პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გასეირნება სიყვარულისა და სევდის თანხლებით        

რობერტ ვალზერი XX საუკუნის შვეიცარიელი მწერალია, მსოფლიოში აღიარებული და დაფასებული. ცნობილია, რომ მისი რომანებით აღფრთოვანებული იყო ფრანც კაფკა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა მათ შესახებ, როცა კი შემთხვევა მიეცემოდა. ქართველი მკითხველი მის  მოთხრობებსა და რომანებს (“გასეირნებას”, “მარიას”, “იაკობ ფონ გუნთენსა” და “თანაშემწეს” უკვე იცნობს მაია მირიანაშვილის თარგმანებით). რობერტ ვალზერს უფრო ახლოს გვაცნობს დოკუმენტურ-მემუარული ყაიდის წიგნი “ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად”, რომელიც ცნობილმა მწერალმა და მეცენატმა კარლ ზელიგმა დაწერა.

მოთხრობა “გასეირნება” იმ მშვენიერების შესახებაა, რომელსაც ხშირად ვერ ამჩნევს ჩახუთულ ოთახში გამოკეტილი ადამიანი. რობერტ ვალზერი სიმბოლურად წარმოაჩენს თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების კრიზისს. ბუნება სადღაც დარჩა, როგორც დეკორაცია, როგორც ერთგვარი სამშვენისი და არა ყოფის განუყოფელი ნაწილი. ვალზერი ამ მოთხრობაში თვითონაც სეირნობს და მკითხველსაც დაასეირნებს ბუნების ულამაზეს წიაღებში, ეს, რა თქმა უნდა, იმავდროულად, საკუთარ სულში მოგზაურობაცაა, ღმერთთან მიახლოების წადილი, მაგრამ უმთავრესია, რომ სწორედ ბუნებამ გააღვიძოს კაცში ღვთაებრივი მშვენიერებისა და სიმშვიდის განცდა, რაც საწინდარია ამაღლებულობისა. მწერალი ამჩნევს ცხოვრების უმცირეს დეტალებს და ცდილობს ფერწერულად გამოხატოს არა მხოლოდ თოთო განთიადები და მეწამული დაისები, არამედ ადამიანთა მოულოდნელი შეხვედრები და ტკივილიანი განშორებები, უეცრად გაჩენილი და გამქრალი სიყვარული, მოისმინოს უჩინარი ხმები და მკითხველი დაარწმუნოს უხილავად არსებული ჯადოსნური სამყაროს რეალობაში. ვალზერის აზრით, მწერლებმა, რომელთაც, მართლაც, ხელეწიფებათ წერა, იციან, რომ დროდადრო უნდა შეჩერდნენ, გარემოს მიაყურადონ, სიმშვიდე მოიპოვონ, ხანდახან კალამსაც ცოტა ხანს უნდა გაუშვან ხელი და უკვდავი ბუნებით დატკბნენ. თვითონ ვალზერს გასეირნება საოცარი შემოქმედებითი ენერგიით ავსებდა.  ეს ხეტიალი  მის სულში აღბეჭდავდა მრავალფეროვან მოვლენებს, ამჩნევდა ირგვლივ მოფუთფუთე სანახაობებს, ცოცხალ ლექსებს, სასწაულებს, ბუნებრივ სილამაზეებს, რომლებიც მის  თვალწინ მომხიბლავად და შემაგულიანებლად იშლებოდნენ. ამ დროს ის ყურადღებით აკვირდებოდა სულ მცირე, ერთი შეხედვით, უსიცოცხლო საგნებსაც კი, მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო: ძაღლი, ჭიანჭველა, პეპელა, ბეღურა, ხე, ღობე, ლოკოკინა, თაგვი, ღრუბელი, მთა, ფოთოლი თუ “საიდანღაც ჩამოვარდნილი საცოდავად დაფლეთილი, დაწერილი ფურცელიც კი”. მწერლის აზრით, ყველაფერი განსაკუთრებულად უნდა შეიგრძნო, უანგარო, ლაღი, ყურადღებიანი მზერა უნდა აჩუქო, თვალი შეავლო. ნახავ, რომ ისინიც მზად არიან, შენი ჩივილი, გულისტკივილი, გაჭირვება გაიზიარონ. ვალზერისთვის გასეირნება ბუნებაში ერთგვარი თავდავიწყება იყო, სამყაროსთან შერწყმის, მისგან განუყოფლობის განცდა ეუფლებოდა. ყველაფერი ბედნიერებას ანიჭებდა. სულიერება, მადლიერება, ნდობა, ერთგულება აღავსებდა და აღამაღლებდა. ბუნების მრავალფეროვნება მას აკეთილშობილებდა, ამდიდრებდა, ახალისებდა და ერთგვარ გასხივოსნებას იწვევდა. ეს ექსტაზს ემსგავსებოდა: “სოფელი, ხალხი, ხმები თუ ფერები, სახეები თუ მოჩვენებები, ღრუბლები თუ მზის ნათება ისე ტრიალებენ ჩემ ირგვლივ, როგორც ჩრდილები”. ვალზერი ოცნებობდა, ტყეში მშვიდი, პატარა საფლავი ჰქონოდა, რათა ეგებ მაშინაც მოესმინა ჩიტების ჭიკჭიკი და ტყის შრიალი.

მოთხრობა “მარიაში” საუბარია ბედნიერების ძიებაზე. ვალზერის აზრით, ადამიანთა სწრაფვა ბედნიერებისაკენ ბევრად უფრო მშვენიერია, უფრო მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და სასურველი, ვიდრე თვით ბედნიერება. მოთხრობის გმირი მწერალია და ფიქრობს, რომ რაც სათუთი და ნაზია, იმაზე დუმილი აჯობებს. ერთი გასეირნებისას იგი შეხვდება იდუმალებით მოცულ ქალს, მარიას, რომელიც მისთვის მარადქალურობის სიმბოლოდ იქცევა. ამ შეხვედრას ერთგვარი რომანტიკულ_მისტიკური ელფერი აქვს: “რაღაც გაურკვეველმა ძალამ, დიდებულებამ თუ მშვენიერებამ მაიძულა, ჩუმი, მშვიდი ხმით უცხო ქალისთვის მეთქვა: მე შენ მიყვარხარ. წამიყვანე, საითაც გინდა, მთელი ჩემი სული და გული შენთვის მომინდვია”. ეს პაემნები გმირს მთლიანად უცვლის სამყაროს და ჯადოსნურ წუთებს განაცდევინებს. ეს არის შეხვედრა მისივე ფიქრებით მოქსოვილ ქალთან. ამ შემთხვევაში იგი პიგმალიონს ედარება, საკუთარი ხელით გამოქანდაკებული ქალი რომ შეუყვარდა. მოთხრობაში ამ ქალთან შეხვედრები აღწერილია ისე, თითქოს სამოთხეში ადამ და ევას ვუცქერდეთ. საღამოს ღრუბლები ვარდისფრადაა შეფერილი და ირგვლივ ყოველივეს შეურყვნელობისა და სიწმინდის ნიშანი აქვს. ერთ დღესაც მარია გაქრა, მხოლოდ და მხოლოდ საამო სურნელი, ბულბულის ხმა, საოცარი სურათი, პეპელასავით მოგონება დაუტოვა გმირს. ეს მოგონება საღამოს მონაბერ ნიავს ჰგავდა. მასთან ერთად გაქრა თითქოს ყველაფერი და გმირი მიხვდა, ამიერიდან მისი ცხოვრება მარიას, ესე იგი, ამაღლებულის, მიუწვდომელის ძიებაში გაილეოდა და მასთან მიახლოების ილუზია მიანიჭებდა გამოუთქმელ ნეტარებას.

კარლ ზელიგი რობერტ ვალზერს  თითქმის  20 წლის განმავლობაში ხვდებოდა და მასთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი შთაბეჭდილებებს დღიურში იწერდა. საბოლოოდ, შესანიშნავი წიგნი გამოუვიდა, “გოეთეს საუბრებს ეკერმანთან” რომ ჩამოჰგავს. ზელიგი ჩასწვდა ვალზერის სულს  და მკითხველს დაუხატა მწერალი უშუალო, ჩვეულებრივ ვითარებებში. ვალზერმა სიცოცხლის ბოლო წლები  სულიერად დაავადებულთა გამაჯანსაღებელ სანატორიუმში გაატარა. ზელიგი მისი მეურვე გახლდათ და დროდადრო ხვდებოდა, ორი მონათესავე სული ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდა, მათ შორის რა თქმა უნდა, უპირველესად, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. აი, ვალზერის რამდენიმე თვალსაზრისი ამ საუბრებიდან: “ხელოვანს ტალანტი არას არგებს, თუ სიყვარული აკლია”, “ხელოვანმა თავისი მკითხველი უნდა აღაფრთოვანოს, ან დატანჯოს, აატიროს, ან გააცინოს”, “ადამიანს სხვების მოტყუება შეუძლია, საკუთარ თავს კი ბოლომდე ვერ მოატყუებ”, “წიგნების წერაც ისეთივე სამუშაოა, როგორც თესვა, მკა, ხვნა…”, “ნაღველი და დარდი საუკეთესო აღმზრდელები არიან”, “აუტანელია მწერალი, რომელსაც ჰგონია, რომ მთელი სამყაროს დამოძღვრა, ჭკუის სწავლება სწორედ მას დაავალეს”, “უფრო მნიშვნელოვნია, ნაკლები ილაპარაკო ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია”. ერთი სეირნობისას ვალზერმა ზელიგს უთხრა: “ხეებს რა კარგად აქვთ საქმე, ყოველ წელს ისხამენ ნაყოფს”. ეს კი თომას მანზე საუბარს მოაყოლა, მიიჩნევდა, რომ მისი “იოსები და ძმანი მისნი” მშრალი და გამოფიტული რომანი იყო, საერთოდაც, მის გვიანდელ ნაწერებში ოთახის ჰაერი შეიგრძნობაო, ასე იცის, როდესაც მწერალი ბუღალტერივით მხოლოდ თავის საწერ მაგიდას უზის და წერსო. ვალზერი ოცნებობდა, რომ  შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გამქრალიყო. ის 1956 წელს, შობა დღეს, შებინდებისას, დათოვლილ მინდორზე გარდაცვლილი იპოვეს. თავისი წიგნებით კი ცხოვრებაში ლამაზი კვალი დატოვა.  ასევე ლამაზად ამთავრებს თავის წიგნს ზელიგი: “მკვდარი, რომელიც იქ, ფერდობზე, ზამთრის ფაფუკი ფიფქების მხიარულ ცეკვაში იწვა, პოეტი აღმოჩნდა. მწერალი, რომელიც ბავშვივით მშვიდი სამყაროსკენ, სისუფთავისკენ, სიყვარულისკენ მიილტვოდა”.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი