პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცნობილი ადამიანების უცნობი შემოქმედება (II)

„დიახ, ცუდ მუსიკასა და ცუდ პოეზიასაც კი ძალუძს გვასწავლოს მუსიკისა და პოეზიის არსი“.

ფ. ნიცშე

 

მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყველასთვის ეჭვმიუტანელი იყო ჰანს ბიულოვის მსჯელობისა და „განაჩენის“ სისწორე, ვინაიდან ის ბეთჰოვენისა და მენდელსონის მუსიკის ღრმად შემფასებელი, ქრესტომათიული მნიშვნელობისა გახლდათ. თუმცა სასურველია, ესთეტიკური მსჯელობები დროდადრო გადაიხედოს, ვინაიდან ყოველ ეპოქას მისთვის დამახასიათებელი ბგერითი და სმენითი მოლოდინი, ფორმის საკუთარი აღქმა თუ კანონებიდან დასაშვები გადახვევები აქვს. მსმენელებს დისონანსური ჟღერადობისადმი ერთგვარი ტოლერანტობის გამოჩენაც გვმართებს. შუმანის მსგავსად, ნიცშეს მასწავლებლად ფრიდრიხ ვიკი არ ჰყოლია, რომელიც გადაჭარბებულ ექსპრესიასა და სხვა ნაკლოვანებებზე მიუთითებდა, თუმცა ახალგაზრდა ნიცშე მუსიკალურ თეორიას იმავე სახელმძღვანელოთი ეუფლებოდა, რომლითაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სარგებლობდა.

XXI საუკუნის ადამიანს, რომლისთვისაც მკვეთრი და უხეში ჟღერადობა ჩვეული და სავსებით მისაღებია როგორც კლასიკურ, ისე სხვა მიმდინარეობის მუსიკაში, ნიცშეს „მანფრედი“ სულაც არ მოეჩვენება შემაშინებელ ნაწარმოებად. უფრო მეტიც: თანამედროვე მსმენელს მან შესაძლოა ესთეტიკური სიამოვნებაც კი მიანიჭოს.

 

 

გადავხედოთ ჰანს ფონ ბიულოვისადმი დიდი ფილოსოფოსის პასუხს: „იყო დრო, როდესაც თქვენ ჩემს ნაწარმოებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ. მიუხედავად ამისა, თავს უფლებას ვაძლევ, კვლავ გამოგიგზავნოთ ცხოვრების ჰიმნი, რომლის დღეგრძელობაც უფრო მეტად მსურს. ოდესმე, ახლო თუ შორეულ მომავალში, მას უნდა ასრულებდნენ ჩემი ხსოვნის პატივსაცემად – ფილოსოფოსისა, რომელსაც არ გააჩნდა აწმყო და არც ჰქონია ამის სურვილი“. სამწუხაროდ, ნიცშეს მხურვალე „სურვილისთვის“ არც მუსიკალურ და არც ფილოსოფიურ სამყაროს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. გარდაცვალების შემდეგ კი მის „თაროდან გადმოღებულ“ მუსიკას ცხოველმყოფელი, გასაოცრად ახლებური და მკაფიო ხმა აღმოაჩნდა.

 

„ნიცშემ თავის მარტოობაში ყველა ღმერთი უარყო, მხოლოდ ერთს ვერ შეელია – მუსიკას. მუსიკამ – სულის მხსნელმა, ფრთებმა და სასიცოცხლო ნექტარმა – მას სამუდამო ახალგაზრდობა აჩუქა“.

შტეფან ცვაიგი

 

ნიცშეს მუსიკა მისივე ფილოსოფიას განასახიერებს, რაც ირიბად იგრძნობა ნაწარმოებთა სათაურებშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ „სევდა როგორც ბუნების ფუნდამენტური მელოდია“. სამწუხაროა, რომ ნიცშეს გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ მისი ფილოსოფია არასწორად იქნა გაგებული და გამოყენებული გერმანიის ნაცისტური მოძრაობის მიერ.

ნიცშემ დატოვა 70-მდე სანოტო ნაწყვეტი, რომლებსაც შეიძლება მუსიკალური ნაწარმოები ეწოდოს. მიუხედავად ამისა, ფილოსოფოსი, ფაქტობრივად, მოკლებული იყო მუსიკის შექმნის ჭეშმარიტ უნარს. გამაოგნებელია, რომ მუსიკის სტიქიით შეპყრობილი მოაზროვნე იმავდროულად ნიჭიერი იმპროვიზატორი იყო, მაგრამ არა ამაზე მეტი. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, იმპროვიზირებდე და გამოკვეთილი მუსიკალური მონაცემები არ გქონდეს. საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, იმ დროისთვის კლასიკური, ეგრეთ წოდებული „მაღალი“ მუსიკა, ჩვენი შეფასებით, თითქმის ყოფითი, ყოველდღიური მუსიკის რანგში იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა საკრავით მუსიცირება ყოველ ოჯახში იყო მიღებული. მაგალითად, ოპერის პოპულარობის ხარისხი დაახლოებით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებისას შეგვიძლია შევადაროთ. ერთი სიტყვით, ევროპის სივრცე გაჟღენთილი იყო შოპენის, შუბერტის, ბეთჰოვენის, ვერდის მუსიკით. ასევე ბუნებრივი მოვლენა იყო პრემიერის შემდეგ ოპერიდან ნაწყვეტების ქუჩებში საყოველთაო ღიღინი. ადვილი მისახვედრია, რომ დიდი კომპოზიტორების ამაღლებული მუსიკა მილიონობით ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ ფონს წარმოადგენდა. ყოველივე ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოყვარული მუსიკოსების რიცხვი ძალზე დიდი იყო, მათ შორის – „საოჯახო იმპროვიზატორებისაც“. ამ მრავალთაგანი გახლდათ ახალგაზრდა ნიცშეც.

ნიცშეს საკომპოზიტორო მოღვაწეობის პიკი 1860-იან წლებს უკავშირდება. ამ პერიოდში ის მუსიკის სხვადასხვა ჟანრს მიმართავდა. წერდა ფორტეპიანოსთვის, ხმისთვის (უმთავრესად – გერმანელი პოეტების ლექსებზე), გუნდისა და სიმებიანი საკრავებისთვის. შექმნილი აქვს მესა და ორატორია, აგრეთვე – არაერთი დაუსრულებელი პიესა.

დიახ, მუსიკაზე უკურნებლად შეყვარებული ნიცშესთვის როგორც კომპოზიტორისთვის მუსიკის სამყარო, სამწუხაროდ, დახშული იყო. კოლოსალური შრომით მიღწეული იმპროვიზაციები, ჩაწერილი შეცდომებით, მოკლებული იყო განვითარებას, ფორმის შეგრძნებას და იმ თანამედროვე ჰარმონიას, რომელიც ესოდენ უხვად მოიპოვებოდა მისთვის სათაყვანებელი ვაგნერის ქმნილებებში.

ნიცშესთან ჰარმონია კლასიკურ-რომანტიკული სტილისტიკის ჩარჩოებიდან არ გამოდის თავისი შემცირებული სეპტაკორდებითა და ტონალობების ტერციული თანაფარდობით. მოკლე პიესებში მუსიკა უმეტესად მარტივი TSD სქემით შემოიფარგლება. მოდულაციები მოკლებულია „მოულოდნელობებს“. აკორდების წყობაში კი ტერციები და სექსტები ჭარბობს. მთლიანობაში, ნიცშეს მუსიკალური სტილი აღიქმება როგორც საკომპოზიტორო ევოლუციის დაუსრულებელი პროდუქტი.

საქმე ის არის, რომ ნიცშეს მუსიკა არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც მისი ფილოსოფია. უნდა ითქვას, რომ ნიცშე თავისი მუსიკალური ნამუშევრების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. ზოგიერთ ნაწარმოებს ის თავად „უსწრაფებდა სიცოცხლეს“.

ნიცშეს აზრით, „უმუსიკოდ ცხოვრება უბრალოდ შეცდომა იქნებოდა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი