პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შემოქმედებითობა და თავისუფლება 1

სოკრატე  და პლატონი.
არისტოტელე  და ალექსანდრე მაკედონელი.
გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე… 
ცნობილი მასწავლებლები და მათი აღზრდილი ცნობილი მოსწავლეები, რომელთაც გავლენა მოახდინეს ეპოქაზე  და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოახდინეს. თუ მათ განვლილ გზას გადავხედავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რაიმე ღირებულის შესაქმნელად საჭიროა ორი რამ: შემოქმედებითობა და თავისუფლება. სწავლებისა და აღზრდის ნებისმიერ სისტემაში ეს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი. სოკრატეს სწავლების მეთოდიც ხომ სწორედ ამას ეფუძნებოდა: მოსწავლეს ეჭვი უნდა შეეტანა სტერეოტიპულ შეხედულებებში და თავისუფლად, შემოქმედებითად განეხილა ნებისმიერი ეგზისტენციალური საკითხი.
კაცობრიობის ისტორიაში   ერთი უძველესი თემა, რომელიც არასოდეს გაცვდება, არის განათლება. მოსწავლე და მასწავლებელი _ ეს ორი უმთავრესი საყრდენია, რომლებსაც აღზრდის ნებისმიერი სისტემა ეფუძნება. 
ვინ უნდა იყოს მასწავლებელი და რა მორალურ ფასეულობებსა და პროფესიულ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს იგი, რომ შეძლოს მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემა, თანაც შემოქმედებითად წაახალისოს იგი, რათა კაცობრიობის მრალფეროვანი “მეხსიერება” არა მხოლოდ სხვა “ჭურჭელში” გადაედინოს (ამას ოდითგან დღემდე  ასრულებს სხვადასხვა ტიპის (ბეჭდური თუU ელექტრონული) ბიბლიოთეკა), არამედ ყოველ ახალ თაობაში დროისა და ვითარების შესაბამისი გამოძახილი ჰქონდეს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განცდა, მაგალითად, კლასიკის არააქტუალურობისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ შეხედა და აღიქვა დღევანდელი გადასახედიდან. 
იცვლება დრო, განათლების პრინციპები, აღზრდის მეთოდები, მაგრამ მუდმივად რჩება დილემა: როგორ ვასწავლოთ, რათა სამყაროსა  და საკუთარი თავის შემეცნებისკენ მიმავალი გზა მოსწავლისთვის იყოს მთავარი საფიქრალი, რომ მან შეძლოს დამკვიდრება იმ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ გარემოში, რომელშიც უნდა იცხოვროს, როგორც თავისუფალმა პიროვნებამ. 
ცივილიზაციის განვითარებამ შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლისგან მოითხოვს ახალ ურთიერთობას როგორც ცოდნის მისაღებად, ასევე საზოგადოებაში საკუთარი ადგილის საპოვნელად და დასამკვიდრებლად.
როგორ უნდა გარდაიქმნას სკოლა, რომ ის არ დაემსგავსოს, ხატოვნად თუ ვიტყვით, ერთ დიდ ექსპერიმენტულ ქარხანას, რომელიც თანაბარი ზომა-წონის, შესაძლებლობების, უნარების მქონე თაობების რუხ ნაკადებს გამოუშვებს ცხოვრების ოკეანეში უსახოდ და უკვალოდ ჩასანთქმელად?
ტრადიციული ღირებულებები: ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ნდობა, რა თქმა უნდა, ისევ უპირველესია, მაგრამ, თანვე, აქტუალურია თითქმის ყოველდღიურად განახლებული ტექნოლოგიების კონტექსტში როგორ უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ყველაზე არსებითი და უმთავრესი ნებისმიერი საგნის შესწავლისას _ თავისუფალი არჩევანი. ეს უნდა გამოიხატებოდეს სწავლა-აღზრდის პროცესში იმგვარი პირობის შესაქმნელად, რომელიც კი არ დააბრკოლებს, არამედ ხელს შეუწყობს ადამიანის თანდაყოლილი უნარის, სამყაროს შემეცნებისკენ სწრაფვის განვითარებას. ეს სწრაფვა ეფუძნება შემოქმედებითობას, რომელიც თავისუფლების გარეშე არ არსებობს. თუ სქემატურად წარმოვიდგენთ პირობით მაგიურ პირამიდას: მწვერვალზე იქნება სამყარო, ხოლო საფუძვლის ორ კიდეში შემოქმედება და თავისუფლება, გვერდები კი _ სიყვარული და იმედი.
                          სამყარო
 თავისუფლება                   შემოქმედება/შემოქმედებითობა
თანამედროვე ახალგაზრდას სჭირდება ახალი უნარები, რომლებიც სკოლამ უნდა განუვითაროს, რათა შეძლოს ამ ყოველმხრივ სწრაფადცვალებად სამყაროში ორიენტირება და დამკვიდრება. ახალი ტექნოლოგიები, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრებიან. დღევანდელი ვითარება იმას მოწმობს, რომ ამ საქმეში მოსწავლეები ბევრად წინ უსწრებენ მასწავლებლებს, რომლებიც ხშირად ნელი ნაბიჯით, ხშირად უხალისოდ, ითვისებენ ახალ ტექნიკას.
ახალი ტექნოლოგიების სკოლაში დანერგვა ალბათ უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. სხვაგვარად, სკოლა შეიძლება ძალიან უინტერესო ადგილი გახდეს, სადაც ძალდატანებით ან მხოლოდ თანატოლებთან შესახვედრად ივლიან მოსწავლეები, რადგან ცოდნის მისაღები სხვა, ალტერნატიული, გლობალური წყარო უკვე არსებობს _ ინტერნეტი, რომელიც თანდათან უფრო მეტად იქცევა ვირტუალურ მასწავლებლად, მოსწავლეს სკოლისა და მასწავლებლებისაგან დამოუკიდებლად რომ ასწავლის.
პედაგოგიკის ცნობილი ინდოელი ექსპერტი, პროფესორი სუგატა მიტრა სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას თავის სიტყვაში, რომელიც მან წარმოთქვა TED-ის კონფერენციაზე*, მან ყველას, ვინც მომავალი თაობის აღზრდითაა დაინტერესებული, სთხოვა, დაეხმაროს, შექნას მომავლის სკოლა ორიგინალური სახელწოდებით “სკოლა ღრუბლებში”. ამ სკოლის შექმნის გზაზე მას უკვე გადადგმული აქვს რეალური ნაბიჯები, რომლებიც მოწმობენ ნებისმიერი თამამი და უცნაური იდეის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობას. მან შექმნა სასწავლო ლაბორატორია ინდოეთში, სადაც მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად, ერთმანეთისგან, ინტერნეტის დახმარებით _ მეტაფორულად _ “ღრუბლებიდან” მიღებული რესურსების დახმარებით.  
როგორი იქნება სწავლება მომავალში? 
მან გადაწყვიტა, გაეგო საიდან მოდის სწავლების ის ფორმა, რომელიც დღეს სკოლაშია და მიხვდა, ის ეფუძნება სამასი წლის წინანდელ გამოცდილებას ინგლისის იმპერიისას.  მისი აზრით, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება იმპერიას ემართა მთელი პლანეტა, კომპიუტერებისა და ტელეფონების გარეშე, მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ინფორმაციით, რომელიც გემებით იგზავნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერთი შეხედვით, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ვიქტორიანელებმა ეს შეძლეს. მათ შექმნეს ადამიანებისგან ერთგვარი გლობალური კომპიუტერი, რომელიც დღესაც მუშაობს. მას ჰქვია ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანა, რომლის შეუფერხებლად მოქმედებისთვის ბევრი ადამიანია საჭირო. ბრიტანეთმა ამისთვის კიდევ ერთი მანქანა გამოიგონა ასეთი ადამიანების საწარმოებლად _ ეს არის სკოლა. ამ სკოლადამთავრებულს სამი რამ უნდა სცოდნოდა: გარჩევით წერა, რადგან ინფორმაცია ხელნაწერი იყო, კითხვა და მათემატიკური ანგარიში. ადამიანები იმდენად  ერთნაირი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ახალი ზელანდიდან გემით კანადაში თუ გადაიყვანდი, შეუფერხებლად ემუშავათ, ამ მტკიცე სისტემამ  დროს გაუძლო და კვლავ უშვებს ერთნაირ ხალხს მანქანისთვის, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ერთი შეხედვით, სუგატა მიტრას შეხედულებები შემაცბუნებელია, მაგრამ ლოგიკური და მიმზიდველი: ამგვარი თვალთახედვა ახალი იდეების შექმნისკენ უბიძგებს პედაგოგიკის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, უპირველესად, მასწავლებელებს. 
მთავარი საფიქრალი ესაა: სკოლა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორ?
ინდოელ პედაგოგ-მეცნიერს ამ საკითზე ორიგინალური შეხედულება აქვს. მისი აზრით, ყველასთვის ცხადია, დღეს ადამიანები საქმეს, ძირითადად, კომპიუტერებით ასრულებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ სჭირდებათ ლამაზი კალიგრაფია, მიმატება-გამრავლებისა თუ სხვა მათემატიკური ოპერაციების ცოდნა. ერთადერთი, რაც საჭიროა, არის გააზრებული კითხვის უნარი. მაგრამ როგორი იქნება მომავლის სამსახური? ცხადია, მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერ ადგილას კომპიუტერით ნებისმიერი საქმე შევასრულოთ. 

მეცნიერი სვამს  კითხვას: თანამედროვე სკოლა როგორ უწყობს ხელს ამგვარი მომავლისთვის მომზადებას? 
ის იხსენებს ერთ ადრინდელ ისტორიას, როდესაც ნიუ-დელიში პროგრამირებას ასწავლიდა. მან გადაწყვიტა ექსერიმენტის ჩატარება ერთ ღატაკ უბანში, სადაც არავის ჰქონდა კომპიუტერი, შესაბამისად, მისი გამოყენების ცოდნა. ის, საზოგადოდ, ფიქრობდა იმაზე, რომ მდიდარი მშობლები თავიანთ შვილებს ხშირად უქებდნენ, საოცარ რაღაცებს აკეთებენ კომპიუტერითო და უკვირდა, ნუთუ მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰყავთ ტალანტიანი ბავშვებიო, ამიტომ ერთ დღეს სწორედ ასეთ, ღატაკ უბანში, ერთ კედელზე დაამონტაჟა კომპიუტერი, მაშინვე მოცვივდნენ ბავშვები და დაინტერესდნენ, მათ არც კომპიუტერი ჰქონდათ და არც ინგლისური იცოდნენ. როდესაც 6 სთ-ის შემდგ მივიდა, ნახა, რომ ბავშვები ერთმანეთს ინტერნეტში რაღაცების მოძებნას ასწავლიდნენ. თავიდან ეგონა, რომ მათ ვინმე დაეხმარა, მაგრამ გაარკვია, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლეს  კომპიუტერის ფუნქციებში გარკვევა. შემდეგ უფრო მიყრუებულ სოფელში გაიმეორა ეს ექსპერიმენტი, სადაც ალბათობა იმისა, რომ ვინმე სტუდენტ-პროგრამისტს  შემთხვევით ჩამოევლო, გამორიცხული იყო. რამდენიმე თვეში დაბრუნებულმა ნახა, რომ ბავშვები კომპიუტერული თამაშებით ერთობოდნენ და სთხოვეს, უფრო ძლიერი პროცესორი და მაუსი მოგვიტანეო. როცა გაოცებულს უკითხავს, საიდან იცით ეს ყველაფერიო, ბავშვებს გაღიზიანებით უპასუხიათ: შენ დაგვიტოვე ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს და ჩვენ იძულებული გავხდით, ჩვენი თავისთვის ჩვენ თვითონ გვესწავლებინა ინგლისური, რომ რამე გაგვეგოო. ამ პასუხმა მეცნიერი აღაფრთოვანა და უფრო მეტად დააფიქრა სწავლების რაობაზე. 1999 წელს მან ფილმიც  გადაიღო სახელწოდებით “ხვრელი კედელში”, რომელშიც ამგვარი ექსპერიმენტებია წარმოჩენილი. ძიების შედეგად, მან დაასკვნა, რომ 9 თვის განმავლობაში უცოდინარი ბავშვების ჯგუფი  კომპიუტერის დახმარებით იმავე შედეგს აღწევდა, რასაც დასავლეთის ნებისმიერი ოფისის მუშაკი, ე.ი. ფლობდა კომპიუტერით მუშაობის სტანდარტებს. შემდეგ უფრო თამამი და, ერთი შეხედვით, აბსურდული ექსპერიმენტი ჩაიფიქრა _ მიყრუებულ პროვინციაში, კალიპუკაში, სამხრეთ ინდოეთში, ისევ დაამონტაჟა ქუჩის კომპიუტერი, რომელშიც თავი მოუყარა დნმ-ის კლონირებაზე მასალებს _ აინტერესებდა, ბავშვები დამოუკიდებლად, მათთვის უცხო ინგლისურ ენაზე შეძლებდნენ თუ არა ესწავლათ ურთულესი, დნმ-ის კლონირების ბიოტექნოლოგია. თავიდან ტესტი ჩაუტარა საწყისი ცოდნის გამოსავლენად. რა თქმა უნდა, ნულები მიიღეს, რადგან არავითარი ცოდნა ამ საკითხზე არ გააჩნდათ, შეიძლება ითქვას, წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამგვარი რამის არსებობისა. ორ თვეში ჩააკითხა_ ბავშვებმა უთხრეს, ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ ჯერ არ დავნებებულვართო, ერთმა გოგონამ კი მორიდებით გაუმხილა,  მხოლოდ ის გავიგეთ, რომ დნმ-ის მოლეკულის არასწორმა კლონირებამ შეიძლება დაავადება გამოიწვიოსო. წარმოიდგინეთ მეცნიერის გაოცება და აღტაცება ამის მოსმენისას. ტესტირებით კი საგანმანათლებლო პარადოქსი მიიღო _ 30 პროცენტი სწორი პასუხი. შემდეგ მან 22 წლის გოგოს, პროფესიით ბუღალტერს, დახმარება სთხოვა, მან იუარა, არაფერი გამეგებაო, მაგრამ მეცნიერმა უთხრა, გამოეყენებინა “ბებიის მეთოდი”. ესე იგი,  მისი დახმარება ამ საქმეში ის იქნებოდა, რომ დამდგარიყო ბავშვებთან და დროდადრო გაოცებით ეკითხა: “ყოჩაღ! ეგ როგორ გააკეთე? როცა თქვენხელა ვიყავი, ეს მე არ შემეძლო”. და, ჰოი, საოცრებავ! ორი თვის შემდეგ ტესტირებამ 50 პროცენტი აჩვენა.
სუგატა მიტრას მიზანია, მთელ მსოფლიოში შექმნას თვითორგანიზებული სწავლების გარემო (SOLE), რომელიც, ძირითადად, შედგება ინტერნეტის, თანამშრომლობისა და წახალისებისგან. ეს მეთოდი მან მსოფლიოს მასშტაბით გამოსცადა და გასაოცარი შედეგები მიიღო, თუ როგორ მიიღწევა ცოდნა ბიუროკრტიულ-ადმინისტრაციული ელემენტების გარეშე. მართლაც, ყველა ვხედავთ, რომ როგორც სუგატა მიტრა ამბობს, დღეს ბავშვები ერთი ხელით მობილურში არიან ჩამძვრალნი, მეორეთი უხალისოდ  მიაქვთ სკოლაში წიგნებით სავსე ჩანთა. 
დღეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით ორ წუთში შეიძლება მოვიძიოთ (ამას საშუალებას იძლევა, ათასნაირი ელექტრონული ენციკლოპედია, აუდი და ვიდეოპორტალები, ბლოგები, სოციალურ ქსელებში შექმნილი საგანგებო გვერდები და სხვ.).  
და ისმება ფატალური კითხვა: იქნებ ცოდნამ ამოწურა თავი? სუგატა მიტრას აზრით,  ეს შუძლებელია, ჩვენ ხომ ჰომო საპიენსები ვართ. იგი ფიქრობს, რომ სწავლების პროცესში უმთავრესი წახალისებაა.  მისი აზრით, ტვინის იმ ნაწილი, რომელიც სწავლაზეა პასუხისმგებელი, როდესაც საფრთხეს ხედავს, კეტავს ყველაფერს. მოსწავლეებისთვის დასჯა და გამოცდები აღიქმება, როგორც საფრთხე. სკოლის არსებული ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული მოდელის შემქმნელ იმპერიას სჭირდებოდა, ხალხს მუდმივად ჰქონოდა შიში და საფრთხის მოლოდინი, სწორედ ამიტომ მოიფიქრა ამგვარი სისტემა. არადა, ცოდნას უნდა შევხედოთ, როგორც საგანმანათლებლო თვითორგანიზაციის პროდუქტს. ამ შემთხვევაში, სწავლა თავისით განორციელდება. მასწავლებელი მხოლოდ პროცესის ინიცირებას მოახდენს, მერე აღფრთოვანებული დააკვირდება.
მასწავლებელმა, რომელიც ხელს შეუწყობს თვითსწავლებას, მოსწავლეებს ყოველთვის უნდა დაუსვას მნიშვნელოვანი, ყოვლისმომცველი, ხანდახან პასუხგაუცემელი კითხვები, მაგალითად, სამყაროსა თუ სიცოცხლის არსის, ადამიანის დანიშნულების შესახებ, რათა მათში აღძრას  ძიების წყურვილი. მოსწავლეს უნდა ვკითხოთ ისევე, როგორც ქვის ხანის ხალხი დასხდებოდა, ახედავდა ცას და იკითხავდა: რა არის ის მოციმციმე შუქი? ასეთი საოცარი კითხვები აღარ გაისმის დღეს, ყოველივე ეს ჩვენ კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ, მაგრამ ეს არ არის მიმზიდველი, მოსწავლეს ეს ასე უნდა ავუხსნათ: მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას, როგორ გაიგებ, დაეჯახება თუ არა? და თუ მოსწავლე გკითხავს: როგორ? მაშინ ეტყვი: არსებობს მაგიური სიტყვა, მას ჰქვია კუთხის ტანგესი.
შემდეგ წერილში გესაუბრებით მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ექსპერტის, კენ რობინსონის ორიგინალურ იდეებზე, რომლებიც დაგეხმარებათ შემოქმედებითად განავითაროთ სასწავლო პროცესი.
——————————————
*TED _ არის მსოფლიოში პოპულარული ვებსაიტი, არაკომერციული ამერიკული ფონდის დაარსებული,  რომლის მიზანია ორიგინალური იდეების გავრცელება. TED  აბრევიატურაა სამი სიტყვისა _ ტექნოლოგია,  სანახაობა, დიზაინი. TED-ის კონფერენციებზე ხშირად განიხილება თანამედროვე საგანმანათლებლო აქტუალური საკითხები. სუგატა მიტრა არის  2013 წლის TED-ის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი