ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პერსონაჟი

„ადამიანი თავის თავს ვერ დაეხმარება, თუ სხვებს არ უთხრა“.

სარა შვარტი

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა საზოგადოებაში იწვევს შიშს, გაუცხოებას, სირცხვილს. ხშირია დიაგნოზის დამალვა, პრობლემის შესახებ საუბრის აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რამდენიმე ათასი შემთხვევაა აღნუსხული, საზოგადოებრივი ცნობიერება ამ კუთხით ძალიან დაბალია.

სტატიის მიზანი პრობლემის მოგვარების მცდელობა არ არის. მინდა, ერთი გაკვეთილის შესახებ გიამბოთ – როგორ დაგვაფიქრა ერთმა ეპიზოდმა მე და ჩემი მოსწავლეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე. გაკვეთილმა კითხვები გააჩინა: რა ვიცით ჩვენ – უფროსებმა და რა იციან ბავშვებმა ამ საკითხზე? რატომ არის საჭირო მსგავს თემებზე საუბარი და როგორი ფორმა უნდა გამოვუძებნოთ სათქმელს?

ლიტერატურის მნიშვნელოვნებაზე ბევრს ვსაუბრობთ. მისი საშუალებით სხვა ადამიანების გრძნობებს ვეცნობით და განვიცდით. მასწავლებელს ამ განცდებსა და რეალობას შორის შუამავლის როლი აკისრია. პირადი მაგალითის ძალაზეც ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება მოსაყოლი ამბავი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის წევრის შესახებ. ასეთ დროს შეიძლება ამბის გამოგონებაც (იხ. სტატია „გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…“ ბმულზე

გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…).

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ახლოვდებოდა. სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენს დაბადების დღეებს ვუხდიდით ხოლმე, რადგან იქაური ბავშვები კითხვით სწორედ მისი წიგნების წყალობით დაინტერესდნენ. თბილისის კერძო სკოლაში დაბადების დღის აღნიშვნა ფორმალური რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტე, მეექვსეკლასელებისთვის „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ გამეცნო. წიგნი ქართულად რამდენიმე თვის წინ ითარგმნა და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.

ასტრიდის პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია – ადამიანები იდეალურები სულაც არ არიან, თუმცა წიგნმა „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ კიდევ უფრო გამაკვირვა. მაგალითად, აქ გაიცნობთ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ბატონ ნილსონს, დედას, რომელსაც უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული მცირეწლოვანი შვილები და სტატიის მთავარ გმირს – ბატონ ლინდკვისტს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მწერალი ცდილობს, ბავშვებს (მკითხველს) დაანახოს მრავალფეროვანი საცხოვრებელი გარემო და განსხვავებული ადამიანების მიმღებლობის აუცილებლობა.

წიგნში განვითარებული მოვლენები შვიდი წლის მადიკენისა და მისი პატარა დის ირგვლივ ტრიალებს, რაც ამბავს უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს. წიგნი მეოცე საუკუნის 70-იან წლებშია დაწერილი. შვიდი წელი ის ასაკია, როდესაც სამყაროს ნელ-ნელა ეცნობი და ქცევის მართვას სწავლობ. ოჯახს, სკოლას, გარემომცველ სოციუმს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ გამორჩეული წიგნია.

იმ ეპიზოდის შინაარსი, რომლის გარშემოც გაკვეთილი ავაგე, ასეთია: მადიკენის დედის დაბადების დღეს ოჯახი სურათის გადასაღებად გაეშურება. გზად ბაღი უნდა გადაკვეთონ. აქ ქოხია, რომელშიც ბატონი ლინდკვისტი მარტოდმარტო ცხოვრობს. ლინდკვისტისა ყველას ეშინია, მშობლები ბავშვებს მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ, რადგან „მთლად დალაგებული არ არის“.

მადიკენსა და მის პატარა დაიკოს, ლისაბეტს, ბატონი ლინდკვისტის ქოხის ნახვა სურთ. მამა შვილებს უხსნის, რომ მოხუცი ასეთი საშიში და კარჩაკეტილი მას შემდეგ გახდა, რაც ცოლი და პატარა შვილი ტბაში დაეხრჩო. ცოტა ხანში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება: მშობლები ნაცნობთან საუბარს შეჰყვებიან, ამასობაში კი ლისაბეტი გაუჩინარდება. მალევე დაინახავენ, როგორ მიათრევს მოხუცი ატირებულ გოგონას.

საინტერესოა დედისა და მამის რეაქციაზე დაკვირვება: თუ მანამდე მამა მშვიდად უხსნიდა ბავშვებს ლინდკვისტის ქცევის თავისებურების მიზეზს, ამ ქცევასთან შეჯახებისას წონასწორობას კარგავს და მზად არის, თავს დაესხას მოძალადეს. სამაგიეროდ, დედა გონიერებას და სიმშვიდეს ინარჩუნებს: ჯერ გაშმაგებულ მამას აჩერებს, მერე ატირებულ ლისაბეტს მკაცრად მიმართავს, რომ ტირილი შეწყვიტოს, მოხუცთან მიდის, ლოყაზე ეფერება და შვილის დაბრუნებას სთხოვს. ლინდკვისტი ჯიუტად იმეორებს, რომ ლისაბეტი მისი შვილია. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დედა მას მოხალულ ნუშსა და ნიგვზიან ნამცხვარს სთავაზობს, ჩანთას ხსნის და იქიდან ტომსიკებს იღებს. ლინდკვისტს ორივე ხელი სჭირდება ტკბილეულის გამოსართმევად, ამიტომ ლისაბეტს ხელს უშვებს და, ამგვარად, პატარა გოგონა თავისუფლდება. დედა კიდევ ერთხელ ეფერება მოხუცს ლოყაზე და ემშვიდობება.

ასეთ გონივრულ გამოსავალს და სიტუაციის მართვის გზას გვთავაზობს ასტრიდი. ცდილობს, ლიტერატურის მეშვეობით მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას, რომ ყურადღების გადატანა, სითბოს გამომჟღავნება, ბრაზის მოთოკვა სხვისი რთული ქცევის მართვის საუკეთესო ხერხებია. იმასაც გვაპარებს, რომ ბატონი ლინდკვისტი სულ ასეთი „გადარეული“ არ ყოფილა, რომ საზოგადოებისგან პირადმა ტრაგედიამ და დიდმა სტრესმა გარიყა.

საკლასო ოთახში დავბრუნდეთ.

სამგვერდიანი ეპიზოდი შერჩეულია. თავდაპირველად ასოციაციურ რუკას ვქმნით. დაფაზე ვწერ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი, ბავშვები კი შემდეგ სიტყვებს მკარნახობენ: გაფრენილი, გიჟი, ტვინით ავადმყოფი, კანიბალი, სკლეროზიანი, მკვლელი, მოძალადე, მანიაკი.

მათ არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი საშიშია. 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი ვიცით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისა ჯერ კიდევ გვეშინია და ჯანმრთელობის ასეთი პრობლემა ჯერ კიდევ სტიგმად რჩება.

წავიკითხეთ შერჩეული ეპიზოდი. განვიხილეთ თითოეული პერსონაჟის საქციელი. ვისაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის რაობაზე.

პირადი ამბის მოყოლის დრო დგება. ვიხსენებ, რომ ზუსტად მადიკენის ტოლი, შვიდი წლისა ვიყავი, პირველად რომ გავიგე, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ჩემს უფროს ძმას შიშის ნიადაგზე უძილობა დაეწყო და თანდათან იმდენად გაუმწვავდა მდგომარეობა, რომ რამდენიმე წელიწადში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

მოვუყევი, რომ მრცხვენოდა ჩემი ძმის საქციელის. თავზე ცა მემხობოდა, როცა ქუჩაში გამვლელები ერთმანეთს ზურასკენ მიუთითებდნენ და გიჟად მოიხსენიებდნენ. დიდხანს მიჭირდა საუბარი პრობლემის შესახებ. მერე დავძლიე სირცხვილის გრძნობა. ფსიქიატრიული კლინიკების შესახებაც ვუამბე. ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი თითი რომ არ დაუკარებია ჩემთვის, არც ამის თქმა დამვიწყებია. ახლა ვხვდები, რომ მისი აგრესიის მთავარი მიზეზი ხშირად არასწორი ქცევა იყო. მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეოდით ზურას. არც არავინ გვასწავლიდა. ყველა დავიბენით: ჩვენ, მეზობლები, ნათესავები. რთული სიტუაციიდან გამოსავლად ზურას ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა მივიჩნიეთ.

ჩემი პირადი ამბავი ადვილი მოსასმენი არ არის ბავშვებისთვის, მაგრამ თუ სათქმელს ადეკვატურ ფორმას უპოვი, საკლასო ოთახში იუმორმაც შეიძლება გაიჟღეროს, მაგალითად, როცა შიზოფრენიის ერთ-ერთ მახასიათებლად უცხოპლანეტელებთან ზურას წარმოსახვითი საუბარი ვახსენე, ერთმა გოგონამ მითხრა, მერე რა მოხდა, მასე დედაჩემიც ელაპარაკება ხმამაღლა საკუთარ თავსო. ზურას გაცნობის სურვილიც გამოთქვეს.

დასაწერად თავისუფალი თემა მივეცი, სათაურით „რა შეცვალა ჩემში ამ ეპიზოდმა“.

რა თქმა უნდა, ათი-თერთმეტი წლის გოგო-ბიჭებს ერთი გაკვეთილი პრობლემის გადაჭრის გზას ვერ აპოვნინებს, მაგრამ მათ შინაგან სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მეორე დღეს ერთმანეთს ხმამაღლა უკითხავდნენ ნაწერებს. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ფორმულირებისას ფრთხილობდნენ და დიდი იმედი მაქვს, ასოციაციურ რუკაზე ჩამოწერილი სიტყვებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს აღარასოდეს მოიხსენიებენ.

„ამ მოთხრობამ ჩემში შეცვალა ის, რომ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემა აქვს, არ უნდა ვუწოდოთ გიჟი, პირიქით, უნდა დავეხმაროთ. ისინი ხომ შინაგანად კეთილი და საყვარელი ადამიანები არიან. სანამ მათ გიჟებს უწოდებთ ან რამე ცუდს იტყვით, წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, სევდა, ტკივილი, სინანული და მერე თქვით, თუ გაბედავთ ამას“.

„ამ ეპიზოდმა მასწავლა, რომ სხვებს გიჟები არ უნდა დავუძახოთ, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავამციროთ ის, ვინც ჩვენგან განსხვავდება.

მაგალითად, წიგნი „საოცრება“ არის ბიჭზე, რომელიც თავისი სახით განსხვავდება, მაგრამ ბოლოს ბევრი მეგობარი ეყოლება და ყველაფერს შეცვლის.

წიგნი „თევზი ხეზე“. ელი უცნაურია იმით, რომ ის დანარჩენებს არ ჰგავს და არც დაემსგავსება. მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ, ესე იგი, მას წერა-კითხვა არ შეუძლია.

ლელა მასის ძმა, ზურა, იმითი არის უცნაური, რომ ის მეგობრებსა და ახლობლებს განშორებულია, თითქოს მას ემოციები არ აქვს“.

„ამ ეპიზოდმა დამაფიქრა იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ის როგორია ან რანაირი ადამიანია, რადგან მასაც აქვს გრძნობები და გული“.

„ამ ეპიზოდმა მიმახვედრა, რომ ყველა ადამიანი ადამიანია, არა – გიჟი. ისიც ადამიანია, ოღონდ განსხვავებული. ამ ეპიზოდმა დამაფიქრა, რომ სხვას მხარში უნდა დაუდგე და არ უნდა დასცინო“.

„მე გავიგე, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი არის ტყვე. მას არ უნდოდა ყოფილიყო ასეთი. მას ეს გზა არ აურჩევია და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ. მათ არ შეუძლიათ იფიქრონ, როგორც ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან გიჟები. თუ ექნებოდათ არჩევანის უფლება, ისინი არჩევდნენ ისეთ ცხოვრებას, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. შეიძლება, ყველა ვერ გამოვასწოროთ, მაგრამ რაღაცას მაინც ხომ გავაკეთებთ. ტექსტმა შეცვალა ჩემი ფიქრი ასეთ ადამიანებზე“.

„ძალიან მომეწონა დედის საქციელი, რადგან ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ის კარგად აღზრდილი ადამიანია. დავფიქრდი იმაზე, რა კარგი იქნება, ყველა ასე რომ მოიქცეს.

ძალიან შემეცოდა ლელა მასის ძმა, ლელა მასწავლებელი და მისი მშობლები“.

 

ბავშვების გულწრფელობას ადვილად იგრძნობთ, იმასაც შეამჩნევთ, რა სწორად შეუფასებიათ წაკითხული და მოსმენილი, არათუ გაუაზრებით, არამედ გულში გაუტარებიათ და პატარა გადაწყვეტილებებიც მიუღიათ.

ასე რომ, ასტრიდის დაბადების დღე დემოკრატიულ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილებით აღვნიშნეთ. სტატიაში აღწერილი ეპიზოდი შეგვიძლია დავუკავშიროთ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს, კერძოდ, მეცამეტე კომპეტენციას – ემპათიას და ერთ-ერთ დესკრიპტორს: „თანაგრძნობას გამოხატავს სხვა ადამიანების თავს დატეხილი უსიამოვნების გამო“.

ბავშვების წერილები სავსეა თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზებით. ლიტერატურულმა მაგალითმა: ბატონი ლინდკვისტის პირადმა ტრაგედიამ, მარტოსულობამ, რთული ქცევის გამოვლენის მიზეზებში გარკვევამ და მადიკენის დედის გონივრულმა ქმედებამ, – ბავშვები თანაგრძნობით განსმჭვალა და მათთვის კიდევ უფრო ადვილი აღსაქმელი გახადა ჩემი პირადი ისტორია.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სწორედ სკოლაში უნდა დავიწყოთ საუბარი. გავეცნოთ მიზეზებს და გავაცნოთ ისინი ბავშვებსაც, გავერკვიოთ იმაში, რთულ ქცევასთან შეჯახებისას როგორ ვიმოქმედოთ. როდესაც შიშს დავამარცხებთ და გავაცნობიერებთ საფრთხეს, რომ შეიძლება, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თითოეული ჩვენგანი იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, საზოგადოებრივი ცნობიერებაც აგვიმაღლდება და სამყაროც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ბავშვობაში ჩემ გარშემო ყველა დუმდა. მაშინ რომელიმე გაკვეთილზე მსგავს პრობლემაზე რომ გვესაუბრა, ჩემთვის ბევრი რამ ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხმა ამოვიღოთ, ვისაუბროთ, პირადი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ.

წერილის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენო ასტრიდ ლინდგრენისა და 12 წლის გოგონას, სარა შვარტის, რამდენიმეწლიანი მიმოწერა. წერილებში სარა გულწრფელად უყვება ასტრიდს საკმაოდ მწვავე ფსიქიკური პრობლემების შესახებ. ერთგან ასეთ რამეს წერს: „არც ერთ ადამიანს, არც ავადმყოფს და არც ჯანმრთელს, არ უნდა, იყოს სულიერად დაავადებული და არც ერთი ადამიანი არ უმხელს სხვას, რომ სულიერად დაავადებულია“.

მწერალიც ცდილობს, პატარა გოგონას საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოს და საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითები მოჰყავს, მაგალითად, როგორ იყო შეპყრობილი სუიციდური აზრებით, როგორ შეაშინა ერთხელ ფსიქიკურად დაავადებულმა კაცმა და როგორ გაიქცა… ასტრიდის პასუხები ჩემთვის ერთ მოწოდებად ხმიანდება: “ჰეი სარა, შენ მარტო არ ხარ, ოდესმე ყველას გვიშფოთდება სული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი II, 2018
  2. https://netgazeti.ge/life/84699/?fbclid=IwAR0OzHt1RfQUmpzepsAMuThfqYw-hCrFR9Ntxjmb9RrS8Yuyz3qCCXdOVTk
  3. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი, 2018

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი