პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ის, რაც სწყინს და გულს სტკენს ბავშვს

ყველა ის პრობლემა, რომლებსაც უფროსები ბავშვთან ურთიერთობაში ვხვდებით, შეიძლება პრობლემათა ორ ჯგუფში გაერთიანდეს – სასწავლო და ქცევითი პრობლემები. თუ აღნიშნული მიმართულებით სირთულეებს არ ვაწყდებით, თავს მშვიდად ვგრძნობთ, მაგრამ, საკმარისია ბავშვმა სწავლას მოუკლოს ან ჩვენთვის მიუღებელი ქცევები განახორციელოს, რომ იწყება საყვედურები – სკოლა ოჯახს საყვედურობს  ბავშვის ცუდად აღზრდისა და უყურადღებობისათვის, ოჯახი სკოლას ადანაშაულებს მათი შვილის სწავლასა და ქცევაში არსებული სირთულეების გამო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ურთიერთბრალდებების დროს არავინ ცდილობს პრობლემის გამომწვევი რეალური მიზეზების გარკვევასა და თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის ქცევა მისი გრძნობებით და ემოციებით იმართება, პრობლემური ქცევა კი, როგორც წესი, უარყოფითი გრძნობებით არის ნაკარნახევი, შევეცადე გამერკვია, თუ რა არის ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს და რაც შეიძლება მისი მხრიდან ჩვენთვის მიუღებელი ქცევის მიზეზი გახდეს. აღნიშნული მიზნით, შევისწავლე V-IX კლასების მოსწავლეთა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ამ ასაკის ბავშვისთვის ყველაზე საწყენი და გულსატკენი მასწავლებელთან, თანატოლთან და მშობელთან ურთიერთობისას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბავშვები შესანიშნავად ახერხებენ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დიფერენცირებას მასწავლებელთან, თანატოლთან და მშობელთან ურთიერთობისას. როგორც მათი ნაწერების ანალიზმა გვიჩვენა, მასწავლებლის მხრიდან ყველაზე საწყენი და გულსატკენი ამ ასაკის ბავშვისთვის შეფასებებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. აი, რას წერენ ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

     ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს მასწავლებლის მხრიდან„როცა ერთნაირ პასუხებში მე უფრო დაბალ ქულას მიწერს, ვიდრე ჩემს კლასელს და თან არ მიხსნის, თუ რატომ მომექცა ასე უსამართლოდ“;  „ის, რომ მასწავლებელს არ სჯერა ჩემი შესაძლებლობების“; „როცა მასწავლებელი არ მიჯერებს,  არ მენდობა და ტყუილად მადანაშაულებს“; „ხელს ვიწევ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მასწავლებელი არ მეკითხება, შემდეგ კი დაბალ ქულას მიწერს და მეუბნება არ აქტიურობდი და მეტი არ გეკუთვნისო“; „როცა სხვა ბავშვს მადარებენ და მოითხოვენ მეც ისე მოვიქცე, როგორც ის იქცევა“; „როცა დაუმსახურებლად და უსამართლოდ დაბალ ქულას მიწერს“; „როცა ბავშვი ამოჩემებული ჰყავს, მუდმივად ეჩხუბება და უყვირის“; „როცა ბავშვი ცდილობს, მაგრამ მის მცდელობას ვერ ხედავს და დაბალ ქულას უწერს“; „ბავშვების განსხვავება და მათი ერთმანეთთან შედარება“; „უმიზეზოდ დადანაშაულება“; „ჩემი მშობლების ცუდად მოხსენიება და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება“; „როცა ჩემი აზრი არ აინტერესებს, არ მისმენს და უნდა, რომ ვიფიქრო ისე, როგორც მას მოეწონება, ამასთან, თუ პრეტენზიას გამოვთქვამ, გადამემტერება“;   „მუქარა – ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს“; „არაობიექტურობა და უსამართლობა შეფასების დროს“; „სხვა ბავშვების თვალწინ მოსწავლის დამცირება“; ეჭვის შეტანა ჩემს შესაძლებლობებში“; „დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონი ბავშვის მიმართ“; „უმიზეზოდ და უადგილოდ ყვირილი“; „უსამართლო და უპატივცემულო ქმედებები“; „როდესაც რაიმე საყვედურს თანაკლასელების თანდასწრებით ეუბნება მოსწავლეს და შეურაცხყოფას აყენებს მას“; „როდესაც ბავშვის მხრიდან რაიმეს არცოდნაზე სასაცილოდ და ბევრჯერ ამახვილებს ყურადღებას“; „როცა ცუდ გუნებაზე ყოფნის გამო უმიზეზოდ უყვირის ბავშვს, რომელიც არაფერ შუაშია“; „რეალურად სხვაზეა გაბრაზებული, მაგრამ ჯავრს იყრის ბავშვზე“; „გამაღიზიანებელი მიმიკებით და ტონით ბავშვის ნიშნით შანტაჟი“; „ბავშვების გამორჩევა, ფავორიტი ბავშვების არჩევა“; „შეურაცხყოფა მთელი კლასის თანდასწრებით“; „ბავშვის შრომის და მისი მიღწეულის არდაფასება“; „ბავშვის აზრის აბუჩად აგდება და თანაკლასელების წინ დამცირება“; „როცა ბავშვი სწავლას უმატებს და დავალებებსაც უკეთესად ასრულებს, მასწავლებელს კი არ სჯერა მისი, არ ენდობა და ეუბნება, რომ სხვისგან ექნება გადაწერილი“.

მართალია, ბავშვები ღიად და გულწრფელად  აფიქსირებენ საკუთარ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გახდეს მათთვის გულსატკენი და საწყენი მასწავლებლის მხრიდან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პედაგოგი არ არის ერთადერთი, ვისი სიტყვა და ქმედებაც შეიძლება გარკვეული დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდეს მისთვის სკოლაში ყოფნის პერიოდში. მოზარდისთვის თანატოლი, მისი აზრი, მასთან დამოკიდებულება, მისი ქცევა, სიტყვა ასევე საკმაოდ და შეიძლება ითქვას, გარკვეული აზრით, უფრო მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს სიმშვიდისა და სულიერი კომფორტის შესაქმნელად.

ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს თანატოლის მხრიდან – „ზურგს უკან მასზე ჭორაობა“; „მისი საიდუმლოს არშენახვა და გაფრთხილების მიუხედავად, სხვებისთვის გამხელა“; „როცა იგნორირებას უკეთებენ კლასელები“; „ისეთი იარლიყების მიკერება, როგორიცაა: ძუნწი, უზრდელი, თავხედი, მახინჯი, შტერი“; „დამცირება, ჩაგვრა“; „შეუმჩნევლობა კლასში და მასთან მეგობრობის სურვილის არქონა“; „ორგულობა“; „მისი ცუდი სიტყვებით მოხსენიება ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით“; „ღალატი“; „შური“; „უსამართლოდ სხვისი დანაშაულის დაბრალება“; „არაფრის გამო ჩხუბი“; „დაცინვა ყოველ სიტყვაზე და საქციელზე“; „დამცირება“; „ჯგუფიდან გარიყვა“; „უხეშობა, უყურადღებობა“; „უპატივცემულობა“; „უნდობლობა“; „დაცინვა იმის გამო, რომ ის სხვებს არ ჰგავს“; „ტყუილი“; „ორპირობა“; „მისი ოჯახის ცუდად მოხსენიება და მასზე ჭორაობა“; „არაპუნქტუალური შედარება სხვა ბავშვებთან“; „მისი აზრის არგათვალისწინება“; „დაცინვა შეცდომის დაშვებისას“; „როდესაც სიტყვის დასრულებას და პასუხის გაცემას არ აცლიან“; „დამცინავად ლაპარაკი“; „როდესაც ნიშნის გამო მეგობართან ურთიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“; „საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება“; „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა“; „მის ფიზიკურ ნაკლზე ხმამაღლა ლაპარაკი“; „მის ოჯახზე ცუდის ლაპარაკი და გაკრიტიკება“; „თხოვნის გაუთვალისწინებლობა“; „საიდუმლოს გამჟღავნება“.

უნდა ითქვას, რომ ბავშვები ყველაზე მეტ შემწყნარებლობას მშობლების მიმართ იჩენენ, თუმცა, არც იმის დაფიქსირებას გაურბიან, რომ მათი მხრიდანაც ხვდებათ ბევრი საწყენი და გულსატკენი.

ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს მშობლის მხრიდან„როცა ბავშვი ცდილობს, მაგრამ მშობელი ეუბნება არაფერს აკეთებო“; „როცა მშობლები დაცილებული არიან და დედა მამაზე ცუდს ამბობს“;  „სხვა ბავშვებთან შედარება და მოთხოვნა, რომ მას მიბაძოს“; „შრომის და მონდომების დაუფასებლობა“; „უყურადღებობა“; „სხვაზე გაბრაზებული მასზე იყრის ჯავრს“; „მისი თანდასწრებით სხვა ბავშვის ქება და მოფერება“; „დაპირების შეუსრულებლობა“; „სხვების თანდასწრებით შერცხვენა“; „საყვედურები, ჩხუბი, ყვირილი, გაბრაზება“;  „ხმააწეული ტონით ლაპარაკი“; „ნიშნის გამო ჩხუბი“; „დანაპირების დავიწყება“; „უაზროდ დადანაშაულება“; „უსამართლოდ ჩხუბი“; „უნდობლობა“; „მუქარა“; „ყოველთვის საწინააღმდეგო აზრზე ყოფნა“; „როცა ვერ უგებენ ბავშვს“; „მუდმივი შენიშვნები“; „ზედმეტი მოთხოვნები“; „იმის არდაჯერება, რომ შეიძლება ბავშვიც დაიღალოს და მისი ამდენ წრეზე ტარება არ შეიძლება“; „ბავშვის ნათქვამს ეჭვის თვალით უყურებენ და არ სჯერათ მისი“; „მასწავლებლის პოზიციის მხარდაჭერა და ბავშვის არდაჯერება“; „როდესაც ერთმანეთთან ბედნიერები არ არიან და ამას არც მალავენ ბავშვთან“;  „როდესაც ბავშვის პოზიციის მოსმენა და გაგება არ სურთ“; „მუდმივად ნიშნებზე ლაპარაკი“; „დაბალი ნიშნების გამო ჩხუბი“; „როდესაც ზედმეტად ბევრს მოელიან ბავშვისგან და დიდ მოთხოვნებს უყენებენ მას“; „იგნორი“; „ როდესაც ბავშვს არ აღიქვამენ ისეთ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს თავისი პრობლემები“; „თანაკლასელებთან დროის გასატარებლად არგაშვება“; „მათთვის მოსაწონ ბავშვებთან მეგობრობის დაძალება და იმათთან მეგობრობის შეწყვეტის მოთხოვნა, ვინც მათ არ მოსწონთ“; „სიმკაცრე, მუდმივი აკრძალვები, ჩხუბი, ბავშვის აზრის გაუთვალისწინებლობა, უპატივცემულობა“; „მუდმივი, აბსურდული კონტროლი“; „შედარება“; თავისუფლების შეზღუდვა“; „მეგობრების წინ შეურაცხყოფა“; „მისი ინტერესებით, ცხოვრებით დაუინტერესებლობა, მისი არმოსმენა“; „ზედმეტად ჩარევა მის პირად ცხოვრებაში; მეგობრებთან მისი სატელეფონო საუბრების ჩუმად მოსმენა“; „როცა შვილს არ ენდობა და სხვებთან ცდილობს მისი ნათქვამის გადამოწმებას“; „მშობლების ერთმანეთთან გაუთავებელი კამათი და ჩხუბი“; „შვილს უყურებენ, როგორც ისევ პატარა ბავშვს და არ აღიარებენ, რომ მას უკვე შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება“; „არ შედიან ბავშვის მდგომარეობაში და ისეთ რამეს მოითხოვენ მისგან, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება“; „როცა ერთი შვილი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მეორე და ეს მასზე მოჭარბებულ მზრუნველობაშიც კარგად ვლინდება“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ  ყოველდღიურად ბავშვს უამრავი გულსატკენი და საწყენი ხვდება, როგორც მასწავლებლებთან, ასევე თანატოლებთან და მშობლებთან ურთიერთობაში. თუ ერთ-ერთი მოზარდის სიტყვებს გავიხსენებთ, რომელმაც გულისტკივილით აღნიშნა, რომ სწავლა მისთვის პირველადი არ არის და ვერც იფიქრებს მასზე, თუ მოგვარებული არ ექნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რატომ იჩენს თავს ამდენი უარყოფითი ემოციებით და გრძნობებით დატვირთულ ბავშვებთან, როგორც სასწავლო, ასევე ქცევითი პრობლემები. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდთან პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალება მისი მოსმენა, ყურადღება და აღიარებაა. იგნორირება და უყურადღებობა კი ბევრად უფრო ართულებს და ამძაფრებს სიტუაციას. როგორც ერთმა მოზარდმა ჩვენთან საუბარში გულწრფელად აღნიშნა, მას „ურჩევნია ცუდი ილაპარაკონ მასზე, ვიდრე საერთოდ ვერ შეამჩნიონ და  დაივიწყონ კიდეც მისი არსებობა“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი