შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

განებივრებული ბავშვები

ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს ისეთი მშობლის მოძებნა, რომელიც ხშირად იმსახურებს საყვედურებს გარშემომყოფებისაგან შვილის განებივრების გამო. „მომავალში ძალიან ინანებთ, მაგრამ უკვე გვიან იქნება“ – მოძღვრავენ კეთილისმყოფები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ დედას, რომელსაც უჭირს იმის გაგება, რატომ თვლიან მის ნებიერას და სიყვარულით გარემოცულ ბავშვს განებივრებულად. „რა მოხდა, თუ პატარა ხანდახან ზედმეტად ჭირვეულობს, ცდილობს ყოველთვის თავისი გაიტანოს და არ ემორჩილება უფროსებს. ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა, გაიზრდება და შეიცვლება“ – თავს იმშვიდებს დედა, რომელსაც შეიძლება არანაკლებ აწუხებდეს შვილის ქცევა საზოგადოებაში.

რა ნიშნები გამოარჩევს განებივრებულ ბავშვს თანატოლებისაგან, რა იწვევს განებივრებას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ განებივრებასთან დაკავშირებული სირთულეები.

განებივრებული ბავშვის ძირითადი მახასიათებლები:

  • ეგოცენტრულობა – საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად აღქმა. არ ემორჩილება აკრძალვებს, უჭირს უფროსების მოთხოვნების შესრულება, მხოლოდ საკუთარ აზრს თვლის სწორად, კონცენტრირებულია თავის განცდებზე, ინტერესებზე და ვერ ამჩნევს სხვა ადამიანების განცდებს. მას არ შეუძლია იმ ინფორმაციის აღქმა და გათვალისწინება, რომელიც ეწინააღმდეგება მის საკუთარ გამოცდილებას, არ ესმის, რომ შესაძლებელია სხვა თვალსაზრისის არსებობაც. ის დარწმუნებულია, რომ სხვა ადამიანები უნდა აზროვნებდნენ ისე, როგორც თავად აზროვნებს. ასეთი ბავშვის უმთავრესი მოთხოვნილებაა იყოს ყურადღების ცენტრში;
  • ეგოისტობა – უჭირს სხვებისთვის იმის განაწილება და გაყოფა, რაც აქვს. ის მიეჩვია, რომ პირველივე მოთხოვნით უნდა მიიღოს  ყველაფერი, რასაც მოისურვებს – სათამაშოები, ტკბილეული, გარშემომყოფთა ყურადღება. თუ მისი სურვილები დაუყონებლივ არ შესრულდება, მართავს ისტერიკას, რომელიც მისთვის მანიპულაციის საშუალებაა;
  • მიჯაჭვულობა მშობლებზე – მშობლის გარეშე უარს ამბობს დაძინებაზე, ჭამაზე, საბავშვო ბაღში ან ბებიასთან დარჩენაზე;
  • საკვების მუდმივად შერჩევა – არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ოჯახში კერძები ბავშვისთვის სპეციალურად მზადდება, რომელსაც განსაკუთრებული დიეტა აქვს დანიშნული, მაგრამ, თუ ჯანმრთელი ბავშვი დაჟინებით მოითხოვს ინდივიდუალურ მენიუს ყოველ საღამოს, ეს შეიძლება განებივრებულობის ნიშანი იყოს;
  • ყველათი და ყველაფრით მუდმივი უკმაყოფილება – სრულიად უმნიშვნელო მიზეზითაც კი ბავშვი იწყებს ბუზღუნს და ჭირვეულობას – არ მოსწონს სათამაშოები, რომლებიც საჩუქრად მიიღო, ტანსაცმელი, ტკბილეული, რომელსაც სთავაზობენ. სწრაფად ბეზრდება ახალი სათამაშო და დაუყონებლივ ითხოვს ისეთის ყიდვას, როგორიც სხვა ბავშვის ხელში დაინახა;
  • უარი და პროტესტი საკუთარი სათამაშოების დალაგებაზე – სრულიად ნორმალური და ბუნებრივია დავეხმაროთ 3 წლამდე ასაკის ბავშვს სათამაშოების დალაგებაში, მაგრამ, თუ ჩვენ ამის კეთებას მოგვიანებითაც ვაგრძელებთ, ბავშვს უყალიბდება რწმენა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და გამოხატავს პროტესტს, როცა თამაშის შემდეგ სთხოვენ, რომ სათამაშოებს თავისი ადგილი მიუჩინოს;
  • უხეშობა და თავხედობა უფროსებთან – სასურველის მიღების ჩვევას ბავშვი იქამდე მიჰყავს, რომ ის ძალიან მომხმარებლურად უყურებს მშობელს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს თავაზიანი იმათთან, ვინც ყველა მის მოთხოვნას ასრულებს. დედისადმი უპატივცემულობა ხშირად უხეშობაში გადადის. განებივრებული ბავშვი არ აღიარებს ავტორიტეტად საკუთარ აღმზრდელებს, ამიტომ, მისთვის მათი მოთხოვნები ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს;
  • მანიპულირება უფროსებით – საკუთარი მიზნების მისაღწევად განებივრებული ბავშვი იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა საშუალებას, ხერხს: ისტერიკა, ცრემლები, მშობლებთან განსხვავებული, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. თუ დედა ნაყინს არ უყიდის, მიმართავს მამას და დაიწყებს მისთვის სიყვარულის ახსნას – „მამა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყანაზე“ – ის ამ სიტყვებს გაუმეორებს მამას მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი მას რაიმეს არ აუკრძალავს. საკუთარი მიზნების მისაღწევად და უფროსების ყურადღების მისაპყრობად მან შეიძლება იყვიროს, მოაწყოს ისტერიკები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაღაზიაში, კაფეში, გასართობ ცენტრში, პარკში და ა.შ.) და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს მშობლები;
  • სიტყვების „არა“, „არ შეიძლება“ აღქმის უუნარობა – განებივრებული ბავშვისთვის ძნელია იმის გაგება, რატომ არ შეიძლება მან საკუთარი სურვილი აისრულოს და სასურველი მიიღოს. ის უარს ხმამაღალი ქვითინით ეხმაურება და მას ისე აღიქვამს, როგორც სამყაროს დასასრულს;
  • გარე სამყაროსთან, საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებთან და წესებთან ადაპტირების უუნარობა – უჭირს საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვა, რის გამოც მუდმივად საყვედურებს იმსახურებს, მაგრამ გარშემომყოფთა უკმაყოფილების მიუხედავად არ ცდილობს რაიმე შეცვალოს საკუთარ ქცევაში;
  • დაბალი სტრესგამძლეობა, დეპრესია, ფსიქოლოგიური კომპლექსები – იმის გამო, რომ მუდმივად უკმაყოფილოა და ამასთან უჭირს საკუთარი ემოციების მართვა, ხშირად ვარდება დეპრესიაში, უყალიბდება ფსიქოლოგიური კომპლექსები.

ბავშვის განებივრებულობის ხელშემწყობი ფაქტორები:

  • უზომო მეურვეობა – პატარები განებივრებულად არ იბადებიან. ხმამაღალი ტირილით თავდაპირველად ისინი მიგვანიშნებენ უმარტივესი მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, სითბო, ყურადღება) დაკმაყოფილების საჭიროებაზე. მაგრამ, თუ უზომო მეურვეობას გავუწევთ ბავშვს და მუდმივად, საჭირო იქნება ეს თუ არა, შევეცდებით მის ხელში აყვანას და გართობას მხოლოდ იმიტომ, რომ არ იტიროს, ის მალე გახდება მთელი ოჯახის ცენტრი და ყოველთვის, იქნება ამის საჭიროება თუ არა, მოითხოვს ყურადღებას, ხელში აყვანას, გართობას; ამასთან, ადვილად მოახერხებს ამ ყველაფრის მიღწევას ტირილითა და ჭირვეულობით;
  • აღმზრდელთა შეუთანხმებლობა აღზრდის ძირითად მეთოდებსა და პრინციპებში – ძალიან ხშირად განებივრებული ბავშვები ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც ბევრი „მეურვე“ და „აღმზრდელია“ და თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს ბავშვთან, ამასთან, არ შეუძლიათ შეთანხმება აღზრდის ძირითად მეთოდებზე. პატარა, ხედავს რა ასეთ შეუთანხმებლობას აღმზრდელებში, იწყებს მანიპულირებას, მბრძანებლობას და უფროსების მართვას – როდესაც მამა უკრძალავს, ის მიდის საყვარელ და კეთილ დედასთან. და, თუ არც ის დართავს ნებას, გაიქცევა ბებიასთან, რომ მან დაიცვას და აუსრულოს სურვილი. ბავშვი თანდათან ეჩვევა აზრს იმის შესახებ, რომ მისთვის არ არსებობს აკრძალვები ოჯახში, აუცილებლად მოიძებნება იქ ადამიანი, რომელიც მას დაუჭერს მხარს და დაიცავს. ბოლოს და ბოლოს ბავშვი კარგავს სიტუაციაში ორიენტირების უნარს, გრძნობს დაუსჯელობას და ხდება უმართავი;
  • არათანმიმდევრულობა აკრძალვებში – როგორც წესი, ბავშვს საგონებელში ვაგდებთ და დაუმორჩილებლობისკენ ვუბიძგებთ, როდესაც დღეს  ვუკრძალავთ იმას, რაზეც გუშინ უპრობლემოდ ვრთავდით ნებას. თუ საკმარის სიმტკიცეს არ გამოვიჩენთ და არ ვიქნებით თანმიმდევრული გადაწყვეტილებებში, ჭირვეულობითა და ისტერიკებით ბავშვი მიაღწევს თავისას. საკმარისია ერთი-ორჯერ აღმოჩნდეს ის ასეთ სიტუაციაში და მიხვდება, რომ შეიძლება მშობლებით მანიპულირება, რაც მომავალში ბავშვის განებივრების ხელშემწყობი ფაქტორი გახდება;
  • ბავშვთან ურთიერთობისათვის საჭირო დროის დეფიციტის კომპენსირება საჩუქრებით – ბევრი დაკავებული მშობელი იმის გამო, რომ დროს ვერ პოულობს შვილთან ურთიერთობისათვის, სხვადასხვა სახის ნივთებითა და სათამაშოებით ცდილობს მის „მოსყიდვას“ და კეთილგანწყობის მოპოვებას. ბავშვები კარგად უღებენ ალღოს შექმნილ სიტუაციას და სულ უფრო და უფრო ზრდიან მოთხოვნებს. მალე მშობლები ხვდებიან, რომ ბავშვი გაანებივრეს, მის მოთხოვნებს და სურვილებს საზღვრები არა აქვს, თუმცა, მდგომარეობის შეცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

     რეკომენდაციები განებივრებულ ბავშვებთან ურთიერთობისათვის:

  • შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გვახსოვდეს, რომ სიტუაციის გაკონტროლებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებული. ჩვენი ყვირილი ვერ აიძულებს ბავშვს, დაგვიჯეროს და დაგვემორჩილოს. ნუ ავუწევთ ხმას მაშინაც კი, თუ პატარა აწყობს ისტერიკას, ან უხეშობს. უკეთესი იქნება იგნორირება გავუკეთოთ მის ქცევას;
  • შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა დროულად დავიწყოთ – როგორც კი მივხვდებით, რომ ბავშვი ტირის და ყვირის მისთვის სასურველი ნივთის მისაღებად, ყვირილით ცდილობს სასურველის მოპოვებას, დაუყოვნებლივ გავაჩეროთ პატარა მანიპულატორი. ნუ წავახალისებთ მის ქცევას მისი ნებისმიერი სურვილის შესრულებით იმ იმედით, რომ ის შეწყვეტს ისტერიკას, წუწუნსა და ქვითინს;
  • ვიყოთ თანმიმდევრული ბავშვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში, ჩვენს ქცევასა და მოქმედებაში. თუ დღეს ნებას დავრთავთ პატარას იხტუნაოს დივანზე, ხვალ კი უმკაცრესად ავუკრძალავთ მას ამის გაკეთებას, ჩვენს წესებს არანაირი ძალა არ ექნება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ აკრძალვები ჩვენს გუნება-განწყობაზე არ იქნება დამოკიდებული. ის, რაც ავუკრძალეთ, მისთვის აკრძალული იქნება დღესაც, ხვალაც და შემდგომშიც, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. თუ ბავშვს რაიმეს დავპირდებით, აუცილებლად შევასრულოთ ის;
  • ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. ოჯახის წევრთა რეაქცია ბავშვის ქცევაზე უნდა იყოს ერთსულოვანი და დასაბუთებული;
  • ვისწავლოთ „არას“ თქმა ბავშვისთვის. განებივრებული ბავშვი, იღებს რა ყოველდღიურად სხვადასხვა საჩუქარს, მშობლებს ხშირად „მოსიარულე საფულედ“ აღიქვამს. მორიგი საჩუქრის ნაცვლად დავუთმოთ პატარას უფრო მეტი დრო – წავუკითხოთ, ვისეირნოთ, ვითამაშოთ მასთან ერთად;
  • ვიზრუნოთ ბავშვში სხვადასხვა სახის ჩვევების, პირველ რიგში კი თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავებაზე. 4-5 წლის ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, გახდა, თამაშის შემდეგ სათამაშოების დალაგება;
  • ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრები და სათხოვარი მკაფიოდ და ნათლად, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. ეს უნდა იყოს სწორედ თხოვნა და არავითარ შემთხვევაში ბრძანება;
  • დავასაბუთოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს. ჩვენს მეტყველებაში უნდა იგრძნობოდეს სიმტკიცე და შეუვალობა. გავაგებინოთ ბავშვს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა და განხილვას აღარ ექვემდებარება;

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია განებივრებულობის თავიდან აცილება, ვიდრე უკვე განებივრებული ბავშვის გამოსწორება, მის ქცევასა და განწყობა-დამოკიდებულებებში ცვლილებების შეტანა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი