პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ განვამტკიცოთ ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდები – ლიტერატურული კაფე

ლიტერატურული კაფე  არის არაფორმალური გარემო, სადაც მოსწავლეები ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდების  განმტკიცებას ახერხებენ. პატარა ადამიანები თავისუფლდებიან განმსაზღვრელი შეფასების მოლოდინისგან, აქვთ სადღესასწაულო განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური სწავლებისათვის.

ლიტერატურული კაფე არ უნდა გავაიგივოთ უმართავ თავისუფლებასთან. მას აქვს განსაზღვრული ჩარჩო, მიზნები, დრო.  სამზადისს საკმაოდ დიდი შრომა, გულმოდგინება  და დაგეგმვა სჭირდება.

ოთხი წლის წინ სოფლის სკოლის გამრავალფეროვნებისთვის გამოგონებული ლიტერატურული კაფე დროთა განმავლობაში გრძელვადიან პროექტად იქცა, რომელიც ასევე წარმატებით მოერგო ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლას. ამასობაში, სოფელში თოთხმეტი ლიტერატურული კაფე დაგვიგროვდა, ხოლო ქალაქში მესამე თავყრილობისთვის ვემზადებით.

გადავწყვიტე, ამჯერად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ, როგორია მზადების პროცესი, რა აქტივობებისგან არის აკინძული, რა მიზნებს ვარგებთ  და შედეგად რას ვიღებთ.

 

მიზანი

როგორც უკვე აღვნიშნე, ლიტერატურული კაფეს მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის გახალისება და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობაა. მოსწავლეები სწავლობენ აუდიტორიის წინაშე საუბარს, ყალიბდებიან აქტიურ მსმენელებად, უვითარდებათ შემეცნებითი სამყარო, ეუფლებათ მნიშვნელოვნების განცდა, რაც აუცილებელია მათი თვითრწმენის გასაღვივებლად.

წინმოსამზადებელი პროცესი

მოსამზადებელი პროცესი ხშირად არანაკლებ საინტერესო და სახალისოა. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს და მუდმივობის განცდა შეუქმნას ბავშვებს. შუალედისთვის ორი-სამი თვე იდეალური ვარიანტია. ამ დროის განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს, ფიქრობენ წარსადგენი ავტორისა და სათაურის შესახებ. ერთი კვირით ადრე ვიწყებთ ოთახის ინტერიერის შეცვლას, ვამზადებთ წიგნს შესაბამისი ფორმატით, სკოლის ადმინისტრაციასთან ვათანხმებთ თარიღსა და დროს, შემდეგ ვატყობინებთ მოწვეულ სტუმრებს, მშობლებს, მეგობრებს. რამდენიმე დღით ადრე ვაგროვებ წიგნებს და „გემრიელი ვიქტორინისთვის“ ვარჩევ ფრაზებს. ერთმანეთზე ახუნძლული წიგნების ფოტო, მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალიზმით, ყოველი კაფესთვის დამახასიათებელი ნიუანსია,  რადგან ავტორები და სათაურები მუდმივად იცვლებიან. საგანგებოდ ვარჩევთ ტანისამოსს. ზოგჯერ ჩვენი ხელით მოხატული მაისურები გვაცვია, ზოგჯერ უბრალოდ ახალი პერანგი ან დედის სტუდენტობის დროინდელი კაბა შეიძლება მოირგონ. მთავარია, სადღესასწაულო განწყობა შევიქმნათ.

წინამოსამზადებელი პროცესი საუკეთესო დროა მოსწავლის უკეთ გასაცნობად, მასთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებულ ნდობას იწვევს იმის დანახვა, რომ მისთვის ფუსფუსებ, მისთვის ფიქრობ, მის აზრს ითვალისწინებ, მისი თანამონაწილეობით ქმნი სასწავლო რესურსს.

ნამდვილი კაფე – სახელი, მენიუ, საფირმო ტკბილეული

როგორც ყველა კაფეს, ლიტერატურულსაც თავისი სახელი სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ სახელის შერჩევა სულაც არაა ადვილი.

სახელთან ერთად აუცილებელია მენიუს შემადგენლობაზე ზრუნვა, რომელიც შეგიძლიათ, თქვენი გამომცხვარი კექსით, ორცხობილითა და ღვეზელით გაამდიდროთ. ბავშვებიც სიხარულით შემოგიერთდებიან.

სასურველია, ცივ ამინდში სტუმრებისთვის მოამზადოთ ცხელ-ცხელი და არომატული გლინტვეინი, გაზაფხულის ბოლოს კი შეგიძლიათ  გლინტვეინი მილქშეიქითა და პიტნის კოქტეილით შეცვალოთ.

წიგნების შერჩევა

წიგნების არჩევა თავისუფალ ნებაზე დგას. მთავარია, მასწავლებელმა იცოდეს, რას კითხულობენ მოსწავლეები, თვალი ადევნოს, რას ირჩევენ. არჩევნის გაკეთების პროცესიც ძალიან საინტერესოა: ზოგჯერ ერთმანეთის გავლენა, ზოგჯერ მშობლის რჩევა, ზოგჯერ კი სოციალურ სივრცეში ამოკითხული ინფორმაცია ხდება ახალი ავტორით დაინტერესების მიზეზი. ლიტერატურულ კაფეში ყურადღებიანი მსმენელი ხშირად პოულობს ახალ წიგნს და ერთმანეთის წიგნები ხელიდან ხელში გადადის. აუცილებელი მოთხოვნაა, ბოლო ორი თვის განმავლობაში წაკითხული ავტორი გავაცნოთ აუდიტორიას, რაც ხელს უწყობს მუდმივ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესს.

რაც შეეხება ჟანრის შერჩევას, ესეც ინდივიდუალურია: კითხულობენ როგორც თანამედროვე ლიტერატურას, ფენტეზისა თუ სათავგადასავლო ჟანრის რომანებს, ასევე – კლასიკურ ნაწარმოებებს, აინტერესებთ ქართველი და უცხოელი ავტორები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მასწავლებელს შეუძლია გარკვეული მიმართულების მიცემა, თუმცა სასურველი იქნება, თუ ბავშვების გემოვნებას სხვადასხვა მიმართულებას მივცემთ და დროთა განმავლობაში მათ პატარა მაძიებლებად ვაქცევთ.

აქტივობები

წინასწარ ვადგენ აქტივობების გეგმას, რომელიც პროცესის წარმართვაში მეხმარება. თავს ვიყრით დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე, ვაწყობთ ინტერიერს და თანდათან ქაოსიდან წესრიგი იქმნება. შეკრებილ აუდიტორიას ვაცნობ მიზნებს და  სტიმულის მისაცემად ხშირად მე ვიწყებ წაკითხული წიგნის შესახებ საუბარს. აუცილებელია დროის ლიმიტის დაცვა. შემდეგ მონაწილეები სურვილსამებრ გამოდიან სასაუბროდ. რაღაც დროის შემდეგ „გემრიელ შესვენებას“ ვაცხადებთ და სახლში გამომცხვარი თუ ნაყიდი ტკბილეულით ვუმასპინძლდებით სტუმრებსა და ერთმანეთს. განწყობისთვის ვრთავთ მუსიკას. 10-15 წუთის მერე ვაგრძელებთ წიგნებზე საუბარს. აუცილებელია მოსწავლეებს მთელი გულისყურით მოვუსმინოთ, საუბრის დაწყებამდე შფოთვის მოსახსნელად შევუქმნათ განწყობა, ყურადღება გავამახვილოთ მათ ინდივიდუალურ ხასიათსა და თვისებებზე, ზოგჯერ  საუბრისას შევეხიდოთ კიდეც. წიგნებზე საუბარს რომ მოვათავებთ, ვთამაშობთ „გემრიელ ვიქტორინას“. ეს არის ერთგვარი რეფლექსია, როდესაც მოსმენილი და განცდილი ერთიანდება. ბოლოს შთაბეჭდილებების დაწერის, სტუმრებთან უკუკავშირისა და სურათების გადაღების დრო დგება. ოთახის დალაგება და მოწესრიგება დღის განუყოფელი და ცოტა სევდიანი ნაწილია.

ეს არის აქტივობების ძირითადი ჩამონათვალი, თუმცა დროდადრო მას სხვადასხვა აქტივობით ვამრავალფეროვნებთ ხოლმე. შეგიძლიათ, შეიმუშაოთ თქვენებური დღის განრიგი.

წიგნის წარდგენის ფორმა

ყოველ ჯერზე ვცდილობ, მოსწავლეებს წიგნის წარდგენის განსხვავებული ფორმა შევთავაზო: პლაკატი, პოსტერი, ლიტერატურული დღიური, დიორამა, სლაიდშოუ, ერთი ეპიზოდის მიხედვით ნახატის შექმნა.

ხანდახან ხელნაკეთ ბალიშებზე, თმის სამაგრებზე, მაისურებსა და ჩანთებზე პერსონაჟებს ვხატავთ და ამგვარად ვაცნობთ სხვებს წაკითხულ წიგნებს.

საუბრისას ყურადღება შეიძლება მრავალმხრივ გავამახვილოთ: ერთ ეპიზოდზე, ახალ სიტყვებზე, ჩვენ მიერ დაწერილ რეცენზიაზე, პერსონაჟებზე, ქუჩებზე, სათაურზე, ავტორზე, სიუჟეტზე, მთავარი იდეებსა თუ წიგნის აღმოჩენის ისტორიაზე.

გემრიელი ვიქტორინა

ეს არის თამაში, რომელიც  ყველას ხიბლავს და  რომელშიც მოსწავლეებიცა და მოწვეული სტუმრებიც სიხარულით ებმებიან. მის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია – „გემრიელი ვიქტორინა – აქტივობა, რომელიც გამოცდილია“ (https://mastsavlebeli.ge/?p=13707).

მონაწილეობა

ლიტერატურულ კაფეში მონაწილეობა თავისუფალ ნებაზე დგას, თუმცა ჩემი მიზანია, ყველა მოსწავლე იყოს მონაწილე, რაც საკმაოდ რთულია. ჩემი დაკვირვებით, ლიტერატურულ კაფეში მონაწილეობისგან თავს იკავებენ ის მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ გაწაფული კითხვა. ამიტომ ამგვარი პრობლემის აღმოჩენისას საჭიროა დამატებითი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რომ პატარა მკითხველს თავდაჯერებულობა შეემატოს და კითხვის სირთულე მისთვის ბარიერი არ აღმოჩნდეს. ეს ადვილია დაწყებით საფეხურზე, შემდეგ კი სიტუაცია რთულდება და დიდი სიფრთხილე, გამბედაობა და ძალისხმევაა საჭირო მოსწავლეთა დაინტერესებისთვის. ხშირად ვთავაზობ საპროგრამო მასალიდან ამოირჩიონ რომელიმე საყვარელი მოთხრობა და მის შესახებ ისაუბრონ. მთავარია, მონაწილეობა მიიღონ, აუდიტორიის წინაშე ისაუბრონ, მეგობრებს მოუსმინონ.

სტუმრები

სტუმრები შეიძლება იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია. ვფიქრობ, მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი: მათით დაინტერესება, მათთვის მოსმენა და უკუკავშირი სარკესავით აირეკლება და დროთა განმავლობაში  დადებით საქციელად გვიბრუნდება.

ადგილი

ლიტერატურული თავყრილობისთვის შეიძლება გამოიყენოთ სკოლის სააქტო დარბაზი, მედიათეკა, ბიბლიოთეკა, სკოლის ეზო. დროდადრო აუცილებელია განსხვავებულ გარემოში გადაინაცვლოთ: ტყეში, მინდვრად, რომელიმე კაფეში ან სულაც სხვა ქალაქში გაემგზავროთ, მაგალითად, ჩვენ ერთხელ რაჭიდან ბათუმში წავედით და ლიტერატურული კაფე იქ წიგნის მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ მოვაწყვეთ.

ინტერიერის გაფორმება

ყოველ ჯერზე ვცვლით გარემოს და ამაზე ფიქრს ნაადრევად ვიწყებთ. თავდაპირველად მეშინოდა, როგორ გავართმევდი თავს მუდმივად სიახლეების მოფიქრებას და შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მეგონა. შთაგონების წყაროდ შეიძლება მექცეს რომელიმე წიგნი, კაფეში ნანახი გამხმარი ყვავილების კედელი, ინტერნეტრესურსი pinteres.com ან ინტერნეტში თვალმოკრული ფერადი ძაფების ბუშტები. მთავარია, ხშირად ვცვალოთ გარემო. თავდაპირველად თქვენ მოგიწევთ ზრუნვა. მერე ბავშვებიც შეგეხიდებიან და ახალი იდეებით აგავსებენ.

მუსიკა

წინასწარ ვარჩევ მუსიკას. მისი ჟანრის მრავალფეროვნება ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას.

სტუმრად მოსულ უფროს მეგობრებს ვიოლინოთი, კლავიშებითა და გიტარით გაულამაზებიათ ჩვენი დღე.

პირადი მაგალითი

ისეთი მასშტაბური და გრძელვადიანი ღონისძიების დაგეგმვისას, როგორიც ლიტერატურული კაფეა, პირადი მაგალითი  ის მთავარი იარაღია, რომელიც მის წარმატებულობას განაპირობებს, ასულიერებს და მისდამი ინტერესს აღვივებს.

უნარ-ჩვევები

ყოველი ლიტერატურული კაფე არის ახალი შესაძლებლობების ფოიერვერკი, სადაც ბავშვები იძენენ უზარმაზარ გამოცდილებას, სწავლობენ სოციალურ სივრცეში თავდაჭერას, საუბარს, საკუთარი თავის წარმოჩენას და ყოველივე ეს წიგნების მეშვეობით ხდება. განსხვავებულ გარემოში ეცნობიან და გულშემატკივრობენ ერთმანეთს, სწავლობენ პრობლემების მართვას, გაკვეთილზე კი სადღესასწაულო განწყობა მოჰყვებათ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურული კაფე მასწავლებლის განვითარების არაჩვეულებრივი საშუალებაცაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად გავხდი დაკვირვებული მკითხველი და ბევრი რამ ვისწავლე: კომპიუტერული პროგრამები, დიორამა, დროის მართვა, ხატვა. გამომიმუშავდა საპრეზენტაციო უნარები და დამიგროვდა უზარმაზარი გამოცდილება. შემიძლია, თამამად ვისაუბრო წიგნიერების განვითარების გზებსა და პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბების პრობლემებზე. ლიტერატურული კაფე საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დააკვირდეს მოსწავლეთა სწავლის დინამიკას, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს და, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს სასწავლო პროცესში.

პროცესის ფასილიტატორობა

ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს ორი-სამი საათი სჭირდება. პროცესის ფასილიტატორობა  უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. აუცილებელია დროის კონტროლი, ყურადღების გადანაწილება, სიტუაციის მართვა. სახლში დაბრუნებულს ხშირად მიდარდია თუნდაც ერთი დავიწყებული მადლობის გამო, თუმცა  პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა სასწავლო პროცესის თანდათან მართვასაც აადვილებს. მაგალითად, მეთოთხმეტე ლიტერატურული კაფე თბილისიდან დავგეგმეთ და ბავშვებმა დამოუკიდებლად გააფორმეს ინტერიერი, მოხატეს ფანჯრები, თვითონ მოამზადეს „გემრიელი ვიქტორინა“, ანუ პირველ ეტაპზე მასწავლებელი აკეთებს, მოსწავლე უყურებს, შემდეგ ერთად მოქმედებენ, მერე  კი მასწავლებელი მაყურებლის როლს ირგებს და ყველაფერს, რასაც მანამდე თვითონ აკეთებდა, ახლა მოსწავლეები აკეთებენ.

შთაბეჭდილებების წერილები

რიტუალის ნაწილია დღის ბოლოს შთაბეჭდილებების დაწერა, რომელსაც სახლში დაბრუნებული ვკითხულობ და ახალი ძალებით ვივსები.

შთაბეჭდილებების წერილების ფორმასაც ვცლით ხოლმე, რაც წერილობითი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს: ხან წერილებს ლიტერატურულ პერსონაჟებს წერენ და უამბობენ დღის ამბებს, ხან ჩანახატის ან მინიატურის ფორმას ვირჩევთ, ხანაც ნინასწარ მომზადებული შაბლონის მიხედვით პირად წერილებს მწერენ.

 

როგორც უკვე მიხვდით, ლიტერატურული კაფე საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებაა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვლილ საგანმანათლებლო პრინციპებს ითვალისწინებს. უმთავრესი კი ის სიხარულია, რომ პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბების ისტორიას ქმნი, თვალს ადევნებ, აჩრდილივით თან მიჰყვები, გარკვეული დროის შემდეგ კი ხელს უშვებ, რათა თვითონ დაიწყონ ახალი წიგნების აღმოჩენა და ძიება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი