სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარების სქემის პერსპექტივები

უკვე ათეულ წელზე მეტია, საქართველოს სასკოლო ცხოვრება
დინამიკური რეფორმირების პროცესშია. როგორც ჩანს, ამჯერად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა
განვითარების ახალ ფაზაში შედის. უკვე შემუშავდა მასწავლებლის ახალი სტანდარტი, განისაზღვრა
მასწავლებლის კატეგორიები, პედაგოგებს მალე შესთავაზებენ პროფესიული განვითარების ახალ
სქემას, რომელიც, მანამდე არსებულისგან განსხვავებით, სავალდებულო იქნება, შემუშავების
პროცესშია მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ახალი კოდექსიც. მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტისა და სხვადასხვა გზით გავრცელებული დაუზუსტებელი ვერსიების მიხედვით, უკვე
შეგვიძლია, მეტ-ნაკლები სისრულით  წარმოვიდგინოთ
პროფესიული განვითარების მომავალი სქემა. 

ოპტიმისტურად განწყობილი განათლების სამინისტრო
და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებს და ფართო საზოგადოებას
არწმუნებენ, რომ ცვლილებები სასიკეთოდ წაადგება როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებსაც,
თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი სიახლეებს პესიმისტურად უყურებს. ისევე როგორც
ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, მასწავლებელთა უამრავ მოსაზრებას, შეხედულებას,
ვარაუდს ვეცნობი ტელევიზიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით და პირადი საუბრების
დროს. ზოგიერთი მათგანი ჩემთვის მისაღებია, ზოგს პრინციპულად არ ვეთანხმები. ვფიქრობ,
არის ისეთი კითხვებიც, რომლებსაც პასუხი მომავალში გაეცემა. თუმცა ჩემი მიზანი პოლემიკის
წამოწყება არ გახლავთ; მინდა, იმაზე გესაუბროთ, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული. მასწავლებელთა
აბსოლუტური უმრავლესობაც დამეთანხმება – თანამედროვე პირობებში მასწავლებლის საქმიანობა
მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს. ვფიქრობ, სირთულეს წარმოშობს ის გარემოება,
რომ ჯერჯერობით შეუსწავლელია, რა წარმატებებითა თუ ხარვეზებით მიმდინარეობდა ეს პროცესი
ბოლო ხანს. ჯერ არც სამომავლო პერსპექტივებია გამოკვეთილი ნათლად.

 

თავდაპირველად საგანმანათლებლო სისტემის რამდენიმე პრობლემურ
საკითხზე ვისაუბრებ, რომელთა გაუმჯობესება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას
თეორიულად შეუძლია. ცნობილია, რომ მიუხედავად უამრავი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ღონისძიებისა (კონფერენციები, კონკურსები, სემინარები, ტრენინგები და
ა. შ.), მასწავლებლობა ზოგადად მაინც „ჩაკეტილ” პროფესიად რჩება. 

განათლების ექსპერტები
მიიჩნევენ, რომ რეალურ სასწავლო პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და თანამშრომლობის
დონით მასწავლებლები საგრძნობლად ჩამორჩებიან სხვა პროფესიის ადამიანებს. მათი ერთი
ნაწილი თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში წლების განმავლობაში თითქმის არაფერს ცვლის, არ
აანალიზებს არჩეულ მეთოდებსა და აქტივობებს. მათთვის კომფორტულია დიდი ხნის წინ არჩეული
მეთოდების ერთგულება, სიახლეები კი ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნიათ. ეს მაშინ, როცა
მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის – საგნობრივ კომპეტენციებს თავი
რომც დავანებოთ, ამას ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს, რომელიც აუცილებლად უნდა
აისახოს სასწავლო მეთოდებსა და სწავლის პროცესზე.

 

ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი შედეგი
ისიც გახლავთ, რომ გაიზარდა აქტიურ მასწავლებელთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელ
პირობებში წარმატებული მასწავლებლები მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი ცოდნისა და
გამოცდილების სხვებისთვის სათანადო დონეზე გაზიარებას. პროფესიული განვითარების
სქემას შეუძლია, ამ მიმართულებითაც გააუმჯობესოს მდგომარეობა, თანამშრომლობა ორივე
მხარისთვის ურთიერთსასარგებლო ვალდებულება გახდება. ბარემ აქვე დავაზუსტებთ: ჯანსაღი
თანამშრომლობა წარმოგვიდგენია როგორც ახალი იდეების მიწოდება და სასარგებლო რჩევების
მიცემა, თუმცა მასწავლებელი მათ კოპირებას კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ აანალიზებდეს,
შემოქმედებითად უდგებოდეს და თავის სტილს არგებდეს.

მოკლედ, პროფესიული განვითარების სქემის სწორად განხორციელების
შემთხვევაში მასწავლებელს ერთდროულად გაუჩნდება ვალდებულება და მოტივაცია, გაეცნოს
მეთოდიკის სიახლეებს, ითანამშრომლოს კოლეგებთან, განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა.
მოგეხსენებათ, სქემით გათვალისწინებული მეთოდური თვალსაზრისით სწორად განხორციელებული
აქტივობები კრედიტებად იქცევა, ხოლო კრედიტების შესაბამისი რაოდენობა მასწავლებელს
ზედა საფეხურზე გადასვლის საშუალებას მისცემს, რაც ავტომატურად აისახება მის ხელფასზე.
მაგრამ ყველაფერი ეს ჯერჯერობით თეორიაა, ხოლო რეალურ შედეგებს პრაქტიკა გვიჩვენებს.
აქვე დავასახელებთ ზოგიერთ იმ გარემოებასაც, რომლებიც მასწავლებლებლების ერთ ნაწილს
არცთუ უსაფუძვლოდ პესიმისტურად განაწყობს. მათ მიაჩნიათ, რომ პროფესიული განვითარების
ცენტრის მიერ წამოყენებული მოთხოვნები პრაქტიკულად მიუღწეველია (განსაკუთრებით – ორი
უმაღლესი კატეგორიის მოთხოვნები), შესაბამისად, ხელფასის ზრდის პესპექტივაც გაურკვეველი
ხდება. მით უფრო, რომ ამა თუ იმ კატეგორიით გათვალისწინებული სახელფასო სარგო ჯერჯერობით
ბურუსითაა მოცული. 

მასწავლებლებს ისიც აშფოთებთ, რამდენად სამართლიანად მოხდება მათი
ნამუშევრების შეფასება. მაგრამ, მოდი, ისევ ძირითად საკითხს, მასწავლებლის პროფესიონალიზმს
დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მასწავლებლობა არ მიეკუთვნება იმ პროფესიათა
რიგს, სადაც საგნის ღრმა ცოდნა
საკმარისია პროფესიონალიზმის
მისაღწევად. გასათვალისწინებელია კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი თუ მცირე დეტალი. ამას
წინათ უცხოურ საიტზე გავეცანი სტატიას საინტერესო სათაურით: „პროფესიონალი მასწავლებლის
26 მახასიათებელი”. უპირველესად რიცხვმა დამაინტერესა, მართალი გითხრათ, გაზვიადებულიც
კი მომეჩვენა. ქვემოთ სწორედ ამ ჩამონათვალს მოვიყვან. მიმაჩნია, რომ რომ ყოველთვის
ყველა რჩევის შესრულება შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ, განიხილოთ როგორც ტესტი და
დაფიქრდეთ, რამდენ მათგანს და რა დონეზე აკმაყოფილებთ.

 

1. ნდობით განაწყვე
„კლიენტები”, მოსწავლეები და მშობლები – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო
წლის დაწყებაა, წარმატება პირველივე დღიდან იწყება.

2. ჩაიცვი პროფესიონალურად- გემოვნებით ჩაცმა მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია.

3. არ დააგვიანო
გაკვეთილზე – პროფესიონალი მასწავლებელი ყოველი დღის კარგად დაწყებას ცდილობს.
ეცადე, პირველი ზარის დარეკვამდე, სულ მცირე, ათი წუთით ადრე მაინც მიხვიდე.

4. მოემზადე
წინასწარ – მომდევნო დღე წინა დღეს დაგეგმე.

5. დაიცავი
სკოლის შინაგანაწესი და წესდება – პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული
ინტერესები და ღირებულებები, ისინი ახდენენ მათ მოდელირებას თავიანთი კლიენტებისთვის,
ჩვენს შემთხვევაში – მოსწავლეებისთვის.

6. აიღე პასუხისმგებლობა
სასწავლო პროცესზე – აკონტროლე მოსწავლეების ქცევა. სასურველი არ არის დისციპლინასთან
დაკავშირებულ საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.

7. იმუშავე
ისე, რომ იამაყო როგორც პროცესით, ასევე შედეგითაც – ეცადე, ნამუშევრები (პრეზენტაციები,
ჩანაწერები და ა.შ) მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.

8. იმოქმედე
შემუშავებული გეგმის მიხედვით – პროფესიონალები ყველა სამუშაოსთვის წინასწარ განსაზღვრავენ
ვადას და გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. მოყვარულები შესასრულებელ სამუშაოს
სამომავლოდ გადადებენ ხოლმე და ხშირად უკანასკნელ მომენტში (ბოლო დღეს თუ სულაც ბოლო
საათებში) ამაოდ ცდილობენ, დაასრულონ დაწყებული საქმე.

9. არ გადააცილო
ტესტირების ან სხვა შემაჯამებელი შეფასების დათქმულ ვადას – ეცადე, შენგან დამოუკიდებელი,
ობიექტური მიზეზების გარეშე არ გადადო ტესტირება, მით უფრო – რამდენიმე დღით. ამ დროს
შესაძლოა მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს მიმართ ინტერესი დაკარგონ.

10. პატივისცემით
მოეპყარი კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას – მოსწავლეების თანდასწრებით კოლეგებისა
და დირექციის მიმართ პატივისცემის გამოხატვა დაგეხმარებათ თქვენდამი მოსწავლეთა პატივისცემის
მოპოვებაში.

11. იყავი შენი
საქმის ენთუზიასტი – პროფესიონალ მასწავლებელს არ შეაქვს ნეგატიური მუხტი სამუშაო
ატმოსფეროში, ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება და გადასდოს ენთუზიაზმი სხვებს.

12. მიესალმე
ცვლილებებს – პროფესიონალი მასწავლებელი ყოველთვის მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს.
მისთვის მიუღებელია ახალი იდეებისთვის ცივი წყლის გადასხმა, კატეგორიული ტონით (მაგ.:
„ეს ვერასოდეს გაამართლებს ჩვენს სკოლაში”) სიახლეების უარყოფა.

13. გამოხატე
ინტერესი თითოეული მოსწავლის მიმართ – რაც უფრო უკეთ გაიცნობ მოსწავლეებს, მით
უფრო მეტ გავლენას მოახდენ შენი საგნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე და ხელს შეუწყობ
ცხოვრებაში გონივრული არჩევანის გაკეთებაში.

14. პატივისცემით
მოეპყარი მოსწავლეებს – მასწავლებელი არამც და არამც არ შეურაცხყოფს, არ ამცირებს
თავის მოსწავლეებს. რაიმე ცუდ თვისებაზე საუბრისას მაგალითად
ნუ მოიყვანთ რომელიმე მოსწავლეს. მოსწავლეების ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, რელიგიური
მრწამსი, პიროვნული თვისებები აკადემიური მოსწრების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.

15. იყავი მენტორი
და არა მეგობარი – ყურადღებით მოეკიდე ახალგაზრდების ღირებულებებს. შეინარჩუნე
თვითკონტროლი. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები. დაფიქრდი, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ
მათ ერთ კონკრეტულ მოსწავლეზე ან მოსწავლეთა ჯგუფზე.

16. დაიცავი
კონფიდენციალობა – პროფესიონალი მასწავლებელი მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას
მათ სასარგებლოდ, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის იყენებს. პერსონალური ინფორმაცია
არ უნდა იქნეს გაზიარებული მათთვის, ვისაც ეს არ ეხება და ამით გამოირიცხოს ამ ინფორმაციის
მოსწავლეთა წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.

17. მშობლებთან
ურთიერთობა – ჩართე მშობლები საგანმანათლებლო პროცესში, მხარი დაუჭირე მათ პოზიტიურ
ინიციატივებს, სკოლის დახმარების სურვილს. მშობლებთან ურთიერთობისას შეინარჩუნე სიმშვიდე
და იყავი ზრდილობიანი. აზრთა სხვადასხვაობისას სცადე დაარწმუნო ისინი, რომ მათი მოკავშირე
ხარ მათი შვილების უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლაში.

18. უპირველესად,
ყურადღება მიაქციე უსაფრთხოებას – გახსოვდეს, რომ როგორც პროფესიონალი მასწავლებელი
სამსახურს უწევ მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას. აუხსენი მოსწავლეებს, რა საჭიროა
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესრულება და თავადაც დაიცავი ისინი.

19. დაეხმარე
კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას – გახსოვდეს, წარმატებას სკოლასთან ერთად უნდა
მიაღწიო. პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს საერთო მიზნების მისაღწევად.

20. აქციე შენს
მიზნად საუკეთესო შედეგი – აწარმოე ჩანაწერები მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ნუ დაიშურებ ქებას, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევ. აღრიცხე მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება
სჭირდებათ და შეეცადე მოიფიქრო შემოქმედებითი აქტივობები მათი სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად.

21. აიღე პასუხისმგებლობა
შენი მოსწავლეების შედეგებზე – როგორც პროფესიონალმა მასწავლებელმა გაითვალისწინე,
რომ შენი მოსწავლეების სასწავლო შედეგები შენი პროფესიონალიზმის ანარეკლიც არის.

22. სახალხოდ
მოიქეცი როგორც პროფესიონალი – მასწავლებლის არასწორი მოქმედება მხოლოდ მას კი
არა, არამედ მთელ სკოლას აზიანებსდა ჩრდილს აყენებს, საზოგადოდ, მასწავლებლის პროფესიას.

23. არ გამოგეპაროს
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სიახლეები.

24.  ეძებე სიახლეები საგნის შესახებ და გაუზიარე იგი
მოსწავლეებს – მასწავლებლობა მუდმივი გონებრივი მუშაობაა. გაითვალისწინე, რომ შენი
ენთუზიაზმი სიახლეების მიმართ უშუალოდ აისახება საგნისადმი მოსწავლეების ინტერესზე.

25/ გაამარტივე
გაკვეთილები – კარგმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს რთული საკითხების გაიოლება
და მოსწავლეებამდე მათი მიტანა. რთული საკითხების განხილვისას მოიყვანე მაგალითები,
გამოიყენე ნახატები, სურათები, ილუსტრაციები, გაავლე პარალელები და ა.შ.

26. მიიპყარი
მოსწავლეების ყურადღება – ასწავლე მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის სწავლა,
რასაც სწავლობენ და როგორ შეძლებენ შეძენილი ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
თუ ამას მოახერხებ, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ იმის დამახსოვრებას, რასაც ასწავლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი