოლის საკლასო ოთახში ან დირექტორის კაბინეტში გამართული ცალმხრივი მასლაათის ნიმუშადაც გამოგვადგება.

ამ კონგენიალურ ფილმში უამრავი პლასტია, ერთმანეთზე უფრო ღრმა შრეები და პრობლემები, რაც მეშახტეების ქალაქში განვითარებულ ამბავს დინამიკურსა და საინტერესოს ხდის. არც კი ვიცი, რამდენჯერ მინახავს, რამდენნაირი თვალით შემიხედავს, მაგრამ იმ კუთხით, როგორითაც ახლა მინდა გავშალო, მასზე არასოდეს მიფიქრია.

კენ ლოუჩის ფილმის ფაბულა ასეთია: ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქში, დაახლოებით ისეთივე მურიანში, როგორიც ჩვენი ჭიათურაა, მაგრამ ნაკლებად ლამაზში, პატარა ბიჭი, კასპერი ცხოვრობს. ამ ქალაქში დაბადებულმა ადამიანმა ცნობიერების ჩამოყალიბების წუთიდანვე იცის, რომ ან უნდა გაექცეს ერთფეროვან რეალობას, ან იმუშაოს მაღაროში, სადაც სისხამ დილით, ნახევრად მძინარე წალასლასდები და საიდანაც გვიან ღამით, ცხოვრებაზე გაბრაზებული მოლასლასდები. იმუშაოს, სანამ ყველაფერთან შეგუებულს ერთადერთ სიამოვნებად უქმეებზე ლუდის ბარში ჯდომა და ჭორაობა არ ექცევა.

კასპერი უცნაური ბიჭია. როგორც ყველა მაგარი რეჟისორი, კენ ლოუჩიც სრულყოფილად გვაცნობს ამ პროტაგონისტს – ის არც რძის მოპარვას ერიდება, არც გაკვეთილებზე ძილს და არც მეკარეობისას ძელზე ცოცვას.

უყურადღებოდ და უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვისთვის ერთადერთი შვება მოშინაურებული კირკიტას წვრთნა და მასთან თამაშია. ამ უცნაური სიყვარულის წყალობით კასპერი ბიბლიოთეკიდან აწაპნილი წიგნის კითხვასაც კი დაიწყებს.

სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი ვერ დატოვებს გულგრილს, ცოტა გულჩვილებს კი სადღაც ბოლოსკენ იქნებ ცრემლიც მოადგეთ.

როგორც ზემოთ ვთქვი, კენ ლოუჩის ეს გენიალური ფილმი მრავალშრიანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრე კი საგანმანათლებლო სისტემის დრომოჭმულობაა. ვისაც „პინკ ფლოიდი“ ჰყვარებია, „კესის“ ნახვის შემდეგ უთუოდ გაახსენდება ამ ბრიტანული ჯგუფის ფილმი „The Wall” და მასწავლებლის ცნობილი სცენა, სადაც სახლში დაჩაგრული, მაგრამ სკოლაში დიდგული მასწავლებელი მოსწავლეს ლექსს თავზე გადაახევს. „ლექსი დაწერე? გესმით, ბავშვებო? კლასში პოეტი (ინტონაცია ისეთია, უფრო „გიჟპოეტა“ იგულისხმება) გვყოლია!“ კლასი იცინის.

კენ ლოუჩის ფილმშიც თითქოს განსაკუთრებით ცუდი არაფერი ხდება. კი, აქ არის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ვერრეალიზებული სპორტის მასწავლებელიც, რომელიც ბოღმას მოსწავლეებზე ანთხევს და ბავშვების სულამდე მიღწევის მოწადინე სამოქალაქო განათლების მასწავლებელიც, რომელიც, როგორც ყველა ამ ფილმში, არცთუ იდეალურია. მაგრამ ეს გმირები ისეთივე ნამდვილები არიან, როგორებიც არიან მასწავლებლები თუნდაც აქ, 21-ე საუკუნის 10-იანი წლების თბილისში, სადაც ამ წერილს ვწერ.

აქამდე, რამდენჯერაც ეს ფილმი მინახავს, მაღაროელობის არმოსურნე პატარა კასპერის თავგადასავალი მეგონა მთავარი სიუჟეტური ხაზი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ამბის მთავარი სათქმელი ის გაუცხოებაა, რომელიც საზოგადოების ყველაზე ახლობელ წევრებს – მშობელსა და შვილს, ძმებს, მეგობრებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სუფევს. ამ ფილმში ერთმანეთისა მხოლოდ შევარდენს და მის მომთვინიერებელ ბიჭს ესმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბუნებისა და ჯიშისა არიან. ამ ბაბილონის გოდოლივით არეულ საზოგადოებაში მხოლოდ ეს ორი არსება ახერხებს გულწრფელ თანაცხოვრებას.

წერილის დასაწყისში მოყვანილ სიტყვებს დირექტორი ამბობს. ფილმში ის თითქოს ერთი უჟმური და გაბოროტებული კაცია, ბავშვები რომ ეზიზღება, მაგრამ კარგად რომ დააკვირდები, სულ სხვანაირი აღმოჩნდება. არ ვიცი, მერამდენე ნახვისას მივხვდი, როგორ იტანჯება ეს კაცი, როგორ ცდილობს, სკოლაში ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს. როგორ იტანჯება, როდესაც ხმამაღლა კითხულობს სახარებას, ბავშვებს კი ეძინებათ ან ეცინებათ. მისი გულწრფელი აღსარება-მონოლოგიც იმას მოწმობს, რომ არ გამოსდის, უბრალოდ არ იცის როგორ ელაპარაკოს ახალ თაობას, რომელიც სრულიად გაუცხოებია.

თანაკლასელებისგან დამცირებული კასპერი ახალგაზრდა მასწავლებელს, კითხვაზე, რატომ გჩაგრავენო, პასუხობს:

„- არ ვიცი სერ. თითქოს არც სხვაზე უკეთესი ვარ და არც უარესი. მანამდე ბანდაში ვიყავი და გამოვედი. პოლიცია კი, თუ რამე დაიკარგა, პირველი მაინც მე მომადგება ხოლმე.

– რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს?

– მაგალითად, დღესაც უსამართლოდ დამსაჯეს, სერ. გაკვეთილზე დავჯექი და ჩამეძინა. დილით ექვსზე ვდგები, სერ, რომ გაზეთები დავარიგო, მერე სახლში გავრბივარ, რომ ვნახო, ჩიტი როგორაა. ვიღლები. თქვენც ხომ დაიღლებოდით, სერ?

– ნამდვილად. მერე?

– მასწავლებლებს კიდევ საერთოდ არ ვაინტერესებთ. სამიანებს რომ ვიღებთ, იდიოტები ვგონივართ, თან სულ საათზე იყურებიან, რომ დროზე მოგვიშორონ თავიდან და სახლში გაიქცნენ.

– რა სამსახური გინდა გქონდეს, კასპერ?

– სულერთია, სერ, რაშიც ფულს გადამიხდიან“.

სინამდვილეში კასპერისთვის ფული მესამეხარისხოვანია, რადგან ჯერაც ბავშვია. ისეთივე ბავშვი, როგორიც თბილისის ქუჩებშიც შეიძლება შეგვხვდეს და ცხვირი ავუბზუოთ, რადგან მაწანწალაა, დაუბანელი და ცუდი მანერების პატრონი. ასეთი მოსწავლე რამდენი გვყოლია. რამდენი გვყავს. მოსწავლე, რომელსაც ვერ ვთოკავთ. ისე ვერ ვმართავთ, როგორც გვინდა. არ გვიჯერებს, ერთს ვეუბნებით და მეორეს აკეთებს. სხვა ბავშვებს ეჩხუბება. გაკვეთილებზე სძინავს, დავალებას არასოდეს ასრულებს და სხვა.

მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ჰეკლბერი ფინია.

სწორედ ასეთ ჰეკლბერებს, ტომ სოიერების გვერდით რომ ცხოვრობენ და სწავლობენ კიდეც, შეიძლება ისეთი საოცარი, შევარდენივით თავისუფალი სული ჰქონდეთ, როგორიც კასპერს აქვს.

ყველა მასწავლებელს ვთხოვდი, ეფიქრა ამაზე.

იქამდე მაინც, სანამ ასეთი ბავშვების სწორად აღზრდისთვის რამე უკეთესს არ მოვიფიქრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი