ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეტი დრო გარემოზე დაკვირვებისთვის

 

გაზაფხულის წვიმიან ამინდებში ბოტებს ვიცვამთ ხოლმე და ახლო-მახლო რომელიმე პარკში მივდივართ ლოკოკინების საძებრად. დასვენების დღეებში აივანზე ვზივართ და ჩიტების ხმებს ვუსმენთ. სეირნობისას ვცდილობთ, უცხო ქუჩებზე აღმოვჩნდეთ და იქ ვიპოვოთ რაიმე საინტერესო: ორნამენტი კედელზე, წარწერიანი ქვის ფილა რომელიმე სახლის შესასვლელთან ან ისეთი სახლი, “ზღაპრების წიგნებში რომ ხატავენ”.

 

ჩვენი გამოგონილი გასართობები ბავშვებს ამხიარულებს, მე კი მეხმარება მარტივად ავუხსნა ისეთი ამბები, რომლებიც მგონია, ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს. მაგალითად, ის, რომ ურბანული გარემო გაცილებით ხმაურიანი და შემაწუხებელია და თუ გინდა, აქ გადარჩე, აუცილებლად უნდა გამონახო დრო ბუნებასთან სიახლოვისთვის – იქნება ეს ლოკოკინების ძებნა, ყვავილების მოვლა თუ ფეხით ტყეებში სიარული. რომ მუსიკა ბევრნაირია და სმენის ვარჯიში ჩიტების ხმების დიფერენციაციით და გამეორებითაც შეიძლება. რომ ბუნება ყველაზე კარგი მხატვარია და ამაში დასარწმუნებლად ფრინველების ბუმბულების ფერების შეთანხმებაც კი გარწმუნებს. რომ ზოგჯერ, როცა უღრან ტყეში ან ტრიალ მდელოზე მარტო აღმოჩნდები, შენი თავი შენვე უნდა გაართო, შენ უნდა დააყენო სწორ გზაზე და შენ უპატრონო მას. რომ ცხოვრება ხშირად გაყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უღრან ტყეში ან ტრიალ მდელოზე მარტო ყოფნას ჰგავს და ამისთვის სჯობს, მზად იყო. სჯობს შენი თავის რწმენა და შენი ძალების გამოყენების უნარები გქონდეს.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ზოგჯერ ცხოვრება ისეთ წვიმიან დღეებს ემსგავსება, რომლებსაც ბოლო არ უჩანს, ან ისეთ ქარიშხალს, რომელიც გგონია არასოდეს ჩადგება, ხალხი კი შენ გარშემო შეიძლება ისე ხმაურობდეს, როგორც გაფუჭებული მუსიკალური საკრავი ცუდი ფლეილისტით, შიშინა ხმით და დაკარგული გამოსართავით. ასეთ შემთხვევებში ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, იმის ცოდნაა, რომ ბოლოს მზე გამოდის, ქარი დგება და ცუდ ხმაურს თუ ვერ გაეცლები, ყურადღება არ უნდა მიაქციო.

 

ამას წინათ ერთი კარგი წიგნი შემომეკითხა, რომელიც მგონია ბავშვებთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა: „რა შეემთხვა ძაღლს ღამით და სხვა უცნაური ამბები“ ჰქვია და პატარა ბიჭზეა, რომელიც მამასთან ცხოვრობს და აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ეს ბიჭი ამბობს; ზოგჯერ, როცა ხალხმრავალ ადგილას ვხვდები და ბევრი ხმები მესმის, გონებაში წითელ ხაზს ვავლებ ხოლმე, რომელმაც ა პუნქტიდან ბ პუნტამდე უნდა მიმიყვანოს და იმ ხაზს მივყვები, რომ გარშემო არსებულმა ხმაურმა და ხალხმა თავგზა არ ამიბნიოს, არ დამკარგოს და არ შემყლაპოსო. გადასარევი მეთოდია. ზარმაცების და სკეპტიკოსების ხმებს ვახშობ ხოლმე ეგრე, ჭრის.

 

ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ იმაზე კარგად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა და საკუთარი პოზიციის დაცვა, ვიდრე მე შემეძლო სკოლის დამთავრებისას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩემზე არავინ ამბობდა, თვითგამოხატვის უნარების ნაკლებობას განიცდისო. ვცდილობ, მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, მაგრამ ჩემი არსებობა სულს არ უხუთავდეთ, არ აწუხებდეთ და არ აშინდებდეთ. მინდა, თვითონ წყვეტდნენ, გარეთ ყოფნისას სად აცოცდნენ, სად წავიდეთ, ვის რაზე ელაპარაკონ, რა ჩაიცვან, რა წიგნი აირჩიონ მაღაზიასა თუ ბიბლიოთეკაში, რას მოუსმინონ და ვინ ნახონ. როგორც წესი, აუცილებლად გვხვდება ვინმე, ვინც ეუბნება, რომ ჩამოვარდებიან იქიდან, სადაც აცოცდნენ; დაიკარგებიან, თუკი დედას ხელს არ მოჰკიდებენ; დაეცემიან, თუკი სწრაფად იქროლებენ და ასე უსასრულოდ. ვუყურებ ხოლმე და ვახსენებ წითელ ხაზებს, რომლებსაც უნდა მისდიონ, როგორც ის პატარა ბიჭი მისდევდა, როცა გარშემომყოფები აწუხებდნენ და ვეუბნები, რომ გარემო მარტო ხეები, ლოკოკინები, უღრანი ტყეები და ჩიტების ჭიკჭიკი არ არის. გარემო ის ადამიანებიცაა, რომლებიც ყველგან გვხვდებიან. ზოგი მოგვწონს, ზოგი არა და მათით შეწუხებულ ან მოხიბლულ ყოფნას შესაძლოა სჯობდეს მათზე დამკვირვებლები ვიყოთ და ვითამაშოთ გამოცნობანა, რატომ ეშინიათ სხვების ყოჩაღი შვილების მაგივრად, როცა შეუძლიათ თავიანთ შვილებს ეთამაშონ ან ელაპარაკონ; რატომ თვლიან თავიანთ საქმედ მისცენ შენიშვნა ბავშვს, რომელიც არაფერს, საერთოდ არაფერს არ უშავებს; რატომ სჭრით ყურს მათი ომახიანი პასუხები და თვალს მათი სწრაფი ქროლვა და ხმამაღალი სიცილი. ამ ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს.  ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ უფროსების უმეტესობამ რთული, მძიმე, არათავისუფალი და თავზარდამცემი წლები გამოიარეს, რომლებიც ისეთივე თავზარდამცემი იყო, როგორც ქარიშხალი, რომელიც გგონია, არასოდეს ჩადგება და ისეთივე გულისგამაწვრილებელი, როგორც წვიმიანი დღეები, როცა გგონია, რომ აღარასოდეს გამოანათებს მზე. მათთვის, სავარაუდოდ, არავის უთქვამს, იქროლე, ცხვირი ჰაერის ნაკადს შეუშვირე და ყველაფერი ცუდი უკან დაგრჩებაო; არავის უთქვამს, სხვებს ნუ მოუსმენ, წითელი ხაზები დახატე და იმათ მიჰყევი, მიზანს რომ მიაღწიოო; არავის უსწავლებია, მაღლა რომ ახვალ, სანამ ქვემოთ ჩამოხვალ, ზემოთ აიხედე, კიდევ უფრო მაღლა ხომ არ შეგიძლია ასვლაო.

 

მგონია, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი დრო გარემოზე დაკვირვებისთვის, ჩვენთვის სასიამოვნო საქმეების პოვნისთვის, გადარჩენის მეთოდების მოფიქრებისთვის და გარშემომყოფების შესწავლისთვის – და თუ ადამიანები ამაზე ვარჯიშს პატარაობიდანვე დაიწყებენ, ნაკლებად შეწუხდებიან სხვებით და მეტად შეძლებენ ცხოვრებისთვის იმ დროის გამოწიწკვნას, რომელიც დილაობით ჩიტების მოსმენას ან გაზაფხულობით ლოკოკინების ძენბას სჭირდება წვიმიან პარკებში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი