ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება“ (დასაწყისი)

 

სწორედ ეს აფრიკული ანდაზა აქვს წამძღვარებული სათაურად ნორვეგიელი ფსიქოლოგის ქრისტინე აუდმაიერის წიგნის „როგორ დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“ ერთ-ერთ თავს.

ამ წიგნზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ მინდა, საზოგადოებას გავაცნო ევროპელი ავტორის აზრი ბულინგის შესახებ. აუდმაიერი მკითხველებს უზიარებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რატომ ჩაგრავენ სკოლაში ბავშვებს; როგორ ამოვიცნოთ ძალადობის მსხვერპლი; როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს თანაკლასელები ან უფროსკლასელები დევნიან; როგორ მოვიქცეთ ბავშვთან, რომელიც მონაწილეობს ან ადრე მონაწილეობდა ბულინგში; საიდან დავიწყოთ და ვის მოვმართოთ, თუ სიტუაცია კრიტიკულია და შესაძლოა, უკონტროლო გახდეს.

მკითხველისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს ქრისტინე აუდმაიერის მოსაზრებები, საჭიროა, განვმარტოთ ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინები. ბულინგი/დევნა – ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იდევნება ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ და, ამავე დროს, ბულერსა და მსხვერპლს შორის ძალთა გარკვეული დისბალანსია.

მაშ ასე: როდესაც ბავშვი ხდება ბულინგის ობიექტი, ზარალდება არა მხოლოდ ის, არამედ მთელი მისი ოჯახი. იგივე ხდება ბულერის (აგრესორის) ოჯახში. იმისთვის, რომ ბულინგის შედეგებს გავუმკლავდეთ და სამომავლოდ მისი პრევენცია მოვახერხოთ, აუცილებელია, საფუძვლიანად გადავაფასოთ პასუხისმგებლობები. ბულინგი ცალკეული სკოლის პრობლემა არ არის, ის მთელი საზოგადოების პრობლემაა. ნორვეგიაში ბავშვების აღზრდა, ტრადიციისამებრ, ოჯახის პირად საქმედ განიხილება, მაგრამ ავტორი დარწმუნებულია, რომ ბავშვის უსაფრთხო განვითარებისთვის გარემოს შექმნაში უნდა მონაწილეობდეს მთელი საზოგადოება, თემი და, თუ გნებავთ, სოფელიც კი. საზოგადოება ვალდებულია, გამოიჩინოს ყურადღება და მზრუნველობა იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც რაიმე ნიშნით განსხვავდებიან სხვებისგან.

აღნიშნულ წიგნში ფსიქოლოგი აღწერს იმ ადამიანების წარმოდგენებს, წუხილს, შფოთვას, რომლებიც არიან ან იყვნენ ბულინგის ობიექტები.

აი რამდენიმე მათგანი:

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილის მაინც მეშინია, თანაც ვფიქრობ: იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შეეცდება, განსხვავებულად დამანახოს მოვლენები? ან იქნებ ადამინი, რომელმაც იცის ჩემი პრობლემის შესახებ, მოვიდეს და მკითხოს: „როგორ ხარ? როგორ მიდის საქმე?“ და, რაც მთავარია, მოისმინოს ჩემი პასუხები და გამიგოს. იმედი მაქვს, ერთხელაც სწორედ ასე მოხდება“.

ეს წერილი ქრისტინე აუდმაიერს 16 წლის მოზარდმა მისწერა, რომელიც დიდხანს იყო დაცინვის ობიექტი და თავს გარიყულად გრძნობდა.

„ამ და უამრავმა სხვა ასეთმა ისტორიამ, – წერს აუდმაიერი, – დამარწმუნა, რომ ბულინგზე, დევნაზე, ძალადობაზე ბევრი უნდა დაიწეროს და ითქვას. მსხვერპლი არ უნდა დუმდეს, რაც უნდა ძნელი იყოს მისთვის მსგავს გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი. მე მინდა დაგანახოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანი. „ჩვენ ყველა ერთი სოფლის მცხოვრებლები ვართ“. მინდა, ხაზი გავუსვა თითოეული ადამიანის უნიკალურობას, მის განუმეორებელ როლს საზოგადოებაში. იმედი მაქვს, ეს წიგნი დაეხმარება ადამინებს, რთულ სიტუაციებში სწორი ქცევის საკუთარი მოდელი შეიმუშაონ. ასევე იმედს ვიტოვებ, თქვენც აუცილებლად დაეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. მე მწამს, რომ ისინი, ვინც ჩემს მოსაზრებებს გაეცნობიან, დაეხმარებიან არა მხოლოდ საკუთრ შვილებს, არამედ სხვებსაც. თქვენ შეძლებთ, ერთი ადამინის ცხოვრება მაინც შეცვალოთ უკეთესობისკენ“.

ნორვეგიელი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ: ორგვარი ბულინგი არსებობს. პირდაპირი ბულინგი, როგორც წესი, გამოიხატება ფიზიკური ძალადობით, მუქარით, დაცინვით და შეურაცხყოფით. ირიბი ბულინგი შესაძლოა გამოიხატოს ცინიზმით, ფსევდომეგობრობით, ჭორების გავრცელებით, ცილისწამებით, სოციალური იზოლაციით და კიბერმობინგით (კიბერმობინგი გულისხმობს გამიზნულ შეურაცხყოფას, მუქარას და მესამე პირებისთვის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გადაცემას თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, თანაც ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება).

ბავშვებთან მომუშავე მკვლევრები და სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანს ფიზიკური ბულინგი გაიშვიათდა, მაგრამ გაცილებით დაუნდობელი გახდა, თანაც გახშირდა მათში გოგონების მონაწილეობა. ყველაზე მეტად ბულინგის ვერბალური ფორმებია გავრცელებული. დაბოლოს, აღნიშვნის ღირსია ბიჭების მხრივ გოგონების მიმართ ბულინგის გახშირება.

„მე ყოველთვის მქონდა სკოლაში პრობლემები. მეხუთე კლასიდან მამცირებდნენ ჩემი გარეგნობის გამო, ჩემი ოჯახის გამო. ზოგჯერ ბულინგის საბაბად იყენებდნენ ჩემს მუსიკალურ გემოვნებას. ერთ დღეს ბიჭებმა მიწაზე დამაგდეს და ფეხებით მცემეს. ერთმა მათგანმა ფეხი სახეში ჩამარტყა. დღემდე მაქვს ნაიარევი“ (14 წლის გოგონას ნაამბობიდან).

ბულერმა ბავშვებმა და მოზარდებმა მშვენივრად იციან, როდის და როგორ არის შესაძლებელი ბულინგის დაუსჯელად, უფროსებისაგან მალულად განხორციელება.

სოციალური იზოლაცია – ეს არის ბულინგის ირიბი ფორმა, რომელსაც ფარულ დევნასაც ეძახიან. ბულინგის ეს ფორმა აქამდე უმეტესად გოგონებში იყო გავრცელებული, მაგრამ ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ის საკმაოდ პოპულარული გახდა ბიჭებს შორისაც.

აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტყვები, რომლებსაც ბულინგის პრობლემების განხილვისას ვიყენებთ, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გვესმის ეს მოვლენა და რა გზას ვადგებით მის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ ყველა იმ ტერმინზე, რომელიც გენდერულ ელფერს ატარებს. ბულინგი მხოლოდ გოგონების ან ბიჭების პირადი საქმეების გარჩევა არ არის. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნებს მიაქციონ ყურადღება და როგორ არ გამორჩეთ ფარული მინიშნება.

13 წლის ბიჭის ნაამბობიდან:

„სკოლაში ხშირად ვამჩნევ, რომ სხვა ბავშვები დემონსტრაციულად განზე იყურებიან, როდესაც მე მათ სივრცეში ვჩნდები, ზოგჯერ კი ჩემს გასაგონად ჩურჩულს იწყებენ და ერთმანეთს ეუბნებიან: „ვახ, უყურე ამას, ახალი ტანსაცმელი უყიდია!“ ერთხელ სისულელე მომივიდა, მათი ნათქვამი კეთილგანწყობის ნიშნად მივირე და მადლიერება გამოვხატე. ისეთი სიცილი ატეხეს, კინაღამ იატაკზე გაგორდნენ. გასახდელში ჩემს ზურგჩანთას ყოველთვის ადგილს უცვლიან და ზოგჯერ ისე მალავენ, რომ დიდხანს მიწევს მისი ძებნა. საკუთრ ნივთებს ყოველთვის ჩემი ნივთებისგან მოშრებით აწყობენ – ამით ჩემდამი ზიზღს გამოხატავენ. სიძულვილის გამოხატვა უსიტყვოდაც მშვენივრად გამოსდით…“

ბოლო ხანს არა მხოლოდ სპეციალისტები, ჩვეულებრივი ადამიანებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ ბულინგის დამკვიდრებული განმარტებები განმარტებას, ასე ვთქვათ, ზუსტი საზღვრების დადგენას მოითხოვს. მუსირებს მოსაზრება, რომ ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები გახდნენ და რომ ბულინგის მსხვერპლები ის ბავშვები არიან, რომლებიც „ნებას რთავენ“ სხვებს, შეავიწროვონ ისინი, დასცინონ, გარიყონ…

მე, როგორც ფსიქოლოგს, ასეულობით ადამიანთან ურთიერთობა მომიხდა. მათ შორის იყვნენ როგორც ბულინგის მსხვერპლები, ასევე ბულერები და მათი ოჯახების წევრებიც და მივხვდი: მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები არ ჰყვებიან მათდამი ძალადობის შესახებ. ამას მათ გასააონად ვამბობ, ვისაც მიაჩნია, რომ ბოლო დროს ადამინებმა საერთოდ დაკარგეს კრიტიკის მიღების უნარი და ურჩევნიათ, თავი უსამართლობის, დევნის მსხვერპლად წარმოაჩინონ. ამ მოსაზრების მომხრეები ადამიანებს ადვილად აწებებენ იარლიყებს და სათანადოდ ვერ აფასებენ ბევრ მატრავმირებელ სიტუაციას, რომლებიც პიროვნების ფსიქიკას სერიოზულ დაღს ასვამს. ამასთანავე, ბევრს მიაჩნია, რომ თუ მუდმივად მატრაკვეცობ, სულელურ კითხვებს სვამ, არასათანადოდ გაცვია, მზად უნდა იყო, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო კომენტარებისათვის. აქ საყურადღებოა ერთი რამ: ასეთი კომენტარების რაოდენობა ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. კრიტიკა, სარკაზმი და დაცინვა შესაძლოა მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში იყოს უწყინარი, მაგრამ როდესაც ის რეგულარული ხდება და ამაში ადამიანთა ჯგუფი მონაწილეობს, იმავე ეფექტს ახდენს, რასაც სისტემატური ბულინგი.

იმისთვის, რომ ბავშვებმა ერთმანეთში არ აურიონ რიგითი კონფლიქტი და ბულინგი, უფროსებმა უნდა აუხსნან მათ, რა არის კონსტრუქციული კრიტიკა და რომ ცხოვრება, სამწუხაროდ, ყოველთვის სამართლიანი არ არის. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ განსხვავებული აზრის ქონა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლობა ერთი და იგივე არ არის. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, კრიტიკული და განსხვავებული აზრის მიღება, კონსტრუქციული მიდგომა, ამასთანავე, ბულინგისაგან მათი გარჩევა. ამით მას რთულ სიტუაციებში საიმედო საყრდენს შევუქმნით.

ამრიგად, თუ უფროსებს სურთ, ნამდვილად გააკეთონ რამე ბულინგის შეწყვეტისა და პრევენციისთვის, ისინი აუცილებლად უნდა ჩაერიონ ნებისმიერი მოზარდის მიმართ და ნებისმიერი ფორმით განხორციელებულ ბულინგში და არამხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე მათ შვილებს ეხება. ვიცი, ეს ჩარევა ბევრ მშობელს დიდ ტვირთად დააწვება, რადგან ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ მას არ შეუძლია, ქმედითი დახმარება გაუწიოს ბავშვებს და ამიტომ საერთოდ არაფერს აკეთებს. სხვები იმიტომ არიან უმოქმედოდ, რომ ეშინიათ, შეცდომა არ დაუშვან და უფრო მეტად არ დაძაბონ სიტუაცია. სინამდვილე კი ის გახლავთ, რომ ბულინგის მსხვერპლ ბავშვს უფროსების უმოქმედობა გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ნებისმიერი სახის ჩარევა. ეს მხოლოდ ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის საქმე არ არის – დახმარება ყველას შეუძლია. უფროსებმა უნდა შეიძინონ თუნდაც მინიმალური ცოდნა იმის შესახებ, რომელ ბავშვს უფრო მეტად ემუქრება ბულინგის საფრთხე და რით დაეხმარონ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი