პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ახალი წელი დაუვიწყარ მოგონებად რომ იქცეს…

გადავწყვიტე ჯადოსნური წერილი დამეწერა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ახალი წელი ჯადოსნურია. ვიფიქრე, მოდი დავწერ ისეთ სტატიას მშობლებს სასწაულების არსებობაზე რომ დააფიქრებს, სიხარულს მოჰგვრით, მერე ამ განწყობას შვილებს რომ გაუზიარებენ და მათ ოჯახში რაღაცნაირად  ახალი წლის და შობის ის დიდებული სული დაისადგურებს, რომელსაც ყოველ წელს ველით და ხანდახან ისე ჩაგვიქროლებს ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე. ან ისე ვართ დაკავებულები საახალწლო ჭამა-სმაზე და საყიდლებზე ზრუნვით, რომ ეს დიდებული სული თავს დიდებულად სულ აღარ გრძნობს და სადღაც ოთახის, რომელიღაცა კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიიკუნჭება ხოლმე. საბოლოოდ ისე ჩაგვიქროლებს რომ, აუარებელი ბრჭყვიალა ნივთისგან  და სასუსნავ-ტკბილეულისგან გამოფხიზლებულებს სევდა გვეუფლება, ნუთუ ასე უცებ დასრულდა, ის რასაც მთელ წელი ველოდით…

აი, ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ჯადოსნურ ახალ წელს, მოგონებებს ბავშვობაში გადავყევარ, იმ ცივ, უშუქო და უსახსრო ოთხმოცდაათიანებში.

ჩემი ბავშვობის ზამთარი თოვლიანი იყო, უზარმზარი ფანტელებით და ყინულის ლოლოებით სავსე. დღეები იყო თეთრი და მხიარული.  უზარმზარ ეზოში, სადაც მუხლამდე თოვლი იდო, მე და ჩემი და დილიდანვე ვიწყებდით საქმეს:  თოვლის კაცის შენებას – რომელსაც ცივ, გაყინულ მიწაში ჩარჩენილ სტაფილოებს ვუკეთებდით ცხვირად, თვალებად კი შემოდგომიდან მორჩენილი ნახშირის ნატეხებს. შემდეგ ვიწყებდით დამტვრეული ყინულებით თამაშს, რომლებიც თითქოს უმარავი მბზინვარე ალმასი იყო, ახლაც მახსოვს, ის სიცივე და სისველე ხელის გულზე – ყინულისგან რომ ვგრძნობდი.

ბებიას მოქსოვილი ხელთათმანები გვეცვა, რომლის თითოეული სათითური მოქარგული  და პერსონაჟებად ქცეული იყო, ბერა თითი: მსუქანი ლოყებწითელა ბიჭუნა, საჩვენებლი – ყვითელი ძაფისგან დანწულ ნაწნავებიანი, ცისფერთვალება გოგო, ნეკა – პატარა, თოთო ბავშვი, თოვლის მოსვლის სიხარულს ამ საოცარი ხელთათამანების ჩაცმის სიხარულიც შეერწყმებოდა ხოლმე.

საღამოობით უკვე ციგაობა იწყებოდა გარეთ უბანში, ამას მოსდევდა გუნდაობა, სრიალი… შებინდებისას დაღლილ-დაქანცულები ღუმელთან რომ ვთბებოდით, თან პიტნის ჩაის მივირთმევდით – ვიყავით უზომოდ ბედნიერები და ცხადად ვგრძნობდი, რომ სადღაც ჩვენს შორის ახალი წლის ის დიდებული სულიც მიირთმევდა ჩაის, წერილის დასაწყისში რომ ვახსენე.

მოკლედ, ჩემს ბავშვობაში ამ დიდებულ სულს თოვლით ვეპატიჟებოდით და ღუმელთან ვათბობდით. შემდეგ იწყებოდა ახალი წლისთვის მზადება.  სხვენიდან ძველის ძველი სათამაშოების ყუთი ჩამოგვქონდა, ულამაზესი შუშის სათამაშოებით – რომლებსაც არა მხოლოდ ნაძვის ხეზე, ჭაღებზეც ვკიდებდით. ზოგიერთი ტყდებოდა, მაგრამ კი არ ვნაღვლობდით, პირიქით გვიხაროდა – წვრილად ვფხვნიდით და ჩვენს მიერ მომზადებულ დეკორაციებს ვაბრჭყვიალებდით.

ნაძვის ხის ქვეშ მე და ჩემს დას მთელი სამყარო გვქონდა მოწყობილი: სანთლის ფიფქიითა და ბამბის თოვლის პაპით, „აინთე-ჩაიქრე სახლით“ (რომლის ფანჯრებშიც სულ ვიჭყიტებოდით გვაინტერესებდა შიგ რა ხდებოდა, რადგან დაზუსტებით ამას ვერ ვხვდებოდ ამ სახლის ამბებს ჩვენ თავადვე ვიგონებდით), შეგვეძლო მთელი დღე აქ გაგვეტარებინა და ნაირნაირი სცენარები მოგვეფიქრებინა ჩვენი თამაშებისთვის.

31 დეკემბერი საახალწლო კოსტიუმების შექმნით იწყებოდა, აუცილებლად მოსასხამები და გვირგვინები, ნიღბები და ბროშები. გადმოვიღებდით ბებიაჩემის ნაჭრებს ან კაბებს, დავჭრიდით, ავასხამდით რეზინზე, დავაკერებდით წვიმებს, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ ფიგურებს და მზად იყო. ამასობაში ღუმელში ნამცხვარი ცხვებოდა, გოზინაყი იჭრებოდა და საცივი თუხთუხებდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კი საღამოს ხდებოდა. სწორედ ეს რაღაც იყო და არის მიზეზი რომ ახალ წელს მუდმივად სასწაულის მოლოდინში ვარ და დღესაც ზუსტად ის, ბავშობისდროინდელი განცდა მეუფლება.

ამ საღმოს პაპაჩემი აუცილებლად გაქრებოდა, ყოველთვის რაღაც საქმე ჰქონდა: მეგობრის მონახულება, შუშხუნების მოტანა თუ თოვლის გადახვეტა. და აი, ამ დროს როდესაც პაპაჩემი წავიდოდა, სახლის კარებზე კაკუნი გაისმოდა, რაღაცნაირად მძიმედ, დაყოვნებებით. გული მიჩერდებოდა და ჟრუანტელი მივლიდა, უკვე ვხვდებოდი ვინც იყო. ძალიან მერიდებოდა კარების გახსნა, ამიტომ ან დედა ან ბებია აღებდა და ჩვენს წინაშე თოვლის პაპა წარდგებოდა მთელი თავის დიდებულობით: მუხლამდე წვერით და თეთრი მოსასხამით, დაქარგული ხურჯნით, ხელში კი მძიმე, გრძელი ჯოხით. ეს რაღაც საოცრება იყო, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც მაშინ გვეუფლებოდა, სიხარული, ბედნიერება, სასწაულის განცდა. მთელი ოჯახი მის გარშემო ვიყრდით თავს და იწყებოდა საუბარი – ხუმრობებით, ამბებით, სიცილით და რა თქმა უნდა საჩუქრებით.

საჩუქრები იყო ძალიან ცოტა და იაფასიანი: ხელით ნაქსოვი წინდები, ტკბილეული, ჩურჩხელები, თიხის სუვენირები (იმ დროინდელი მარწყვის გოგონა დღემდე შენახული მაქვს და ჩემს ვიტრინაში საპატიო ადგილს იკავებს), მაგრამ განცდები იყო სამაგიეროდ საოცარი, იყო აღმაფრენა,  ბედნიერების შეგრძნება და სასწაულების რწმენა. რა თქმა უნდა გუმანით ვხვდებოდით რა კავშირი იყო პაპაჩემის გაქრობასა და თოვლის პაპას სტუმრობას შორის, თუმცა ამას არ ვაღიარებდით და ერთხელ როდესაც მისი ბამბის წვერის ნაგლეჯი ჩემს ნაძვის ხეზე აღმოვაჩინე, მთელი წელი სათუთად ვინახავდი რომ შემდეგ წელს დამებრუნებინა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ბედნიერი დღეები მე ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. გავიდა დრო, დიდი დრო. პაპა და ბებია აღარ არიან, თოვლიც აღარ მოდის. ის ხელთათმანებიც დაპატარავდა და გაცვდა, ახალი წლისთვისაც ცოტა სხვანაირად ვემზადებით. მაგრამ იმ დღეების სხივი დღესაც მათბობს და მაგრძნობინებს ახალი წლის სულს. მხოლოდ მოგონებებიც კი საკმარისია რომ სასწაული შევიგრძნო და მისი მჯეროდეს.

დღეს როდესაც მშობლები ბჭობენ, საკუთარ შვილებს რომელ ასაკში აუწყონ რომ სანტა არ არსებობს, გულში რაღაცნაირი სევდა მეუფლება, ეს ის საკითხია, ასეთი ხელოვნური და რაციონალური გადაწყვეტილება რომ არ უხდება, ეს თავისთავად ხდება, მაშინ როდესაც უნდა მოხდეს. როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, იმისთვის თოვლის პაპის არსებობა დამეჯერებინა, მე მაინც მჯეროდა და მოუთმენლად ველოდი და შეიძლება ითქვას, დღესაც მჯერა და ველი, იმ მძიმე ნაბიჯების ხმის გაგონებას, იმ შეყოვნებულ კაკუნს კარზე ჩემს ცხოვრება სასწაულის, ოქროსფერი ძაფით რომ მოუქარგავს. ეს ხომ მხოლოდ პერსონაჟი კი არ არის, ჩემი ბავშვობაა, უსაყვარლესი ადამიანებით, მათი ღიმილით და სითბოთი სავსე. რაღაცები გვცვლიან, რაღაცები გვაკეთილშობილებენ და უკეთესებად გვაქცევენ, პირველ რიგში კი ეს რწმენაა, რწმენა სიკეთის, ბედნიერების და სასწაულის არსებობის.

ძალიან გამიგრძელდა ჩემს მოგონებაზე წერა, მაგრამ მინდა რაღაცნაირად დაგანახოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს ასეთი ჯადოსნური მოგონებები დავუტოვოთ – რასაც სულ არ სჭირდება ძვირადღირებული სათამაშოები, მობილურები და საჩუქრები, მნიშვნელოვანია რიტუელები და ჯადოსნურობის განცდა. მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები, ღიმილი, სიხარული და საოცრების მოლოდინი.

ახალი წლისთვის მზადება აუცილებლად ერთად დაიწყეთ, სათამაშოების შექმნაც ერთად შეგიძლიათ: ერთ ჭიქა მარილს და ერთ ჭიქა ფქვილს წყალთან ერთად თუ მოზელთ, მშვენიერ საძერწ მასალას მიიღებთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ნაძვის ხის სათამშოების თუ სხვა სუვენირების გამოძერწვა ერთად შეგიძლიათ, გაშრომის შემდეგ გუაშებით შეღებეთ და უკვე მზადაა.

ბავშვებს მოუწყვეთ ან მიეხმარეთ ნაძვის ხის ქვეშ ჯადოსნური სამყაროს შექმნაში, რომელიც დეკორაცია კი არ იქნება, არამედ ითამაშებენ კიდეც. თავდაპირველად თქვენ მიეხმარეთ და მერე დამიჯერეთ, თავად გააგრძელებენ.

ერთად შექმენით ლამაზი, ბრჭყვიალა საახალწლო აქსესუარები, ნიღბები, კოსტიუმები.

სადმე მოაგროვეთ გირჩები, ტოტები, წიწვები და შექმენით საშობაო გვირგვინები, სათამაშოები.

თავად დაამზადეთ სანთლები – ჩველუებრივი სანთლები დაადნეთ ორთქლზე, აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა ან ქილა გვერდებზე  ქაღალდის წებოთი მიაწებეთ ყვავილის ფურცლები, ფოთლები, ნახატები, დეკორაციები, ძირზე ძაფი დაუმაგრეთ (რომელსაც შემდეგ აანთებთ ) და გამდნარი სანთელი ნელ-ნელა ჩაასხით.

წინა დღეებში ისეირნეთ ერთად, მოუყევით ამბები თქვენს შობებზე და ახალ წლებზე.  ახალი წლის ღამეს საჩუქრების გადაცემის რიტუალი საინტერესოდ დაგეგმეთ, თუნდაც თოვლის კაცად ან ქალად გადაცმით ან სახლში სხვადასხვა ადგილას დამალვით და პატარა თამაშის მოწყობით, რომ თავად იპოვონ და გამოიცნონ თუ რა საჩუქარი შეხვდებათ.

თუ კი გყავთ, აუცილებლად მოიწვიეთ პაპები და ბებიები, დამიჯერეთ თქვენი პატარებისთვის მათთან ერთად ახალ წელთან შეხვედრა – ძალიან მნიშვნელოვანი და წარუშლელი შთაბეჭდილება იქნება.

რა თქმა უნდა ჩართეთ საახლწლო სიმღერები, აანთეთ ბევრი სანთელი, ააბრჭყვიალეთ და გაანათეთ სახლი და ეს იქნება ყველაზე, ყველაზე საოცარი, ჯადოსნური მოგონება თქვენი შვილისთვის, რომელსაც წლების შემდეგ გაიხსენებს, მაშინ როდესაც დარდიანი იქნება – ბედნიერება დაუბრუნდება, როდესაც თქვენ მოენატრებით – დამშვიდდება, როდესაც სადღესასწაულო განწყობას დაუწყებს ძებნას – იპოვის, და როდესაც გადაწყვეტს სტატიის დაწერას, ეს ყველაფერი ამოუტივტივდება და თავს შეახსენებს, ახალი წლის ჯადოსნური სული, კი იქვე ახლოს ეყოლება, ლეპტოპთან ჩამომჯდარი და ძველი მოგონებებით გაბრუებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი