პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირება ისტორიის გაკვეთილზე

ისტორიის საგნობრივი კურსის გავლისას ხშირად ვიყენებთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მასალის ღრმად და ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლას. მათ შორის მნიშვნელოვანია სავარჯიშოები, რომლებიც მსგავსებათა და განსხვავებათა იდენტიფიკაციისკენაა მიმართული.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა და საგანთა და მოვლენათა ნიშან-თვისებების აღწერა მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, ხოლო მეთოდები და სტრატეგიები, რომლებითაც მოსწავლეს მათ გამოვლენასა და გამოყენებას ვასწავლით, შეიძლება სწავლის საფუძვლად ჩავთვალოთ.

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირებისთვის ფართოდ გამოიყენება შედარება. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც თვით მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესი. შედარებისას აქცენტი დაისმის ისეთ მახსიათებლებზე, როგორიცაა:

  • გრაფიკული სქემები – შედარების მატრიცა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ნათლად ხედავენ, როგორ ჰგავს ან განსხვავდება ერთმანეთისგან ორი მოვლენა ან საგანი კონკრეტული ნიშნების მიხედვით;
  • ვიზუალიზაციის საშუალებები, მაგალითად, რუკები, სურათები, ისტორიული დოკუმენტები, ცხრილები (ისინი შეიძლება დავხაზოთ დაფაზე, ფლირჩატზე ან ვაჩვენოთ პროექტორით) და ა.შ.

მსგავსებასა და განსხვავებაზე ორენტირებული დავალებები აქტიურად გამოიყენება ახალი მასალის ახსნისას, დამოუკიდებელი და კვლევითი ხასიათის სამუშაოს, კლასგარეშე და დამატებითი დავალებების შესრულებისას და სხვ.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენის პროცესი არც ისე მარტივია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის მხარდაჭერას, რადგან მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს მეთოდის ეფექტური ფორმების – შედარების, კლასიფიკაციის, მეტაფორის, ანალოგიის – გამოყენების ათვისებაში, რაც მოსწავლისთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შეგვიძლია, გაკვეთილზე წინასწარ მომზადებული ცხრილებიც გამოვიყენოთ, შედარებაზე ორიენტირებული კითხვები კი შეიძლება დასვან როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებელმაც. დავალების სწორად შესრულებისთვის აუცილებელია, მოსწავლეებს მივცეთ მკაფიო, დეტალური ინსტრუქციები და აქტიურად ვამუშაოთ სტრუქტურირებულ სავარჯიშოებზე, რომლებსაც მოსწავლეები თავად აირჩევენ განსაზღვრული პრინციპის მიხედვით:

ა) იმ საგნებისა და მოვლენების ზუსტად განსაზღვრა, რომლებიც უნდა შეადარონ ერთმანეთს;

ბ) იმ კონკრეტული მახასიათებლების გამოკვეთა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს შედარება.

ძირითადად რისთვის იყენებენ მოსწავლეები ისტორიის გაკვეთილზე მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირებას? რას ადარებენ ერთმანეთს?

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაცია მოსწავლეს შეიძლება დასჭირდეს ცალკეულ პირებზე, ისტორიულ მოვლენებსა თუ ეპოქებზე მსჯელობის დროს. ასეთი სავარჯიშოები მას შეგვიძლია მივცეთ დაწყებით საფეხურზეც – „ჩვენი საქართველოს“ კურსის ფარგლებში – და მერეც, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. კერძოდ, შეგვიძლია მოვთხოვოთ ასეთი დავალების შესრულება: „იპოვეთ მსგავსება და განსხვავება“ (რაიმე კონკრეტული ნიშნით, ან როგორც თავად მოსწავლე აირჩევს):

  • საქართველოს / მსოფლიოს რეგიონებს შორის;
  • ისტორიული მხარეების ტრადიციებსა და კულტურის ელემენტებს შორის (რელიგიები, შრომითი თუ სადღესასწაულო რიტუალები, სპორტული თამაშობები, კულინარია, ტურიზმი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგი და ა.შ.);
  • მსოფლიო ომებს შორის (ასურეთისა და აქემენიდების ბრძოლები; ჯვაროსნული ომები; ასწლიანი, ოცდაათწლიანი და ოპიუმის ომები);
  • პოლიტიკური მმართველობის ფორმებს შორის (მონარქია, დიქტატურა და სხვ.);
  • მმართველ დინასტიებს შორის (შტაუფენები, კაროლინგები, ბაგრატიონები, რომანოვები და სხვ.) ;
  • მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორის (არქეოლოგიური, ტექნიკური და სხვ. მაგალითად, ტუტანხამონის აკლდამა, მოჰენჯო დარო, მაჩუ-პიკჩუ, ალტამირა, ნიუტონისა და პასკალის კანონები და ა.შ.);
  • ცნობილ მთავარსარდლებსა და სამხედრო სტრატეგოსებს შორის (ჰანიბალი და მითრიდატე პონტოელი; ალექსანდრე და იულიუს კეისარი; ჩინგიზ ყაენი და თემურ-ლენგი; ფრიდრიხ II დიდი და ერეკლე II; ნაპოლეონ ბონაპარტე, სუვოროვი და კუტუზოვი და ა.შ. );
  • სხვადასხვა ეპოქის სტატისტიკურ მონაცემებს შორის;
  • ისტორიული ხასიათის თხზულებებს შორის და სხვა.

მოვიყვანოთ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციისკენ მიმართული დავალების კონკრეტული მაგალითი IX კლასის საქართველოს ისტორიის კურსიდან:

სიტუაცია: „მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს ეხება. მათ შორისაა VI საუკუნეში ირანისა და ბიზანტიის იმპერიის ბრძოლები ეგრისისთვის, რომელიც „დიდი ომიანობის“ სახელითაა ცნობილი. ომის პროცესში, 554 წელს, ბიზანტიელმა სარდლებმა ვერაგულად მოკლეს ეგრისის მეფე გუბაზ II, რასაც დიდი ვნებათა ღელვა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის გადახედვა მოჰყვა. ეგრისელებმა საერთო სახალხო კრება გამართეს და ერთად განიხილეს ქვეყნის მდგომარეობა და ისტორიული განვითარების პერსპექტივა. ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა დაგვიტოვა ამ ამბის ჩანაწერი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს“.

მოცემული თემა ხელსაყრელი ნიადაგია მასწავლებლისთვის, იზრუნოს მოსწავლეთა შორის სააზროვნო უნარების სრულყოფაზე და დაგეგმოს მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციაზე მუშაობა.

აქტივობის აღწერა:

I ეტაპზე მასწავლებელი ხსნის მასალას, აცნობს მოსწავლეებს თემის საკვანძო საკითხებს, ესაუბრება ბიზანტიისა და ირანის დაპირისპირების მიზეზებსა და შედეგებზე.

II ეტაპზე გამოიყენებენ შედარების ცხრილს (რომელიც გამოისახება დაფაზე, რვეულებში ან პროექტორის ეკრანზე). მოსწავლეები იწყებენ მსგავსებათა და განსხვავებათა იდენტიფიკაციას, შედარებას, აანალიზებენ მასალას, მართავენ მცირე დისკუსიას, მუშაობენ ინდივიდუალურად ან წყვილებად (შეიძლება ჯგუფური სამუშაოს ორგანიზებაც), გამოთქვამენ მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები და ავსებენ ცხრილს.

შედარების ხაზი ეგრისის/კოლხთა სახალხო კრება კრება ხობისწყალთან
თარიღი 555 წ. 554 წ.
ვინ და რა მიზნით გამართა კრება? ეგრისელებმა / კოლხებმა გამართეს საერთო-სახალხო კრება მეფე გუბაზ II -ის მკვლელობის გამო ბიზანტიელი სარდლების – მარტინეს, ბესას, რუსტიკეს – შეკრება ხობისწყალთან გუბაზ მეფის მოღალატურად მოკვლის მიზნით
ვინ მონაწილეობს შეკრებაში? მოსახლეობის რომელი ფენები? ხალხი, მოსახლეობის ყველა ფენა ბიზანტიელი სარდლები და ეგრისის მეფე გუბაზ II
რისთვის შეიკრიბნენ? ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის გადასაწყვეტად ბიზანტია-ეგრისის ომის პირობებში ბიზანტიელი სარდლების ქმედებათა გამო
ისტორიული მნიშვნელობა გადაწყდა ქვეყნის მომავალი პოლიტიკური კურსი, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გამოავლინა საგარეო ორიენტაციის სირთულეები; გაიზარდა რომის გავლენა; დადასტურდა რომის იმპერიისთვის ეგრისის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

დავალების შესრულებისას მოსწავლეთა სააზროვნო უნარები მაქსიმალურად ძლიერდება. დამოუკიდებელი მუშაობისას, გამოყოფენ რა საკითხებს შედარებისთვის და მსგავსებათა და განსხვავებათა გამოსავლენად, ისინი საინტერესო შედეგებს აჩვენებენ.

ცნობილია, რომ ამ ტიპის დავალებების შესრულება განსაკუთრებით ნაყოფიერია ისტორიულ დოკუმენტებსა და წყაროებზე მუშაობისას, ამიტომ მასწავლებელი აგრძელებს ამ თემაზე საუბარს და კიდევ უფრო მაღალ შედეგებზე გადის – დგება III ეტაპი – მოსწავლეები იწყებენ ტექსტის კიდევ უფრო დაწვრილებით შესწავლას. ისინი გამოყოფენ საკვანძო ინფორმაციას და მის მიხედვით ადარებენ ერთმანეთს ფაქტებსა და მოვლენებს.

აიეტის სიტყვა: „გაქრა კოლხების ძველი ღირსება – დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ… ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან… რა თქმა უნდა, რომაელები იმ ხალხს უფრო თავხედურად ექცევიან, ვინც მათ ემორჩილება, ზემოდან უყურებენ ყველას, ვინც მათ ემსახურება… მე მინდა, კოლხეთის სამეფომ დაიბრუნოს ძველი დიდება, არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, მინდა, როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ რაკი ჩვენ ჟამთა ვითარებისა და ბედის უკუღმართობის გამო ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითები გავხდით, ისევ სჯობია, იმის ხელქვეითი ვიყოთ, უფრო კეთილგანწყობილია, ვინც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავისიანებსა და მოკავშირეებთან“.

ფარტაძის სიტყვა: „გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია და კეისარი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე“.

 

N საკითხები შედარებისთვის ბიზანტიის მომხრეები ირანის მომხრეები

ქვეყნის პოლიტიკური

მდგომარეობა

მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია, რომი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. რომაელები მათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება, ამიტომ სჯობია, იმის ხელქვეითები ვიყოთ, ვინც უფრო კეთილგანწყობილია
ქვეყნის ისტორიული ორიენტაცია მწუხარების დავიწყება, გინივრული მიდგომა და საუკეთესო გზის არჩევა. რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახული, სპარსელები კი უფრო სანდონი არიან.
პრობლემის გადაჭრის გზა ირანთან კავშირის წამგებიანობის გამო რომმა უნდა დასაჯოს დამნაშავეები და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმა, წათე, დაამტკიცოს. ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტა და ირანის მხარეზე გადასვლა

 

დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე კოლხები სასოწარკვეთილებას კი არ უნდა აჰყვნენ და მონებივით კი არ უნდა გაიქცნენ, არამედ უნდა გაიმსჭვალონ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადაიტანონ უბედურება და არ ჩაიდინონ რამე უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. კოლხეთის სამეფომ უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება, რომ არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, რომ როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს თავის ძალებს ეყრდნობოდეს.
დამოკიდებულებების შინაარსი ქვეყნისთვის უკეთესი, უფრო ღირსეული გზის არჩევა

მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, რომ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციაზე მუშაობით მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან ისტორიულ მასალას და ნარატივებს, ამისთვის იყენებენ მსჯელობას, დაკვირვების, ანალიზის, დისკუსიის, დასკვნების გამოტანის, პრობლემის გადაჭრის და სწორი კომუნიკაციის უნარებს, გამოკვეთენ ძირითად საკითხებს, მიმართავენ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, საინფორმაციო ტექსტთან ამყარებენ საკუთარ ემოციური კავშირებს, ახდენენ ცოდნის განზოგადებას, ამიტომ ასეთი დავალებები ძალიან შედეგიანია სწავლის ძირითადი ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და, შესაბამისად, წარმატებით გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი