სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

     კორეასეული

მეხსიერების დოლურაში თხლად ჩაკეცილი შთაბეჭდილებები ყრია. ვატრიალებ, ვურევ და ხელს რაც ამოჰყვება!..

სხვანაირად ამ ამბებს ვერ მოჰყვები. შემთხვევითობის ლოგიკა ყველაზე სამართლიანია – რომელსაც გაუმართლებს, გაითქმება, დანარჩენებს კი – მომავალი თამაშები გამოავლენს, ამოაყვინთინებს..

თუკი საერთოდ გადაწყვეტ, რომ მოჰყვე ისინი. თუ გაიფიქრებ, რომ ეს ყველაფერი ვინმეს აინტერესებს..

 

  1. 1. ენა, ენები

ხავერდოვანი შუადღეებია. ოქტომბრისთვის უჩვეულო სიცხეც კი, თუმცა დილა-საღამოს ჰაერი ისე სწრაფად იყინება, როგორც თოვლში ჩადგმული ჩაიდანი.

სეული მსოფლიოს ერთ-ერთი მეგაპოლისია, სიდიდით – მეშვიდე ადგილზე, 10 მილიონი მოსახლეობით. პირველი, რაც ცოტათი მთრგუნავს და მშობლიურ სირთულეებს მახსენებს – საცობებია. მაგრამ, ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქრო – წინ მთელი კვირაა, რომელიც ამ დიდ და ლამაზ ქალაქში უნდა გავატარო, რაღაც ვიპოვო და შესაძლოა დავკარგო კიდეც – როგორც ყველა რეფლექსიური  მოგზაურობისას ხდება…

თან, ისეთი შემოდგომაა, მოწყენისთვის ადგილს არ გიტოვებს – თბილი, მკაფიო, ნათელი, მუქი, მჭახე ფერებით ღვივის ქუჩები, ბაღები, მოედნები და მაგისტრალები. ლანდშაფტი კორეულ ეთნობუნებას ერწყმის – აქ ყველას მსგავსი განწყობა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ერთი უცხო სტუმრისთვის, ეს პირველივე დღიდან თვალშისაცემია – მთელი არსებით ეძლევიან ხალისს, მხიარულებას, ყველგან საფესტივალო სულისკვეთება სუფევს, ყველა იღიმის და ბედნიერია.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ზერელე დაკვირვებაა, ძალიან ზედაპირის მტვერი. ვგრძნობ, ამ განწყობის, ამ ბედნიერების მიღმა კიდევ რაღაც უნდა იმალებოდეს. მაგრამ, ეს სხვა შთაბეჭდილების ნაკეცებშია. ჯერ ძველ ისარზე დგას დოლურა, არ დამიძრავს, ჯერ ენებზე ვკითხულობ…

სეულის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2006 წელს დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მასში მონაწილეობს 30 ავტორი – 16 კორეელი და დანარჩენი, სხვადასხვა ქვეყნების მწერლები. ყველა ჯერზე ფესტივალს თავისი თემა და კონცეფცია აქვს, რის მიხედვითაც ირჩევენ მონაწილე ავტორებს. ფესტივალის ორგანიზატორი სეულის ლიტერატურული თარგმანის ინსტიტუტია, რომელიც მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული და თარგმანის სფეროში აქტიურად რთავს ახალ ენებსა და ახალ ქვეყნებს.

მეც ამ დინამიკაში აღმოვჩნდი – გამომცემლობა „ინტელექტის“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, კორეულ ენაზე გამოცემულ ქართული მოთხრობების კრებულში („მექათმე გაბრიელის ბაღი“) ჩემი მოთხრობაცაა შესული – „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც, ფესტივალის წლევანდელ თემას – კონფლიქტი და საზოგადოება – პასუხობს და მხოლოდ ამ ნიშნით მარჩევენ იმ ძალიან მაგარ 12 ავტორს შორის, ვინც ამ კრებულშია შესული.

ეგვიპტე, ინდონეზია, ამერიკა, ჯიბუტი, მექსიკა, ვიეტნამი, კოლუმბია, ჩინეთი, ევროპა (შვეიცარია, საფრანგეთი, შვედეთი და საქართველო) – ავტორები ამ ქვეყნებიდან, მასპინძელ მწერლებთან ერთად, თავიანთ მწერლურ გამოცდილებაზე, ქვეყანაზე, გლობალიზაციაზე და დიასპორაზე, გენდერზე და კაპიტალიზმზე საუბრობენ.

უმეტესად, ინგლისურ ენაზე. მაგრამ, საკუთარ ტექსტებს მშობლიურ ენაზე კითხულობენ. ყველაზე მეტად ეს შეხვედრები მიყვარდება. განსაკუთრებით, როცა პოეტების ჯერი დგება. პროექტორზე ინგლისური და კორეული თარგმანის ტიტრები გადის, მაგრამ მე არცერთის კითხვა არ შემიძლია, ჩემი გერმანულენოვანი თარჯიმანი კი პოეზიას ასე, ექსტრემალურად, ვერ თარგმნის. ნახევრად ვხუჭავ თვალებს დ ვუსმენ ლექსებს დედამიწის ბევრ ენაზე. მერე ვგრძნობ, რომ ძალიან ხარბად ვუსმენ, თითქოს ცნობიერების ცარიელ ხვრელებს ვავსებ რაღაც საიდუმლო და სამომავლო ინფორმაციით. ფრანგი თითქმის მღერის, ამერიკელი – აგრესიულად რეპავს, ხან ვნებიანად აჯაზებს, კორეელები უღრან ტყეში, ხმელ ფოთლებზე დააბიჯებენ – ასეთი ხმებია, ასეთი ბგერები და სიტყვები. არაფერი ისე ცოცხლად არ გამოხატავს ენას, როგორც პოეზია. ახალს რას ვამბობ, მაგრამ მაინც – მაბრწყინებს ამაში კიდევ უფრო დარწმუნება.

მჯერა, რომ კაცობრიობა მივა იმ მენტალურ–ინტელექტუალურ ზღვრამდე, რომლის მიღმაც ახალი სამყაროა – ადამიანები თავიანთ ენებზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყველაფერს გაუგებენ, მათი შეგრძნებისა და ტვინის რეცეპტორები მსოფლიოს ყველა ენას იმ დონეზე აღიქვამენ, რომ თავისუფლად შეძლონ კომუნიკაცია უცხოენოვან მოსაუბრესთან, ყოველგვარი თარგმანის ან შუალედური ენის გარეშე.

იქნებ, პოეზიამ შეძლოს ეს?

პ.ს. ქართული და კორეული ენების უცნაურ ახლობლობაზეც რამდენჯერმე გავკვირდი. არის სიტყვები, რომლებიც დაახლოებით ერთნაირად გამოითქმის: მაგალითად, ზმნა „ცივა“ კორეულად არის „ჩივა“. „გოგი“ – თევზის სახეობაა.

ღრმად მკვლევარი ალბათ კიდევ მეტ მაგალითს მოიყვანს. როდის გადაკვეთეს ამ ენებმა ერთმანეთი? ვინ იცის… მსგავსება კი, მართლა ბევრია – ენაშიც, ეთნოხასიათშიც, ისტორიულ ბედ–იღბალშიც.

 

  1. თვითმკვლელთა სავანე

შეხვედრიდან სასტუმროში ავტობუსით ვბრუნდებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ სეულს უზარმაზარი მდინარე ჰყოფს. როგორც აქ მითხრეს – ჩრდილოეთში მდიდრები ცხოვრობენ, სამხრეთში – ღარიბები. ახლა სამხრეთში ვართ და ჩრდილოეთ სეულში უკვე მზე ჩადის.

ჩემი კორეელი კოლეგები – ბო სეონ შიმი და ჰე უკ შინი საქართველოზე მეკითხებიან. ყველაფერი აინტერესებთ – ანბანიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. ჩვენმა ანბანმა ჩემი ჩანთიდანვე მიიპყრო მათი ყურადღება – იასამნისფერზე შაქრისფერი ასოებით წერია გოგლა ლეონიძის ფრაზა „შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას“. ასოებს თითს აყოლებენ – რა ლამაზია! მრგვალი და სავსე!.. თქვენ ის იკითხეთ, ამ ასოებით რა წერია – ამაყად ვცდილობ, გოგლას სტრიქონი გერმანულად ვთარგმნო. ბადაგის დადუღება ჟესტ–მიმიკებით ლამის იქვე გამომდის. ყველანი ვხალისობთ. ჩვენს ენაში სქესი არაა – ამბობს ერთი. არც ჩვენსაში – ვპასუხობ. ჰოდა, ჩემი ფიქრი გენდერის თემაზე სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელიდან იწყება – მიხსნის ჰე უკ შინი – შემოდგომის ფოთოლივით აწურული, სევდიანი ლექსების მწერალი გოგო, რომელიც ამ დღეებში ყველაზე მეტად მიყვარს…

თვითმკვლელთა რიცხვი თქვენთანაც დიდია? – უცებ, ბო სეონი მეკითხება. თარჯიმანს სიტყვას ვაზუსტებინებ – თვითმკვლელთა? ვაჰ! და რა, თქვენთანაა დიდი? – კითხვას ვუბრუნებ. ჩვენ ამ მხრივ მეორე ადგილზე ვართ, იაპონიის მერე. ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამას ვერა. საერთოდაც, ყველაზე სიცოცხლის მოყვარული, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი მგონია კორეელები. ამაზე ჩემი პოეტი მასპინძლები გულიანად იცინიან. შემაძრწუნებელ სტატისტიკას ეკონომიკური კრიზისით, უმუშევრობით ხსნიან. თუმცა, აქამდეც იყო ეს პრობლემა და ადრე ეგზისტენციალურ ჭმუნვებს მიჰყავდა ადამიანები სუიციდამდე. ახლაც ასეა… – აზუსტებენ.

ისე ჩამრჩა ეს ფიქრი, რომ მერე სხვა კორეელებთანაც გავაბი ამაზე საუბარი. ერთმა კი, აი რა მითხრა – ჰო, ასეა. მაგრამ ყველაზე ცუდი ამაში იცი რაა? ჩვენმა ხალხმა გამძლეობა დაკარგა, ელემენტარულ პრობლემასაც აღარ უმკლავდებიან – სურვილი არა აქვთ. და გამოსავლის იოლ გზას ირჩევენ. მოთმინება აღარავის აქვს. აი, ამაშია საქმე.

გამძლეობა, მოთმინება, გამკლავება… – კოდალასავით ურაკუნებენ ტვინის ხვრელებს ეს სიტყვები, ვიდრე სასურველ ნადავლამდე არ ჩაღრუტნიან – ნისკარტით წვრილი და სუსტი ჭია გამოაქვთ – ჩემი ქვეყანა. მიტრიალებენ ცხვირწინ, როგორც მაგალითს – გამძლეობის, მოთმინების, გამკლავების…

იკლაკნება თხელი ჭია, იკლაკნება და ამ ფიქრიდან თავდაღწევასაც ცდილობს… ანუ, გადარჩენას.

3. სასაფლაოები

აეროპორტის გზაზე, სეულში რომ შედიხარ, გზისპირებზე რამდენიმეგან სასაფლაოებს შენიშნავ – პირდაპირ გზისპირებზე, თხელი თეთრი ქვის ფურცლებით ჩანიშნულ მკვდრების წიგნს.

ქალაქში შემომსვლელებს პირველები ეგენი გხვდებიან, გამსვლელებსაც – ეგენი გაცილებენ. რა უცნაური ბედისწერაა – სიკვდილის მერე მეგაპოლისის ცენტრალურ გზისპირზე დასახლება.

ნეტა რაზე ფიქრობენ, რა აწუხებთ, რის თქმა უნდათ გზისპირების მკვდრებს?..

 

  1. ნაციონალური სამოსი

ფესტივალის ბოლო დღეს, დახურვის ცერემონიალი ღია ცის ქვეშ იმართება. ცივა და წვიმს, მაგრამ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გარემომ დისკომფორტი არავის შეუქმნას. სუფრებზე ყველა მონაწილისთვის საჩუქრად ორ–ორი წიგნი დევს – კორეულ ენაზე თარგმნილი ქართული მოთხრობების კრებული და ასევე კორეულად თარგმნილი ირანული თანამედროვე პოეზია.

და, ღვინო – ქართული შატო–მუხრანის „გორული მწვანე“ – საქართველოს საელჩოს ძღვენი ფესტივალს. ისეთი ღვინოა, იმ სიცივეში მზე და ჟრუანტელი შემოაქვს. ბედნიერებამდე თითქოს აღარაფერი მაკლია, მაგრამ  როგორც ეგზიუპერი იტყოდა, სრულყოფილება ის კი არ არის, რასაც არაფერი მიემატება, არამედ ის, რასაც არაფერი მოაკლდება. ჰოდა, ჩემს ბედნიერებას თურმე სამოსი აკლდა! გვთავაზობენ, ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავიცვათ კორეული ნაციონალური სამოსი. ყველა ქვეყანას და ერს ხომ თავისებურად ლამაზი სამოსი აქვს, ასეა კორეაც – ვიცვამ და შიგნიდან ვნათდები.

სამნი გამოვეწყვეთ – ფრანგი პოეტი ბრუნო დუსე, ჯიბუტელი პოეტი და ეთნოფსიქიატრი ჩეჰემ ვათა და მე. ბევრი ფოტო გადაგვიღეს ერთად. რაღაც ძალიან კარგია მართლა ამ ფოტოებში – სამი სხვადასხვა ქვეყნის, ფერისა და ჯურის შვილი მეოთხე ქვეყნის ნაციონალურ სამოსში.

მგონია, რომ დედამიწა ასეთ კადრებს იმახსოვრებს და ახალი მთები ებურცება სიხარულისგან, ახალი მდინარეები უჩნდება, ახალ ქალაქებსაც კი ჩაიფიქრებს, იქნებ ქვეყნებს, ადამიანებს…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი