ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რამდენიმე აქტივობა რეფლექსიისთვის

რეფლექსიის მნიშვნელობა ხშირად არასათანადოდაა შეფასებული. პრაქტიკაში ხშირად გაკვეთილზე ის ბანალური “სმაილიკების”, სხვადასხვა ფერის ფოთლებისა და სხვა სურათების სახითაა წარმოდგენილი. ზოგჯერ მასწავლებელი უბრალოდ შემოიფარგლება კითხვით: “მოგეწონათ გაკვეთილი?” მოსწავლეები პასუხობენ – “დიახ!” – და ყველა კმაყოფილია.

რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება კლასის კონტროლში: რა გაიგეს მოსწავლეებმა და რა დარჩა გადასახედი, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. რეფლექსია მოსწავლეს ხელს უწყობს არა მარტო განვლილი გზის გაცნობიერებაში, არამედ ლოგიკური ჯაჭვის დადგენაში, გამოცდილების სისტემატიზაციაში, საკუთარი წარმატებების (პროგრესის) შედარებაში.

მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის სტრუქტურის სავალდებულო ეტაპია რეფლექსია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა აქტიურობაზე გაკვეთილის დასასრულ. ამ შემთხვევაში პედაგოგი ორგანიზატორის როლს ასრულებს და მთავარი გმირები მოსწავლეები არიან.

რა არის რეფლექსია? იგი ლექსიკონში შედეგნაირად არის განმარტებული: ის, ვინც ასრულებს რეფლექსიის აქტს, რაღაცას უბრუნდება, ესე იგი, უბრუნდება უკვე გარკვეული სახით აღქმულ ფენომენს, იმისთვის, რომ მოახდინოს მასზე ყურადღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, აქციოს ის რეფლექსიის ობიექტად. ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება. გაკვეთილთან მიმართებაში რეფლექსია ასახავს ეტაპს, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად აფასებენ თავიანთ მდგომარეობას, ემოციებსა და მათი საქმიანობის შედეგებს.

რა საჭიროა რეფლექსია?

  • მოსწავლეს ესმის: რატომ სწავლობს ამ თემას და როგორ გამოიყენებს მას მომავალში;
  • რა მიზნებს უნდა მიაღწიოს ზუსტად ამ გაკვეთილზე;
  • რა წვლილის შეტანა შეუძლია მას საერთო საქმეში;
  • შეუძლია თუ არა ადეკვატურად შეაფასოს თავისი და თავისი თანაკლასელების მუშაობა.

როდესაც მოსწავლე იგებს და აცნობიერებს იმ მოქმედების ან ქმედების მნიშვნელობას, რომელსაც ის ასრულებს,  სწავლის პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და ადვილი ხდება მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლისათვისაც. დაკვირვებული ვარ, როცა მოსწავლეებს წინასწარ ვუხსნი, რატომ უნდა შეასრულონ ყველაზე რუტინული სამუშაო, რა არის ამ აქტივობის მიზანი – ყველა ასრულებს.

რეფლექსიის რამდენიმე კლასიფიკაცია არსებობს:

  1. შინაარსის მიხედვით: სიმბოლური, ზეპირი და წერილობითი.

სიმბოლური – როდესაც მოსწავლე უბრალოდ აფასებს სიმბოლოებით (ბარათები, სიმბოლოები, ჟესტები და სხვ.). ზეპირი ითვალისწინებს ბავშვის შესაძლებლობას, გამოხატოს თავისი აზრები თანმიმდევრულად და აღწეროს თავისი ემოციები. წერა ყველაზე რთულია და ყველაზე მეტ დროს მოითხოვს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია სასწავლო მასალის ან დიდი თემის დასრულების ეტაპზე;

II საქმიანობის ფორმა: კოლექტიური, ჯგუფური, ფრონტალური, ინდივიდუალური.

ამ მიმდევრობით უფრო მოსახერხებელია ამ ტიპის სამუშაოს მოსწავლეთა სწავლება. პირველ რიგში, მთელ კლაში, შემდეგ – ცალკეულ ჯგუფებში, შემდეგ კი – შერჩევით გამოკითხვა (ფრონტალური). ეს მოსწავლეებს მოამზადებს დამოუკიდებელი მუშაოებისთვის;

III. მიზნობრივი:

ემოციური: იგი აფასებს განწყობას, საგანმანათლებლო მასალის ემოციურ აღქმას. ამ რეფლექსიის კატეგორიებია: “მომეწონა / არ მომეწონა”, “საინტერესო / მოსაწყენი”, “ეს იყო მხიარული / სევდიანი”.

ამ ტიპის რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, შეაფასოს კლასის საერთო განწყობა.  რაც მეტი პოზიტივია, უკეთესად ესმით თემა და პირიქით, თუ ნეგატივზეა აქცენტი, ნიშნავს, რომ გაკვეთილი ჩანდა მოსაწყენი, რთული. იყო სირთულეები თემის აღქმაშიც. დამეთანხმეთ, რომ მოსაწყენი და სამწუხაროა, როდესაც ჩვენ არ გვესმის რაღაც.

ამ კლასიფიკაციის გაცნობა, უფრო მოსახერხებელია მასწავლებლისთვის, რათა მოახდინოს მეთოდების ლავირება და დაკავშირება, მათ შორის გაკვეთილის გეგმაში გამოხატვა.

როგორ და როდის უნდა ჩატარდეს რეფლექსია?

რეფლექსია შეიძლება განხორციელდეს გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე თემისა და  მასალის შეჯამებისას.

განწყობისა და ემოციების გამოხატვა ადვილია პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთადაც კი. არსებობს უამრავი ვარიანტი: სმაილიკების გადაცემა ან სურათები, ცერების აწევა, ფერადი ბარათები და ა.შ. გაცილებით მოსახერხებელია გაკვეთილის შემდეგი ეტაპის დასასრულს: ახალი თემის ახსნის შემდეგ, თემის განმტკიცების შემდეგ და ა.შ.

გაკვეთილის დასაწყისში ემოციური რეფლექსია ხორციელდება კლასთან კონტაქტის დამყარების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკა (მოტივი, რომელიც შეესაბამება თემას). ციტირებით წაიკითხეთ ემოციური პოემა. ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ 3-4 მოსწავლეს: “რას გრძნობთ ახლა? რა განწყობა გაქვთ? და ა.შ. პირველ რიგში, მოსწავლეები (თუნდაც ყველაზე პატარა) შეეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, ემოციებს და მეორე მხრივ კი ეს გამოხატულება დაეხმარება მოსწავლეებს თემის აღქმაში.

საქმიანობის რეფლექსია – ამ ტიპის რეფლექსიის გამოყენება უფრო მოსახერხებელია საშინაო დავალებების დროს, თემის განმტკიცების ეტაპზე, პროექტების დაცვისას. იგი ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ საკუთარი საქმიანობა, გააანალიზონ საკუთარი აქტიურობა და როლი და, რა თქმა უნდა,  ეხმარება ხარვეზების გამოვლენაში.

როგორ უნდა ჩატარდეს სამუშაო(სამუშაო ორგანიზაციის მაგალითები):

წარმატების ხეყველა ფოთოლს აქვს სხვადასხვა ფერი: მწვანე – ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყვითელი – სირთულეები შემექმნა, წითელი – ბევრი შეცდომა დავუშვი. თითოეული მოსწავლე ხეს შესაბამისი ფოთლით რთავს.

იდეების კალათა – მოსწავლეები გაკვეთილის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს ბარათებზე  წერენ და კალათაში (ყუთში, ჩანთაში) ყრიან. შემდეგ მასწავლებელი იღებს პასუხებს და ერთად განიხილავენ. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს ანონიმურად გამოთქვამენ.

ფიქრები დროში – ხელს უწყობს თქვენი გამოცდილების გააზრების უნარის განვითარებას და ცხოვრებისეული გამოცდილების პირად შეფასებას. მასწავლებელი ასახელებს საკვანძო სიტყვას (ერთს, ორს ან სამს). როგორც წესი, ის მჭიდროდაა დაკავშირებული გაკვეთილის თემასთან. ერთი წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ ამ სიტყვებთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომლებიც ახსოვთ. შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ საკუთარ ნაწერს და პასუხობენ შემდეგ კითხვებს:

  • რატომ დავწერე ეს კონკრეტული სიტყვები?
  • რას ვფიქრობდი, როცა დავწერე ეს სიტყვები?
  • რას შევცვლიდი ჩანაწერებში?
  • აქვს თუ არა მნიშვნელობა ჩემს ჩანაწერს?

ერთი სიტყვით – მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას: დაასრულეთ წინადადება ერთი სიტყვით.

„დღევანდელი გაკვეთილი…“,

„დღეს კლასში მე…“.

კუნძულები – პედაგოგი ქმნის პლაკატს, რომელზეც აღნიშნულია კუნძულები: სადაზვერვო კუნძული, სიამოვნების კუნძული, განგაშის კუნძული, განმანათლებლის კუნძული, შთაგონების კუნძული, კუნძული გაურკვევლობა, სიხარულის კუნძული. მოსწავლეებმა უნდა შექმნან კითხვები ან განსაზღვრონ თავიანთი ადგილი (მდგომარეობა) გაკვეთილზე, დაწერონ სტიკერებზე და გაკვეთილის დასასრულ პლაკატზე შესაბამის კუნძულს მიაკრან.

ფოსტა – გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ მოკლე წერილი-შენიშვნები გაკვეთილზე, მათ შორის შემოთავაზებულ წინადადებებზე. “ფოსტალიონი” წერილებს მისამართზე მიიტანს.

რეფლექსიური ცოდნა – მოსწავლეები ასრულებენ ოთხ წინადადებას:

„- მე ვიცი, რომ…“ (ინფორმაცია ჩემი ცოდნისა და არცოდნის შესახებ);

„- მე ვიცი, როგორ…“ (ინფორმაცია ცოდნისა, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის შეძენის, განვითარებისა და ტრანსფორმაციის მეთოდებთან);

„- მე ვიცი, რატომ…“ (ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების  მნიშვნელობის გაგება);

„- ვიცი…“ (ცოდნისა და შესაბამისი ინფორმაციის შესახებ დამოკიდებულების განსაზღვრა).

ექსპერტთა კომისია – გაკვეთილის დასაწყისში შეირჩევიან ექსპერტები (კრიტერიუმებისა და წესების შემუშავება ხდება მოსწავლეებთან ერთად). მთელი გაკვეთილის განმავლობაში ისინი აკვირდებიან მოსწავლეთა საქმიანობას. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი, შეფასების სქემები. გაკვეთილის დასასრულ ექსპერტები აანალიზებენ დაკვირვების შედეგებს, მიუთითებენ წარმატებებსა და შეცდომებზე და იძლევიან რეკომენდაციებს. ექსპერტთა ჯგუფის წევრები პერიოდულად იცვლებიან.

რა მოხდება, თუ …?მეთოდი გულისხმობს კითხვების დასმას რეფლექსიის ეტაპზე, რომელიც იწყება სიტყვებით: “რა მოხდება, თუ?”. ეს კითხვები ერთი მხრივ მოსწავლეებს პრობლემის ახლებურად გადახედვის საშუალებას მისცემს; მეორე მხრივ კი, ისინი წარმოადგენენ თავიანთ ვარაუდებს, საკუთარ ჰიპოთეზებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

სამიზნე – აქ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ვარიანტი. მაგალითად: ერთ მეოთხედში ჩავწეროთ „აქტიურად ვიყავი ჩართული“; მეორეში – „საინტერესო იყო“; მესამეში – „გასაგები იყო“; და მეოთხეში – „ახალი გავიგე“. მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს ყველა მეოთხედში აკეთებენ აღნიშვნებს. შეფასების დონეების განსაზღვრაც ერთობლივად შეიძლება გადაწყდეს, მე პირადად 5-ბალიან შეფასებას მეტად ვიყენებ.

გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტგვერდები: https://pedsovet.su/metodika/refleksiya/5665_refleksiya_kak_etap_uroka_fgos; https://mastsavlebeli.ge/?p=2223. МКОУ «Варгашинская средняя школа №1» -«Эффективные приемы рефлексивной деятельности младших школьников»

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი