პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავაცნოთ წიგნი როლური თამაშით

ბავშვებსა და წიგნებს შორის გზამკვლევობა ადვილი არ არის. მასწავლებლებს გამუდმებით გვიწევს ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინება. ყველაზე მეტად კი იმას უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გაწაფულნი არიან კითხვაში. პარალელი გავავლოთ ჩვენს შესაძლებლობებთან: გვსიამოვნებს კი იმის კეთება, რაც ძალიან გვიძნელდება, მაგალითად, უცხო ენაზე რთული სამეცნიერო სტატიის კითხვა ან ჟურნალ „ბურდადან“თარგის ამოღება? იგივე ხდება კითხვისას. როდესაც ბავშვი სიტყვებს ეჭიდავება, მათი ამოკითხვა უჭირს, ძირითადი აზრიც იბნევა და კითხვა ნამდვილად აღარ უკავშირდება სიხარულს.

მეთოდი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ნაცნობია, თუმცა საინტერესო იქნება იმის გაზიარება, როგორ მოვარგე ის ერთ კონკრეტულ მიზანს – როლური თამაშით წიგნისადმი ინტერესის აღძვრას. თამაშით მიწოდებული ნებისმიერი სიახლე საუკეთესო გზაა ბავშვის ყურადღების ასაფუთფუთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი მკითხველია, რამდენიმე მათგანს მაინც გამოვარჩევდი, ვის წაკითხულ წიგნსაც უყოყმანოდ ვყიდულობ და ვკითხულობ. ხშირად დავფიქრებულვარ, რა აერთიანებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან და აღმოვაჩინე, რომ ყოველ მათგანს გულწრფელად და ძლიერ უყვარს ლიტერატურა. რა თქმა უნდა, პიროვნული კეთილგანწყობაც ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ ვინაიდან მასწავლებლის ყველა გზა საკლასო ოთახამდე მიდის, თვითჩაღრმავებამ საინტერესო გაკვეთილამდე მიმიყვანა.

გადავწყვიტე, კონკრეტული წიგნისადმი ჩემი სიყვარული თვალშისაცემი გამეხადა, რომელიმე პერსონაჟად გადავქცეულიყავი და წარმოსახვით გვემოგზაურა წიგნში. რამდენიმე წლის წინ რაჭველ მოსწავლეებს ასე გავაცანი ჰარი პოტერი, ჰაიდი, ბემბი, რონია, გრეტელ ბრინკერი. დროდადრო თვითონ მახსენებდნენ როლურ თამაშს და მთხოვდნენ, კვლავ გამეცნო მათთვის რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი.

გაკვეთილი კი შემდეგი აქტოვობებისგან იკინძება:

 

წიგნის შერჩევა

თავდაპირველად ვარჩევთ წიგნს. როგორც უკვე აღვნიშნე, შერჩევისას მთავარია, თავად გვიყვარდეს ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის გაცნობასაც ბავშვებისთვის ვაპირებთ და კიდევ უფრო მთავარია, წიგნი შევარჩიოთ მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ახალი თარგმანი ან კლასიკური ლიტერატურა, ფენტეზის ან მემუარული ჟანრი.

 

კითხვა მარკირებით

მომდევნო ნაბიჯი ტექსტის ხელახლა წაკითხვაა, რადგან ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად მძაფრი შთაბეჭდილებები და დეტალების გახსენება დაგვჭირდება. კითხვისას ვინიშნავთ პერსონაჟის გარეგნულ მახასიათებლებს, საცხოვრებელი ადგილის აღწერილობას, მთავარი იდეის გამომხატველ ფრაზებს, საინტერესო სიტყვებს.

 

შეკითხვები

კითხვის პარალელურად ვფიქრობთ შეკითხვებზე და დღიურში ვიწერთ მათ. შეკითხვების მოფიქრებაში კი გვეხმარება მარკირებული კითხვისას მონიშნული დეტალები. შეკითხვა არ უნდა იყოს მეტისმეტად ბევრი.

 

რა გვინდა ვუთხრათ ბავშვებს?

შეკითხვების შერჩევისას დაგვეხმარება იმაზე ფიქრი, რისი თქმა გვსურს ბავშვებისთვის. იქნებ სიღარიბეზე გვინდა დავაფიქროთ, ან თავდადება და მზრუნველობა გვინდა განვაცდევინოთ, ან იქნებ ტყის საიდუმლო ცხოვრების გაცნობა გვსურს? მთავარია, რომელიმე ღირებულების ირგვლივ ვიტრიალოთ და კითხვებიც შესაბამისად ავაგოთ.

 

ფიქრი პერსონაჟზე

წიგნის კითხვის პარალელურად ვარჩევთ ერთ პერსონაჟს. ვაკვირდებით მის გარეგნულ ნიშან-თვისებებს, სხვა პერსონაჟთა სახელებს ვიწერთ და ვიმახსოვრებთ. როგორც მიხვდით, პერსონაჟზე ფიქრი კითხვისას თან დაგვყვება. გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებელია ისეთი დეტალის მოფიქრება, რაც პერსონაჟისთვის არის დამახასიათებელი. სასურველია, ჩავიცვათ დაახლოებით ისე, როგორც მწერალს ჰყავს აღწერილი თავისი გმირი. მაგალითად, რონიად გადაქცევისას თმის გაწეწვა, ტყავის შარვლის, ტილოს პერანგის და აბგის მოძიება გადავწყვიტე, ჰარი პოტერის გასაცნობად კი ჰოგვორტსისეული ქუდი და მოსასხამი შევიკერე. დასაწყისში ინტერესის გასაღვივებლად ერთი დეტალიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.

 

რა ხდება გაკვეთილზე?

წიგნის წაკითხვის, პერსონაჟის შერჩევის, მთავარი კითხვების მოფიქრების შემდეგ გაკვეთილის აგების დრო დგება. დღიურში მოკლედ ვიწერ აქტივობებს, ვამზადებ ფურცელზე ამობეჭდილ და დაჭრილ შეკითხვებს, საჭირო რესურსს (ტანსაცმელს). გაკვეთილის დაწყებამდე დაფაზე ვწერ: „როლური თამაში, გამიცანით, ეს მე ვარ… (პერსონაჟის სახელი და გვარი)“. ვთხოვ, მოამზადონ რვეულები სწრაფი მორბენალი ჩანაწერებისთვის. ვურიგებ შეკითხვებს. კლასის ორგანიზების ფორმას საჭიროებისამებრ ვირჩევ. ვჯდები სკამზე და ვთხოვ, სათითაოდ დამისვან კითხვები. ისინი დანომრილია და ისეა აგებული, რომ თავდაპირველად გმირის ვინაობას არკვევდეს. შემდეგ ოჯახის წევრების გაცნობის დრო დგება, მერე კი წიგნის სიუჟეტისა და ჩვენ მიერ შერჩეული ღირებულების ირგვლივ ვტრიალებთ. თუ დრო საშუალებას გვაძლევს, კითხვებს ჯერ თავად პასუხობენ. მასწავლებელი ზის და პირველ პირში პასუხობს ბავშვებს, საინტერესოდ ჰყვება თავის ამბებს, მწერლის მიერ შეთხზულს. მთავარია, წიგნში განვითარებული მოვლენების შესაბამისად ვუპასუხოთ, თუმცა ოქროს შუალედის გამოძებნა ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი ახალი წიგნის ირგვლივ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვისას. ყველაფერს არ ვამბობთ და ბავშვებს დამოუკიდებლად აღმოსაჩენს ვუტოვებთ.

 

ავტორის გაცნობა

კითხვა-პასუხის შემდეგ დგება ავტორის გაცნობის დრო. მასწავლებელი-„პერსონაჟი“ ამბობს: თუ გსურთ ჩემ შესახებ მეტის გაგება, მოძებნეთ ესა და ეს წიგნი და წაიკითხეთო. სასურველია სლაიდშოუს ჩვენება და ავტორზე გარკვეული წარმოდგენის, მისდამი გარკვეული განწყობის შექმნა.

 

გაკვეთილის მესამე ფაზა

თუ წყვილი გაკვეთილის საშუალება გაქვთ, მესამე ეტაპზე ათასი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად: სწრაფი მორბენალი ჩანაწერების მიხედვით ჯგუფებმა შექმნან პოსტერები ავტორის, მთავარი პერსონაჟის ან სხვა პერსონაჟების შესახებ. ბავშვები მასწავლებლის მონათხრობის მოსმენისას ძირითად ინფორმაციას იწერენ, რაც შემეცნებითი სამყაროს გასამდიდრებლად გამოადგებათ.

თუ წყვილი გაკვეთილი არ გაქვთ, მესამე ფაზად შეგვიძლია პირადი წერილი ვაქციოთ. დავავალოთ, წერილის ქარგის დაცვით მისწერონ მთავარ პერსონაჟს და უამბონ საკუთარი თავის, ქვეყნის, შიშის თუ სიხარულის შესახებ.

 

გაგრძელება უნდა იყოს

რაც მთავარია, როლური თამაშით აღძრული ინტერესი ერთ გაკვეთილზე არ უნდა დასრულდეს: ვიღაცას აუცილებლად გაუჩნდება წიგნის წაკითხვის სურვილი, რასაც ლიტერატურულ კაფეში აუდიტორიის წინაშე საუბარი მოჰყვება, პირადი წერილები შეიძლება სკოლის ბლოგზე მოხვდეს, სკოლის ბლოგი ხელნაკეთ წიგნად გადაიქცეს – ყველაფერი ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული. ასე წრებრუნვაში იტრიალებს დრო და ძალისხმევა, რომელთაც ბავშვებისთვის გავიღებთ, ამასთანავე:

  • გაუჩნდებათ წიგნის წაკითხვის სურვილი;
  • როლური თამაშით გაცნობილი პერსონაჟი არასდროს დაავიწყდებათ;
  • გაუფართოვდებათ შემეცნებითი სამყარო;
  • გაკვეთილი მათთვის დაუვიწყარი გახდება;
  • ხშირად დასვამენ შეკითხვას: როდის გვექნება ასეთი გაკვეთილი?

მე კი მომდევნო სტატიაში დაწვრილებით გიამბობთ, როგორ გავაცანი ბავშვებს ამერიკელი მწერლის მერი მ. დოჯის „ვერცხლის ციგურები“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი