ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სამიზდატის სათავეებთან

რუსეთის ისტორიის შესახებ მსჯელობისას უმრავლესობას სამართლიანად ახსენდება იმპერატორების, დიქტატორებისა და სხვა მოძალადე მმართველების დანაშაულებრივი მოქმედებები. ტირანები ჩრდილავენ თავისუფლებისთვის მებრძოლთა სიმამაცით აღბეჭდილ პატარა ნაბიჯებს. სტუდენტებსა და მოსწავლეებს ბევრს არავინ უყვება საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დასაწყისისა და ანტისაბჭოთა ოპოზიციის შესახებ. მისი წევრები დღემდე უდიდესი ზეწოლისა და დამცირების პირობებში ცხოვრობენ. ლუდმილა ალექსეევას გახსენებაც საკმარისია. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი 91 წლისაა და პუტინის რუსეთშიც ერთგულად მიუყვება მრავალი წლის წინ არჩეულ გზას. პრინციპების ერთგულების გამო ვეტერან უფლებადამცველს ხან მეტროს სადგურში ურტყამენ, ხან კვერცხებს ესვრიან, ხან კიდევ მის გამოსახულებას სიკვდილით დასჯის, ქვეყნიდან გაძევების მუქარის შემცველ პლაკატებზე ბეჭდავენ. საინტერესოა, რამ მისცა ბიძგი რიგით არქეოლოგს, რითი დაიწყო მისი და მრავალი სხვა მოღვაწის ანტისაბჭოთა საქმიანობა?

პირველად იყო სიტყვა, ბეჭდვითი სიტყვა. ორგანიზებული და კარგად სტრუქტურირებული დისიდენტური მოძრაობა არელეგალური პერიოდული გამოცემების (სამიზდატი) დაფუძნებით იწყება. ერთ-ერთ პირველ ასეთ ბიულეტენს „მიმდინარე მოვლენების ქრონიკა“ („Хроника текущих событий“) ერქვა. 1968 წელს გამოცემული „ქრონიკის“ პირველი ნომრის ავტორთა შორის ლუდმილა ალექსეევაც გახლდათ.

რამ განაპირობა “ქრონიკის“ დაფუძნება?

1956 წელს სსრკ-ში დათბობის პერიოდი დაიწყო. უამრავი პოლიტპატიმარი და რეპრესირებული მოქალაქე საპატიმრო დაწესებულებებიდან გაათავისუფლეს. სტალინის პოლიტიკის შედეგად სამშობლოდან ცენტრალურ აზიაში გადასახლებულთა ნაწილი მშობლიურ კერას დაუბრუნდა. „წითელ სუსხს“ გადარჩენილმა ადამიანებმა თავიანთი თავგადასავლის მოყოლა დაიწყეს. საბჭოთა მოქალაქეებმა დესტალინიზაციის პერიოდამდეც იცოდნენ გულაგებსა და ციხეებში არსებული მდგომარეობის, სახელმწიფო აპარატის დანაშაულებათა შესახებ, გენერალისიმუსის გარდაცვალების შემდეგ კი მილიონობით ადამიანმა პირველწყაროდან შეიტყო ჯერ კიდევ მოქმედი სისტემის სისასტიკის ამბავი. უსამართლობის მასშტაბებით აღშფოთებულმა ახალგაზრდებმა უმნიშვნელოვანესი ამოცანა დაისახეს: პირად საუბრებში მოყოლილი ისტორიები საჯარო ინფორმაციად ექციათ და რაც შეიძლება მეტი თანამოაზრისთვის მიეწვდინათ ხმა. ყველას უნდა გაეგო ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ.

ამასთანავე, 1968 წელი გაერომ ადამიანის უფლებათა დაცვის წლად გამოაცხადა. პროექტში კომუნისტური ბანაკის ქვეყნებმაც მიიღეს მონაწილეობა. საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტებიც ყალბი სიხარულით შეუერთდნენ საერთაშორისო გადაწყვეტილებას. სამიზდატის ორგანიზატორებს შესაძლებლობა მიეცათ, ამ ფორმალური გარემოებითაც ესარგებლათ და გაეროს სიმბოლური განაცხადიც სათავისოდ გამოეყენებინათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სსრკ-ში „ქრონიკამდეც“ იბეჭდებოდა არალეგალური მოწოდებები. ბიულეტენები სპონტანურად გამოიცემოდა, ძველი სამიზდატები სისტემურად და პერიოდულად არ ვრცელდებოდა. ბიულეტინები მხოლოდ ერთ თემას აშუქებდნენ. ხრუშჩოვის ეპოქის დისიდენტებმა კი მუდმივი, მოწესრიგებული, მრავალფეროვანი შინაარსის მქონე პერიოდული ორგანოს დაარსების აუცილებლობა იგრძნეს.

რა საკითხებზე წერდნენ „ქრონიკის“ პირველი ავტორები?

გამოცემის პირველ ნომრებში ანალიტიკური ტექსტები ვერ მოხვდა – რედაქციის გადაწყვეტილებით, არალეგალური გაზეთი მხოლოდ მშრალი ფაქტების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. „ქრონიკის“ ფურცლებზე შეხვდებოდით რეპრესირებულთა ანონიმურ ჩანაწერებს, სადაც ისინი თავიანთ პირად გამოცდილებასა და სისტემის ჯურღმულებში გამოვლილ გზას აღწერდნენ, ცნობებს პოლიტიკური დისიდენტების, რელიგიური ორგანიზაციების წევრების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების, დეპორტირებული მოქალაქეების შესახებ, ახალ ამბებს ოპოზიციონერთა სასამართლო პროცესებზე, დაკავებასა და დარბევაზე.

როგორ იქმნებოდა და ვრცელდებოდა „ქრონიკის“ პირველი ნომრები?

გაზეთს ლითონის ლენტით ან ძაფით აკინძული ნაბეჭდი ფურცლების ფორმა ჰქონდა. ტექსტებს საიდუმლოდ შეძენილ, ძველ, სააღრიცხვო ნომრის არმქონე საბეჭდ მანქანებზე კრეფდნენ. ამ მანქანებს დისიდენტები შინ არ ინახავდნენ – მათ სახლში შეიძლებოდა ნებისმიერ დროს შეჭრილიყვნენ. უმნიშვნელოვანეს ტექნიკურ იარაღს ყოველკვირეულად უცვლიდნენ ადგილს და უმეტესად პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური ახლობლების საკუჭნაოებში მალავდნენ.

ცხადია, არალეგალი ჟურნალისტებისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა სამიზდატის გავრცელება. თავდაპირველად გამოცემა ძალიან ვიწრო წრეში ტრიალებდა. მას დისიდენტები და ის ადამიანები კითხულობდნენ, რომლებსაც სტალინური წლების გამოვლის შემდეგ დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდათ. შემდეგ „ქრონიკის“ ცნობებმა „რადიო თავისუფლების“ ყურადღება მიიქცია. დასავლურმა რადიოსადგურებმა, რომელთა ხმაც საბჭოთა კავშირში ათასში ერთხელ, ისიც შხრიალით ისმოდა, სამიზდატის მთავარ ბიულეტენში გამოქვეყნებული ტექსტების პირდაპირ ეთერში კითხვა დაიწყეს. შედეგად რადიოს ასეულობით მსმენელი კონტაქტზე გამოვიდა და ნახევრად საიდუმლო ქსელში ჩართვა გადაწყვიტა. ახალი აუდიტორიის ზოგიერთი წევრი რედაქციას ახალ და მნიშვნელოვან ცნობას აწვდიდა. ზოგიერთი მზად იყო, სარდაფიდან ამოტანილ ნიკოლოზის დროინდელ საბეჭდ მანქანაზე ასლები გაემრავლებინა, ზოგიერთს კი მხოლოდ ალტერნატიული ინფორმაციის თვეში ორჯერ წაკითხვა სურდა.

ბუნებრივია, „ქრონიკის“ სარედაქციო ჯგუფს მალევე მიაგნეს. რამდენიმე რედაქტორი დაიჭირეს, კორესპონდენტები დააკავეს და ქვეყნიდან გაასახლეს. ლუდმილა ალექსეევამაც 1977 წელს, სამშობლოდან გაძევების შემდეგ, ცხოვრება აშშ-ში განაგრძო. მიუხედავად დაუნდობელი ბრძოლისა, საბჭოთა კავშირის პირველმა პერიოდულმა, არალეგალურმა, დისიდენტურმა გამოცემამ დაახლოებით 15 წელი იარსება. „ქრონიკის“ ირგვლივ შემოკრებილმა ადამიანებმა საფუძველი ჩაუყარეს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას საბჭოთა იმპერიის როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ რეგიონებში. სამიზდატის საშუალებით მთელმა მსოფლიომ და საინფორმაციო ტერორში მცხოვრებმა საბჭოთა მოქალაქეებმა დაინახეს სამართლიანობისა და თანასწორობის სამოთხედ გამოცხადებული უზარმაზარი სახელმწიფოს ნამდვილი სახე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი