შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფანტაზიორი ბავშვები – დამახასიათებელი ნიშნები და ურთიერთობის სტრატეგიები

ყველასთვის ცნობილია, თუ რა მდიდარი ფანტაზია აქვთ ბავშვებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვი ფანტაზიორია.  განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად ახერხებს პატარა თავისი ფანტაზიორობის გამოხატვას, გამოვლენას. არიან ბავშვები, რომლებსაც ერთი შეხედვით არარსებული საგნებისაგან შეუძლიათ „გამოიგონონ“ მთელი სამყარო.

ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და აქტიურ განვითარებას სამი წლის შემდეგ იწყებს. ამ პერიოდამდე მიმდინარეობს აქტიური მომზადება, რაზეც ბევრად არის დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ფანტაზიის შემდგომი განვითარება. პატარა სამყაროს შეიმეცნებს დედასთან ურთიერთობის გზით – დედა უკითხავს წიგნს, ასწავლის სხვადასხვა საგნის გამოყენებას. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვი ხდება დაკვირვებული და იწყებს საგნებსა და მოვლენებზე საკუთარი წარმოდგენების შექმნას. 4-დან 7 წლამდე პერიოდი ფანტაზიის აქტიური განვითარების, მისი ნამდვილი გაფურჩქვნის პერიოდია. სწორედ ამ პერიოდის ბავშვები იწყებენ დაუჯერებელი ისტორიების მოყოლას – როგორ გახდა უცნაური მოვლენების მონაწილე; როგორ ნახა სპილოს ზომის ძაღლი, როგორ ცდილობდნენ მის მოტაცებას და როგორ დაუსხლტა ხელიდან გამტაცებლებს; როგორ აგდებდა მამა მის პატარა ძამიკოს ფანჯრიდან, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, ბავშვის მიერ მოთხრობილი ანალოგიური ისტორიები გარშემომყოფთა მიერ კვალიფიცირდება როგორც ტყუილი, რაც ძალიან სწყინს პატარას და შექმნილ სიტუაციას უსამართლოდ მიიჩნევს. ეს ისტორიები არ წარმოადგენს სიცრუეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ბავშვისთვის არანაირი ხელშესახები სარგებელი არ მოაქვთ. ისინი არ ეხმარებიან მას დასჯის თავიდან აცილებაში,  ან რაიმე სახის საჩუქრის მიღებაში. ეს სხვა სახის მოვლენაა და ის ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია. ბავშვური ფანტაზიის წყარო ხშირ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს სიზმარი, რომელიც ბავშვმა სინამდვილედ მიიღო, შეიძლება იყოს აუსრულებელი, ფარული სურვილებისა და დიდი ხნის ოცნების გამოხატვა – „მე მამამ ლეკვი მიჰყიდა“- უცხადებს პატარა თანატოლებს ამაყად, თუმცა, როგორც ირკვევა მამა მხოლოდ საუბრობდა ასეთ შესაძლებლობაზე. ბავშვის ფანტაზიის წყარო შეიძლება გახდეს ასევე თანაკლასელებში ავტორიტეტის ამაღლების სურვილი  და საკუთარი თავის ისეთი მოვლენის გმირად წარმოდგენა, რაც შორსაა რეალობისგან. ზოგიერთ შემთხვევაში ფანტაზია ასრულებს არასასურველი ინფორმაციისაგან ქვეცნობიერად თავის დაცვის როლს. მაგ. ბავშვს, რომლის მშობლებიც დაცილებული არიან, შეუძლია მოუყვეს მეგობარს გამოგონილი ისტორია „მოგზაურ“ მამაზე, რომელიც ვერ ასწრებს უცხოეთიდან ჩამოსვლას  და სასკოლო ღონისძიებაზე მასთან მისვლას. ვაიძულოთ ფანტაზიორი აღიაროს, რომ ეს გამოგონილია, ნიშნავს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენოთ მას. უნდა აღინიშნოს, რომ ფანტაზიორობა ბავშვისთვის სერიოზული შემოქმედებითი თამაშია, რომლის გარეშეც ის პიროვნულად სრულფასოვნად ვერ განვითარდება, ის ხელს უწყობს ასევე მის ემოციურ განვითარებას და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ფანტაზიორი ბავშვები თავისი თანატოლებისაგან გამოირჩევიან მთელი რიგი თავისებურებებით:

  • აქვთ ძალიან კარგი მეხსიერება და ინტელექტის მაღალი დონე;
  • საკმაოდ ნათელი პიროვნებები არიან, ყოველთვის გამოირჩევიან უშუალობითა და ინდივიდუალურობით, გონებამახვილობითა და მიხვედრილობით;
  • ხასიათდებიან კომუნიკაბილურობით, ადვილად შედიან კონტაქტში უცხო ადამიანებთან;
  • უყვართ ბევრი ლაპარაკი. მათ შეიძლება სრულიად დაუფიქრებლად, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე მოუთხრონ ახლობლებსა და ნაცნობებს, მეზობლებსა და თანამგზავრებს ტრანსპორტში, თუ რით არიან დაკავებული მშობლები, სად მუშაობენ და როგორ ცხოვრობენ;
  • თამაშისას ადვილად შედიან თავისი საყვარელი მულტფილმების გმირების როლში და რადგანაც ისინი ჩვეულებრივ მდიდარი ფანტაზიით ხასიათდებიან, ტექსტს მულტფილმებიდან თავისი სიტყვებით ცვლიან;
  • მათთვის მოსაწყენი და მოსაბეზრებელია ყოველდღიურობა და ცხოვრების ჩვეული რიტმი. ამიტომ, ისინი წარმოსახვაში მუდმივად ქმნიან სცენარს ალტერნატიული რეალობისთვის, სადაც მოვლენები მათთვის უფრო საინტერესოდ ვითარდება;
  • ხასიათდებიან განყენებული ცნებებით აზროვნების კარგი უნარით, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის;
  • კარგად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი უნარები, აქვთ ნათელი წარმოსახვა. მათი ფანტაზია ხშირად შემოქმედებით საქმიანობაში (ხატვა, ძერწვა, ისტორიების შეთხზვა და ფურცელზე გადატანა) პოულობს ასახვას. ალბათ, სწორედ ამიტომ დიდობაში ისინი ძირითადად შემოქმედებით პროფესიებს ირჩევენ – მხატვარი, მოქანდაკე, მუსიკოსი, მწერალი, დიზაინერი მათი საყვარელი პროფესიებია.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ფანტაზიორობაში თავისთავად ცუდი არაფერია და ის ბევრი სარგებლობის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბავშვის ფანტაზია ზედმეტად შორს მიდის და ბავშვი ვეღარ გრძნობს ზღვარს რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს და საერთოდ ბავშვთან ურთიერთობის რა სტრატეგიები ავირჩიოთ იმისათვის, რომ ფანტაზიორობა მისი განვითარების ხელშემწყობი გახდეს და ზედმეტი ფანტაზიორობით გამოწვეული საფრთხეებიც ავიცილოთ თავიდან.

რეკომენდაციები ფანტაზიორ ბავშვთან ურთიერთობისათვის:

  • ხშირად უფროსებს გვიჭირს ბავშვის ფანტაზიის მიღება, აღიარება და ფანტაზიორობის პროცესში მის მიერ შეთხზული ისტორიები ჩვენ მიერ ტყუილად აღიქმება. უნდა ითქვას, რომ ბავშვურ ტყუილსა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფე საზღვარია. იმისათვის, რომ შევძლოთ მათი გამიჯვნა და მივხვდეთ ბავშვი რამეს იგონებს, ფანტაზიორობს თუ იტყუება, საჭიროა გავაანალიზოთ მისი ქცევა, ვიპოვოთ ის მოტივები, რომლებიც მას ამოქმედებს. ფანტაზიორობის დროს ბავშვი ან ცხოვრების გალამაზებას, გამრავალფეროვნებას ცდილობს, ან მძიმე, არასასიამოვნო და შემაწუხებელი განცდებისაგან განთავისუფლებას. ფანტაზიორობა ბავშვისთვის თავისებური თამაშია, რომელსაც არანაირი სარგებლის მიღების და გამორჩენის მოლოდინი არ ახლავს. ფანტაზიორი ბავშვები უბრალოდ სიმართლეს ფანტაზიით მალავენ, ნიღბავენ. რაც შეეხება ტყუილს, მას ბავშვი იმისთვის იყენებს, რომ თავიდან აიცილოს დასჯა, დაცინვა და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებები, ან – მიიღოს სასურველი საგანი. არ იქნება გამართლებული ფანტაზიორ ბავშვთან ჩხუბი, საყვედურის გამოთქმა, მისი დასჯა იმისათვის, რომ ის „იტყუება“, იგონებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ არსებობს, არ მომხდარა. ნუ მივიღებთ ბავშვის ფანტაზიას, როგორც ტყუილს, სიცრუეს. ასეთი მიდგომით დიდ სულიერ ტრავმასა და ტკივილს მივაყენებთ პატარას, რომელიც ასეთ დროს, როგორც წესი, იბნევა, საგონებელში ვარდება და ვერ ხვდება, რატომ ეჩხუბებიან და რატომ არ შეიძლება მისი საყვარელი მულტფილმების გმირების თამაში. ვიყოთ ყურადღებიანი და გულისხმიერი პატარა ფანტაზიორის მიმართ, მარტივად, მისთვის გასაგები ენით ავუხსნათ, რომ მულტფილმების გმირები ცხოვრობენ არარეალურ სამყაროში, ჩვენ, ადამიანები კი რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ, ხანდახან შეიძლება წარმოვიდგინოთ არარეალური სამყარო, ვიფანტაზიოროთ და ვითამაშოთ. ჩვეულებრივ, როცა ბავშვს ვუჩვენებთ საზღვარს და ვუხსნით, სად იწყება და სად მთავრდება არარეალური სამყარო, ის იწყებს ამ საზღვრების დაცვას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ფანტაზია აუცილებელია შემოქმედებითი და პრობლემური ამოცანების გადასაწყვეტად, რადგანაც ისინი საჭიროებენ არასტანდარტულ მიდგომას. ამიტომ, გაუმართლებელი იქნება, ვებრძოლოთ ბავშვურ გამოგონებებს, სისულელე და ტყუილი ვუწოდოთ მას და ამგვარად დავამციროთ პატარები. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ეს რაღაც სამარცხვინო და არასაჭიროა. კარგი იქნება, თუ გამოვყოფთ ისეთ სფეროებს, სადაც ბავშვის ფანტაზია და გამომგონებლობა წახალისებული იქნება ჩვენ მიერ. ასეთი შეიძლება იყოს თამაშები, თეატრალური დადგმები, ხატვა, ძერწვა და ა.შ.;
  • გამოვიწვიოთ ფანტაზიორი ბავშვი გულწრფელ საუბარზე; შეიძლება ჩვენ მასთან ერთად უკეთესად შევძლოთ იმ საქმიანობის შერჩევა, სადაც ის შეძლებს საკუთარი ფანტაზიის სრულად გამოხატვას. მაგ. თუ ბავშვი დაუსრულებლად თხზავს „ტყუილებს“ და არარეალურ ისტორიებს, ნუ შევეცდებით მის გამოაშკარავებას და ნუ გავკიცხავთ. უკეთესი იქნება, თუ მოვუსმენთ, საინტერესოდ ჩავთვლით მის მიერ შეთხზულ ამბავს და შევთავაზებთ დაწეროს ამის შესახებ ან დახატოს, საღებავებით გამოხატოს ფანტაზიები. ამასთან, კარგი იქნება, თუ თავის განცდებსა და შთაბეჭდილებებს დღიურში დააფიქსირებს; რეალობასთან შერეული ილუზიები გარდაიქმნება მხატვრულ ქმნილებაში და შესაძლოა ჩვენ ნამდვილი ლიტერატურული ნაწარმოები მივიღოთ. ეს შემოქმედებითი თვითგამოხატვის კარგი საშუალება იქნება. თუ ამასთან ერთად ბავშვს საშუალება ექნება, მოისმინოს ჩვენგან სიტყვები: „რა კარგად გააკეთე, რა საინტერესოდ მოჰყევი!“, მისი სულის კარი ჩვენთვის ღია იქნება;
  • ყველაფრის მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ფანტაზიორობამ შეიძლება უფროსები საგონებელში ჩაგვაგდოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც პატარა ვერ ახერხებს რეალური და წარმოსახული სამყაროს გამიჯვნას, უჭირს თავისი წარმოსახული თამაშიდან გამოსვლა, როდესაც გამოგონილი ისტორიები უხვად მოიცავს აზრებს ძალადობაზე, აგრესიაზე, შიშებზე, ბავშვი არ ავლენს სითბოს და სიყვარულს მშობლების მიმართ, არ უყვარს საკუთარი და-ძმა, აგრესიულია მათ მიმართ. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ შევეცდებით ბავშვის ამგვარი  ქცევის მიზეზების გარკვევას. შესაძლოა, ის უნებლიეთ ოჯახური დრამის, მშობლებს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. მაშინ, მხოლოდ სიყვარულმა, ყურადღებამ და მოთმინებამ ბავშვის მიმართ შეიძლება შეაჩეროს სისასტიკის და უხეშობის განვითარება მასში.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, ადამიანს ფანტაზიის უნარი რომ არ ჰქონოდა, ძალიან ბევრი რამ მოაკლდებოდა კაცობრიობას: მეცნიერული აღმოჩენები, ხელოვნების ნაწარმოებები, ბავშვებისთვის ესოდენ საყვარელი ზღაპრები და საბავშვო თამაშები. წარმოსახვის გარეშე ვერცერთი ბავშვი ვერ შეძლებდა სწავლას, რადგან გაუჭირდებოდა განყენებული ცნებებით ოპერირება და ხატების კონსტრუირება. ასე რომ, ფანტაზიორობის აკრძალვა ადამიანისთვის შეიძლება პროგრესის გაჩერების ტოლფასი აღმოჩნდეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი