პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ აღვზარდოთ ორენოვანი ბავშვი

თქვენი ბავშვებისათვის ორენოვნებს (ბილინგვიზმს) მათი ცხოვრების გამრავალფეროვნება შეუძლია.
სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად გლობალიზებული და მრავალფეროვანი ხდება, ერთზე მეტ ენაზე საუბრის უნარი შესაძლოა სასურველი თვისება იყოს, მით უმეტეს, რომ ბილინგვიზმი სოციალურ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ უპირატესობებს იძლევა. ამერიკელების 80 პროცენტს სჯერა, რომ ბავშვები კარგად უნდა დაეუფლონ მეორე ენას საშუალო სკოლის დასრულებამდე. თუ თქვენც გსურთ ორენოვანი ბავშვის აღზრდა, ქვემოთ მოცემულია მტკიცებულებებზე დამყარებული შვიდი რჩევა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს ორი ენის წარმატებულ ათვისებაში. ზოგიერთი რჩევა უფრო მიესადაგება მათ, ვინც თვითონ უკვე ფლობს ორ ენას, სხვები კი მათთვის იქნება გამოსადეგი, ვინც მეორე ენას არ ფლობს.

1. დაეუფლეთ მეტ ენას

 

ბავშვების მიერ მიღებული ენობრივი ინფორმაციის რაოდენობა განსაზღვრავს მათი ენობრივი მარაგისა თუ გრამატიკის განვითარებას. რაც მეტია ინფორმაცია, მით მეტია ალბათობა ენის წარმატებით ათვისებისა. მაგალითად, ბავშვებს, რომელთაც ბევრი სიტყვა ესმით, უფრო დიდი ენობრივი მარაგი აქვთ.

  1. გაზარდეთ ენის ცოდნის ხარისხი

 

ენობრივი ინფორმაციის ხარისხი ასევე ახდენს გავლენას ბავშვის ენობრივ განვითარებაზე. აღმზრდელებთან პირისპირ წამახალისებელი საუბრები მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებს ენის ათვისებაში. მაგალითად, ბავშვებისთვის წიგნის კითხვა ხელს უწყობს ენობრივ განვითარებას, ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია კი – არა. დაბალხარისხიანი სატელევიზიო გავლენა, როგორც წესი, ასოცირდება ორენოვანი ბავშვების მწირ ენობრივ მარაგთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ პირისპირ საუბრებს, და შეარჩიოთ საგანმანათლებლო ან მაღალხარისხიანი საბავშვო სატელევიზიო პროგრამები.

  1. დაიხმარეთ ოჯახი და მეგობრები

ენობრივი ინფორმაციის მრავალფეროვნება ენობრივი ზრდის კიდევ ერთი წინაპირობაა. მრავალენოვან მოსაუბრესთან რეგულარური კავშირი ზრდის ბილინგვურ უნარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნათესავებთან, ბებია-ბაბუასთან, უცხო ენების მცოდნე მეგობრებთან ურთიერთობა სასარგებლოა ბავშვების ენობრივი განვითარებისთვის.

 

  1. შეარჩიეთ სტრატეგია, რომელიც უკეთ მიესადაგება თქვენს ოჯახს

ოჯახის პირობების გათვალისწინებით, თქვენი შვილისათვის ორენოვანი გარემოს შექმნის მრავალი გზა არსებობს. მართალია, არცერთი მიდგომა არ მიიჩნევა ორენოვანი ბავშვის აღზრდის საუკეთესო გზად, გამოარჩევენ რამდენიმეს, რომელიც ხელს უწყობს ორენოვნების განვითარებას. მაგალითად, არსებობს მიდგომა “ერთი ადამიანი – ერთი ენა”, რომელსაც ძირითადად სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მშობლები იყენებენ. სხვა გავრცელებული მიდგომისას ბავშვი ოჯახში ითვისებს ერთ ენას (როგორც წესი, უმცირესობის ენას), ხოლო სკოლაში მეორეს (როგორც წესი, უმრავლესობის ენას). განსხვავებული სტრატეგია შეიძლება იყოს თქვენს შვილთან კვირის ყოველ დღეს სხვადასხვა ენაზე საუბარი. შეგიძლიათ თქვენი საკუთარი სტრატეგიაც შეიმუშაოთ – მაგ. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ თუ ბავშვმა მილიონჯერ უყურა მულტფილმ „გაყინულს“ (Frozen) და ზეპირად ახსოვს ყოველი ფრაზა, იმავე მულტფილმის ესპანურად ყურება მას ესპანური ენობრივი მარაგის ძალდაუტანებლად გამდიდრებაში დაეხმარება.

  1. იფიქრეთ ორენოვან განათლებაზე

ადრეული განვითარებისას შესაძლებელია ბავშვის ბილინგვური აღზრდა სხვა ენაზე მოსაუბრე ძიძების ან აღმზრდელების საშუალებით.

 

როდესაც თქვენი შვილი სასკოლო ასაკის გახდება, შეგიძლიათ იფიქროთ სკოლებზე, სადაც ორენოვანი მოსწავლეები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში სწავლობენ და გაკვეთილებიც ამ ორ ენაზე ტარდება. კვლევები გვიჩვენებს, რომ გარდა ენობრივი განვითარებისა, მსგავსი მიდგომები აკადემიურ მოსწრებასაც აუმჯობესებს.
თუ მსგავსი პროგრამები თქვენს რეგიონში არ არსებობს, არსებობს სხვა ალტერნატივები. უცხო ენის გაკვეთილები სკოლის შემდგომ ან უქმეებზე ასევე უწყობს ხელს მეორე ენის ათვისებას. საკულტო ადგილებიც შეიძლება სასარგებლო რესურსი გამოდგეს, თუკი გსურთ თქვენი შვილი თქვენს რწმენასთან ასოცირებულ ენაზე საუბრობდეს.

  1. მიეცით თქვენს შვილს “მართვის სადავეები”

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს თქვენი შვილისგან და მიჰყევით მის ინტერესებს. ენობრივი განვითარება ყველაზე წარმატებული მაშინ არის, როცა ბავშვები ყურადღებიან და მგრძნობიარე უფროსებთან ურთიერთობენ. ბავშვი ახალ სიტყვებს მაშინ უფრო ისწავლის, როცა ზრდასრული მისთვის საინტერესო თემებზე ფოკუსირდება და არა პირიქით. სწავლის წასახალისებლად შეარჩიეთ თქვენი შვილისათვის საინტერესო ორენოვანი აქტივობები.

7. განაგრძეთ ბილინგვზმზე ინფორმაციის მოძიება
მეტი გაიგეთ ბილინგვიზმზე. ორენოვანი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. მაგ. არსებობს მოსაზრება, რომ ბილინგვიზმი იწვევს ენობრივ დარღვევებს და სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ორენოვანი ბავშვები იბნევიან, როდესაც ერთზე მეტ ენას ისმენენ. ეს მითები უკვე გაქარწყლებულია. სინამდვილეში ორენოვანი ბავშვები იმავე სიხშირით აღწევენ წარმატებას, როგორც ერთენოვანი ბავშვები.

 

დასაწყისისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ რესურსებს Bilingualism Matters Center-იდან და წიგნებს როგორიცაა A Parents’ and Teachers’ Guide to Bilingualism და The Bilingual Family: A Handbook for Parents.
დაბოლოს
მართალია, არ არსებობს უნივერსალური წესები ორენოვანი ბავშვის აღსაზრდელად, მაგრამ მშობლისაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის აღმზრდელობითი მხარდაჭერით უზრუნველყოფა. მიდგომა, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დამოკიდებულია თქვენს ოჯახზე, საცხოვრებელ გარემოზე და ხელმისაწვდომ რესურსებზე. იზრუნეთ ბედნიერი ბავშვის აღზრდაზე. ორ ენაზე საუბრის შესაძლებლობა და მისი თანმხლები კოგნიტური, ნევროლოგიური და სოციალური სარგებელი (მხოლოდ) დამატებითი ბონუსია.

 

 

https://www.psychologytoday.com/intl/blog/language-and-mind/201903/how-raise-bilingual-child-seven-strategies-success

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი