როგორ გავუმკლავდეთ დისპრაქსიას, ანუ განვითარების კოორდინაციულ დარღვევას

დისპრაქსიას (განვითარების კოორდინაციულ დარღვევას) ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან აკავშირებენ. იგი განიხილება სწავლის სირთულედ, რომელსაც მოტორული დეფიციტი განაპირობებს. დისპრაქსია კომპლექსურ სირთულედ მიიჩნევა. ის უმეტესად ვლინდება ხელწერის, ჩაცმის, თამაშის და სხვ. თავისებურებებში. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დისპრაქსია აქვს, განსხვავებულად (ან სულაც ვერ) ცეკვავს, ვერ თამაშობს ჰულაჰუპით, ვერ დგას გორგოლაჭებზე და სხვ. დისპრაქსია ვლინდება მეტყველების თავისებურებაშიც. ახასიათებს არტიკულაციის პრობლემებიც: დისპრაქსიის მქონე ბავშვები ზოგჯერ მეტისმეტად ხმამაღლა ან მეტისმეტად ხმადაბლა, მეტისმეტად სწრაფად ან მეტისმეტად ნელა მეტყველებენ.
დისპრაქსიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მეხსიერებისა და ფოკუსირების სირთულეც. მათ უჭირთ აქტივობების დაგეგმვა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ ტვინს არ შეუძლია ფიზიკური მოძრაობისა და სხეულის კუნთების კორდინირებულად ამუშავება. თუმცა დისპრაქსიის წარმოშობის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორებსა და გოგონებთან შედარებით, დისპრაქსიის შემთხვევების ბიჭებში მეტ გავრცელებაზე, ისევე როგორც დისლექსიისა და დისპრაქსიის თანარსებობაზე. კვლევები ცხადყოფს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების 53% დისპრაქსიის მატარებელია .
გამოიყოფა დისპრაქსიის ოთხი ტიპი:
1. ორომოტორული (პირის მოძრაობითი), რომელიც ბავშვს სიტყვების წარმოთქმაში უშლის ხელს;
2. კონსტრუქციული (მიმართებითი), რომელიც სივრცესთან ურთიერთობის დარღვევით ვლინდება;
3. აზროვნებითი, რომელიც იწვევს თანმიმდევრული მოძრაობების შეფერხებას;
4. იდეომოტორული, რომელიც ცალკეული ამოცანების შესრულების უუნარობით გამოიხატება.
დისპრაქსიის ნაადრევი შემთხვევები 1-2 წლის ასაკშიც გვხვდება. დიაგნოზი 5 წლამდე არ დაისმის – მაშასადამე, ასაკამდე, ვიდრე კოორდინაციული სირთულეების დაკავშირება შესაძლებელია კუნთების ძალასთან და არა რომელიმე ნევროლოგიურ მდგომარეობასთან.
ამრიგად, დისპრაქსიას ახასიათებს:
 ენა-მეტყველების სირთულე;
 მოძრაობისა და კოორდინაციის სირთულე;
 წონასწორობის დაცვის სირთულე;
 მოტორული დაგეგმვის პრობლემები;
 თვალისა და ხელის კოორდინაციის სირთულე;
 ნატიფი მოტორული მოქმედებების განხორციელების სირთულე;
 საკუთარი ქცევისა და ნივთების ორგანიზების სირთულე;
 სირთულე სოციალურ უნარებში.

როგორ დავეხმაროთ დისპრაქსიის მქონე ბავშვებს
გამოხატულ სიმპტომთა ფართო სპექტრის გამო დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობა შეიძლება უიმედო გამოცდილებად გვეჩვენებოდეს, თუმცა დისპრაქსია არ არის ინტელექტუალრი დარღვევა. ის მხოლოდ ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადაადგილებისა და კოორდინაციის ცვლილებებს იწვევს, ინტელექტზე გავლენას კი საერთოდ არ ახდენს .
ამიტომ არის, რომ დისპრაქსიის მქონე ბავშვები სწავლის ნიჭსა და მაღალ უნარებს ავლენენ თავიანთ მეწყვილეებსა თუ სხვა თანაკლასელებთან ურთიერთობისას. უბრალოდ, დროდადრო ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მთავარი, რაც დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობისას მოგვეთხოვება, მაღალი შეგნებაა. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, რომლითაც ბავშვს დავეხმარებით თავისი შესაძლებლობების სრულად დანახვასა და გამოვლენაში.
სწავლის უნარის დარღვევის სხვა გამოვლენათაგან (დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია) დისპრაქსია ბავშვებში ზოგადი ნიშნებით ვლინდება და ის მოსახლეობის 6-10%-ისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვს დისპრაქსიამ შეიძლება პრობლებები შეუქმნას წერის ან იმგვარი დავალების შესრულებისას, რომლის დროსაც ნატიფი მოტორიკის, დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარების გამოვლენაა საჭირო.
რეკომენდაციები მშობლებისთვის:
• თხრობითი უნარების გასაძლიერებლად ესაუბრეთ მთელი დღის შესახებ.
• დაუნაწევრეთ მოქმედებები ცალკეულ ნაბიჯებად.
• ხშირად გაუმეორეთ ყოველდღიური რუტინის წესები, როგორიცაა ჩაცმა, საუზმობა და ა. შ.
• ბავშვებისთვის, რომლებსაც დისპრაქსიის ნიშნები აღმოაჩნდებათ, უმნიშვნელოვანესია ენისა და მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპია .

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის :
 არ მიაკრათ ბავშვს „ამრევის“, „ჩამორჩენილის“, „ნელის“ ან სხვა ტიპის იარლიყი!
 შეიძლება, დისპრაქსიის მქონე ორი ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავდეს. ამდენად, ნუ გექნებათ მათ მიმართ თანაბარი მოლოდინი.
 დისპრაქსიის მქონენი ზოგჯერ ძალიან მოუსვენრობენ, უჭირთ მერხის პირდაპირ ჯდომა, ზოგჯერ დავალებებს კარგავენ, თარიღებსა და შესასრულებელ ამოცანებს ერთმანეთში ურევენ. ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ.
 დაანახეთ, გააზრებინეთ სირთულის მიზეზი, საფუძველი.
 მყისიერად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება და ამით აჩვენეთ გულისხმიერება.
 ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და მისი ნათქვამის უკეთ გასაგებად შეეცადეთ, ნათქვამი ემოციასთან დააკავშიროთ.
 წარმატების მისაღწევად გაუმარტივეთ, მოკლე ნაბიჯებად დაუნაწევრეთ შესასრულებელი ამოცანა.
 სოციალური უნარების განსავითარებლად სხვებთან ერთად ათამაშეთ როლური თამაშები.
 აუცილებელია გარემოს აკომოდაცია. სკამის ფეხებზე შეიძლება რეზინის დამაგრება, რათა ფეხების შემოწყობა შეძლოს.
 დასვით წინა მერხზე, ოღონდ კარისა და ფანჯრებისგან მოშორებით, ისე, რომ დაფას პირდაპირ უცქერდეს.
 თუ ჩვეულებრივი კალმით წერა უჭირს, დაე, მისთვის მოხერხებული ფანქრით წეროს.
 აუცილებლად ასწავლეთ ბეჭდვა. 7 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ბეჭდვას კლავიატურაზე ცქერის გარეშე ეუფლებიან. დისპრაქსიის მქონე ბავშვს ეს კოორდინაციის პრობლემას მოუხსნის.
 დისპრაქსიის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ხელნაწერი დავალების ნაცვლად კომპიუტერზე აკრეფილის წარმოდგენა შევთავაზოთ.
 საგაკვეთილო პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ 2-3-წუთიანი ვარჯიში/ენერჯაიზერი, მაგალითად, ასეთი:
მზეს ავხედეთ (თავი ზემოთ),
ზღვას ჩავხედეთ (თავი ქვემოთ),
ცას შევხედეთ (თავი ზემოთ),
გზებს გავხედეთ (თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ),
ავიზიდეთ (ხელები ზემოთ),
გავიშალეთ (ხელები განზე),
გავიბადრეთ
და დავსხედით.
ამგვარი მიდგომებით ყველა ბავშვს ერთნაირად წავახალისებთ, შევაყვარებთ სწავლას და, იმავდროულად, ადრეული ასაკიდანვე განვუვითარებთ წიგნიერების უნარებს.

 

გამოყენებული რესურსები:
1. http://www.skillsforaction.com/DCD-and-dyspraxia
2. https://www.readandspell.com/difference-between-dyslexia-and-dyspraxia
3. http://www.ldonline.org/calendar/ld
4. https://www.youtube.com/watch?v=h6tplQ3Kac4
5. https://www.youtube.com/watch?v=zidXDVfdGms
6. https://www.readandspell.com/how-to-help-a-child-with-dyspraxia-in-the-classroom

კომენტარები

comments