პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მზე“

2012 წელს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სამეცნიერო კონფერენციაზე გავემგზავრე. ამ ქალაქზე სხვა სტატიებშიც დამიწერია. მანჩესტერის ვიწრო, ძველ ქუჩებში პრისტლი სეირნობდა. ამოჩემებული ვეგეტარიანული კაფეც ჰქონდა, სადაც ყველაფერი ძველებურადაა. არაფერი შეუცვლიათ და პრისტლის საყვარელი მაგიდაც კვლავ ფანჯარასთან დგას.

მოკლედ, სასტუმროში მოვეწყვე თუ არა, უნივერსიტეტის იმ კორპუსისკენ გავეშურე, რომელშიც ჯერ რეგისტრაცია უნდა გამევლო, შემდეგ კი მონაწილეთათვის პატარა მიღება-ფურშეტი იმართებოდა.

სხვა ადამიანების გაცნობის დიდი უნარით ვერ გამოვირჩევი. არა, არც „ქოჩორზე დავიწყებ ხელის სმას“ (გახსოვთ ალბათ, ფილმ „რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ“-ში, სიძე ბატონი, უხერხულობისგან რომ ისვამდა თავზე ხელს), თუმცა, ვერც ვერავისთან მივიჭრები, გაუმარჯოს, შენი ჭირიმე, როგორ ხარ, რას საქიანობ-მეთქი. მოკლედ, ვიდექი, წვენს ვაგემოვნებდი და გარეული ცხოველების ფიტულებს ვათვალიერებდი, რომლითაც ინტერიერი გაეფორმებინათ.

ერთი საშუალო ასაკს გადაცილებული ქალი მომიახლოვდა. ისე შემომცინა, ერთი წამით ვიფიქრე კიდეც, რომ უკვე მრავალი წელია ერთმანეთს ვიცნობდით. ხომ ხდება ხოლმე ასე, ადამიანს პირველად ნახავ, მაგრამ განცდა გიჩნდება, რომ თვალი გაახილე თუ არა, სწორედ ის დაინახე.

– რა გქვიათ? – პირდაპირ გაცნობაზე გადმოვიდა.

– ქეთევანი, მოკლე ვერსია ქეთი, – მეც შევცინე – თქვენ?

– გუნეში, ანუ მზე, – მხიარულად ჩაიხითხითა, – ვგიჟდები ჩემს სახელზე.

– გუნეში…

– ჰო, თურქული სახელია, თურქი ვარ, ოღონდ აქ, მანჩესტერში ვცხოვრობ და ლაბორატორიაში  ვმუშაობ.

– აა, გასაგებია, ანუ, „მზე“ ხართ. დედაჩემსაც „მზე“ ჰქვია, ოღონდ სახელი ცოტა გართულებულია და ასე ჟღერს: „მზისადარი“.

სასაცილოდ იმეორებს და შემდეგ მეკითხება, თქვენებურად ამხელა სიტყვა „მზეს“ ნიშნავსო?

– ეს ნიშნავს, რომ მზის დარიაო, მზის შესაფერიო, – ღიმილით  ვუხსნი.

– მოიცა, პარაცელსივით ყოფილა საქმე. ოღონდ, პარაცელსი „ცელსზე“ აღმატებული იყო და დედათქვენი მზის სადარი ყოფილა. ასე გამოდის.

ორივე მშვენივრად გავმხიარულდით და საუბარი გავნაგრძეთ.

ვუხსნი, რომ გაშიფვრა სხვაგვარადაც შეიძლება. მაგ. „მზე სად არის“?

გუნეშს მომდევნო დღეებშიც შევხვდი. ერთსა და იმავე სესიებზე დავდიოდით ორივე. ერთხელაც არ შევთანხმებულვართ, უბრალოდ ემთხვეოდა.

წამოსვლის დღეს თავისი ნახელავი ნიგვზიანი ღვეზლები მომიტანა, ბედნიერება მისურვა, გადამეხვია და დამემშვიდობა. მე თბილისში გამოვფრინდი, ის მანჩესტერში დარჩა.

მერე კვლავ გამოჩნდა, ოღონდ სოციალურ ქსელში. მას შემდეგ ყოველდღე რაღაცას მაინც მწერდა ხოლმე. თან, როცა მომწერდა, ეტყობა სიტყვებს კარგ აურასაც ატანდა თან, რადგან… რადგან, რაიმე იღბალი კი არ მოდიოდა, უბრალოდ ეს კარგი აურა იგრძნობოდა და მორჩა.

ცოტა ხნის წინ გუნეში ავად გახდა…

ცუდი რაღაცები უთხრეს ექიმებმა. ვიდეო ზარით დამირეკა და რომ მითხრა, ორივენი ვტიროდით. სენტიმენტალობა არ მჩვევია, მაგრამ პატარა ბავშვივით მოვრთე ღრიალი. იმდენი ვქენი, რომ ისევ გუნეშის დასამშვიდებელი გავხდი.

დამენანა რაღაცნაირად…

მერე ვინანე… რატომ ავაფოქრიაქე ეს ქალი. ჩემთან დასამშვიდებლად დარეკა, მე კიდევ, რა გავაკეთე-მეთქი. „ქეთო გოგო“ (ასე მეძახდა), მომცესო დრო, მომცესო…

– რამდენი გუნეშ, რამდენი მოგცეს? – მოლოდინით შევაჩერდი.

– მომცეს, მომცემს , – რაც შეეძლო სასაცილოდ დამანჭა სახე, რომ მე გამცინებოდა.

რა ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ თავად გჭირდებოდეს დამშვიდება და სხვას ამშვიდებდე.

მანჩესტერში ყოფნისას, ერთ დღეს გუნეშმა „შეშლილი ქიმიკოსის“ მაღაზიაში წამიყვანა. ქიმიკოსები, სხვათა შორის, ყველაზე ჭკვიანი და მოწესრიგებული ხალხია და თუ სადმე ცოტა თავს იგიჟიანებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ თაობას ქიმია შეაყვარონ და ქიმიით გაართონ.

ჰოდა, რას აღარ ნახავდით ამ მაღაზიაში. ერთ თაროზე სასაჩუქრედ შეფუთული  ჩაის  ულამაზესი კოვზები იდო. ოღონდ… გალიუმისგან იყო დამზადებული.

– ჰაჰაჰა, გაიცინა გუნეშმა, ეს რომ ვინმეს ჩემს მშობლიურ ქალაქში ვაჩუქო… აუჰ, მაგრად გაბრაზდებიან. წარმოიდგინე, ჩაის მორევამდე ხელში ჩაუდნებათ.

– ჩემთანაც, გუნეშ, მეც ყველას გავაბრაზებ ამ კოვზებით. ისე, მშვენიერი ხუმრობაა, კოვზს იღებ და… ხელში დნება.

ჩაგადნება აბა  რა,  მასალა ხომ გალიუმია, მეტალი, რომელიც ხელის გულზე დნება.

გალიუმი 1875 წელს ლეკოკ დე ბუაბოდრანმა აღმოაჩინა. თუთიის მადნების სპექტრული ანალიზის შედეგად, რაღაც უცნობი ელემენტის ზოლი შენიშნა. ახლად აღმოჩენილ ელემენტს საფრანგეთის სახელი – გალიუმი (გალია  საფრანგეთის ლათინური სახელწოდებაა) უწოდა. გალიუმის არსებობა და მისი ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები ჯერ კიდევ 1870 წელს პერიოდულობის კანონზე დაყრდნობით დ. მენდელეევმა იწინასწარმეტყველა და მას ეკაალუმინი დაარქვა.

ლეკოკ დე ბუაბოდრანის მიერ აღმოჩენილი ელემენტის – გალიუმის თვისებები სრულად დაემთხვა მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ეკაალუმინის თვისებებს.

გალიუმი გაბნეულ ელემენტებს მიეკუთვნება. ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება. მცირე რაოდენობით, სხვადასხვა მეტალების, თუთიის, ალუმინის, რკინის, ტყვიის, გერმანიუმის, სპილენძის მადნებში მოიპოვება. ასევე არის მინერალურ და ზღვის წყლებში, ქვანახშირის საბადოებში.

გალიუმის შემცველ მთავარ მადანს გალიტი GaCuS2 წარმოადგენს. ძირითადად, სწორედ მისგან ღებულობენ გალიუმს. მადანში მისი შემცველობაა 34%. გალიუმს ასევე ღებულობენ  ალუმინის მრეწველობის ნარჩენებისგანაც.

გალიუმი ვერცხლისფერი თეთრი, რბილი, მსხვრევადი მეტალია. მისი ლღობის ტემპერატურა 29 გრადუსია. ამიტომ, ოთახის ტემპერატურაზეც კი თხევად მდგომარეობაშია.

მყარ მდგომარეობაში გალიუმის სიმკვრივე 5,907გ/სმ3-ია. მისი ელექტროგამტარობა თითქმის ორჯერ მეტია ვერცხლისწყლის ელექტროგამტარობაზე. გალიუმი კარგად ეკვრის მინის ზედაპირს და მაღალი ხარისხის სარკე მიიღება.

მეტალებთან: Al, Bi, Pb, Sn,Zn,Mn წარმოქმნის დაბალი ლღობის ტემპერატურის მქონე შენადნობებს.

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე გალიუმი შეიძლება მინის ჭურჭელში შევინახოთ. მაღალ ტემპერატურაზე კი – კვარცის ან გრანიტის ჭურჭელში.

გალიუმს, ვერცხლისწყლის მსგავსად, ამალგამების წარმოქმნა შეუძლია. ამალგამას წარმოქმნის ალუმინთან ან რკინასთან. გალიუმი ალუმინის კრისტალურ მესერში შეაღწევს და მის სტრუქტურას არღვევს. თავად ალუმინი მინასავით  მყიფე ხდება. თუ ალუმინის ფოლგას ძალიან წვრილად დავაქუცმაცებთ, ფაიფურის როდინში ჩავყრით და დაახლოებით 2-3 გ გალიუმს დავამატებთ, მინის წკირით მუდმივი მორევის პირობებში ალუმინი გალიუმში გაიხსნება. წარმოიქმნება ვერცხლისფერი ფაფისებრი მასა, რომელიც ალუმინის და გალიუმის ამალგამას წარმოადგენს. თუ ამალგამას წყალში ჩავაგდებთ, დიდი რაოდენობით გამოიყოფა წყალბადი. ეს, ჟანგვისგან დამცავი ფენის გარეშე დარჩენილი ალუმინი ურთიერთქმედებს წყალთან ალუმინის ოქსიდის და წყალბადის წარმოქმნით. გალიუმი ამ რეაქციაში არ იხარჯება. ეს რეაქცია ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დააპატენტა და მისი მეშვეობით წყალბადის წარმოება განიზრახა. თუმცა, გალიუმის სიძვირის გამო პროექტი არ შედგა. მართალია, გალიუმი რეაქციაში არ იხარჯება, მაგრამ მაინც ძვირი პროექტი გამოდგა.

გალიუმს ახასიათებს ზოგიერთი ისეთი თვისება, რომელიც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას. ამ თვისებათა შორის აღსანიშნავია მისი გამყარების ტემპერატურა და დუღილის მაღალი ტემპერატურა (2237გრადუსი). ამ ტემპერატურათა დიაპაზონში გალიუმი თხევად მდგომარეობაში იმყოფება, ის ინერტულია ცოცხალი ორგანიზმების მიმართ და  ნახევრად გამტარია.

მისი შენადნობები კვარცის თერმომეტრებში მაღალი ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება.

როგორ ფიქრობთ, სუფთა გალიუმის გამოყენება მინის თერმომეტრებში შეიძლება?

–         არა, რადგან ის მინის კედელს დაასველებს და ტემპერატურის დადგენა შეუძლებელი გახდება.

გალიუმის არსენიდი, როგორც ნახევრად გამტარი, მზის ელემენტებში გამოიყენება.

 

გუნეშს დღესაც ვესაუბრე. ოპტიმისტურადაა და თვლის, რომ ადამიანმა მხოლოდ კარგზე უნდა იფიქროს, რათა სამყარომაც კარგი დაუბრუნოს უკან. ცუდზე იფიქრებ და ცუდი მოვაო.

– კი მაგრამ, გუნეშ (ვეკამათები), ეგ როგორღაა, როცა მართლა კარგზე ფიქრობ, კარგს აკეთებ  და უკან არც თუ მთლად კარგი რაღაცები ბრუნდება?

– ჰმ, რა გითხრა აბა. ფრანგული ანდაზა ამბობს: ახალი ამბების არქონა, კარგი ახალი ამბავიაო.

– ეგ როგორ?

– როგორ და კარგი ამბავი არ არის, მაგრამ ცუდიც ხომ არ არის? მზესავით ხარ გამოკიდებული „კარგსა“ და „ცუდს“  შორის და გულში იმედი მაინც გაქვს, რომ წონასწორობის ისარი „კარგისკენ“ გადაიხრება.

– აუცილებლად გადაიხრება, გუნეშ, აი, ნახავ!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი