პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ax2+bx+c=გადაუხადე სხვას

თუ ვინმესი გულწრფელად მშურს, ეს პროფესიონალი მუსიკოსები და მასწავლებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თავადაც ვასწავლი, მიმაჩნია, რომ ნამდვილი პედაგოგი მაინც ვერ გავხდი და ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, მხოლოდ მადლიერების გამოხატვის მცდელობაა იმ რამდენიმე მასწავლებლის მიმართ, რომელმაც – იქნებ დაუფიქრებლად, მაგრამ მაინც – პიროვნებად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მე ნამდვილი 90-იანელი ვარ. აი, იმ თაობისა, გაკვეთილებზე შეშა და ნავთი თავად რომ მიჰქონდა, საერთო მოხმარების სახელმძღვანელოები ჰქონდა და დენის მოსვლისას შუა გაკვეთილზე ყიჟინას დასცემდა ხოლმე. ომებს აღარც ვახსენებ. ომები ლამის ყველა იმ თაობამ გამოვიარეთ და ვნახეთ, ვინც ჯერაც ცოცხლები ვართ.

და იმ პერიოდში, იმ რთულ და ავად სახსენებელ პერიოდში, მე მყავდა მასწავლებლები, რომლებიც, ახლანდელი გადმოსახედიდან, გმირები იყვნენ, მაშინ კი უბრალოდ უცნაურ ადამიანებად მეჩვენებოდნენ.

ერთი ასეთი კაცი ზაურ გოგრიჭიანი იყო. მოსწავლეები მოფერებით ჯუდოს ეძახდნენ. არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს მეტსახელი, მაგრამ მახსოვს, რომ სწყინდა და ამიტომ მხოლოდ ზურგს უკან ვეძახდით ასე: ჯუდო!

სანამ მთავარ ამბავს მოვყვები, ის უნდა გავიხსენო, რომ სადღაც მეოთხე კლასში ექიმობა ავიკვიატე. ცხადია, ეს მაშინდელი საერთო ფონის ამბავი იყო: ოჯახში „დოხტური“ თუ არ გყავდა, არ ივარგებდა. ოჯახის ნათესავ-მეგობრებიც ხომ მხარზე ხელის მოთათუნებით წაახალისებენ ხოლმე ასეთ „არჩევანს“ – აბა რა, შვილო, კარგი პროფესიაა, შემოსავლიანიც და პრესტიჟულიცო. მთელი ბავშვობა, ბარე მეათე კლასამდე, ვამტკიცებდი: ექიმი უნდა გამოვიდე, ბიოლოგიის და ქიმიის გარდა არაფერი მჭირდება, რეცეპტს როგორმე გამოვწერ, ამიტომ სხვა საგნებზე დროის ხარჯვა ფუჭი ამბავი მგონია-მეთქი. არ ვიცი, ეს თავდაცვის მექანიზმი იყო იმის გამო, კვადრატულ განტოლებას რომ ვერ ვხსნიდი მეათე კლასამდე და ქართულში 3-იანზე მაღალი ნიშანი არასოდეს მქონია თუ რა, მაგრამ რაღაცნაირად ასე კი აეწყო – ქიმია და ბიოლოგია მართლა განსაკუთრებულად მიყვარდა. არასოდეს მეზარებოდა ამ ორი საგნის სწავლა, მეტიც – არც დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ქექვა. დაავადებათა სიმპტომატიკის შესახებ არსებული ყველა წიგნი, რომელზეც კი იმ დროისთვის ხელი მიმიწვდებოდა, დაკონსპექტებული მქონდა და როგორც მომავალი „პროფესიონალი“, განსაკუთრებული კარიერისთვის ვემზადებოდი, მანამდე, სანამ ჭიანაწლავის ოპერაცია არ დამჭირდა, ექიმმა მამაჩემს არ უთხრა, სანამ ნარკოზის ფულს არ მოიტანთ, ვერ გავკვეთთო და ისიც შუაღამისას კისტრისტეხით არ გავარდა 50 დოლარის სასესხებლად. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ასე არასოდეს არაფერზე ამცრუებია გული. პალატაში წოლისას სრული ფრუსტრაციის განცდა მქონდა. იმ ღვთისმსახურივით ვიყავი, უცებ ღმერთის არსებობაში ეჭვი რომ შეეპარება და იმედგაცრუებულს იმის დაშვებისაც კი მეშინოდა, რომ 17 წლის ასაკში, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის „მომზადებულს“, უარი უნდა მეთქვა პროფესიაზე, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.

მშობლები თავისუფლად მზრდიდნენ. ჩემს ახალ აკვიატებას, რომ სამედიცინოზე აღარ ჩავაბარებდი, მშვიდად შეხვდნენ და გადაწყდა, მომდევნო წლისთვის მათემატიკაში მოვემზადებინეთ, საგამოცდო საგნებს იმ წელს რომ დაემატა. როგორც ხდებოდა და ახლაც ხდება, გაიკითხ-გამოიკითხეს და ფასისა და ხარისხის შეფარდებით ზაურ გოგრიჭიანი აირჩიეს. მკაცრი და უცნაური კაციაო, მახსოვს, გვითხრა მისმა რეკომენდატორმა. უცნაურობა კი იმით გამოიხატებოდა, რომ ყველას არ ამზადებდა. წინასწარ გაესაუბრებოდა ბავშვს და გადაწყვეტდა, აიყვანდა თუ არა.

ჯუდოს ამბავი მეც გავიკითხ-გამოვიკითხე და დავასკვენი, რომ მართლა უცნაური კაცი იყო. ამდენი ლეგენდა მასწავლებელზე არასოდეს მსმენია.

„ერთხელ თურმე მოსწავლე მეცხრე სართულიდან ფეხებით გადაკიდა, თუ არ ისწავლი, გადაგაგდებო!“ – ცოტა შეშინებული კილოთი მითხრა ჩემმა მეგობარმა გიორგი ხარაიძემ, ვისთან ერთადაც ვიჯექი და კარებს ვუყურებდი, საიდანაც ჩვენს შესამოწმებლად ზაურ გოგრიჭიანი უნდა შემოსულიყო.

ზაური მაღალი, მხნე აღნაგობის კაცი იყო, წარმოშობით ზემო რაჭიდან, სოფელ ღებიდან. ღებელებზე ის ვიცი ჩემი ჯუდოსგან, რომ ამ მაღალმთიან სოფელში, სადაც უმკაცრესი კლიმატია, 17 აკადემიკოსი დაიბადა და, საზოგადოდ, ყველა იქაურს განსაკუთრებული ნიჭი აქვს ჰავის თავისებურების გამო. ყველაზე უცოდინარი მე ვარო, დაამატებდა ზაური და ამოიოხრებდა ხოლმე, და ეს ამოოხვრა, დანამდვილებით ვიცი, სოფლის მონატრება იყო.

დღევანდელ დღესავით მახსოვს: სამნი ვიყავით ჩემს ბინაში, მეთექვსმეტე სართულზე. ლიფტი არ მუშაობდა და მასწავლებელმა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, არასოდეს იგვიანებდა, ზუსტად სამი წუთი დააგვიანა. დინჯად შემოვიდა ოთახში და სამივეს დაგვაკვირდა.

მე, გიორგი და იოსები ვისხედით და შევყურებდით ლეგენდარულ კაცს, რომელმაც ერთ ჩემს უბნელ ბიჭს ისე შეაყვარა მათემატიკა, ეს უკანასკნელი სამი წელი უმაღლესი ქულებით აბარებდა სხვადასხვა უნივერსიტეტში (გამოცდის პროცესი მომწონსო), ისე რომ, საქართველოში იმ დროს არსებული ყველა მთავარი სასწავლებლის სტუდენტი ერთხელ მაინც გახდა.

ჰოდა, ვისხედით და შევყურებდით ამ კაცს, რომელსაც სათვალის მიღმა ცისფერი, ბრიალა თვალები და ძალიან, ძალიან მანერული მეტყველება და მიხრა-მოხრა ჰქონდა. იოსებმა, ასევე ჩემმა კლასელმა, მითხრა, მე კი ამიყვანს, შენ რა გეშველება, კვადრატულ განტოლებასაც ვერ ხსნიო. ჩემთვის სულერთია, არც მათემატიკა მაინტერესებს და არც უმაღლესში ჩაბარება, ჯარში მივდივარ-მეთქი, ვუპასუხე.

ჯუდომ შეგვამოწმა, იოსებს უარი უთხრა მომზადებაზე, მე და გიორგი აგვიყვანა და დავიწყეთ.

პირველი სამი გაკვეთილი „მოსარჯულებელი“ ბრძოლა იყო. ცხადია, ფანჯარას სათოფეზე არ ვეკარებოდი – მეთექვსმეტე სართული იყო მაინც. მეოთხე გაკვეთილზე კალამი მაგიდას დაჰკრა და ჯერ ცხარედ, მერე კი ძალიან დინჯად მითხრა სიტყვები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება: „გურამ, შენ ხარ ძალიან მაგარი მათემატიკოსი. იმდენად მაგარი, რომ შეგიძლია, ფერმას დიდი თეორემაც კი ამოხსნა. მეტიც: ამ ცხრა თვეში, რაც გამოცდებამდე დაგვრჩა, არათუ ჩააბარო, არამედ შეუსწორო კიდეც პროფესორს, რომელიც განტოლების ამოხსნის არასწორ, რთულ გზას შემოგთავაზებს. ნუ იბრძვი, ირწმუნე საკუთარი თავის და გამომყევი“.

აი, ეს მითხრა ტიპმა, რომელიც აბიტურიენტებში ჯონ ლენონზე პოპულარული იყო. წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, სტიგ ლარსონის წიგნის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ კითხვისას გავიგე, რომ ფერმას დიდი თეორემა თურმე ორი წლით ადრე ამოუხსნია ენდრიუ უაილზს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ზაურის სიტყვებმა ისე გამამხნევა, უმაღლეს მათემატიკაში გამოცდა უმაღლესი ქულით ჩავაბარე.

მარტივად დავწერე, აი, ცურვა რომ იცი და კი არ ფიქრობ, როგორ იცურო, უბრალოდ მიცურავ, ისე დავწერე.

აღმოჩნდა, რომ აქამდე უინტერესო საგანი ყველაზე მეტად შემიყვარდა. ორი რამის გამო შემიყვარდა: პირველი – გავიგე, დავინახე, შევიგრძენი, მოვისმინე მათემატიკა და მეორე – მასწავლებლის შრომას ვაფასებდი, მთელი ცხრა თვე რაღაც გროშებისთვის ჩემ სახლამდე – კილომეტრს, მერე კი მთელ 16 სართულს ფეხით რომ ამოივლიდა და 6, 7, ხანდახან 10 საათიც კი მათემატიკაზე მელაპარაკებოდა. მრცხვენოდა, ასეთი მცირე თანხის საფასურად ამდენს რომ შრომობდა ჩემთვის. მისი სიმკაცრეც ურბანული ლეგენდა აღმოჩნდა – თუ ვჩხუბობდით, ვჩუბობდით ზუსტად ისე, „შერეკილებში“ ერთაოზი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი რომ ჩხუბობენ.

„მე თვითონ მოვალ თქვენთან, პატივცემულო (გულში კი ვამატებდი: „ჯუდო“), ამხელა გზაზე ფეხით რომ არ იაროთ!“

აქამდე მოსასვლელად ოცდასამი წუთი მჭირდება. შენ ახალგაზრდა ხარ, ჩვიდმეტ-თვრამეტ წუთში მოხვალ, მაგრამ გზაში ვინმე შეგხვდება, იქ ბირჟაზე შეგაყოვნებენ, აქ გოგოს გააყოლებ თვალს, სადღაც წაიზანტებ და ნახევარ საათს დაკარგავ, ამ დროში კი ნორმალური ადამიანი ერთ-ორ კაი საინტერესო განტოლებას ამოხსნისო, მპასუხობდა.

მუსიკა, რელიგია, ლიტერატურა, ასტრონომია, გეოგრაფია, კულინარია თუ ნადირობა – რაზე არ გვილაპარაკია ჩვენ სამს: მე, გიორგის და ზაური მასწავლებელს. არც მახსენდება ჩემი ცხოვრების უფრო საინტერესო მონაკვეთი, ვიდრე ეს ცხრა თვე იყო, როცა ათსაათიანი მეცადინეობის შეუალედებში ფიზიკის ამოცანებით „ვისვენებდით“.

სწორედ ზაურ გოგრიჭიანის, ამ იშვიათი პედაგოგის გამო ვცადე მასწავლებლობა. ვფიქრობ, მისთვის მადლობის გადახდას აზრი არ აქვს, ვერც მოვახერხებ. თუ ერთი ჩემსავით მადლიერი მოსწავლე მაინც ვიპოვე, მიზანი ალბათ მიღწეული იქნება და ეს გზა, ეს ტრადიცია, ეს უხილავი კავშირი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არ გაწყდება.

მე სხვას გადავუხდი მადლობას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი