პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი აქტივობა მოსწავლეთა თვითშემეცნებისათვის

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.”

/დავით გურამიშვილი/

ხანდახან დღე ისე გადის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ვერ ვახერხებთ. ზოგჯერ ვერც იმაზე დაფიქრებას ვასწრებთ, რამ გაგვახარა ან რატომ მოვიწყინეთ, ფიქრებში ვიძირებით და ჩვენი ქცევის მიზეზის ძებნას ვიწყებთ, პასუხს რომ ვერ ვპოულობთ, ვშფოთავთ, ვღელავთ. და თუ საკუთარ თავში გაჩენილ შეკითხვას ვუპასუხებთ, რაღაცნაირად ამოვისუნთქავთ და უფრო მშვიდად ვაგრძელებთ საქმეს.

ალბათ, გიფიქრიათ, როგორ იქცევიან ასეთ დროს ბავშვები, რას განიცდიან ისინი. რთულია, მოსწავლემ ხარისხიანად იმეცადინოს, თუ მის შინაგან სამყაროში ქაოსია ან არ იცის, როგორ მოერიოს იმედგაცრუებას, წყენას, ბრაზს, როგორ მართოს ემოციები. ეს საკმაოდ ძნელია არა მხოლოდ მცირეწლოვნებისთვის, არამედ – ზრდასრულებისთვისაც, თუმცა არა _ შეუძლებელი. ვიდრე ბავშვი ემოციების მართვას მოახერხებს, მას სჭირდება თვითშემეცნების უნარი, რომლის გამომუშავებაზეც ყოველდღიურად უნდა ვზრუნავდეთ მშობლები და მასწავლებლები.

რას ნიშნავს თვითშემეცნება?

 

განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნებას, თვითრეგულაციას, მოტივაციას, ემპათიასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს.

 

თვითშემეცნება რთული სააზროვნო უნარჩვევაა. იგი არის საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქცევის და აზროვნების ანალიზს, გაცნობიერებას, შეფასებას, დაგეგმვასა და კონტროლს. თვითშემეცნებას, ანუ რეფლექსიას მოსწავლე იყენებს მაშინ, როდესაც ფიქრობს საკუთარ მოქმედებებზე: მაგ., ფიქრობს იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი წარმატება ან წარუმატებლობა [1,10].

 

თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში [2,9].

 

ალბათ, ყველა მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი ემოციური ინტელექტი, ანუ ახერხებდნენ საკუთარი გრძნობების გაცნობიერებას, ობიექტურ თვითშეფასებას, იყვნენ ემპათიურები და შეძლონ ემოციების ეფექტური მართვა. ემოციური ინტელექტის თეორიის მიხედვით (ავტორი – ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ გოლმანი), ,,ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა” [2,9] და, რაც მთავარია, შესაძლებელია, ემოციური ინტელექტი ვასწავლოთ, ჩვენი გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ ზემონახსენები უნარების გამომუშავებაში.

 

მინდა გაგიზიაროთ ერთი აქტივობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ მოსწავლეებთან ან სტუდენტებთან, არამედ – ზრდასრულებთან, საკუთარ თავთანაც კი. ვფიქრობ, იგი უფრო ეფექტური სემესტრის დასაწყისში აღმოჩნდება, როცა ბავშვები თავიანთი სასწავლო ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ და სწორედაც რომ სჭირდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ფიქრი.

 

ამ აქტივობის სახელწოდებაა ,,პირადი გერბი” [3,80]. მის შესახებ მიამბო მამიდამ, რომელიც მასწავლებელია. მერე გონებაში ამომიტივტივდა, რომ წლების წინ ახალგაზრდულ ბანაკში მეც შევქმენი ჩემი გერბი. მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა უცხო თანატოლებთან ურთიერთობაში, თუმცა ისიც მომაგონდა, რომ ხატვა არ გამომდიოდა და უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდი ამის გამო.  ამიტომ ეს გამოცდილებაც გავითვალისწინე, რაღაცები შევცვალე, დავუკავშირე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს, დავუმატე წერისა და არგუმენტაციის ელემენტები და ისე შევთავაზე ბავშვებს. აქტივობამ დიდი ინტერესი და მოსწავლეთა ჩართულობა გამოიწვია.

 

  1. მოსწავლეებს შევთავაზე, რომ ფურცლის შუაგულში დაეხატათ/დაეხაზათ ფიგურა, რომელსაც თავად ისურვებდნენ, გაეთვალისწინებინათ, რომ იმ ზომის უნდა ყოფილიყო, მასში საბოლოოდ რამდენიმე სიტყვის ჩაწერა მოეხერხებინათ.

  1. შემდეგ ვთხოვე, ფურცელი ოთხად გაეყოთ და თითოეულ ნაწილში ჩაეხატათ:
  2. ამინდი, რომელიც უყვართ და სიამოვნებთ;

  1. შენობა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობდნენ;

  1. ცხოველი/ფრინველი, ხასიათით ან რამე ნიშნით რომ მიამსგავსებდნენ საკუთარ თავებს;

  1. მცენარე, რომელთანაც საერთო თვისებას იპოვიდნენ.

 

თუ რომელიმე მოსწავლეს არ უნდოდა დახატვა, შეეძლო უბრალოდ დაეწერა მცენარის, ცხოველის ან ფრინველის სახელი, ამინდი და შენობა კი აღეწერა. ყველაზე მნიშვნელოვანი – უნდა აეხსნათ და დაესაბუთებინათ, რატომ ფიქრობდნენ ასე.

 

III. საბოლოოდ, ფურცლის შუაგულში ჩახატულ ფიგურაში უნდა ჩაეწერათ თავიანთი დევიზი ან ცხოვრებისეული პრინციპი.

ეს აქტივობა გამოვიყენე VI-VIII კლასის მოსწავლეებთან. ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ მუშაობის პროცესი, არამედ ბავშვებზე დაკვირვებაც. მახარებდა მათი ჩაფიქრებული სახეების ყურება.

 

აქტივობა ,,პირადი გერბი”, გარდა თვითშემეცნებისა, მოსწავლეებს უვითარებს: წარმოსახვის, ობიექტური თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის უნარებს. ბავშვებს აფიქრებს საკუთარ შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, თვისებებზე, სურვილებსა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე.

ამ აქტივობის გამოყენება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებსაც შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, როგორ  ,,პირად გერბს” შეადგენდნენ მოსწავლეები ისტორიული პერსონაჟებისა და მოვლენების მიხედვით, ან ქიმიური ფორმულებით, მათემატიკური განტოლებებით, პლანეტებით, ლიტერატურული გმირებით, უცხოური ფრაზებით, რა საინტერესო ნამუშევრებს შექმნიდნენ ხელოვნების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის ან მუსიკის  გაკვეთილებზე.

ჩვენ, ყველას, გვჭირდება ,,პირადი გერბი”, რომელიც დაგვეხმარება ჯერ საკუთარი თავის, მერე კი _ სამყაროს შეცნობაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის, I ნაწილი, თბ., 2007;
  2. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის, II ნაწილი, თბ., 2008;
  3. ლიდერის სახელმძღვანელო, თბ., 2000;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი