პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პატარა ნიკოლა

ასტერიქსისა და ობელიქსის ცნობილი ისტორიების ავტორების ჟან ჟაკ სემპესა და რენე გოსინის „პატარა ნიკოლა” საბავშვო რომანების სერიაა და ექვსი წიგნისგან შედგება. წიგნები მსოფლიოს ოცდაჩვიდმეტ ენაზეა თარგმნილი. ნიკოლას და მისი მეგობრების თავგადასავლები საფრანგეთში ძალიან პოპულარულია. მოქმედება სამოციანი წლების საფრანგეთში, 1974 წლის რეფორმამდე ხდება, როცა გოგონები და ბიჭები ჯერ კიდევ სხვადასხვა სკოლებში სწავლობდნენ. წიგნიდან გაიცნობთ ნიკოლას მეგობრებს: მსუქანა ალსესტს, რომელიც გაკვეთილებზე, შესვენებებზე თუ ქუჩაში სულ ილუკმება, ხუთოსან, მტირალა და დამსმენ ანიანს, მასწავლებლის საყვარელ მოსწავლეს, რომელიც დედას ხელჩაკიდებული დაჰყავს სკოლაში, სკოლის მკაცრ ზედამხედველ ბულიონას, თვალის გუგები ბულიონში მოტივტივე ცხიმის ბურთულებს რომ მიუგავს და ბავშვებს მუდამ კატორღით ემუქრება, ნიკოლას მამას, რომელიც წარსულს მისტირის და დარწმუნებულია, ცოლი რომ არ შეერთო, აუცილებლად გახდებოდა ფეხბურთის, კრივის, ცურვისა და ველორბოლის ჩემპიონი და უამრავ სხვა სასაცილო და ახირებულ პერსონაჟს.

2009 წელს „პატარა ნიკოლას” მიხედვით ფილმიც გადაიღეს. არსებობს მულტფილმების სერიაც. ამჯერად წიგნის ერთ-ერთი თავის თარგმანს გთავაზობთ, რომელშიც ფრანგული სააღდგომო ტრადიციებია აღწერილი და, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

აღდგომის კვერცხი

როგორ მიყვარს აღდგომა! რა კარგად ვერთობით ხოლმე შინ! მამა დილიდანვე იწყებს კვერცხების ღებვას. არ უნდა, რომ დავეხმარო, მეუბნება, ხელმარცხიანობა დედაშენისგან მემკვიდრეობით გერგოო.

მამა კვერცხების ღებვას სამზარეულოში იწყებს, მაგრამ ყოველ წელს – უფრო სწორად, რაც თავი მახსოვს – მუშაობა სულ სხვენში უნდა დაამთავროს, რადგან გამუდმებით უტყდება თითო-ოროლა კვერცხი სამზარეულოს მაგიდაზე (წელს), ხალიჩაზე (შარშან) ან დედას კაბაზე (შარშანწინ, პატარა რომ ვიყავი). მერე დედა ბებიასთან გარბის და ბოლოს ყველა ტირის.

სხვენიდან რომ ჩამოდის, კვერცხები მამას ყოველთვის იმაზე ნაკლები ჩამოაქვს, ვიდრე აიტანა. მაგრამ ისეთი ლამაზებია: ლურჯი, წითელი, მწვანე და რა ფერი აღარ! მამას შარვალივით. ძალიან ამაყობს, როცა ვეუბნები, რა არნახული სილამაზეა-მეთქი და დედაც მეთანხმება, მართლაც საამაყოაო. ამას მთელი გულით ამბობს, არ ეცინება.
მერე მამა კვერცხებს ბაღში მალავს, ბალახში. კვერცხების პოვნა კი მაღალ ბალახში ძალიან ძნელი საქმეა. ბალახის საკრეჭი მანქანა იმიტომაც არ გადამიტარებია ამდენ ხანს, სააღდგომო კვერცხები უკეთ რომ დამემალაო, აუხსნა მამამ დედას. ერთი პატარა უსიამოვნებაც შეგვემთხვა: მამა უზარმაზარ ძაღლს შეება, რომელიც ბაღში შემოსულიყო და გაფაციცებით ეძებდა კვერცხებს. მამამ აჯობა, მაგრამ იმწამსვე რომ შევდგომოდი კვერცხების ძებნას, არ იქნებოდა – მთელი უბნის მეგობრები უნდა მოსულიყვნენ და ძებნაში დამხმარებოდნენ. ყელის ჩაკოკლოზინებაშიც, რაღა თქმა უნდა.

მეგობრებმა ლამაზ-ლამაზი საჩუქრები მოგვიტანეს: შოკოლადის კვერცხები, შოკოლადის ვარიები და კიდევ – შოკოლადისგან დამზადებული უამრავი სხვა რამ. დედამ თქვა, ეს ყველაფერი მარტო საცქერლადააო – თვითონ ღვიძლი აწუხებს. აი, მე კი ჭამის შემდეგ ვხდები ავად, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ყველაფერი!

მეგობრები რომ მოვიდნენ, მამამ ყველას ბაღში მოგვიყარა თავი და გვითხრა: 
– აბა, ბავშვებო! შეუდექით კვერცხების ძებნას! 
მამასთვის, რომელიც ჩვენთან ერთად არასოდეს ერთობა, სიურპრიზი მქონდა მომზადებული. 
– შენც ჩვენთან ერთად ეძებე, მამა, საათი დაგიმალე ბალახში! – მივაძახე მე. მამა საშინლად გაწითლდა, თვალები გადმოეკარკლა – ალბათ იმიტომ, რომ გამცინებოდა – და თვითონაც შეუდგა ძებნას.
უცებ ღობის იქიდან ჩვენმა მეზობელმა, ბატონმა ბლედურმა გადმოიხედა. 
– კვერცხების ძებნისთვის ცოტა დიდი ხომ არა ხარ, ჰა? – გადმოსძახა მამას და უშნოდ გაიღრიჭა. ამ დროს მამამ, რომელსაც საათი ჯერაც ვერ ეპოვა, თავი წამოსწია და მიახალა: 
– აი, შენ მაგ გასიებულ სიფათზე საკუთარ ცხვირსაც კი ვერ მიაგნებ მოსახოცად, თუ ვინმემ არ მიგანიშნა!

ბატონი ბლედური არ დაიბნა: ოცდაათი წამიც კი არ დამჭირდებოდა კვერცხების საპოვნელადო, თქვა, ღობეს გადმოევლო და გამარჯვებულიც ის გამოვიდა, რადგან ჩვენს ეზოში რომ ხტებოდა, კვერცხი გაგლისა თავისი ზამშის ფეხსაცმლით. მამამ ბევრი იცინა: ბატონი ბლედურის ფეხსაცმელები ლურჯ-ყვითლად შეღებილიყო. ბატონმა ბლედურმა მამას თვალები დაუბრიალა (რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ გაემხიარულებინა) და ხელი ჰკრა. მამა წაიქცა და ყვირილი მორთო – თავისი საათი იპოვა, მივიწყებული და ოდნავ გაბზარული.

 
როგორ დასრულდა კამათი, არ გვინახავს – მალევე დაგვიძახა დედამ წასახემსებლად და ბაღში აღარავინ დარჩა ბატონი ბლედურის, აყვირებული მამაჩემისა და უზარმაზარი ძაღლის გარდა, რომელსაც ესარგებლა შემთხვევით და იმ კვერცხების საძებნელად დაბრუნებულიყო, ჩვენ რომ ვერ ვიპოვეთ.

სახლში კარგად ვიხალისეთ! შოკოლადები ხომ გვქონდა! მერე დედამ შოკოლადის ნამცხვარიც გამოაცხო და თან ძღვენსაც გავავლეთ მუსრი.

პირველად მსუქანა ალსესტი გახდა ავად, რომელიც ძალიან სწრაფად ჭამს ხოლმე, მერე დანარჩენებიც მივყევით, გამწლიკული ჟოფრუას გამოკლებით. იმას შეუძლია, იმდენი ჭამოს, რამდენიც უნდა. ძალიან უცნაურადაა მოწყობილი! სოლიტერი ჰყავს მუცელში და ჟოფრუას ნაცვლად ის ხდება ხოლმე ავად.

დედაჩემმა ყველა ჩემი მეგობრის დედას დაურეკა და სთხოვა, სასწრაფოდ მოეკითხათ შვილებისთვის. დედები მოვიდნენ. ყველას უკმაყოფილო სახე ჰქონდა. დასტაცეს ხელი თავიანთ შვილებს და გაარბენინეს. რას ვიფიქრებდით, ბავშვებს მუცლებს ასე თუ ამოუყორავდითო, უთხრეს დედას გასვლისას.

მერე კი მივხვდი, რატომ ჰქონდათ მშობლებს უკმაყოფილო სახეები: სახლში შემოსვლამდე ბაღი უნდა გამოევლოთ, სადაც ბალახებში მამა ჩამჯდარიჯო, პერანგი შემოგლეჯოდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და იმ სიტყვებს გაიძახოდა, მე რომ არ უნდა გამეგონა. ასე ამიხსნა დედამ.

მერე მამა დასამშვიდებლად დედას დაჰპირდა, წმინდა სამების დღესასწაულზე რომში აუცილებლად წაგიყვანო. 
აი, ასე! მშვენივრად ვიმხიარულეთ აღდგომას. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება და მამას ხომ – საერთოდ! სხვათა შორის, თქვა კიდეც, ეს დღე მუდამ მემახსოვრებაო! დარწმუნებული ვარ, თქვენც ჩვენსავით კარგად გაერთობით, ჰოდა გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!
  
 
1. როგორ ადამიანს ეძახიან ხელმარცხიანს?
ა) ვინც ყველაფერს აფუჭებს
ბ) ვინც მარცხენა ხელით წერს
გ) ვისაც ყველაფერი კარგად გამოსდის 
 
2. რას ნიშნავს სიტყვა „გამწლიკული”?
ა) დაკუნთულს
ბ) გამხდარს
გ) მსუქანს
3. ნიკოლამ და მისმა მეგობრებმა „ძღვენს მუსრი გავავლეს” ანუ:
ა) შოკოლადის ქათმებით ითამაშეს
ბ) შოკოლადის კვერცხები დაუშინეს ერთმანეთს
გ) ყველაფერი შესანსლეს
4. რატომ ეჩხუბა ნიკოლას მამა ბატონ ბლედურს?
5. რა ბედი ეწია ბალახში გადამალულ კვერცხებს, რომლებიც, წესით, ბავშვებს უნდა ეპოვათ?
6. საქართველოში სააღდგომოდ კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. ტექსტის მიხედვით, რას ამზადებენ ფრანგები ამ დღესასწაულისთვის და რას ჩუქნიან ერთმანეთს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი