პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაკვეთილი დასრულებულია!

ამას წინათ, მე და ჩემი მოსწავლეები შესწავლილი მოთხრობების დასასრულების საძებნელად დავირაზმეთ. გაიკვირვებთ ალბათ, დასასრულს რა ძებნა უნდა, ამბის ბოლო გვერდზე ნახავთო!  არადა, ასე ადვილიც არაა. ზოგჯერ დასასრული ამბის დასაწყისშია გამოჭიმული. ხან შუაგულში გაწოლილა: – აჰა, შემომხედეთ, სულ ესა ვარ, მაგრამ, თუ გაინტერესებთ, აქ რატომ და რანაირად აღმოვჩნდი, კითხვა ბოლომდე უნდა ჩაამთავროთო! ზღაპრის ცნობილი დასასრულიც ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“ შუაგულ თხრობაში გაწყვეტილ ამბავს ჰგავს, წერტილმა რომ მოუსწრო და ყველაზე საინტერესო ადგილას გააჩუმა.

დასასრულისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა შემოქმედის ოსტატობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ დასასრული ის ყავარჯენია, რომელსაც გზის გაგრძელებამდე უნდა დაეყრდნო. წერტილის მძიმედ გადაქცევა ხომ ე.წ. ,,to be continuous“-ისკენ მიდრეკილი ადამიანური ბუნების საყვარელი საქმიანობაა.

ადრე თუ გვიან, წერტილის დასმის საჭიროება მაინც დგება (ხან დრო გვეწურება, ხანაც – აზარტი)  და ჩვენც ვცდილობთ ეფეტური, მოულოდნელი, თუ მოსალოდნელი დასასრულის გამონასკვას. გამოწვევების მოყვარულ მკითხველებს უმეტესად ცივი შხაპივით პირდაპირი ,,წერტილები“ ხიბლავთ. მაგალითად, ისეთი, დასაწყისშივე რომ გაგაფრთხილებს, ძალიანაც ნუ გაბრაზდები ჩემს ნათქვამზე, მე საზოგადო ჭირზე გელაპარაკები და ეს ძაგება რამენაირად უნდა მოითმინო შენივე კეთილდღეობისთვისო (ილია ჭავჭავაძე). ზოგს კი ისეთი დასასრულები ნუსხავს, პირიქით – ბოლოდან სათავისკენ რომ მიჰყავს მკითხველი. აუ, ისეთი წერტილები, ბატონი მარკესი რომ სვამდა შესაშური სიზუსტით: ,,გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა“.

კვანძის გახსნის დროსა და ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა დეტექტიურ რომანებში ენიჭება. გამოძიების პროცესში ხშირად ვაწყდებით თავსატეხის ამოსახსნელად საჭირო მინიშნებებს, რაც, ცხადია, მკითხველისთვის გადაგდებული სატყუარაა. მაგრამ დეტექტიური რომანების მწერალი თავგზის აბნევის დიდოსტატი უნდა იყოს, მთავარ გმირზე ადრე მკითხველმა ხომ არ გახსნას საქმე?! აი, ნოველებსა თუ სხვა მცირე ზომის თხზულებებში, როგორც წესი, დასასრულის სილუეტი პირველივე ნაბიჯებიდან იკვეთება. თუმცა ეს ტექსტს სულაც არ აკნინებს, პირიქით, ამ ჟანრის მკითხველს სწორედ მოსალოდნელი დასასრულისკენ სვლის დროს განცდილი ემოციები ხიბლავს.

როგორც ვხედავთ, წერტილის დასმა სულაც არაა იოლი საქმე. მასზე მარტო მწერლები კი არა, მასწავლებლებიც ბევრს ვფიქრობთ. გაკვეთილსაც ძალიან უხდება ეფექტური წერტილები! ცოდვა გამხელილი სჯობს და, საგაკვეთილო დროის სიმცირიდან გამომდინარე, ხანდახან შუა ამბავშიც ჩამიტოვებია ბავშვები. არადა, კარგი დასასრული საძირკველია, რომელზეც მასწავლებელმა შემდეგი გაკვეთილი უნდა დააშენოს. ზემოაღნიშნული მიზეზით, სემესტრის ბოლო კვირას ყოველთვის ვუთმობ დასასრულის ფენომენის გააზრებას. თან წლის ბოლო დღეები ,,წამის შესაჩერებლად“ და მიღწეულ შედეგებზე დასაკვირვებლად მგონი ყველაზე შესაფერისი დროა.

დეკემბრის სკოლა აფუსფუსებულ ქალაქს ჰგავს. ბავშვებიც და დიდებიც დეკორატიული ნათურებივით მოციმციმე სიახლეების მოლოდინში არიან. მასწავლებელმა კი უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება ლამაზ წერტილად დააჩნდეს მათ სასწავლო სემესტრს სკოლაში გატარებული წლის ბოლო კვირა. ქართულის გაკვეთილებზე რომ შემოგახედათ, იფიქრებთ, გზა აგვერიაო. ქაღალდებში ჩაფულილი ბავშვები ჩიჩილაკებს, ნაძვის ხეებს და ფიფქებს აკეთებენ, საახალწლო ნაძვის ხეს სურვილების ბურთებით და ,,საახალწლო ლექსიკონით“ რთავენ. ისმის შეშის ტკაცატკუცში შერეული საახალწლო მელოდია…

დეკემბრისთვის სულ ღუნღულა, ზამთრულ ამბებს ვუგროვებ ბავშვებს. წაკითხვის შემდეგ ზოგიერთ დასასრულს ახალი ამბის დასაწყისადაც ვიყენებთ. აბა, პირველი ფიფქების დედამიწაზე მოგზაურობის ამბის არდაწერა იქნება?! (,,ზამთრის ესკიზი“, დარო ქართველიშვილი). შემდეგ ციყვი ბუბუსა და ჩიტი ნაბის (,,მთელი ღამე თოვდა“, მერი ბოლქვაძე)  გულის ამაჩუყებულ ისტორიასაც ვეცნობით და ჩვენ მიერვე შექმნილი პერსონაჟი-თოჯინებით პატარა წარმოდგენას ვმართავთ. სამზადისი მგონი წარმოდგენაზე საინტერესო სანახავია. ზოგი თოჯინების თეატრის სცენის დასამზადებლად საჭირო ზომის ყუთს ეძებს, ზოგი ციყვისა და ჩიტის სილუეტებს ჩხირებზე ამაგრებს, აქეთ სახელდახელო აფიშას ამზადებენ და ბუდიან-ფუღუროიან ხის სილუეტს სცენად ქცეულ ყუთზე ამაგრებენ… როგორც ხედავთ, პატარა წარმოდგენისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებულს სულ სხვა ეშხი აქვს. თან ზამთარში, როცა გარეთ ქარი ზუზუნებს, სიმყუდროვითა და სიმშვიდით სავსე ფუღუროში კი ბუბუ ისევ ზამთრულ სტრიქონებს ართავს:

         ,,მთელი ღამე თოვდა, მთელი ღამე თოვდა

        მთელი ღამე თოვლი თოვლის ზღაპარს ქსოვდა…“

ჩვენც აქედან ჩურჩულით ვკარნახობთ:

,,გაყინული ნაბი ბუბუს შველას სთხოვდა,

         ისიც თბილი კუდით ციცქნა ჩიტს ათბობდა…“

ჩემს მოსწავლეებს არც პოეზიის საღამოს მოწყობა ავიწყდებათ. მოზიდავენ თავ-თავიანთ ფავორიტებს, ერთმანეთს უკითხავენ, თან მაჯისცემას უთვლიან. რაც ბუბუს ლექსის წერაში დაეხმარნენ, მას მერე სულ რითმავენ და რითმავენ. წლის ბოლო საკითხავადაც გარითმულ ზღაპარს ირჩევენ და ,,თოვლიანი ტყის ამბები“ (გივი ჩიღვინაძე) სკოლის პატარა ბიბლიოთეკაში ცოცხლდება. დათოვლილი ნაძვების ფონზე ტყის ბინადრები ერთმანეთს ხან ზამთრულ გასაჭირს უზიარებენ, ხანაც გაყინულ მეზობლებს თავშესაფარს სთავაზობენ. ისმენ მათ მონათხრობს და თვალწინ გიცოცხლდება სანადიროდ წასული მგლების, ხევის პირას გადასახლებული მელიის და ერთ ბუდეში შეყუჟული სტუმარ-მასპინძლის სილუეტები…

დასასრულის სევდაზე საუბარს ცოტათი მოზრდილებთან თუ გავბედავ. ფრთხილად მივეპარები-ხოლმე ო.ჭილაძის ერთი ზამთრის სურნელიანი ლექსით, დასასრულის სევდანარევი სიტკბო რომ მოჰყვება თან:

,,უკვე გამოჩნდნენ ჭაღარა მთები,

ჰაერში ძველი თოვლის სუნია

მომგვრელი სევდის და არა შვების,

რადგან მთებს იქით დასასრულია.

რა დიადია ეს ვრცელი წამი,

რა დამთრგუნველად მომხიბვლელია,

აღარც დღისაა და აღარც ღამის,

არც ახალია და არც ძველია…“

წელს ,,დამთრგუნველად მომხიბვლელი“ დასასრულები მეექვსეკლასელებთან ერთად შევაგროვე. ჯერ  დასასრულის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. შემდეგ კი შესწავლილი თხზულებებიდან სასურველი ვარიანტები შეარჩიეს. დასასრულები მოიძიეს, ამოწერეს და შეეცადნენ ამოეცნოთ, რა დანიშნულება ჰქონდა  თითოეულ მათგანს – კვანძის გახსნა, მომხდარის შეჯამება, თუ კითხვის ნიშნების დატოვება. დიდხანს იმტვრიეს თავი. ზოგმა მთავარი სათქმელი პერსონაჟის პირიდან ამოაძვრინა, ზოგმა ავტორის მონოლოგიდან ამოჭრა… საბოლოოდ, ჩვენმა კვლევა-ძიებამ ასეთი სახე მიიღო:

,,…სუფრას მოუსხდნენ, დაუტრიალდნენ, პური გატეხეს და, როცა თითო ჭიქა საფერავის წვენიც დააყოლეს, სადღაციდან შეუმჩნევლად მობრუნდა სიყვარული და ბიჭების პატარა გულები სასიამოვნოდ გაათბო. უყვარდათ დედა, უყვარდათ ერთმანეთი და ის მეტყევე, რომელმაც ისე ლაზათიანად გამოისტუმრა. უყვარდათ ის ტყე და ის გზაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ თითქმის ცრემლები მოაწურინეს თვალებიდან. უყვარდათ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ იყო.“ (რ.ინანიშვილი, ,,შეშაზე“)

ეს დასასრული განწყობასავითა. სადაც არ უნდა წახვიდე, სულ ასეთ დასასრულს მიადგები, სანამ გაქვს უკან დასაბრუნებელი გზა და გყავს ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია დაბრუნდეო, – დაასკვნეს ,,წერტილებზე მონადირეებმა“.

,,…მამაკაცური, დიდი ნაბიჯებით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა ხელში თუნუქის მრგვალი ნაჭერი“ (ა. სულაკაური, ,,ბიჭი და ძაღლი“)

ჯგუფი, რომელმაც ეს დასასრული ,,აღმოაჩინა“, გულაჩუყებული ამტკიცებდა, რომ ზემოაღნიშნულ ნაწყვეტში დასასრული და დასაწყისი ერთსა და იმავე წერტილში დგანან და უფრო დიდი ბრძოლა დამარცხების შემდეგ იწყება.

,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლილ ამონარიდებში თავჩარგული მოსწავლეები კი  ირწმუნებოდნენ, ამაზე დიდი დასასრული რაღა გინდა, იჯდე დევივით ვაჟკაცი წყლის პირას და შენს ბედს ტიროდე სრულიად უიმედოდ დარჩენილიო. თუმცა ეს სამწერტილად ქცეული დასასრული ახალი თავგდასავლის დასაწყისი რომ იყო, ეგ თავისთავად იცოდნენ.

შემდეგ შეხვედრაზე მოსწავლეებს უცნობი მხატვრული ტექსტების (,,უკანასკნელი ფოთოლი“(ო.ჰენრი), ,,თავსაფრიანი დედაკაცი“ (ნ.ლორთქიფანიძე), ,,თევზის წერილები“ (გ. ჩოხელი) და სხვ.)  დასასრულები წავუკითხე და ვთხოვე, რომელიმე მათგანისთვის სავარაუდო დასაწყისი მიესადაგებინათ. ალბათ ცნობისმოყვარეობა არ მოასვენებთ და არდადეგებზე თავიანთ ვარაუდს აუცილებლად გადაამოწმებენ. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია, ამას დასაწყისში გიამბობთ. მანამდე კი ყველას ბედნიერ დასასრულს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი