პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ანუ ბავშვებიც იღლებიან

ბავშვებს ხშირად უბრაზდებიან და სჯიან კიდეც, როდესაც ისინი სკოლაში დაბალ შეფასებას იღებენ. გაბრაზება და დასჯა მშობლების ერთგვარი ტრადიციაა. „გინდა,უნივერსიტეტში ვერ ჩააბარო და მეეზოვე გამოხვიდე?“ – ასე გვაშინებდნენ ჩვენ ბავშვობაში და ასე აშინებენ თანამედროვე ბავშვებსაც.

მშობლების ზედმეტად დრამატული რეაქცია დაბალ ნიშნებზე ბავშვებში ძლიერ სტრესს იწვევს და არასრულფასოვნების კომპლექსს აღვივებს. ბავშვობაში ყველას გვეშინოდა შეცდომების, იმიტომ, რომ ამისთვის გვკიცხავდნენ ან გვსჯიდნენ. გავიზარდეთ და შიშიც გამოგვყვა – ისევ გვეშინია შეცდომების სამსახურსა თუ ურთიერთობაში. გვეშინია დაგვიანების, კოლეგების შენიშვნების, ოჯახის წევრების საყვედურების და ამასთან დაკავშირებული სირთულეების, გვეშინია ურთიერთობის გაფუჭების…

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ფობიები ცხოვრების ყველა სფეროში წამოტივტივდება ხოლმე და საბოლოოდ გვეშინია ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს, იმიტომ, რომ სხვები განგვსჯიან ან დაგვსჯიან კიდეც.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სკოლაში მიღებულ დაბალ ნიშნებს?

მოსწავლეობისას ცუდი ნიშნები მხოლოდ იმიტომ კი არ გვაღელვებდა, რომ ის ცუდად აისახებოდა სემესტრულ შეფასებაზე, არამედ იმიტომაც, რომ მათ ნეგატიურად აღიქვამდნენ მშობლები. თუმცა ეს ყველაფერი თითქოსდა ჩვენი ცხოვრებისგან განყენებულად ხდებოდა.

არადა, არსებობდა და არსებობს სხვა სცენარიც. თუ მშობლები ვართ, შეგვიძლია ვუთხრათ შვილს: „შენ ქართულში დაბალი ქულა გაქვს და ეს ცუდია, მაგრამ არა იმიტომ, რომ წლის ბოლოს ნიშანი გაგიფუჭდება, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად გამართულად ვერ წერ. წერა კი ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და დაგეხმარება, მაგალითად, მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებაში“.

ან ასე: „მათემატიკაში შენი დაბალი ქულა  საბოლოო ნიშანზე მოახდენს გავლენას. ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია, საბოლოდ რა ქულა გამოგივა, მაგრამ თუ ამოცანების სწორად ამოხსნას ისწავლი, შესაძლოა, ეს თვითმფრინავების მშენებლობაში გამოგადგეს. შენ ხომ ამაზე ოცნებობ? მათემატიკა საჭიროა არა ქულისთვის ან უფროსების გულის მოსაგებად, არამედ ცხოვრებისათვის. ბოლოს და ბოლოს, თუ კარგად ისწავლი ანგარიშს, როცა გაიზრდები, ბიზნესში ვერავინ მოგატყუებს“.

ასეთი სცენარის დროს მშობლის ყურადღება კონცენტრირებულია არა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ მისი ცოდნის ხარისხზე და ამ ცოდნის საჭიროებაზე. დღეს ბავშვი გამართულად წერას და სწორად თვლას სწავლობს, ხვალ კი უნივერსიტეტში ისწავლის და არამხოლოდ ქულების ხათრით დაესწრება ლექციებს.

ბავშვმა/ახალგაზრდამ უნდა გაიზროს, რომ ის, რასაც შეისწავლის, მისი პროფესია გახდება, პროფესია კი მთელი მისი ცხოვრების ვექტორს განსაზღვრავს. ის ხარისხიანად შეასრულებს ნებისმიერ სამუშაოს, საკუთარი თუ სხვისი ბიზნესის განვითარებასაც კარგი თვითმომზადებით მიუდგება.

პირველ სამუშაო დღეს ან საკუთარი საქმის დაწყებისას ჩვენ ისედაც პოტენციური „ექვსოსნები“ ვართ. უბრალოდ, ზოგი თავის შეცდომებს ისე ეკიდება, როგორც კატასტროფას, ზოგი კი  – როგორც გამოცდილებას ან განვითარების შესაძლებლობას.

საკონტროლოში თუ საშინაო დავალებაში მიღებული დაბალი ნიშანი სწორედ ის ბიძგია, რომელიც ბავშვს მიუთითებს, რა უნდა გამოასწოროს, სად არის მისი სუსტი მხარე. ნიშანი ბავშვს საკუთარი ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს. ნიშნის გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის ჩატარებული სამუშაოა და არა იმისთვის, რომ ამით მასწავლებელს ან მშობელს ასიამოვნოს. სკოლაში ცუდი ნიშნებისადმი გააზრებული მიდგომა საკუთარი ცხოვრებისა და მიზნებისადმი პასუხისმგებლობის საწინდარია.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნიშნებისადმი „კეთილგანწყობა“ და მათთვის ბრძოლა ხშირად ბავშვის ემოციურ გადაწვასაც იწვევს და ეს უკვე სულიერიდან ფიზიკური პრობლემების რანგში გადადის. ასეთი რამ დაუშვებელია და ყურადღებას მოითხოვს. რაღაც მომენტში შეიძლება შევამჩნიოთ, რომ მუდამ აქტიური და მხიარული ბავშვი, რომელიც წიგნებს აკვდება და დღედაღამ მეცადინეობს, ერთ მშვენიერ დღეს ინტერესს კარგავს ყველაფრის მიმართ, მოწყენილი და გულგრილი ხდება. ეს ემოციური გადაწვის პირველი სიმპტომებია.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს აპათია მოერია, აღარ აინტერესებს მეგობრები, საყვარელი ფილმები და ლიტერატურა, მალე დილით ადრე ადგომა და გაკვეთილების მომზადებაც დაეზარება. თუ უკვე ასეა, დიდია ალბათობა, რომ ბავშვი ემოციურად გადაიწვა.

ამიტომ ნუ იჩქარებთ მის დადანაშაულებას და ჩხუბს – ამით მხოლოდ გაამწვავებთ მდგომარეობას. უმჯობესია, გავარკვიოთ, რა მოხდა, რატომ იქცევა ბავშვი ასე, გავუგოთ და სასწრაფოდ დავეხმაროთ დაკარგული ძალების აღდგენაში.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური გადაწვა, თუ სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს და ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა?

როგორც უკვე ვთქვით, პირველი ნიშანი დაღლილობაა. მისი ამოცნობა ძნელი არ არის. მაგალითად, ბავშვს საკმარისად სძინავს, მაგრამ მაინც ვერ იღვიძებს დასვენებული, დილიდან საღამომდე დარდიანია და პასიური. გამუდმებით ცდილობს საქმის გადადებას.

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, ბავშვი მაქსიმალურად დატვირთონ  ხელოვნებით, მეცნიერებით ან სპორტით, რათა ის არ მოდუნდეს და ვერ მოიცალოს ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე საფიქრალად. ხდება ისეც, რომ მშობელი ბავშვს გეგმას რამდენიმე თვით ადრე უწერს და ამ გეგმაში დასვენებისთვის ძალიან ცოტა დროა გამოყოფილი. მშობელს სურს, ბავშვი ყველგან და ყველაფერში წარმატებული იყოს. ასეთი ტრავმული ტემპის გამო ბავშვის ემოციური გადაწვის შანსი კიდევ უფრო იზრდება. ეცადეთ, სწორად დაუგეგმოთ დასვენების დღეები და თავისუფალი დროც, როცა შეეძლება, საერთოდ არაფერი აკეთოს.

ემოციური გადაწვა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც მშობლები მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან და თუ მან მოლოდინი ვერ გაამართლდა, თავს დამნაშავედ აგრძნობინებენ. განსაკუთრებით საშიშია ასეთი ფრაზები: „ჩვენ ძვირად ღირებული ფორმა გიყიდეთ იმისთვის, რომ კარგად ივარჯიშო და ჩემპიონი გახდე, შენ კი…“, „შენი კლასელი უკვე ბავშვებს ამზადებს და საკუთარი ჯიბის ფული აქვს, შენ კი ინგლისური წესიერად ვერ გისწავლია“ და სხვ.

თუ ბავშვი ყოველ შენიშვნაზე უხეშად და სარკასტულად გპასუხობთ, ესეც ემოციური გადაღლის ნიშანია. თუ ასეთი ქცევა რამდენიმე დღეა გრძელდება, ეცადეთ, ბავშვს დასვენება და განტვირთვა მოუწყოთ. არ ეჩხუბოთ, არ მოითხოვოთ მისგან დავალებების დაუყოვნებლივ შესრულება – გახსოვდეთ, ბავშვებიც იღლებიან!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი