განათლება ნამდვილად თავისუფლებაა, ოღონდ ეს გზა პასუხისმგებლობაზე გადის

„ერთხელ, დილით, სამსახურში მიმავალს, ლიფტში მეზობლის ბიჭი დამემგზავრა, სკოლაში მიდიოდა. გამოველაპარაკე, ვკითხე, უხაროდა თუ არა სკოლაში წასვლა, მოსწონდა თუ არა სკოლა. მან ბავშვური გულწრფელობით შემომიბრუნა კითხვა: „თქვენ გგონიათ, არსებობს ბავშვი, რომელსაც სკოლაში წასვლა უხარია?“ მისი ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის და გამუდმებით მახსენებს თავს“.

 

საუბრის ასეთი დასაწყისის შემდეგ პირველი კითხვა მინისტრისთვის თითქოს აღარც კი უნდა დამესვა, მაგრამ მაინც ვკითხე:

 

– ბატონო მინისტრო, საზოგადოებამ მოისმინა თქვენი წარდგინება განათლების თითოეულ საფეხურზე განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით გასცნობოდნენ თქვენს პოზიციას, ასე რომ, მათ ალბათ უკვე აქვთ წარმოდგენა იმის თაობაზე, რას ითვალისწინებს თქვენ მიერ წარდგენილი რეფორმა და რას ველოდოთ მისგან.  ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს მინისტრის დამოკიდებულება, მოდი, ოდნავ უკან დავიხიოთ: მეტ-ნაკლებად ხომ იცნობდით განათლების სისტემას და მის პრობლემებს; რატომ დათანხმდით მინისტრობას?

 

გადამწყვეტი როლი სწორედ იმ გამოცდილებამ შეასრულა, რომელიც განათლების სფეროსთან მაკავშირებდა. სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები ჩემთვის მართლაც არ ყოფილა უცხო. როცა გარედან აკვირდები საქმიანობას, რომელიც შენს ინტერესებთანაა გადაჯაჭვული, ხარვეზები უკეთ ჩანს. თანამოაზრეებთან და უცხოელ კოლეგებთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ საკითხებზე და როცა მინისტრის თანამდებობა შემომთავაზეს, ვიფიქრე, რომ მართლაც მინდოდა, თავად მიმეღო მონაწილეობა იმ ცვლილებებში, რომლებიც განათლების სისტემას სჭირდებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ როცა რაღაც არ მოგწონს და გეძლევა ამის გამოსწორების შანსი, არ უნდა ელოდო, როდის აიღებს პასუხისმგებლობას სხვა. პრობლემები არის სწავლების ყველა საფეხურზე და ამას ყველა ვაღიარებთ.

 „განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია“ – ეს სიტყვები ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ადგენენ, რა თანხა უნდა გამოიყოს ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რას ნიშნავს თქვენთვის განათლების პრიორიტეტულობა?

 

განათლების პრიორიტეტულობაა ის, რომ სახელმწიფო აღიარებს მის უპირობო მნიშვნელობას, მხარს უჭერს რეფორმას, გამოყოფს ამისთვის თანხას თუ ადამიანურ რესურსებს და არამხოლოდ. პრიორიტეტულობაა ის, რომ განათლებას საზოგადოების თვალში სათანადო ფასი დაედოს, განათლებამ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მოგცეს, გჯეროდეს, რომ ცოდნა და უნარები, რომლებსაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში იძენ, მომავალში თვითრეალიზაციაში დაგეხმარება და შენს კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

განათლების პრიორიტეტულობა  გამოიხატება იმითაც, რომ ვაცნობიერებთ: შეცდომების დრო აღარ გვაქვს, ამიტომ ბევრი ფიქრის, კამათის და განხილვის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო მეტად არ დააზიანებს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ხედვა შეჯერებულია, თითოეული საქმიანობა – დროში გაწერილი. ახლა დაშვებული ერთი შეცდომის გამოსწორებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ჩვენი თითოეული ნაბიჯის უკან გააზრებული, კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა იდგეს.

არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები. ერთი მათგანია სახელმძღვანელოების გრიფირება. ბევრი ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ პროცესს ახლდა, ვესაუბრეთ სახელმძღვანელოების ავტორებს, გამომცემლებს, ექსპერტებს, გავითვალისწინეთ ყველა შენიშვნა და კარგი ის არის, რომ თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია შედგა. გავაანალიზეთ შეცდომები და სამომავლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებში მსგავსი ხარვეზები აღარ იქნება. ავტორებს და გამომცემლებს გონივრული დრო უნდა ჰქონდეთ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ.

 

წარდგინებას დავუბრუნდეთ, ოღონდ არა იმას, რაც საპრეზენტაციო სლაიდებზე ჩანდა – მინდა, კულისებში შეუძღვეთ ჩვენს მკითხველს.მოსალოდნელი ცვლილებების თქვენეული ხედვა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ცხადია, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, როგორ განხორციელდება რეფორმა და როდის.  საინტერესოა, როგორ ხედავს მინისტრი მოსწავლეზე ორიენტირებულ სკოლას – სკოლას, სადაც მოსწავლეს მიუხარია, მის ფიზიკურ გარემოს, მის შინაარსს… ავიღოთ თუნდაც უსაფრთხოება. რას გააკეთებთ ამისთვის? საკმარისია თუ არა ვიდეოკამერები, პოლიციელი სკოლასთან ან მანდატური სკოლაში?

 

სხვაგან დანერგილი, თუნდაც წარმატებული სასკოლო მოდელის პირდაპირ გადმოღება შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი სინამდვილის გათვალისწინება მოგვიწევს. სკოლის შინაარსი და გარემო მოსწავლისა და მასწავლებლისთვის სასურველი უნდა იყოს. მშობელს უნდა სჯეროდეს, რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოშია. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი აუცილებელია როგორც სკოლის მანდატურის, ასევე სკოლის ფსიქოლოგის როლის გათვალისწინება და, რაც მთავარია, მშობლის, მოსწავლისა და სკოლის ურთიერთანამშრომლობა.

როცა ეს კავშირი არსებობს, როცა პროცესში მისი ყველა მონაწილე თანაბრადაა  ჩართული, ფორმის პოვნა უფრო ადვილია. შესაძლოა, შედეგი გამოიღოს საკლუბო მუშაობამ, ცნობილი და წარმატებული ადამიანების მაგალითმა და მათმა ჩართულობამ, სპორტულმა ღონისძიებებმა, კინოფილმების ჩვენებამ და განხილვამ, მწერლების მოწვევამ და მათთან საუბარმა, სხვადასხვა ტიპის სასკოლო ღონისძიებებმა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ხედვის და სასკოლო რეფორმის ერთი მოდელის თბილისის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში დანერგვა. ნოემბერში უკვე შეგვეძლება პირველი შედეგების გაზომვა, ვნახავთ, რამ იმუშავა კარგად, სად იყო შეფერხება, გავაანალიზებთ მონაცემებს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, დავნერგოთ თუ არა ეს მოდელი სხვა სკოლებშიც, ან, თუ დავნერგავთ – რამდენში. მოდელი ითვალისწინებს როგორც საგაკვეთილო პროცესში ცვლილებების შეტანას, ისე თანამშრომლობას, ერთი მხრივ, კოლეგებს, მეორე მხრივ კი მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. თუ თანამშრომლობა არ შედგა, ცალკეული რგოლების თუნდაც სწორი ფუნქციონირება უსაფრთხო სასკოლო გარემოს ვერაფრით შექმნის.

საპილოტე სკოლა შემთხვევითი პრინციპით შევარჩიეთ, განსაკუთრებული არ გვიძებნია, რადგან იქ მიღებული შედეგები სხვა სკოლებზეც უნდა განვაზოგადოთ. წლის ბოლოს უკვე გვექნება მეტ-ნაკლებად მკაფიო სურათი და ამ მოდელის დეტალებს და შედეგებს საჯაროდ განვიხილავთ. თუ ისინი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, რეფორმა 2023 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს.

 

როგორ დაახასიათებს მინისტრი მასწავლებელს, რომლის ხილვაც სურს საკლასო ოთაში თუ მის მიღმა? რას გააკეთებს იმისთვის, რომ მასწავლებლობის მსურველ ადამიანებს გაუადვილდეთ პროფესიაში მოსვლა? ისიც საინტერესოა, სისტემაში არსებულ რომელ რეგულაციას უნდა დავემშვიდობოთ.

 

იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს. შემთხვევითი ადამიანები მასწავლებლის პროფესიას არ უნდა ირჩევდნენ; ამ პროფესიას არ უნდა ირჩევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სამსახური არ აქვთ. როცა შენ თვითონ გიხარია, რასაც აკეთებ, ამ სიხარულს სხვასაც გადასდებ. მასწავლებლობა ძალიან რთული პროფესიაა, ამიტომ არჩევანი ზედმიწევნით გააზრებული უნდა იყოს. ბუნებრივია, ეს რთული საქმიანობა სათანადოდაც უნდა დაფასდეს – ანაზღაურებით, მასწავლებლის სოციალური სტატუსით... ჩვენ ვთქვით, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 1500 ლარი უნდა გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიაში ახალი ადამიანების მოზიდვაც, რომლებსაც გადაულახავ ბარიერებს არ უნდა ვახვედრებდეთ – რეგულაციები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვერავითარი სასკოლო გარემო, ვერავითარი თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ საგანმანათლებლო სისტემა ღირებულებებისგან დაიცალა. მასწავლებელი უნდა იყოს ის, ვინც საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს ამ ღირებულებებსაც გადასცემს პირადი მაგალითით თუ სხვადასხვა უნარის განვითარებით. მესმის, რთულია, მაგრამ სხვაგვარად უკეთეს საზოგადოებას ვერ აღვზრდით.

 

როგორ დავეხმარებით მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში? საზოგადოდ, როგორი იქნება მათი პროფესიული განვითარების გზა და რა ელით მათ ამ გზაზე?

 

მასწავლებლობა სწავლებასთან ერთად სწავლაცაა, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს თავის პროფესიულ განვითარებაზე და ამისთვის მას დრო და რესურსები უნდა ჰქონდეს. მასწავლებლის სახლი ამ პროფესიის ადამიანებს უნდა სთავაზობდეს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, რომელთა ფორმატი და შინაარსი ასევე მოითხოვს ცვლილებებს. აუცილებელია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით მათი უზრუნველყოფა, მეტი დისკუსია პრობლემების გარშემო, კოლეგების მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარება. მასწავლებლებს რეგულაციების საპირწონე სერვისები უნდა შევთავაზოთ და დავარწმუნოთ, რომ თუ კარიერული წინსვლის სქემაში რაიმე რეგულაცია არსებობს, ეს მათივე პროფესიული განვითარებისთვისაა.

 

რეფორმის წარდგენისას აქცენტი „ხარისხიან განათლებასა“ და „განათლების ხელმისაწვდომობაზე“ დასვით. რას გულისხმობს ეს განაცხადი?

რეფორმა არ გახლავთ ცალკეული პრობლემების ფრაგმენტული მოწესრიგება – ეს არის მთელი სისტემის გარდაქმნა და მასში არსებული ხარვეზების თანმიმდევრული აღმოფხვრა. სკოლები ეტაპობრივად უნდა გადავიდეს ელექტრონულ მართვაზე. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული რაოდენობაზე და ამით თავის მოწონებას არ ვაპირებთ – ხარისხზე ვფიქრობთ. რეფორმა ცოცხალი პროცესია, გზადაგზა თავს იჩენს ახალი საჭიროებები და სისტემა სათანადოდ მოქნილი უნდა იყოს ამ გამოწვევების დასაძლევად.

უპირველეს ყოვლისა – მოწესრიგებულ, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურას, რომლის შექმნა ადვილი არ არის და ვერც სწრაფად მოხერხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაორმაგდება. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.

 

აუცილებლად უნდა გკითხოთ: თქვენი რეფორმის ფარგლებში როგორი უნდა გახდეს სკოლის დირექტორი?

 

დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იცნობს განათლების სისტემას და მის გამოწვევებს; აქვს მენეჯერის უნარ-ჩვევები; შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხი აგოს მასზე; ლიდერია და შეუძლია მოსალოდნელი შედეგების გათვლა. დირექტორი უნდა იყოს თავისუფალი, იკისროს პასუხისმგებლობა სკოლის შიდა რეფორმაზე და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს იოლი არ არის, მაგრამ მეტი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პირობებში შესაძლებელია.

 

რატომ უნდა ენდოს ჩვენი ჟურნალის მკითხველი დაპირებას, რომ თქვენი საქმიანობა  ეფექტური და მდგრადი იქნება? და აქვე – რა არის თქვენი მთავარი გზავნილი „მასწავლებლის“  მკითხველისთვის?

 

ამ კითხვას პასუხს ჩვენ მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა გასცემს. რეფორმის მდგრადობა და ეფექტურობა ცალკეულ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული და მათი შეცვლა ცვლილებებს ვერ შეაფერხებს.

მთავარი გზავნილი კი განათლებას და ღირებულებას უკავშირდება: განათლება ნამდვილად თავისუფლებაა, ოღონდ ეს გზა პასუხისმგებლობაზე გადის.

კომენტარები

comments