პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სატელევიზიო სერიალები და მედიაპედაგოგიკა

სატელევიზიო სერიალები სულ უფრო მეტ დროს იკავებს როგორც მოზარდთა, ისე მოზრდილთა ცხოვრებაში. ბევრმა პოპულარულმა სერიალმა არაერთ ქვეყანაში სრულიად მოულოდნელი საზოგადოებრივი და სოციალური ცვლილებები გამოიწვია. სერიალები, სოციალური კატალიზატორის ფუნქციასთან ერთად, ყოველდღიური სტრესის დასაძლევადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული – ისინი ხომ მაყურებელს ალტერნატიულ სამყაროს და საკუთარი ემოციების პერსონაჟებზე პროექციის შესაძლებლობას სთავაზობენ.

ერთმნიშვნელოვანია, რომ სერიალების პოპულარობა მხოლოდ მსახიობების ოსტატობასა და სცენარისტის ფანტაზიაზე არ არის დამოკიდებული. პოპულარობის მთავარი საიდუმლო, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, დროის შესაბამისი პრობლემატიკის წარმოჩენაზე გადის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ფსიქოლოგიური პროცესებს, საკითხებს, რომლებიც კონკრეტული ეპოქის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

სერიალები პოპკულტურული მედიაკომპეტენციის დაბადების ადგილადაც გვევლინება. სტივენ კინგმა საშინელებათა ჟანრის მიმოხილვისას ერთ წერილში (2012) აღნიშნა, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში საზოგადოებები გამუდმებით ეჯახებიან იმგვარ შიშებს, ფსიქოლოგიურ სტრესებს და შოკს, რომლებიც მათ მიწაზე დანარცხებას აიძულებს. შიში, რომელსაც ჰორორის ჟანრის ფილმები თუ წიგნები აღვიძებს, ცნობიერ დონეზე იწვევს მაყურებელში სტრესს ან ზიზღს, გაუცნობიერებლად კი აღძრავს შფოთვას კონკრეტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის საკითხების მიმართ. კინგს მაგალითად მოჰყავს საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს დედამიწის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის, „სპუტნიკის“ გაშვება. ამ მოვლენამ დასავლეთში, განსაკუთრებით – ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მანამდე სერიოზულად არ აღიქვამდა საბჭოთა კავშირის კოსმოსურ გეგმებს, დიდი მღელვარება გამოიწვია. ამერიკულ საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ რუსეთი ამერიკას კოსმოსიდან ატომური ბომბით დაემუქრებოდა, რომ ამერიკა გაქრებოდა და საბჭოთა კავშირი გაიმარჯვებდა. მსგავსი შიშების კოლექტივიზაციას მოჰყვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გააქტიურება ამერიკულ ლიტერატურასა და კინოინდუსტრიაში. ამ ჟანრის ნაწარმოებებში, როგორც წესი, წარმოდგენილი იყო ბოროტი ძალა (ამ შემთხვევაში – საბჭოთა კავშირის სიმბოლიზაცია), რომელიც დედამიწას (ან კონკრეტულად შეერთებულ შტატებს) განადგურებით ემუქრებოდა. ფსიქონალიზში ცნობილია, რომ როგორც ინდივიდი, ისე ჯგუფიც აწარმოებს კოლექტიურ ფანტაზიას თავისი მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, რომელშიც შიში და იმედია შეფუთული. საზოგადოების არტიკულაციის ფორმაა სერიალი, რომელიც ზემოხსენებულ კოლექტიურ პროექციებს ასახავს.

გერალდ პოშეშნიკმა სცადა, თავის ფსიქოანალიტიკურ კვლევაში „სამეფო კარის თამაშების“ (HBO, USA, 2011) მაგალითზე გამოერკვია, რამდენად განსაზღვრავს სერიალები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფანტაზიების არტიკულაციის ფორმებს. ვინაიდან სერიალები თავის თავში მალავს როგორც გაცნობიერებულ, ისე გაუცნობიერებელ ელემენტებს, მათი უმრავლესობა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ და მკაფიო მორალს, რომელიც ამ თვალსაზრისით საზოგადოების „აღზრდას“ შეუწყობდა ხელს. მკვლევრის აზრით, „სამეფო კარის თამაშები“ არ შეიცავს მარტივ მორალურ სტრუქტურებს. ის იწვევს საზოგადოებას ინდივიდუალური და კოლექტიური ფიქრისა და კომუნიკაციის პროცესებისთვის, რომელთა საშუალებითაც ცნობიერი და ეფექტური რეფლექსიისთვისაც რჩება ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში არ არის პირდაპირი კავშირი გმირებისა და მაყურებლის ყოველდღიურობას შორის, ავტორის აზრით, რომელიც ფსიქოანალიზს ეფუძნება, ის მრავალი ჩვენგანის დღევანდელობას ასახავს; შეიძლება ითქვას, თანამედროვე დასავლური საზოგადოების ანარეკლია.

კრიტიკული მედიაპედაგოგიკა, რომელსაც საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა, პოპულარულ მედიაპროდუქტებს აღიქვამს როგორც კულტურულ მოვლენებსა და პრაქტიკებს, რომლებშიც აქტუალური პოლიტიკური დაპირისპირებები, საზოგადოებრივი ტრენდები და სოციალური კონფლიქტებია ასახული. თუ საგანმანათლებლო პროცესებს ამ კუთხით მივუდგებით, აშკარა გახდება, რომ პირველი მნიშვნელოვანი ხაზი ცვლილების უნარზე გადის, ხოლო დამკვიდრებული პრაქტიკა და ყოველდღიური რუტინა შეიძლება მედიაკულტურასთან კავშირში განვიხილოთ.

ის მოსაზრება, რომ სატელევიზიო სერიალები შეიძლება სოციოკულტურული და მედიატექნოლოგიური ცვილილებების სათავედ იქცეს ან, სულ მცირე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სხვა მკვლევრებს. დენის კლინკჰამერმა თავის ნაშრომში გააანალიზა პოპულარული სერიალი „Star Trek“ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სერიალში წარმოდგენასა და საზოგადოებაში მათდამი დამოკიდებულებათა ცვლილების ჭრილში. მან დაასკვნა, რომ მისი ხანგრძლივი სერიები არა მხოლოდ საზოგადოებრივ მდგომარეობას, არამედ საზოგადოებრივ პროცესებსაც ასახავს. აღნიშნულ პროცესებზე სერიალში დაკვირვებამ ამერიკელი მაყურებელი განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უკეთ გაგებისა და მათი მდგომარეობის უკეთ გააზრებისკენ წაიყვანა.

მრავალსერიიანი ფილმები, რომლებიც წარმოადგენს თვითგანვითარების, თვითმოტივირებისა და მომავალზე ორიენტირების მაგალითებს, შეიძლება კარგ დამხმარე პედაგოგიურ რესურსად აღვიქვათ და მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ მათ შეუძლიათ სწავლებაც, ეჭვქვეშ აყენებენ რა საზოგადოებაში მიმდინარე კონკრეტულ პროცესებს, იღებენ გამოწვევებს (სერიალის გმირები) და ეძებენ ალტერნატივებს. თანამედროვე სერიალები ერთჯერად მოვლენებს წარმოადგენენ როგორც რუტინულს და ყოველდღიურს და პირიქით. კრისტიან თოთი კორეული რეალითი შოუს The Return of Superman (KBS, Kor, 2013) მაგალითზე მიმოიხილავს, როგორ შეიძლება სატელევიზიო სერიალმა კითხვის ქვეშ დააყენოს საზოგადოებაში ღრმად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები, ამ შემთხვევაში – მამა-შვილის ურთიერთობა სამხრეთკორეული ტრადიციის მიხედვით. ასეთი მედიაპროდუქტები დოკუმენტაციის მნიშვნელობასაც იძენს და არსებული რეალობისა და პრაქტიკის გამოწვევებზე საჯაროდ მსჯელობას უწყობს ხელს.

არსებობს სერიალები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ახალისებს კონკრეატულ მორალურ ქცევას, თუმცა მათი გავლენა საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაინც საგულისხმოა. დანიელა ბრუნმა სერიალ „დექსტერის“ (Showtime, USA, 2006-2013) ანალიზისას გამოიკვლია, როგორ არის გადმოცემული ნეოლიბერალური სუბიექტის მდგომარეობა მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მეშვეობით და რატომ შეიძლება ის კრიტიკის ობიექტი გახდეს. რადგან აღნიშნული სერიალის მთავარი პერსონაჟი, სიმპათიური სერიული მკვლელი, მაინცდამაინც არ ღელავს იმაზე, რა არის სწორი და რა – არა, ამიტომ ფილმი მაყურებელში დაბნეულობას იწვევს. მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მთავარი პერსონაჟის საქციელით გაღიზიანების ფონზე პუბლიკა საკუთარი ყოველდღიური ქცევის რეფლექსიას ახდენს, რაც ცვლილებებს აძლევს ბიძგს.

აშკარაა, რომ სატელევიზიო სერიალებმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში. იმ ფაქტის იგნორირება, რომ სერიალები მოსწავლეთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, სკოლას დროთა განმავლობაში მრავალი პრობლემის წინაშე დააყენებს. როგორ უნდა მოარგოს მასწავლებელმა თავისი პედაგოგიურგი პრაქტიკა თანამედროვე მედიარეალობას? მედიაპედაგოგიკის ამ და სხვა საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი